იაპონიის ქალაქებში, ტოკიოსა და ოსაკაში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციები გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით, საქართველოს წელს ორჯერ ეწვია. მისი ავტორობით იაპონურ ჟურნალის - „Sommelier” ბოლო ორ ნომერში და ჟურნალ „WANDS“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიბეჭდა.
ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი ლევან ცინცაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „ფაფარი ველი“, „იბერიული“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „ორგო“ და „მეღვინეობა ხარება“.
ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას კენიჩი ოჰაშისთან ერთად უძღვებოდა იაპონელი სომელიე ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში - სომელიე სატორუ მორი.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი