Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ხარისხი იზრდება, რეალიზაცია მცირდება

ქართული პარადოქსი

ღვინის ხარისხი იზრდება, რეალიზაცია მცირდება

ლევან სეფისკვერაძე
 
საქართველოში ღვინის რეალიზაცია მრავალი პრობლემის წინაშე დგას, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ. მართალია, ამ პერიოდში ქართული ღვინის ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა და მომხმარებელს უკვე რამდენიმე დასახელების კარგი ღვინის შეძენა შეუძლია, მაგრამ ამით გაყიდვებს ბევრი არაფერი ეშველა.
ღვინის დისტრიბუციაში წყალგამყოფად ორი წლის წინანდელი ომი შეიძლება ჩაითვალოს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი რამდენჯერმე შემცირდა და ამან ღვინის რეალიზაციას დიდი დაღი დაასვა. თბილისის ღვინის მაღაზიებში ამბობენ, რომ ომის შედეგებს დღემდე იმკიან და რეალიზაცია ძალიან შეუმცირდათ. ამან საშიში ტენდენციის სახეც კი მიიღო.
ლესელიძის ქუჩაზე, ღვინის მაღაზია "ვინოთეკას" მენეჯერი, ვაკო ელისაბედაშვილი ამბობს, რომ ღვინის ბიზნესი საკმაოდ რთული და ბევრ რამეზე დამოკიდებული საქმეა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციაც მთლიანად გადაჯაჭვულია ღვინის რეალიზაციასთან. "ვინოთეკაში" ღვინის რეალიზაცია განსაკუთებით ბოლო თვის განმავლობაში შემცირდა. ამის მიზეზად, მაღაზიის მენეჯერი, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ისლანდიაში ამოფრქვეულ ვულკანს ასახელებს. საქმე ისაა, რომ ამ მაღაზიის მყიდველთა 95% თბილისში ჩამოსული უცხოელებია. ამოფრქვეული ვულკანის ფერფლის გავრცელების გამო, ევროპის ქვეყნების აეროპორტები პარალიზებულია. საქართველოში ჩამოსული უცხოელების რიცხვიც ძალიან შემცირდა და მაღაზიასაც კლიენტურა შეუთხელდა.
მიმდინარე თვეში "ვინოთეკამ" სულ რაღაც 150-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაცია შეძლო. გაყიდული ღვინის ხვედრითი წილის უდიდესი ნაწილი ტრადიციულად "საფერავზე" და საფერავის ჯიშის ყურძნისგან წარმოებულ სხვადასხვა დასახელების წითელ მშრალ ღვინოებზე მოდის. ამ ტიპის ღვინის ფასი საშუალოდ 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. გაყიდვების რაოდენობით შემდეგ მოდიან ხვანჭკარა და წინანდალი. გასულ თვეში სულ ორიოდე ბოთლი "იმერული ღვინის კომპანიის" ოცხანური საფერეც გაიყიდა. ფართო საზოგადოებისთვის ასეთ უცნობ ღვინოებზე მოთხოვნილება ჯერჯერობით ძალიან მცირეა. "ვინოთეკაში" ადრე ჩამოსასხმელი ღვინოც იყიდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ თვეში 300 ლიტრის გაყიდვაც ვერ ხერხდებოდა, მაღაზიის მეპატრონეებმა ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა შეაჩერეს და აქცენტი კვლავ ისეთ პროდუქტზე გააკეთეს, რომელთა პოტენციური მყიდველები უცხოელები არიან.
ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას ასევე ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ქურდაძეების "ღვინის სახლიც". ამ მაღაზიაში გაყიდვები, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ზღვრამდეა მისული და როგორც მაღაზიის მეპატრონე, ალექსანდრე ქურდაძე ამბობს, ამის მიზეზი მრავალი ეკონომიკური ფაქტორის გარდა ისიცაა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ქურდაძეების მაღაზიაა, უკვე ორი წელიწადია, სარეკონსტრუქციო მშენებლობები მიმდინარეობს. ამის გამო აქ როგორც მანქანით, ასევე ფეხით გადაადგილება ძალიან ჭირს. თანაც ირგვლივ ისეთი ხმაურია, ნებისმიერ უცხოელ თუ ქართველ ღვინის მოყვარულს დააფრთხობს.
