Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი მეღვინეების საჩუქარმა ონიშჩენკოს გული ვერ მოულბო

რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში ქართულ ღვინოებს ჩვეული ნიშის დაბრუნება გაუჭირდება

რუსეთის „როსპოტრებნადზორში“ ღვინის პროდუქცია შესამოწმებლად არა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, არამედ იმ მწარმოებლებმა უნდა წარადგინონ, რომელნიც რუსეთის ფედერაციაში მიწოდების განახლებით არიან დაინტერესებული, განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშჩენკომ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
 
ონიშჩენკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთხშაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონიშჩენკოს, ორწლიანი აკრძალვის შემდეგ რუსულ ბაზარზე დაბრუნების მიზნით, ქართული ღვინის ნიმუშები ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად გაუგზავნა.
 
ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის „სამტრესტის“ ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე აცხადებდა, რომ ღვინოებს თან ახლდა ქართული მხარის მიმართვა, რომლითაც საქართველო რუსეთს ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას სთხოვს.
 
მანაგაძის ინფორმაციით, ქართული მხარისგან ამგვარი ინიციატივა არაერთგზის გაჟღერდა, რუსეთისგან კი სრული იგნორირება იყო, თუმცა „სამტრესტში“ იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მაინც დაბრუნდება.
 
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეწარმეებსა და მაკონტროლებელ ორგანოებს შორის ურთიერთობებში მხარე არ არის... ეს იაფფასიანი პოლიტიკური მცდელობა თუ არ არის და ამ თემის შესახებ პროფესიონალურ საუბარზე გადასვლის ჭეშმარიტად გულწრფელი სურვილია, მაშინ საკითხი სხვანაირად უნდა დადგეს“, - განაცხადა ონიშჩენკომ.
 
ონიშჩენკოს განმარტებით ღვინის მწარმოებლებმა პროდუქციის ლაბორატორიულ ანალიზზე წარსადგენად აუცილებელი ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის მისაღებად, „როსპოტრებნადზორს“ დამოუკიდებლად, ან, დარგობრივი ასოციაციების მეშვეობით უნდა მიმართონ.
 
მისივე განმარტებით, ლაბორატორიიდან დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტები წარმოების ყველა საჭირო ნორმატივების დაცვის შესაფასებლად ადგილზე, საწარმოებში ჩავლენ და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პროდუქციის მიწოდების განახლება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
 
ქართველ მეღვინეებს ონიშენკოსთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვთ. ასე ეხმაურება რადიო „კომერსანტთან“ საუბარში „საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან კობერიძე ონიშენკოს განცხადებას.
 
როგორც კობერიძე აცხადებს, ონიშენკოს განცხადებები წინააღმდეგობრივია, რადგან ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ, როცა მეღვინეთა კავშირი წერილებით ეხმიანებოდა, ონიშენკო მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურის ჩართვას მოითხოვდა.
 
კობერიძის განცხადებით, ქართველი მეღვინეები ემბარგოს დაწესების დღიდან ითხოვენ არგუმენტირებულ პასუხს, თუ რატომ ამოიღეს რუსეთში თაროებიდან ქართული პროდუქცია, თუმცა რუსული მხარისგან პასუხი არ მიუღიათ.
 
„ხელმეორედ სამტკიცებელი არაფერი გვაქვს. მთავარია პასუხი მივიღოთ, რატომ მოხდა ეს უკანონობა თავის დროზე. ჯერ გვინდა გავიგოთ რა უნდათ, რომ პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“–აცხადებს კობერიძე. როგორც კობერიძე განმარტავს, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მოთხოვნადია და მისი უკანონოდ აკრძალვით მომხმარებელთა უფლებები ირღვევა.
 
როგორც რადიო „კომერსანტს“ კომპანია „თბილღვინოს“ ხელმძღვანელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს ქართული ღვინის ხელახლა გამოჩენა რუსულ ბაზარზე და რამდენად მზად არის მომხმარებელი მის დასახვედრად. მარგველაშვილის განცხადებით, დღეს რუსეთში ქართული ღვინის პიარი ძალიან ნეგატიურია და შესაბამისად, მომხმარებელი მას აღიქვამს, როგორც უხარისხოს.
 
„ამასთან, ქართული ღვინოს რუსულ ბაზარზე დაშვების შემთხვევაში, რაც დიდი მიღწევა იქნება, ქართველ ღვინის მწარმოებლებს თაროებზე ადგილების დასაკავებლად პარტნიორებთან სოლიდური მარკეტინგული ბიუჯეტის დახარჯვა მოუწევს“–აღნიშნა მან.
 
ამავე დროს, მარგველაშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარს უნდა დაუბრუნდეს ის კომპანიები, რომლებმაც რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებით გამოწვეული კრიზისი გადალახეს და ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ. „ემბარგომდე რუსეთში, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად ხარისხიანი ქართული ღვინო იყიდებოდა. ახლა კი უდავოა, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარს ხარისხიანი უნდა დაუბრუნდეს“–აცხადებს მარგველაშვილი.
 
„თბილღვინოსგან“ განსახვავებით, ღვინის კომპანია „ბადაგონი“ დარწმუნებულია, რომ რუსეთის ბაზრის ხელახლა დაპყრობა არ გაუჭირდება და რუსეთში დაბრუნებისთანავე „ბადაგონის“ ღვინოები წარმატებით გაიყიდება. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა.
 
აღსანიშნავია, რომ „ბადაგონს“ რუსული ბაზრის გამოცდილება არ აქვს, რადგან ის რუსული ემბარგოს შემდეგ დაფუძნდა, თუმცა ლიზა ბაგრატიონის განცხადებით, კომპანიამ თავისი ხარისხით ევროპულ და ქართულ ბაზრებზე სერიოზული ნიშა დაიკავა. „ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს პროდუქციას რუსული ბაზარიც წარმატებით მიიღებს“–აცხადებს ბაგრატიონი.
 
მისი ინფორმაციით, „ბადაგონის“ ღვინოებზე დიდი მოთხოვნაა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი და კომპანიას თავისი ხარისხის ნიშნით გააჩნია ამბიცია, რომ მისი პროდუქცია ნებისმიერ ბაზარზე წარმატებული იყოს.
 
შეგახსენებთ, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის განკარგულებით, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის, ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ შეტანა 2006 წლის გაზაფხულზე, ხარისხთან პრეტენზიების არსებობის მოტივით აიკრძალა.
 
რადიო კომერსანტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული