Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანდრო ვაშალომიძე – გრაალის მცველი

ალეკო ცქიტიშვილი

"გუშინწინ ვიპოვე კიდევ ერთი სასწაული ჯიში - ჭუმუტა და იმ ღამეს სიხარულისგან არ მძინებია. ჭუმუტასგან დაახლოებით ისეთი ღვინო დგება, როგორიც ჩხავერისგან - ძოწისფერი, ხალისიანი და მსუბუქი დასალევი. ჩხავერი და ჭუმუტა იმიტომაც არის ღირებული, რომ ბევრი სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშისგან განსხვავებით, მათგან მსუბუქ და კარგ საქეიფო ღვინოს ვიღებთ", - ასოციაცია "გურული ვაზის" ხელმძღვანელი, ანდრო ვაშალომიძე მნიშვნელოვანი აღმოჩენისგან მიღებულ სიხარულს გვიზიარებს.
ცოტა ხნის წინ "ღვინის კლუბი" სპეციალური ექსპედიციით გურიაში იმყოფებოდა. ექსპედიციის მიზანი იყო ამ მხარის მივიწყებული ვაზის ჯიშების მოძიება და ახლანდელი მდგომარეობის შესწავლა. რა თქმა უნდა, გურიის უძველეს სოფელს, შემოქმედს გვერდს ვერ ავუვლიდით, რადგან სწორედ აქ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ხელფასის თუ სხვა რაიმე მატერიალური დაინტერესების გარეშე უკვე 15 წელიწადია, სოფელ-სოფელ დადის და ვაზის მივიწყებულ აბორიგენულ ჯიშებს დაეძებს.
 
ანდრო ვაშალომიძის შესახებ ორიოდე თვის წინ "რუსთავი 2"-ის ყოველკვირეულმა გადაცემამ "კურიერი P.S."-მაც მოამზადა სიუჟეტი. ამის შემდეგ მასთან ბევრად მეტი გურული მიდის და თავის ვენახში გასაშენებლად საკმიელას, ჩხავერის, სხილათუბანისა თუ სხვა გურული ვაზის ნერგებს ითხოვს.
"ამ სიუჟეტის მერე, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ბუმია ნერგებზე. ხეირიანად არავინ იცის, აქ რა ჯიშები გვაქვს დაცული, მაგრამ უკვე იციან, რომ ადესა არ ვარგა და არც გურული ჯიშია. ასაკოვან ხალხს წითელყუძნიანი ჯიშები უფრო უნდათ - სიბერეში კაი ყოფილა წითელი ღვინო ერთი-ორი ჭიქაო. ახალგაზრდებს კი სათრობად უფრო თეთრყურძნიანი ურჩევნიათ", - ამბობს ანდრო ვაშალომიძე და თან მის მიერ მოწყობილ პატარა საკოლექციო ნაკვეთში მიგვიძღვება: "აი, ეს არის საკმიელა, ეს - მტრედისფეხა, ეს – სხილათუბანი, აგერ, ამის სახელი ჯერ არ ვიცით, ერთ-ერთ ნასახლარზე ვიპოვეთ და წამოვიღეთ. აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა გვითხრა, რომ ჰიბრიდი არ უნდა იყოს. სანამ გაირკვევა რა ჯიშია, მანამდე, პირობითად, აიეტი დავარქვით. ეს სახელწოდება საწყისი ასოებით გამოსახავს იმ ადამიანების სახელებს, ვინც ეს ვაზი ვიპოვეთ სოფელ ვაზისუბანში - ანდრო, იმედა, ენვერი, ტარიელი".  
33 ვაზის ჯიშის მოძიება დღევანდელ გურიაში სახუმარო საქმე არ არის. შეიძლება რომელიმე დიდი სოფელი ისე შემოიაროთ, ერთი კულტურული ჯიშიც ვერ იპოვოთ. ყველგან ჰიბრიდი იზაბელა, იგივე – ადესა ხარობს და გურულებიც, აგერ, უკვე ას წელზე მეტია მის ღვინოს წრუპავენ. 15-20 წლის წინ ანდრო ვაშალომიძესაც, როგორც რიგით პატიოსან გურულს, ეგონა, რომ ადესა გურული ვაზი იყო. მერე ვაზის ჯიშების ისტორიით დაინტერესდა და სპეციალურ ლიტერატურაში აღმოაჩინა, რომ ადესა გურიაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში შემოიტანეს როგორც ავადმყოფობებისადმი გამძლე ჯიში. მანამდე კი, ამ მხარეში 60-მდე ადგილობრივი ვაზის ჯიში არსებობდა. როგორც ვაშალომიძე ამბობს, მხედველობაშია მისაღები, რომ დღეს გურია ძალიან შეკვეცილია. ისტორიულად კი იგი გადაჭიმული იყო საჯავახოდან ჭოროხამდე, სადაც იმდენი ვაზის ჯიში ხარობდა, რომ ფაქტობრივად, გურია საქართველოში პირველ ადგილზე იყო ჯიშების მრავალფეროვნებით.
წლების განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურიდან და პრაქტიკული დაკვირვებებიდან ანდრო ვაშალომიძემ მდიდარი ინფორმაცია დააგროვა გურიის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. 15 წლის განმავლობაში მის მიერ ხელმეორედ აღმოჩენილი ვაზის ჯიშები ამჟამად დაცულია სპეციალურად მოწყობილ საკოლექციო ნაკვეთში, ან სხვაგან - საიმედო ადგილას.
ერთ დღესაც ვაშალომიძემ მეგობრები შეკრიბა და უთხრა, რომ დადგა დრო, ცოდნა, გამოცდილება და შეგროვებული მასალა მოხმარდეს ხალხს, პირველ რიგში კი - გურულებს. მეგობრებიც მიხვდნენ, რომ მხოლოდ ამ გზით მოხერხდებოდა გურული ვაზის ჯიშების გადარჩენა და მათი დაბრუნება გურიის მეღვინეობაში.
ასე დაარსდა ასოციაცია "გურული ვაზი", სადაც ანდრო ვაშალომიძის გარდა მისი მეგობრები - სხვადასხვა პროფესიის ენთუზიასტები გაერთიანდნენ. აგრონომი ზურაბ მენაბდე, ეკონიმისტი გიორგი გალოგრე, სტომატოლოგი ნუგზარ სარჯველაძე, პროკურორი გიორგი დოლაკიძე, ჩაის ფაბრიკის დირექტორი ირაკლი ღლონტი, იურისტები - ლუკა კეჭაყმაძე და თემურ ჩხარტიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეიშვილი და სხვები ეცდებიან, გურიაში მყარად ფესვმოკიდებული ადესა ეტაპობრივად ჩაანაცვლონ ნამდვილი გურული ვაზის ჯიშებით. სამეცნიერო ფრონტზე მათ მხარს უმაგრებს აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, რომელიც ენთუზიასტებს კვალიფიციური რჩევებით ეხმარება.
გურიის გუბერნატორის, ოზურგეთის გამგებლისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ამ საქმეში მონაწილეობა და მხარდაჭერა ანდრო ვაშალომიძეს იმედს აძლევს, რომ სულ მალე ასოციაციას საკოლექციო ნაკვეთი ექნება, რომელიც არა სამუზეუმო, არამედ საწარმოო ფუნქციას შეასრულებს და გადაშენებას გადარჩენილ ჯიშებს გაამრავლებს.
ასოციაცია "გურული ვაზის" მიზანი ორ ეტაპად განისაზღვრა. პირველ რიგში ჯიშების მოიძიებენ და საკოლექციო ნაკვეთში დააბინავებენ. მეორე ეტაპზე კი დაინტერესებულ მოქალაქეებს ნერგებს მიაწვდიან და ვენახების გაშენებაში დაეხმარებიან. პირველ რიგში გავრცელდება მაღალი მოსავლიანობითა და დაავადებებისადმი გამძლეობით გამორჩეული ჯიშები, რომლებისგანაც ღვინოც ხარისხიანი მიიღება: საკმიელა, სხილათუბანი, კლარჯული, ჩხავერი, ჭუმუტა, ალადასტური და სხვა. მაღალხარისხიანი ღვინით სახელგანთქმულ, მაგრამ მცირემოსავლიან ჯიშებს (როგორიცაა, მაგალითად – ჯანი) მას შემდეგ გაავრცელებენ, როცა მოსახლეობა აბორიგენული ჯიშების შესახებ კარგად იქნება ინფორმირებული და ეცოდინება, რომ ხარისხიანი ღვინო ხშირად სწორედ დაბალმოსავლიანი ყურძნით მიიღება.
"საკმიელა მართლაც უნიკალური ყურძენი აღმოჩნდა. დასავლეთ საქართველოს ყურძნებს შორის ყველაზე უხვმოსავლიანი და ძლიერმზარდია. სხვა ყურძნებთან შედარებით ადრე მწიფდება – ოქტომბრის პირველ რიცხვებში უკვე მოსაკრეფია, რაც დიდი პლუსია. "ახალი ღვინის ფესტივალზე" რომ საკმიელას ღვინო მქონდა წარმოდგენილი, აი, ამ რამდენიმე ძირისგან დავწურეთ", - ანდრო ვაშალომიძე თავის ნაკვეთში ლითონის ვერტიკალურ კონსტრუქციაზე 5-6 მეტრ სიმაღლეზე ფორმირებულ ვაზს გვიჩვენებს და გვიხსნის, რომ ამ მაღლარზე 150-200 კგ. საკმიელა იკრიფება (ერთ ძირზე დაახლოებით - 60 კგ).
შემდეგ ნაკვეთში შედარებით დაბალ ოლიხნართან ვჩერდებით: "ეს თეთრი კამურია. ამაზე გალაკტიონმა ლექსი დაწერა - "აგერ, ღობიდან გიცქერს კამური..." უძველესი ჯიშია. თეთრი კამურისგან მეტწილად ცქრიალა ღვინოს აყენებენ... ეს კი მტრედისფეხაა - ერთ-ერთი კარგი ჯიში, ისტორიულად ოზურგეთსა და ქობულეთში იყო გავრცელებული... აი, ეს კლარჯულია. კლარჯულისა და თეთრი კამურის ერთმანეთში შერევით საუკეთესო ღვინოს ვიღებთ".
ვიდრე გურიის ექსპედიციის შედეგები შევაჯამეთ და ეს სტატია მოვამზადეთ, ანდრო ვაშალომიძემ და მეგობრებმა კიდევ ორი დაკარგული ვაზის ჯიში მოიძიეს – ქაქუთულა და მტევანდიდი. ასე რომ, ამჟამად ასოციაცია "გურული ვაზის" განკარგულებაში 35 გურული ჯიშია. შემოდგომაზე, ყურძნის მწიფობისას, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი კიდევ ერთხელ შეისწავლის შეგროვებული ნიმუშების ამპელოგრაფიულ მონაცემებს და რამდენიმე ჯერჯერობით უსახელო ვაზის იდენტიფიკაციასაც შეეცდება. ამის შემდეგ ყველა ჯიში ერთ საკოლექციო ნაკვეთში დაირგვება.
გურიის ვაზის ჯიშების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში გასათვალისწინებელია ამ მხარის მჭიდრო ურთიერთკავშირი მოსაზღვრე რეგიონებთან – აჭარასთან, სამეგრელოსთან და იმერეთთან. ასევე ის ფაქტორიც, რომ გურიას ისტორიულად მართლაც გაცილებით დიდი ტერიტორია ეკავა. ამ დარგის სპეციალისტებიც კი ზოგიერთ ჯიშს ხან აჭარის მხარის ვაზის ჯიშების ჩამონათვალში ათავსებენ, ხანაც – გურიის. ამდენად არსებითი მნიშვნელოვა არ უნდა ჰქონდეს დავას, რომელ რეგიონს ეკუთვნის ესა თუ ის ჯიში. ამ საკითხის გადაწყვეტა მეცნიერების საქმეა. მთავარი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ისაა, რომ ეს ჯიშები ზოგადქართულია და როგორც ეროვნული განძი, ერთდროულად ეკუთვნის სრულიად საქართველოს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი "გურული ვაზის" მსგავსი ასოციაციები სხვა რეგიონებშიც შეიქმნება.
ანდრო ვაშალომიძემ იმ ჯიშების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომელსაც იგი სხვადასხვა ლიტერატურული წყაროების შეჯერებით, გურიის ჯიშებად მიიჩნევს და თითქმის ორი ათეული წელია, დაეძებს: კლარჯული, თეთრი კამური, შავი კამური, საკმიელა, სამარხი, თეთრი მაური, თქვლაფა, ჩხავერი, სამჩხავერა, ბადაგი, ჯანი, ნაკაშიძის ჯანი, მტევანდიდი, ჭუმუტა, სხილათუბანი, ორონა, ოფოურა, წითლანი, ალადასტური, თეთრი ალადასტური, თეთრი ჩხავერი, ხუშია, მცივანი, ქვაფათური, ბათომურა, მტრედისფეხა, მახათური, მაკურენჩხი, ათინაური, ბერძნულა, დორდღო, ვაციწვერა, ზენათური, თეთრიშა, კეთილოური, კიკაჩაი, კახურა, კორძალა, კოცხანა, კაკნატელა, კატური, მანდიკოური, მაგარა, ნაშენები, გურიის ოჯალეში, ქაქუთურა, ქისი, მაღრაულა, ღორისთვალა, შავყურძენა, ჩხუპეში, ჩხაბერულა, ცივჩხავერა, ცისფერულა, ცანაფითა, ოცხანური საფერე, თეთრი კაიკაციშვილისეული (თეთრი), ხარისთვალა, ხემხუ, თეთრი ხუშია და სხვა.
მისივე ცნობით, აქედან მოძიებულია და საკმარისი მიწის ფართის არარსებობის გამო დანაწილებულია სხვადასხვა ოჯახებში: წითელყურძნიანი: ჩხავერი, ჯანი, მახათური, ორონა, მტევანდიდი, მტრედისფეხა, მცივანი (საფერავი), ნაკაშიძის ჯანი, სხილათუბანი, ალადასტური, ხარისთვალა, ოცხანური საფერე, შავი კამური, ბათომურა, გურიის ოჯალეში, ჭუმუტაი, უცნობი-3 ჯიში (სულ 19 ჯიში). თეთრყურძნიანი: საკმიელა, კლარჯული, თეთრი კამური, თეთრიშა, თეთრი კაიკაციშვილისეული (თეთრი), აიეტი (ჩვენს მიერ მოძიებული და სახელშერქმეული) თეთრი მაური, სამარხი, უცნობი 4 ჯიში (სულ 12 ჯიში). გარდა ამისა, სხვადასხვა სოფლებში მიკვლეულია ჯერჯერობით დაუდგენელი 2 წითელყურძნიანი და 1 თეთრყურძნიანი ჯიში.
"ღვინის გაკეთება ყველა ქართველმა იცის, როგორც კალმახმა იცის ცურვა და არწივმა – ფრენა", - ამბობს ანდრო ვაშალომიძე და იმ იმედით გვემშვიდობება, რომ სულ მალე ცნობილი გურული ჯიშებით დაწურული ღვინოებით შევსვამთ ქართული ვაზის გადარჩენის სადღეგრძელოს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.