Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრობლემა – ეტიკეტი ქართული ღვინისთვის

ქეთო ნინიძე

თანამედროვე მარკეტინგის მიდგომების მიხედვით, ღვინის ეტიკეტი არ არის უბრალოდ, ქაღალდი, რომელიც ტექნიკური ხასიათის ინფორმაციას შეიცავს. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს პროდუქტის შესახებ, ტექნიკური მონაცემების გარდა, ღრმა და ფუნდამენტური გზავნილები გადაეცემა. 

მარკეტოლოგიაში შემუშავებულია უამრავი ხერხი, თუ როგორ შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის მიმზიდველი თაროზე წარმოდგენილი პროდუქტი, სპეციალური ვუზუალური და სენსორული ეფექტების გამოყენებით. როგორც წესი, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს შემდეგი ელემენტების - ეტიკეტის ფერისა და ტექსტურის, ბოთლის ფორმისა და პროდუქტზე მითითებული ბრენდის - ჰარმონიული ერთობლიობა. თითოეული კომპონენტი ერთგვარი გზავნილია მომხმარებლისადმი, რომელიც ამ დეტალების მიღმა შესაბამის ღირებულებებს ამოიცნობს. 

თუმცა, ბუნებრივია, პროდუქტის გარკვეული შეფუთვა ყველა მომხმარებელზე ერთნაირ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კატეგორიზება იმ საჭიროებებისა და ღირებულებრივი წინაპირობების მიხედვით, რომლებსაც ისინი ატარებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ აშშ-ში ბეიბი-ბუმერები, თავიანთი ასაკობრივი გამოწვევებიდან (სუსტი მხედველობა) გამომდინარე, უპირატესობას ანიჭებენ ეტიკეტს მსხვილი და მუქი წარწერებით. ასევე, კვლევები ცხადყოფს, რომ ჩინეთის ბაზარზე განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს ღვინოები, რომელთა ეტიკეტის ვიზუალური ხატი ახლოს დგას  ადგილობრივ ბაზარზე გავრცელებული ლეიბლების სტილისტიკასთან. აღნიშნული კონიუნქტურის გათვალისწინებით, არაერთი ევროპელი და ამერიკელი მეწარმე იძულებული გახდა, პროდუქტის „ჩინური ვერსიები“ შეექმნა, ახალი შეფუთვით, სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის. 

საქართველოში დღემდე არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რომლებიც ქართული ღვინის ეტიკეტებზე ინფორმაციის შინაარსს  დაარეგულირებდა და პროდუქტის ატრიბუტიკას მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდიდა. ეს ფაქტი დიდ გაუგებრობებს იწვევს, განსაკუთრებით, რუსეთში. 

ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე ღირებულებათა კრიზისის წინაშე დგას. ამას ის იმიჯიც ცხადყოფს, როგორადაც იგი რუსი მასობრივი მომხმარებლის წინაშეა წარდგენილი. ეს არის თიხის მასალაში შემოსილი სასმელი ეგზოტიკური აქცენტებით, რომელიც ძველი თბილისის, იოსებ სტალინის, ველური კავკასიის, ქალის შიშველი ბიუსტის, იმპერიული ორდენების, შოთა რუსთაველის პროფილისა და კინოფილმ „მიმინოს“ სიმბოლოების  მდაბიო ეკლექტიკას წარმოადგენს. ეს კიჩი, როგორც ჩანს, უფრო მეტად სუვენირის დატვირთვას ატარებს და სინამდვილეში, „ქართული ღვინის“ ისტორიისა და იდეის ფალსიფიცირების კლასიკურ შემთხვევას წარმოადგენს. 

ღვინის კლუბი არაერთხელ შეხებია ამ საკითხებს. განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს  ნუკრი ქურდაძის ღრმა და ამომწურავი ანალიზი, რომელიც მან გასულ წელს შემოგვთავაზა სტატიით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Совок-ში“, მისი შეფასებით, ამ საგანგაშო ტენდენციამ, შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე ღვინის ელიტურ მომხმარებელთა შორის ქართული ღვინის იმიჯის გაუფასურება გამოიწვიოს.

მთავარი სეგმენტი, რომელზედაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ყველაზე დიდი წილი მოდის, დაინტერესებულია იაფი პროდუქტით. აღსანიშნავია, რომ  მათთვის ქართული ღვინო, დიდი ალბათობით, იმპერიული აღტკინებისა და საბჭოთა ნოსტალგიის განუყოფელი ნაწილია. მათი  განწყობები ამ საკითხში იკვებება სხვადასხვა მითებითა და სტერეოტიპებით. ეს სეგმენტი, ცხადია, ვერ იქნება სტრატეგიული დასაყრდენი ქართული ღვინისათვის რუსეთის ბაზარზე, როგორც ღირებულებრივი თვალსაზრისით, ასევე, ტექნიკურად (მსყიდველობითუნარიანობა, ასაკი). 

ეს პრობლემები წლევანდელ PRODEXPO–ზეც ცხადად გამოიკვეთა - გამოფენაზე, რომელიც  ყოველწლიურად იმართება მოსკოვში და რომელზეც ემბარგოს მოხსნის შემდეგ წარმოდგენილია ქართული ღვინოები. ამ პრობლემებზე წელს რუსი ექსპერტებიც ალაპარაკდნენ, ის ადამიანები, ვინც რუსეთში ხარისხიანი ქართული ღვინის პოპულარიზაციით არიან დაკავებულნი.

სხვადასხვა დროის ეტიკეტები ქართული ღვინის სტილის ძიებისა და სრულქმნის საინტერესო რეპრეზენტაციაა. ამ სპექტრში ერთ-ერთ გადამწყვეტ ადგილს იკავებს 2006-2012 წლების პერიოდის ნიმუშები. როდესაც რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს შემდეგ  ქართული ღვინო გარდაუვალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა -  დაიწყო „ეპოლეტებისა“ და „სამხედრო ჯვრებისგან“ სრულიად გამიჯნული სტილის ძიება და ახალგაზრდული, ბუნებრივი, თავისთავადი გარეგნობით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე თავის დამკვიდრება. იმედია, ახლო მომავალში ეს ძიებები წარმატებით დასრულდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.