სახარბიელო მდგომარეობა არც ქურდაძეების მეორე მაღაზიაშია, რომელიც ყოფილი გაგარინის (ამჟამად ზურაბ ჟვანიას) მოედანზე მდებარეობს. მიუხედავად მაღაზიაში წარმოდგენილი ღვინის ფართო ასორტიმენტისა, გაყიდვები თვიდან-თვემდე მცირდება და თვის მანძილზე ორ ასეულამდე ბოთლს თუ მოითვლის. ისევე როგორც "ვინოთეკაში" და სხვა ქართულ ღვინის მაღაზიებში, ქურდაძეების "ღვინის სახლშიც" კლიენტურა ძირითადად წითელ მშრალ ღვინოს ეტანება და მაღაზიის გახსნის დღიდან ეს სურათი არასოდეს შეცვლილა.
პუშკინის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია "ბათუმი" თბილისში ღვინის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. ეს პოპულარობა იმის შედეგია, რომ მაღაზიაში ბოთლის ღვინის გარდა, რამდენიმე დასახელების ჩამოსასხმელი ღვინოც იყიდება (ჩამოსასხმელი ლიტრი ღვინის ფასი 1.7-4.0 ლარის ფარგლებში მერყეობს). ქართველ მომხამრებელში, თუნდაც სიიაფის გამო, ჩამოსასხმელი ღვინო მაინც პოპულარულია და მაღაზია "ბათუმის" ცნობადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც ესაა.
ამ მაღაზიაში განგვიმარტეს, რომ ბოთლის ღვინის გაყიდვები შედარებით მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა თბილისში რაიმე სახის საერთაშორისო მასშტაბური ღონისძიება ეწყობა და ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოდის. ასეთი ღონისძიებებია მაგალითად: სპორტული მატჩები, ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსების თუ ხელოვანების ვიზიტები, რომელთაც თან ბევრი თანამემამულე დაჰყვებათ და ყველა ეს ადამიანი ქართული ღვინის პოტენციური მყიდველია. "არის ხოლმე შემთხვევები, როცა ერთ დღეს შემოვა უცხოელების რამდენიმე ჯგუფი და ერთბაშად ათეულობით ბოთლი ღვინო მიაქვს. თუმცა ასეთი დღეები ბოლო დროს ძალიან იშვიათია და ხშირად გასულა რამდენიმე დღე, როცა ერთი ბოთლი ღვინოც კი არ გაყიდულა", – ჩივიან მაღაზია "ბათუმის" მფლობელები. ამ მაღაზიაში ყველაზე მეტად "თელავის ღვინის მარნის" პროდუქცია და უმეტესად ისევ და ისევ საფერავის ღვინოები იყიდება. ამის მეტად საინტერესო მიზეზიც შევიტყვეთ.
როგორც ირკვევა, ბევრი ქართული კომპანია მაღაზიაში გასაყიდად შეტანილ ღვინოს გამყიდველებს (ანუ მათსა და მყიდველთა შორის შუალედურ რგოლს) არ ასინჯებს და როცა კლიენტი ამა თუ იმ ღვინის ღირსებებით ინტერესდება, გამყიდველები, მხოლოდ იმ ღვინის შესახებ იძლევიან სრულ ინფორმაციას, რომელიც გასინჯული აქვთ. "თელავის ღვინის მარანი" კი ღვინის მაღაზიების წარმომადგენლებს ღვინოს არა მხოლოდ ასინჯებს, არამედ კახეთშიც კი მიჰყავთ, სადაც აჩვენებენ მარნებს, ყურძნის კრეფის, დაწურვის, გადაღების პროცესს და ა. შ. ამიტომ ამ კომპანიის ღვინოზე გამყიდველს იმდენი ინფორმაცია უგროვდება, რომ კლიენტის ინტერესებს თითქმის ბოლომდე აკმაყოფილებენ. მაღაზიის მესვეურებისათვის მსგავსი ტიპის გასვლების მოწყობასა და ტრენინგების ჩატარებას, როგორც გავარკვიეთ, სხვა კომპანიებიც აპირებენ. კონკრეტული ღვინის შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღებით, წესით, მყიდველიცა და გამყიდველიც დაინტერებულნი უნდა იყვნენ.
გარდა ამისა, ამ სტატიაზე მუშაობისას ღვინის მაღაზიებში არსებული ერთი მეტად საჭირო ნიუანსის გამორკვევაც შევძელით. როგორც ირკვევა, კლიენტების დიდი ნაწილი ღვინის ხარისხის გარდა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბოთლის შეფუთვასაც. გამყიდველი მყიდველს როცა ეუბნება, რომ კონკრეტული კომპანია ღვინის შეძენის მსურველს ღვინის ბოთლისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთსაც ჩუქნის, მყიდველთა დიდი ნაწილი არჩევანს სწორედ ასეთ ღვინოზე აკეთებს. სასაჩუქრე ან სასუვენირე ღვინის ბოთლს საინტერესო დიზაინით დამზადებული ყუთი სოლიდურ ელფერს ანიჭებს. ეს პატარა მარკეტინგული გათვლა თუ ხრიკი, წესით, უყურადრებოდ არ უნდა დარჩეს ღვინის იმ კომპანიებს, რომლებიც ზედმეტი ხარჯების გაწევისაგან თავს იკავებენ.
სხვა მაღაზიების მსგავსად, რეალიზაცია შეუმცირდა ოპერასთან მდებარე ღვინის მაღაზია-რესტორან "ღვინის სამყაროს". მაღაზიის მენეჯერის, ნინო ულარჯიშვილის განმარტებით, შარშან ამ დროს თითქმის ორჯერ მეტ ღვინოს ყიდდნენ, წელს კი, უცხოელი სტუმრების შემცირების პარალელურად, მაღაზიის ბიზნესსაც გაუჭირდა.
"ღვინის სამყაროში" პრაქტიკულად სრულად არის წარმოდგენილი საქართველოში წარმოებული და ქართულ ბაზარზე არსებული ღვინის ასორტიმენტი. თუმცა, ისევე, როგორც სხვა მაღაზიებში, "ღვინის სამყაროშიც" მოთხოვნა "საფერავზე", "მუკუზანზე", "ქინძმარაულსა" და "ახაშენზეა". ტურისტების გარდა, თუკი ქართველი მომხმარებელი ღვინოს ყიდულობს, როგორც წესი, ეს ღვინო უცხოეთში წასაღებად ან გასაგზავნად უნდა და ისიც წითელ მშრალ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას. ამ მაღაზია-რესტორანმა მარტში 10 000 ლარზე ცოტა მეტი რაოდენობის პროდუქცია გაყიდა (შემოსავლის დიდ ნაწილს მაინც რესტორანი იღებს), რაც სარეკორდოდ მცირეა "ღვინის სამყაროს" გახსნიდან დღემდე.
ხაზგასასმელია ისიც, რომ წითელ მშრალ ღვინოებს უცხოელების გარდა, საზღვარგარეთ მცხოვრები, ანდა უცხოეთში ღვინის გაგზავნის მსურველი ჩვენი თანამემამულეებიც იძენენ. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც ქართული ღვინის შესახებ ე.წ. ძველ ევროპელებზე ბევრად მეტი იციან, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ქართულ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. იმედია, ამ ტენდენციას ევროპაში ღვინის გატანის მსურველი ქართული ღვინის კომპანიებიც გაითვალისწინებენ და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპელებს სწორედ ისეთ ღვინოს შესთავაზებენ, რომელსაც გაყიდვის უფრო მეტი პერსპექტივაც ექნება.
მიუხედავად ამ სტატიაში აღწერილი არაერთი უსიამოვნო ტენდენციისა, რაც ბოლო დროს ქართული ღვინის გარშემო ხდება და მკვეთრად აფერხებს რეალიზაციას, თითქმის ყველა ღვინის მაღაზიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რეალობის წინაშე დანებებას და ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებენ. ამ ადამიანებს მაინც სჯერათ, რომ როცა იქნება, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მათ მიერ გაწეული ხშირად უიმედო შრომა ფინანსურ მოგებაზეც აისახება.     
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული