Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხულს ისე არაფერი უხდება, როგორც კარგად ჩაციებული ცქრიალა ღვინო

ლევან სეფისკვერაძე

ზაფხულს, როცა სიცხე აუტანელია, ისე არაფერი უხდება, როგორც კარგად ჩაციებული ცქრიალა ღვინო. „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალიც ზაფხულში ჩატარდა - 21 ივნისს მთაწმინდაზე კლუბ „ანდერვილში“ მეღვინეებმა სტუმრებს თავიანთი ცქრიალა ღვინოები წარუდგინეს.

ცქრიალა ღვინის ფესტივალის იდეა ეკუთვნის მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შესაძლებელია მომავალში ამ ფესტივალს საერთაშორისო ხასიათი მიეცეს და ქართველმა მეღვინეებმა უცხოელი კოლეგებიც მოიწვიონ.

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი, ფესტივალის იდეის ავტორი:  „ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შესწევს ძალა, რომ ამ მხრივ თავისი ახალი სიტყვა თქვას. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, საქართველოს, მისი მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია „ცქრიალების“ საწარმოებლად. მთავარია, საქმე დაიძრა და ხალხმა დაინახა, რომ ამ მხრივ სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია. ვფიქრობ, ამ ფესტივალმა თავისი სიტყვა ძალიან ხმამაღლა თქვა“.

ცალკე საკითხია ამ დღის ორგანიზება, რაც საქართველოს „ღვინის კლუბის“ ძალისხმევით მოხერხდა. განსაკუთრებით რთული იყო ამ ყველაფრის განხორციელება მას შემდეგ, რაც ღვინის კლუბის პრეზიდენტი და ქართული ღვინის ფესტივალების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა და ეს პირველი წელი იყო, როცა კლუბს მის გარეშე მოუწია ფესტივალს ჩატარება.

vinoge.com ფესტივალის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა.

ლევან თოდრაძე, მარანი „საწნახელი: „ჩვენი მარანი მდებარეობს მანავში. წარმოდგენილი გვაქვს მწვანე კახურის და მუსკატის პეტ-ნატი. გვიან მოგვიხდა მწვანეს დაწურვა, როცა შაქარი უკვე მაღალი ჰქონდა და ბალანსისთვის ადგილზე (მანავში) მოვიძიეთ მუსკატის ყურძენი და შევქმენით სრულიად განსხვავებული ღვინო. გვაქვს ასევე ჭაჭა, რომელიც ამ ფესტივალის თემატიკას არ შეეფერება, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის მაინც წამოვიღეთ. ასევე წარმოვადგინეთ წიპწის ზეთი“.

კოსტანტინე თოფურია, მარანი „იორა“: „ვენახები გვაქვს საგარეჯოში. სამი წელია ცქრიალა ღვინოებს ვაწარმოებთ და სამივე ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა. წარმოდგენილი გვაქვს 2022 და 2024 წლის ცქრიალა ღვინო „ქისი/ბუერა“, რომელიც  ჩვენი სავიზიტო ბარათი. ექსპერიმენტის სახით დავამზადეთ საფერავის ცქრიალა ღვინო. ზოგადად, საქართველოში ტენდენციას თუ შევხედავთ, თანდათან მატულობს ცქრიალა ღვინის პოტენციალი. ჩვენ ვართ მცირე, ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარანი. ვფიქრობთ, მცირე რაოდენობით შეგვიძლია ცქრიალა ღვინოც ვაწარმოოთ. ასევე ვაკვირდებით მომხმარებლების გამოხმაურებას და ამის მიხედვით განვაგრძობთ ფიქრს და ახალ ღვინოებზე მუშაობას“.

ცქრიალა ღვინის ერთ-ერთი ნაირსახეობის პეტ-ნატის მიმართ ინტერესის ზრდა საერთო, მსოფლიო ტენდენციის ნაწილია. ადამიანებს სურთ რაღაც ახალი, ტრადიციული, მათთვის კარგად ნაცნობი ღვინოებისგან განსხვავებული ღვინო დალიონ. პეტნატები სწორედ ასეთია.

გიორგი მახათაძე, მეღვინეობა „სატრფო“: „გვაქვს  განსხვავებული სტილის პეტ-ნატები. ვგულისხმობ იმას, რომ აქცენტი კახურ ჯიშებზე გვაქვს გაკეთებული. ყურძენს ვკრეფთ დაახლოებით 20-21 % შაქრიანობაზე, რის შედეგადაც ვიღებთ ტრადიციული პეტ-ნატის სტილისგან განსხვავებულ ტანინიან, მშრალი ღვინის ან კრაფტ ლუდის მსგავს ღვინოს. როგორც კახური ღვინოა გამორჩეული სხეულით და ტანინით, ასევეა ჩვენი პეტ-ნატებიც. რაც შეეხება ჯიშებს - გვაქვს დეგორჟირებული ქისი და ასევე ქისი ლექზე, გვაქვს მწვანე-რქაწითელის მიქსი და ჩინურთან მიქსში კაბერნე სოვინონი, შარდონე და იტალიური ნებიოლო“.

ნიკა ხუნდაძე, მეღვინეობა „ნიკიფორე: „უკვე მეორედ ვმონაწილეობთ ცქრიალა ღვინის ფესტივალზე. წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე სახის პეტ-ნატი - მანავი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი. პეტ-ნატს სარეალიზაციოდ ვაკეთებ. ეს უფრო მარტივი სითხეა და უცებ იყიდება. თუმცა, უფრო მეტად მაინტერესებს ტრადიცული ე.წ. შამპანურის მეთოდი და ვფიქრობ ეს მიმართულება უფრო უნდა განვავითარო“.

ღვინის მოყვარულების აზრით, ეს ფესტივალი ბუნებრივი გამოძახილია ცქრიალა ღვინოებისადმი მზარდი მოთხოვნის და უფრო მეტიც, თავადაც იქცევა კარგ შესაძლებლობად, კიდევ უფრო გაიზარდოს ცქრიალა ღვინოებისადმი ინტერესი, ახლებურად გაიცნოს მომხმარებელმა ქართული ვაზისა და მეღვინეების შესაძლებლობები და ღვინით ის ხალხიც დააინტერესოს, ვისაც ღვინოში განსხვავებული თავგადასავლის პოვნა უნდა.

ნიკა ედილაშვილი, მარანი „უფლისციხის მამული“: „ქართლისთვის ცქრიალა ღვინოები დამახასიათებელია და შესაბამისად ჩვენთვის მეტად საინტერესო ხაზია. გვაქვს წარმოდგენილი ბრუტ-ნატურალი თეთრი და ბრუტი როზე. ორივე არის 2022 წლის მოსავლის. ეს ღვინოები სამი წელი ლექზე დავავარგეთ. ასევე გვაქვს კლასიკური შამპანურის  მეთოდით დაყენებული ცქრიალა ღვინოები“.

გიორგი გოგლიძე, „ლეჩხუმის ზღვის ფსკერის ვენახები“: „ჩვენი მარანი მდებარეობს ლეჩხუმში, სოფელ ზუბში, მაგრამ ყურძენს ვკრეფთ სამ სხვა სოფელში. ყველაზე მეტს კი სოფელ წილამიერში. ვენახები ასევე გვაქვს სოფელ გვესოში და ოყურეშში. წილამიერის ყურძენი ყოველთვის გამოდის უფრო მომჟაო, გვესოს და ოყურეშის ყურძენი კი მეტ შაქრიანობას კრეფს. მაგალითად, თუ სექტებრის ბოლოს გვესოს და ოყურეშის ყურძენმა აკრიფა 25% შაქრიანობა, ამ დროს წილამიერში ჯერ კიდევ 18-19-ზე შეიძლება იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყურძნების შერევით და შამპანის მეთოდით ვაყენებთ ღვინოს, რაც გამოდის სრულიად განსხვავებული და აქვს ბალანსი. ასევე აღსანიშნავია, რომ ღვინოს ჯერ ქვევრში ვაყენებთ და შემდეგ ვქმნით მისგან ცქრიალას. ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა „ორი მარანი“ და პირადად ბასტიანი“.

 

ფესტივალში მეღვინეები მონაწილეობდნენ ქართლიდან, ლეჩხუმიდან, იმერეთიდან და კახეთიდან. ოჯახურ მარნებს დასაგემოვნებლად და ასევე გასაყიდად წარმოდგენილი ჰქონდათ მათ მიერ ბუნებრივი წესით წარმოებული ცქრიალა ღვინოები. 

გურამ მაისურაძე, მარანი „ნადელები“: „დღეს ღვინის მოყვარულებს ვთავაზობთ ახალი მოსავლის ღვინოებს. გვაქვს ამ წლის პეტ-ნატები თავისი რეალური მნიშვნელობით. გვაქვს - საფერავი/რქაწითელი, კახური მწვანე ჭაჭაზე, უჭაჭოდ და სხვა. მე ვფიქრობ, ჩემს პეტ-ნატებს დიდი ხანი არ უხდება დაძველება და ვცდილობ მეორე წელს გამოვიტანო. სულ 1000 ბოთლამდე პეტ-ნატს ვაწარმოებთ. ამ ტიპის ღვინო განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო დასაყენებელია. მირჩევნია მქონდეს ბუნებრივი, ცოცხალი, ყურძნის და მიწის გემოს მქონე სასიამოვნო ღვინო და მეც სიამოვნებას ვიღებდე მისით“.

მზია ბითაძე, „ქართული ვაზი, მარანი“: „გვაქვს თეთრი ბრუტი, ცქრიალა  თეთრი ნახევრადტკბილი, ვარდისფერი ნახევრადტკბილი ტრადიცული ცქრიალა და სულ ახალი ბრენდი, რომელსაც ჰქვია „გაზაფხულის ატმის სასმელი“. ეს არის დაბალალკოჰოლიანი სასიამოვნო სასმელი, მაგრამ არ არის სიდრი და არის სრულიად განსხვავებული რამ. ჩვენი მეთოდები არის მხოლოდ კლასიკური და ვთვლით, რომ საინტერესო იქნება ჩვენი კომპანიის ღვინოები მომხმარებლებისთვის“.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნეს, მათ აქვთ იმედი, რომ თანამედროვე ქართული მეღვინეობის ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდება. ცქრიალა ღვინო განსაკუთრებით მოთხოვნადი წელიწადის ორ, სრულიად განსხვავებულ პერიოდში – ახალ წელს და ზაფხულშია ხოლმე. თუმცა, ამ ტიპის სასმელის მოყვარულები ხარისხიან ცქრიალა ღვინოებზე არც შემოდგომაზე და გაზაფხულზე იტყვიან უარს.

ფესტივალის მხარდამჭერები, ტრადიციულად, იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული