Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამი დაუვიწყარი დღე ღვინის მოყვარულებისათვის

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ღვინის ფესტივალები და გამოფენები იმართება. ამგვარი ღონისძიებებიდან ყველაზე ძველი, “ვინექსპოა“, რომელსაც უკვე მეექვსე წელია საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია" ატარებს. აქ წარმოდგენილი ღვინოები წლიდან–წლამდე უფრო მრავალფეროვანი ხდება. გამოფენაზე შესვლა ფასიანია (წელს “ვინექსპოზე” შესვლა 10 ლარი ღირდა) ან სპეციალური მოსაწვევებით არის შესაძლებელი. წელს “ვინექსპოზე” 40-მდე ღვინის მწარმოებელი დიდი და პატარა კომპანიის მიერ 400–ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ხარისხისა და გემური თვისებების მქონე ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელი (ცქრიალა ღვინო, არაყი, ბრენდი და სხვ.) იყო წარმოდგენილი.

როგორც გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ჩოლობარგია ამბობს, წლევანდელ “ვინექსპოზე” განსაკუთრებით ბევრი ღვინის ექსპერტი და ღვინით მოვაჭრე იყო ჩამოსული მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. თუმცა, წელს რუსეთის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. როგორც ჩანს, ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შეტანის პერსპექტივამ ღვინის რუსი სპეციალისტები განსაკუთრებულად დააინტერესა და 7-9 ივნისს გამართულ ღვინის გამოფენაზე მათ მრავალი საინტერესო ღვინო გასინჯეს და საექსპორტოდ შეიგულეს.

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი: “წელს “ვინექსპოზე” უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ღონისძიების მნიშვნელობას. ღვინის გამოფენა უკვე მეექვსედ ტარდება და ეს ალბათ უკვე საკმარისი დროა იმისათვის, რომ გამოფენას ტრადიციული ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიება ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ქართული ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსი ღვინის მოყვარულების დაინტერესება, ღვინით მოვაჭრეების მონდომება და რაც მთავარია,ქართული ღვინის ხარისხი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალში ჩვენი ღვინის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.

რასაკვირველაი ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი ამაღლდა. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ხარისხის ამაღლება მხოლოდ რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით იყო გამოწვეული. ღვინის ხარისხის ამაღლება ქართული მეღვინეობის თანმდევი პროცესია და მომხმარებლების გემოვნების ამაღლებასთან ერთად, ხარისხი აუცილებლად აიწევს. შეგიძლიათ გასინჯოთ აქ წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები და უმალ დარწმუნდებით, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს არც ერთ ღვინოს არ ჩამოუვარდება”.

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯია"–ს მესამე პავილიონში 7 ივნისს, “ქვევრის ფონდმა” “ვინექსპოს” ფარგლებში მეტად გამორჩეული და საინტერესო ღონისძიება განახორციელა. ქართველმა და უცხოელმა მეღვინეებმა მოწვეულ სტუმრებს სემინარი ჩაუტარეს, სადაც ქვევრის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ ქვევრი, როგორც შესანახი და სადუღარი ჭურჭელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და ქვევრში დაყენებული ღვინო განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება.

სემინარის დასრულების შემდეგ კი, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაყენებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების სტუმრებისათვის უდავოდ დიდი სიურპრიზი იყო გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, და ჩეხეთში, ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისაგან დაყენებული ქვევრის ღვინოების გასინჯვა. ქვევრის ღვინო ქართულ ღვინის ბაზარზეც კი ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით, მით უმეტეს ევროპაში დაყენებული ქვევრის ღვინოები. სწორედ ამიტომ, უდავოდ მნიშვნელოვანი იყო ევროპელი მეღვინეების თბილისში სტუმრობა, რომლებმაც ღვინის ქვევრში დამზადებასულ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს.

როგორც ჩვენს მიერ გამოკითხული ღონისძოების სტუმრების უმეტესობამ განაცხადა, მათ განსაკუთრებულად იტალიაში, ფრიულის რეგიონში მოღვაწე ადგილობრივი მეღვინის, პაოლო ვოდოპივეცის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო მოეწონათ. პაოლომ რამდენიმე წლის წინ, უძველესი და მივიწყებული ფრიულური ვაზის ჯიშის - ვიტოვსკას აღდგენა და გადარჩენა განიზრახა და როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უძველეს იტალიურ ღვინოს ქართულ ქვევრში აყენებს.

პაოლო ვოდოპივეცი, მეღვინე: ”ქვევრი ის ჭურჭელია, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელს ევროპაში სულ მალე უფრო და უფრო მეტი მეღვინე დაინტერესდება ამ საჭირო და პრაქტიკული ჭურჭლით. საქართველოში ღვინო ძალიან უყვართ და ამ ქვეყანაში კარგ ღვინოს განსაკუთრებულად აფასებენ. სასიხარულოა, როდესაც ქვევრის სამშობლოში ადამიანებს იტალიელის მიერ დაყენებული ქვევრის ღვინო ასე ძალიან მოსწონთ. შეიძლება ითქვას, რომ თანდათან ვეზიარები ქვევრის საიდუმლოებას. ამ გამოფენაზე ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ნატურალისტი მეღვინეებიც დამერწმუნებიან, რომ გაუფილტრავი ღვინის დასაყენებლად ნებისმიერ სხვა ჭურჭელს ქვევრი ჯობია. მთავარია მისი მოვლა და ჰიგიენური ნორმების დაცვა არ დავიზაროთ”.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამოფენის სტუმრების უდიდესი ნაწილი ევროპელი ნატურალისტი მეღვინეების დახლებთან იყო თავმოყრილი. სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. თუკი ქართველები ევროპული ქვევრის ღვინით იყვნენ მოხიბლულნი, უცხოელები პირველად, ქართველი ქალების მიერ დაყენებული ღვინო “მანდილით” დაინტერესდნენ. აღნიშნული ღვინო, ცოტა ხნის წინ, ახალბედა მეღვინე ქალბატონებმა, თეა მელანაშვილმა და მარინა კურტანიძემ ქართლში, სოფელ ჩარდახში ქვევრში დააყენეს. მარინა და თეამ ყურძენი (მწვანე კახური) კახეთში, სოფელ მანავში შეიძინეს, საკუთარი ძალებით დაწურეს, ქვევრში, ტრადიციული ქართული მეთოდით დააყენეს და პირველად 11 მაისს, “ახალი ღვინის ფესტივალზე” წარუდგინეს საზოგადოებას.   

მარინა კურტანიძე, ღვინო “მანდილის” ერთ-ერთი ავტორი: “ჩვენი ღვინისადმი უცხოელების მხრიდან დაინტერესება მართლაც ძალიან დიდია. თუმცა, უცხოელებს ნაკლებად უკვირთ ღვინის ავტორები ქალები რომ ვართ და ამ ფაქტს ბუნებრივად იღებენ. ქართველი ღვინის მოყვარულები კი ცოტა განსხვავებულად აღიქვამენ. უმეტესობა გვაქებს და გვამხნევებს. განსაკუთრებით კი ქალები, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, გახარებულები არიან იმით, რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ქალებისა და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობები. ქალები მოდიან, ზოგი გვკოცნის, გვილოცავს, გვეფერება. ისინი არ მალავენ, რომ ჩვენი საქმიანობა მათთვისაც დიდი სტიმულია და ბევრმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ თავადაც დააყენონ კარგი ღვინო. ამას რა თქმა უნდა მივესალმებით. ეს კონკურენცია კი არა, ერთ საქმეში თანადგომა უფრო იქნება.

ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილიც მოხიბლულია ჩვენი საქმიანობით, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ღვინის დაყენება ქალის საქმე არ არის და ქალს მარანში არაფერი ესაქმება. ეს მათი მოსაზრებაა, თუმცა მე და თეა ვფიქრობთ, ნამდვილად არაფერი ფუჭდება იმით, რომ ქვევრში ღვინის დაყენება და ამ ღვინის ბაზარზე გამოტანა შევძელით. ქალები ზოგადად სისუფთავეს და ჰიგიენურ ნორმებს, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და თუ ამ კუთხით შევხედავთ, ქალების ღვინო ხარისხით მამაკაცების მიერ დაყენებულ ღვინოებს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს”.

წლევანდელი “ვინექსპო” ღონისძიებებით განსაკუთრებულად დატვირთული იყო, რითაც მოგებული პირველ რიგში ღვინის მოყვარულები დარჩნენ. ღვინის მოყვარულებს წლევანდელი ღვინის გამოფენის ფარგლებში არამხოლოდ ღვინის დაგემოვნება, ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლებაც შეეძლოთ. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია თავის თავზე ამჯერადაც “ღვინის კლუბმა” აიღო. ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია და კლუბის წევრი, გიორგი ბერიკელაშვილი აგრძელებენ ლექციების კურსს, სახელწოდებით: “როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს”, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს კონკრეტული მაგალითების მოშველიებით ასწავლიან, თუ როგორ უნდა დააინტერესონ უცხოელი სტუმრები ქართული ღვინით და როგორ უნდა მოხდეს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდება. ამ ღონისძიებას თან ერთვის ქართული ღვინის ერთმანეთისაგან განსხვავებული ნიმუშების დეგუსტაცია, ღვინისა და კერძის შეხამების სავარჯიშოები და ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციების, USAID-სა დაEPI-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

გიორგი ბერიკელაშვილი, სემინარის ტრენერი: ”ეს უკვე ჩვენი მეშვიდე სემინარია და კიდევ სამ ასეთ სემინარს გავმართავთ თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. საქართველოში სხვა მსგავსი ტიპის სემინარები არ ტარდება. არსებობს გრძელვადიანი ფასიანი კურსი, რომელიც საკმაოდ დიდ ღირებულებასთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია ბევრს არ აქვს ასეთი კურსის გავლის ფინანსური შესაძლებლობა. აქ ყველაფერი უფასოა და ღონისძიებას USAID და EPI აფინანსებენ. სემინარამდე 2 კვირით ადრე დგება ჯგუფი, შემდეგ დაინტერესებული ადამიანები ეწერებიან. სულ თავიდან მე და მალხაზ ხარბედია კარდაკარ დავდიოდით და ვცდილობდით ხალხის ამ სემინარით დაინტერესებას. წელს უკვე ბევრია მსურველი, მაგრამ ადგილები შეზღუდულია და ბევრი ვეღარ ასწრებს პროექტში ჩართვას. პროცესის მიმდინარეობაში უფრო მეტი და მეტი სიანტერესო კითხვები ისმება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ ღვინოსთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია”.

შარშანწინ ამავე გამოფენაზე იყო ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ძალიან მნიშვნელოვანი ორი აქცია. “ღვინის და ყველის ქორწილი“, რაც ქართული ღვინისა და ყველის შეხამებებს გულისხმობდა და “ქართული კერძისა და ღვინის შესახმებები“, რაც ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ღვინოსთან კერძების შეხამებას გულისხმობდა. ასეთი აქციები საქართველოში პირველად გაიმართა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. საქართველოში ახლაღა იკიდებს ფეხს შეხამების კულტურა, რომლის ცენტრშიც რა თქმა უნდა ღვინო დგას. როდესაც ადამიანს ღვინო უყვარს, მან ისიც უნდა იცოდეს, რომელი ღვინო რომელ კერძთან იქნება უმჯობესი.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ქართველი მეღვინეები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ტრადიციად ქცეული ღვინის ფესტივალები და გამოფენები წინგადადგმული ნაბიჯია და ეს ჩვენი ღვინის ბიზნესს ნამდვილად წაადგება. ფესტივალების მონაწილე თითქმის ყველა მეღვინე და ღვინის სპეციალისტი ამბობს, რომ დაახლოებით 7–8 წლის წინ, როდესაც მსგავსი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იმართებოდა, ღვინის გამოფენების ჩატარებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. დღეს კი, ქართველ ღვინის მოყვარულებს ბევრად უფრო მეტი შეუძლიათ ნახონ, გაიგონ, შეაფასონ და დააგემოვნონ. “ვინექსპოზე” წელს მისული სტუმრების სიმრავლე და წარმოდგენილი ღვინოების ხარისხი კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართული მეღვინეობა ნამდვილად პროგრესირებს და იმედია ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული