Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თავისუფლების, მხიარულების, სიყვარულის და სილაღის ერთი დღე

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა „ახალი ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში პრესისათვის განკუთვნილ მოგზაურობაში მონაწილეობის მიღება. ჩვენი ჯგუფი მედიის 7 სპეციალისტისაგან შედგება, რომლებიც განსხვავებულ სფეროებს წარმოვადგენთ: ტრადიციული ღვინისა და კერძების მიმოხილვა, მედია მოგზაურობა და რადიო შოუ. ვფიქრობ, საქართველოს სტუმრებისთვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, დააგემოვნონ სხვადასხვა ღვინო, გასინჯონ მცირე მეწარმეების პროდუქცია. სტუმრები დარწმუნდებიან, თუ რამდენად სახალისოა  სიმღერითა და ცეკვით გალამაზებული ქართული ფესტივალები. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ, როგორც იქნა, ჩემს მეგობრებს შესაძლებლობა მიეცათ, დააგემოვნონ  საქართველო. მე მიყვარს საქართველო და დარწმუნებული ვარ, ისინიც შეიყვარებენ. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს „მანდილის“ ახალი პროდუქციისადმი.“

სარა მეი გრუნვალდი, ღვინის ბლოგერი, სომელიე

„ღვინო კარნავალური სუბსტანციაა - ხალხის ხალისიანი ერთობის მქმნელი. კარნავალის ფესვებს თუ ჩავწვდებით, ღვინის ღმერთის, დიონისეს მისტერიებამდე მივალთ - დიონისიებამდე. არსებობდა დიდი და მცირე დიონისიები. აი, ახალი ღვინის ფესტივალი ის მცირე დიონისაა, რომელიც ამშვენებს ქალაქს, მეტიც - ქალაქად ამყოფებს ქალაქს. ამ ფესტივალზე უბრალოდ მსმელი, ჩამღლევი ხალხი კი არ იყრის თავს, არამედ - კრეატიული, ინტელექტუალი პერსონაჟები, რომლებიც ღვინის მადლს სიტყვის ძალასაც აყოლებენ”.

ზურაბ ქარუმიძე, მწერალი

„ახალი ღვინის ფესტივალზე“ პირველად 2011 წელს მოვხვდი, როგორც სტუმარი. სხვადასხვა კუთხის ღვინოებმა ძალიან დამაინტერესა. მოვიკითხე, როგორ მოვხვედრილიყავი ამ ფესტივალზე, როგორც მონაწილე, როგორ გამომეტანა ჩემი ღვინოები. მალე „ღვინის კლუბში“ გავწევრიანდი, ვესწრებოდი ლექციებს, შეკრებებს და უკვე 2012 წელს ფესტივალის მონაწილე გავხდი. მონაწილეობას ვიღებდი 2014-შიც და ჩემი ღვინო წელსაც იქნება ფესტივალზე, ისევ საოჯახო მარნებში. ფესტივალზე საშუალება მაქვს, ჩემი ღვინის შესახებ ადამიანების მოსაზრებებს გავეცნო. ხანდახან ოჯახის წევრები მეხუმრებიან, შენთვის ახალი წელი აღარ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც „ახალი ღვინის ფესტივალიო“ და მართლა ასეა. ჩემი მეღვინეობა „ღვინის კლუბთან“ ერთად იზრდება. ჩემი აზრით, ეს ეროვნული საქმეა, ჩვენი ცნობიერება დროთა განმავლობაში ყალიბდება ამ მიმართულებით. ახალი და ახალი ხალხი გეგმავს საქართველოში ღვინის წარმოებას. მე მეფუტკრეც ვარ და კარგი იქნებოდა, რომ მეფუტკრეობასაც გამოუჩნდებოდეს ისეთი ქომაგი, როგორიც „ღვინის კლუბია“ ქართული ღვინისთვის.“

გოგი დვალიშვილი, ოჯახური ღვინის მწარმოებელი სოფ. ხიდისთავიდან

„ყოველ წელს ველი „ახალი ღვინის ფესტივალს“, რომელიც ტარდება კარგ გარემოში და იძლევა ხარისხიანი ღვინოების დეგუსტაციის საშუალებას. ფესტივალზე, როგორც წესი, მოვდივარ მეგობრებთან ერთად, ვისვენებთ და ვაგემოვნებთ ქართულ ღვინოს. ჩემს უცხოელ ტურისტებს ყოველწლიურად ვაფრთხილებ, რომ საქართველოში ვიზიტი ამ დღეს დაამთხვიონ. ისინი, თავის მხრივ, თავიანთ მეგობრებს ურჩევენ, რომ მაისის დასაწყისში საქართველოს ესტუმრონ და ეწვიონ „ახალი ღვინის ფესტივალს“.

პაატა ვარდანაშვილი, ფოტოგრაფი, ტურიზმის სპეციალისტი

„ახალი ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურის განვითარებისთვის, რაც არც ისე დიდ სიმაღლეზე დგას ჩვენში. ჩვენი უმრავლესობა ღვინოს მაინც თრობისთვის სვამს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საქართველოში ღვინომ ურთულესი წლები გაიარა საბჭოთა პერიოდის სახით, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა ღვინო გეგმიურ წარმოებაზე იყო ორიენტირებული. დღეს ღვინის ენთუზიასტებისა და პროფესიონალების მეცადინეობით მდგომარეობა საერთოდ შეიცვალა. ახალი ღვინის ფესტივალისა და სხვა ამ ტიპის ფესტივალების წყალობით მომრავლდნენ ადამიანები, ვისთვისაც ეს საქმე  ფულის კეთებაზე მეტად კარგი ღვინის კეთების ამბიციაა. რაც შემეხება მე, ამ ფესტივალის წყალობით დღეს უკვე მოყვარულის დონეზე შემიძლია ვისაუბრო ღვინის თვისებების შესახებ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე მაგარი ღონისძიება მათ შორის, რაც კი თბილისში ამ სეზონზე ტარდება“.

ლევან კიტია, კინორეჟისორი

„პირველი, რაც მახსენდება ამ ფესტივალზე ისაა, რომ ამდენი არაფხიზელი ხალხი ერთად შეკრებილი და მაინც ასეთი კარგი აურა, მაკვირვებს ხოლმე. ყველა თაობის მეგობარს ვხვდები მანდ და მაგიტომ მოვდივარ, პირველადაც მაგიტომ მოვედი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ თანდათან ღვინოებშიც გავერკვიეთ მეგობრები. უცნაურია, წელიწადში ერთი დღეა და როგორ უნდა გაერკვიო ამდენ სახეობაში… მაგრამ სინამდვილეში შანსი გეძლევა, გასინჯო ამდენი სხვადასხვა ღვინო, ისაუბრო მეგობრებში, გაცვალო შეგრძნებები და აზრები. მერე უკვე ერთი წელია წინ, რომ  მოძებნო იგივე ღვინო. ვრეკავთ ხოლმე ერთმანეთთან და გახსენებაში ვეხმარებით, აი იმ ტკბილს რა ერქვა, ან იმ მოხუცი პაპას ღვინოს... არ ვიცი, მეც მიკვირს, რომ თითო დღეობით შეიძლება ეგრე შეგიყვარდეს და დაუმეგობრდე ღვინოს, როცა არც მსმელი ხარ და ტრადიციებმაც ვერ მოგხიბლეს ისე, რომ ბავშობიდან ღვინის ისტორიის და სადღეგრძელოების სწავლა დაგეწყო. მოკლედ ახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ღვინო ადამიანის მეგობარია, თან ყველასი - ერთნაირად."

ირაკლი გუჯაბიძე, ალპინისტი

„ყოველ წელს სულმოუთქმელად ველოდები ამ ფესტივალს. ეს არის თავისუფლების, მხიარულების, სიყვარულის და სილაღის ერთი დღე. ღვინის მრავალფეროვნება უკვე არის ამ ფესტივალზე, სასურველი იქნება, სამომავლოდ ე.წ "ქუჩის სამზარეულოს" მრავალფეროვნებაც ვიხილოთ - ჯერ ქართული რეგიონალური, შემდგომში კი - საერთაშორისოც. წლიდან წლამდე ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის ხარისხი სულ უფრო მაღალია და ველი, რომ  დროთა განმავლობაში ჯიშური მრავალფეროვნებაც გაიზრდება.“

ირაკლი ჩოლობარგია, მარკეტოლოგი, ღვინის ეროვნული სააგენტო

 

„თქვენ არ იცით, ყოველწლიურად როგორ ველოდები ახალი ღვინის ფესტივალს. რატომ? ეს არის იმ კულტურის და ტრადიციის ფესტივალი, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. პირველ რიგში, ეს არის შანსი, დააგემოვნო ახალი ღვინოები სხვადასხვა რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი იშვიათი ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინოები, რაც ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა დღეს. ამ ფესტივალზე, პირადად მე  ყოველთვის ვიცი, რომელ ღვინოებს გავუწევ რეკომენდაციას ტურისტებთან და რომელ მარნებს ვესტუმრები მათთან ერთად. ამიტომ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს იქვე ვეწევი. მეორეც, ეს ფესტივალი სტიმულია ყველასთვის – ღვინის მწარმოებლებისათვის თუ მოყვარულებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს არის ნაპერწკალი წარმატებისკენ.”

მაკა თარაშვილი, ტურისტული გიდი, ღვინის ექსპერტი

მოამზადა ქეთო ნინიძემ

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მე არც ვენახი მაქვს, არც მარანი (მაქვს მხოლოდ ცოტაოდენი ცარიელი ჭურჭელი), მაგრამ ვარ ღვინის მოყვარული და ვარ ბედნიერი რომ ღვინის ფესტივალი ყოველწელს ტარდება საქართველოში, ასევე უცხოეთშიც მონაწილეობს ჩვენი ღვინო სხვადასხვა ფესტივალზე. დიდი სურვილი მაქვს თქვენს გვერდზე ვიყო, ღვინის კლუბის გვერდზე. ფესტივალის მოწყობიდან სომელიეობით დამთავრებული (მოყვარულის დონეზე მაგრამ გამოცდილი) თქვენს გვერდზე მიგულეთ...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული