Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გადაცემა“ ღვინის გზამკვლევი“ (25) 08.03.2013

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

სალომე: ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა უწყებამ იმ  36 ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარი პროდუქციის რეალიზებას რუსულ ბაზარზე უახლოეს ორ თვეში შეძლებს. მათ შორისაა კომპანიები - „თბილღვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „ბადაგონი“, „ასკანელი ძმები“, „მეღვინეობა ხარება“, "ახალშენი 2005"; "ბატონო"; "ვაზი პლიუსი"; "ვინივერია", "ღვინის კომპანია დუგლაძე"; "შუმი"; "გრუზვინპრომი"; "ქართული ღვინის სახლი"; "კახური ტრადიციული მეღვინეობა"; "კახური ღვინის მარანი"; "კახური"; "ქიმერიონი"; "ქინძმარაულის მარანი"; "ალავერდი"; GWS; "კორპორაცია "ქინძმარაული"; "კორპორაცია ქართული ღვინო"; "მანავის მარანი"; "მარნისკარი"; "ოჟიოს მარანი (ალავერდის მონასტერი); "სარაჯიშვილი"; "გომი"; "თელავის ღვინის მარანი"; "თელიანი ველი"; "თბილისის მარანი"; "თბილისის ღვინის მარანი"; "წინანდლის ძველი ღვინის მარანი"; "გიორგი მირიანაშვილის ჩელთი"; "შატო მუხრანი"; "შუხმან ვაინს ჯორჯია“ და  "ენისელი- ბაგრატიონი". ინსპექტირების პირველი ეტაპი პირველ მარტს დასრულდა. მას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი წარმატებულად აფასებს და რუსი საინტრების მეორე ვიზიტის თარიღად 25 მარტს ასახელებს.  „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები, რუსეთის ბაზარზე შესვლის მსურველ 57-მდე ქართულ კომპანიას მომდევნო ვიზიტისას შეამოწმებენ. ონიშჩენკოს თქმით, ინსპექტირების სწორედ ეს ეტაპი გადაწყვეტს დაბრუნდება თუ არა ქართული ჭაჭა რუსეთის ბაზარზე. უშუალოდ პროდუქციის ექსპორტს, ღვინის კომპანიები, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ შეძლებენ. 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ, ქართული ღვინის, ალკოჰოლური და მინერალური წყლების კომპანიები რუსულ ბაზარზე გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდებიან.
მალხაზი: სხვათა შორის, ამ ჩამონათვალში არის კომპანიები, რომელთა სახელიც პირველად გავიგეთ, ანდა ისეთები, რომლებიც რუსული ემბარგოს შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილან ასპარეზზე, ზოგიერთი მათგანი შიდა ქართულ ბაზარზეც არ ყიდის ღვინოს... აქედან დასკვნა, რომ ეს კომპანიები მხოლოდ რუსული ბაზრისთვის შეიქმნა ან მხოლოდ რუსეთისთვის გააქტიურდნენ, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

გასულ კვირას, ღვინის ერთ-ერთმა ქართველმა მწარმოებელმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა სუპერმარკეტმა რუსეთში, (“მეშვიდე კონტინენტი” ასე ქვია) ქართული პროდუქციის გაყიდვების დაშვების სანაცვლოდ, 2 მლნ ამერიკული დოლარი მოითხოვა. თუმცა, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს ორი ქართული ღვინის კომპანია - “მეღვინეობა ხარება” და “სარაჯიშვილი”, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე რუსულ სავაჭრო კომპანიას, რომლებსაც მათთვის არანარი საკომისიო გადასახადი არ მოუთხოვიათ. “მათ განსხვავებული საფასო მოთხოვნები აქვთ, რომელიც გარკვეულ ლიმიტებს გულისხმობს, თუმცა არა დამატებით საკომისიო ხარჯებს” - ამბობს “მეღვინეობა ხარებას” წარმომადგენელი ბექა ხერგიანი.

<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: „ბაგრატიონ 1882“-მა მომხმარებლს ახალი, პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინო წარუდგინა. „როზე ბრუტი“ ასეთია მისი სახელწოდება, რომელიც სრულიად ახალი გემოთი და დამზადების განსხვავებული ტექნოლოგიით გამოირჩევა. ის დამზადებულია ფრანგული შამპანიზაციის, ანუ ბოთლური მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის მეორადი ფერმენტაცია მიმდინარეობს ბოთლში. კომპანიის მარკეტინიგის მენეჯერის ირაკლი წერეთლის თქმით, თავად ღვინის დაწურვისას, მათ ქართული ყურძნის საუკეთესო საშამპანურე ჯიშის, თავკვერის 2010 წლის მოსავალი გამოიყენეს. ქართველ სპეცილისტებთან ერთად "როზე ბრუტის" დამზადების პროცესში მონაწილეობა გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმაც მიიღო. 
"როზე ბრუტის" გამოჩენას ღვინის ბაზარზე საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. სომელიეებისა და სპეცილისტების დიდი მოწონება „ბაგრატიონი 1882-ის“ ახალმა პროდუქტმა დუსელდორფში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე (Prowein 2012) და ლონდონში გამართულ ფესტივალზე დაიმსახურა. 
როგორც "ბაგრატიონი 1882"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის შეფუთვას, რომელიც სოლიდური და არისტოკრატიული იმიჯით გამოირჩევა. პირველ ეტაპზე ქსელში გასაყიდად "როზე ბრუტის" 5 000 ბოთლი გავა, რომელიც 2010 წელს არის ჩამოსხმული. პარალელურად დაძველების პროცესშია ღვინის შემდგომი პარტიები, რომლებიც გაყიდვაში ეტაპობრივად ჩაეშვება. 
"როზე ბრუტი" უკვე წარმოდგენილია სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში, ასევე მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელში. მისი ფასი 25 ლარს შეადგენს, თუმცა 8,9 და 10 მარტს, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ცქრიალა ღვინო 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

<<<<<<<<<<<<<<<<< 

მალხაზი: რა ხდება თანამედროვე მსოფლიო მეღვინეობაში? რომელი ქვეყნები არიან წამყვანი? ადგილწარმოშობის ღვინოები, აბორიგებული ჯიშები, ღვინის მარკეტინგი, გაყიდვები, ღვინის ახალი და ძველი სამყარო, აზიური ბაზარი... - სწორედ ამ საკითხების შესახებ ისაუბრა ენოლოგმა ლევან მუხუზლამ ღვინის კლუბში. მან მეღვინეობის ახალი და ძველი სამყაროს ქვეყნები მიმოიხილა და ისეთ სპეციფიკურ დეტალებზეც ისაუბრა, როგორიცაა მაგალითად ღვინის ეტიკეტზე ინფორმაციის მართებულად განთავსება. საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონებიდან დაწყებული ,სამხრეთ აფრიკის მეღვინეობით დამთვარებული, ღვინის კლუბში შეკრებილებმა იმ ძირითადი საღვინე ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, ასევე ბევრი ისაუბრეს ღვინოს სტილებზე, ბორდოს, ბურგუნდიის, ტოსკანური, რიოხას, და სხვა ღვინოების სტილებზე. მსოფლიოში უკვე ცხადად ჩამოყალიბდა ეს სტილები და ახალ სამყაროშიც ბევრმა ადგილობრივმა ღვინომ გაითქვა სახელი, მაგალითად არგენტინულმა მალბეკმა, ახალზელანდიურმა სოვინიონ ბლანმა, ავსტრალიურმა შირაზმა და ა.შ. ლექციაზე ასეთ კონკრეტულ ტემებზეც ბევრი ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ღვინის კლუბი თემატურ ლექციებს თვეში ორჯერ მასპინძლობს. მომდევნო ლექცია, 19 მარტს გაიმართება, ტრადიციულად სამშაბათ დღეს. ადევნეთ თვალი „ღვინის კლუბის“ და ჩვენი გადაცემის გვერდს ფეისბუქზე და მიიღეთ ინფორმაცია ამ ლექციების შესახებ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა, ამჯერად ისევ „ღვინის კლუბისგან“, რომელიც საქართველოს მასშტაბით უფასო ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. ტრენინგებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი EPI (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) უჭერს მხარს  და მისი თემა ასეთია:  „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“. კურსი გათვლილია როგორც სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, ღვინის მაღაზიების, ღვინის მწარმოებლებისა და ტურისტულ კომპანიებს „წინა ხაზის“ მომსახურე პერსონალზე, ასევე ამ ჩამოთვლილი სფეროების ზედა რგოლის მენეჯერებისთვის. ტრენინგის მონაწილეები, დეგუსტაციებში მონაწილეობის გარდა, შეისწავლიან - ქართული ღვინის მარკეტინგულ და თვისობრივ უპირატესობებს, და ასევე გაეცნობიან ღვინის და კერძის შეხამების პრინციპებსაც. ტრენინგის შემდეგ მსმენელს ეცოდინება, როგორ უნდა აუხსნას სტუმარს ღვინის თავისებურებები, როგორ ისაუბროს გასაგები ტერმინებით, უკეთ როგორ წარმოაჩინოს და დააინტერესოს სტუმარი ქართული ღვინით. მონაწილეებს დაურიგდებათ სახელმძღვანელოები, სერტიფიკატები და წამახალისებელი თემატური ატრიბუტები.
პროგრამა შემუშავებულია ამერიკელი ღვინის ექსპერტის, My Wine School-ის დამაარსებლის, ჯესიკა ბელის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის EPI-ს დაკვეთით. კურსის შედგენასა და სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობას 20–დე ქართველი ღვინის ექსპერტი და ორგანიზაცია იღებდა. 
ტრენინგს წარუძღვებიან WSET-ის (Wine and Spirit Education Trust) სერტიფიკატის მფლობელი ორი ლექტორი ღვინის კლუბიდან და ერთიც მოწვეული ექსპერტი, ასევე Wine and Spirit Education Trust–ის საერთაშორისო პროგრამიდან. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ღვინის კლუბმა უკვე სამი ასეთი ტრენინგი ჩაატარა, რაც თავად დარგის სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა.
ტრენინგები კახეთიდან დაიწყება და 2013 წლის პირველი სერია -  20 და 21 მარტს, წინანდლის ღვინის სკოლაში გაიმართება. მომდევნო სემინარები აპრილსა და მაისში, მცხეთაში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართება. 
სემინარებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ღვინის კლუბს. ამისთვის ეწვიეთ მის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. დღეს ამ თემაზე უფრო დეტალურადაც ვისაუბრებთ, WSET–ის სერტიფიკატის მფლობელი ის ორი ლექტორი, რომელიც ამ ტრენინგებს წარუძღვება, დღეს ჩვენს სტუდიაში არიან, ერთ–ერთი მათგანი მალხაზ ხარბედიაა, გადაცემის წამყვანი, მეორე კი გიორგი ბერიკელაშვილი, ღვინის კლუბიდან, და სულ ცოტა ხანში გიორგისთან ერთად სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ და ზოგადად, ღვინის განათლების თემაზეც.

<ტიხარი და სტუმარი>

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, თქვენ უსმენთ გადაცემას „ღვინის გზამკვლევი“, 98,5 ფმ–ზე. გადაცემას ვუძღვებით მე, სალომე აფხაზიშვილი და  მალხაზ ხარბედია. ახლა რამდენიმე საინტერესო კვლევის შედეგს გაგაცნობთ, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლის მიღების სარგებელზე აკეთებს აქცენტს. კვლევები სულ ახლხანს გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი წითელ ღვინოს ეხება.

კვლევები ცხადყოფს, რომ წითელ ღვინოს ჯანმრთელობისთვის დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამ ინფორმაციას, გერმანიასა და ისრაელში ჩატარებული უახლესი კვლევები ადასტურებენ. მათში აღნიშნულია, რომ დღის განმავლობაში მიღებული 1 ან 2 ჭიქა წითელი ღვინო, სისხლის წნევის შემცირებასა და სხეულის წონის მომატებაზე დადებითად მოქმედებს. კვლევაში მოყვანილი მაგალითის მიხედვით, თუკი ადამიანი ცხიმიან საკვებს წითელ  ღვინოსთან ერთად მიირთმევს, ცხიმის მოჭარებებით გამოწვეული სისხლის წნევა გაცილებით ნაკლებად იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ამავე ექსპერიმენტის კიდევ ერთი მიზანი იყო შეედარებინა, მიიღებდა თუ არა იმავე შედეგებს ადამიანის ორგანიზმი, არა წითელი ღვინის, არამედ სხვა სასმელის, მაგალითად კოკა–კოლის შემთხვევაში. გაირკვა, რომ ცხიმიანი საკვების და კოკა–კოლის ერთდროულად მოხმარების პროცესი სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა და პირიქით, საგრძნობლად ზრდის სისხლის წნევას.

სხეულის წონის კორექციასთან არის კავშირში კიდევ ერთი კვლევის შედეგი, რომელსაც წამყვანი ფრანგული უნივერსიტეტების (ლილის, ტულუზის და სტრასბურგის უნივერსიტეტების) მკვლევარები 20 წლის განმავლობაში ატარებდნენ. საუბარია ჰიპოთეზაზე, რომლის მიხედვითაც, ალკოჰოლური სასმელის ყოველდღიური, მაგრამ ჯანსაღი მიღება მამაკაცებს ზედმეტი კილოგრამების მომატებისგან იცავს. კვლევაში, 50-დან 59 წლამდე ასაკის 8000-მდე მამაკაცი მონაწილეობდა, რომლის შედეგედაც ასეთი დასკვნები გაკეთდა: მამაკაცების 75%, რომელიც დღის განმავლობაში პასუხისმგებლობით ეკიდება ალკოჰოლის მიღებას, უფრო მეტად ჯანსაღად გრძნობენ თავს, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც ალკოჰოლის ზედემტ დოზას იღებენ. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, სასმელის ჯანსაღ მომხმარებლებს, იშვიათი მსმელების კატეგორია მოყვება, რომლებსაც მეტად გამოხატული სიმსუქნის ნიშნები აქვთ.მათ შემდეგ კი რეგულარური მსმელები არიან, რომლებიც სხეულის კიდევ უფრო მეტი კილოგრამებით გამოირჩევიან. ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანებისთვის, სმის სიხშირის პერიოდად, კვირაში 3 - 5 დღე განისაზღვრა.

მესამე კვლევა კი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი კლინიკური ცენტრის ექიმებმა და პროფესორებმა ჩაატარეს, ალკოჰოლის მიღებასა და ჰიპერტენზიას შორის არსებულ მნიშვნელოვან და შეიძლება ითქვას, სახიფათო კავშირებზე აკეთებს აქცენტს. მკვლევარები განსაკუთრებულ ყურადღებას მოზარდებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ამ ასაკში ალკოჰოლის ხშირი მიღება მნიშვნელოვაწილად ხდება გულის შეტევების განმაპირობებელი. მათი თქმით, ამგვარი შედეგები, ალკოჰოლის მსუბუქი მიღების შემთხვევაში არ ფიქსირდება. პირიქით, დღის განმავლობაში ერთი ან ორი ჭიქა სასმელი არა თუ არ ხდება ჰიპერტენზიის განვითარების მიზეზი, არამედ მისი სამომავლო განვითრების რისკებსაც ამცირებს. კვლევის ავტორები მოზარდებსაც და ასაკოვან ადამიანებსაც ურჩევენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განსაზღვრონ ალკოჰოლის მიღების ყოველდღიურად დასაშვები დოზები და ხშირად აკონტროლონ სისხლის წნევა.

მალხაზი: ღვინო და ჯანმრთელობაზე მემგონი საკმაოდ ვისაუბრეთ, ახლა ჩვენი სიუჟეტის ჯერია, რომელიც ტრადიციულად, სალომემ მოამზადა. ჩვენ გიორგისთან ერთად უკვე ვისაუბრეთ ღვინის განათლებაზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელსაც ღვინის კლუბი ახორციელებს. საუბარში WSET–ც არაერთხელ ვახსენეთ და მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ ამ ორგანიზაციის მუშაობას, მის საფეხურებს და ბოლო, დამაგვირგვინებელ დონეს, რომელსაც ღვინის დიდოსტატობა ჰქვია. მოვუსმინოთ სალომეს:

 <ტიხარი და სალომეს სიუჟეტი>

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: ვიდრე გადაცემა დასრულდება, ჩვენს მსმენელს ტრადიციულად შევახსენებთ ყოველკვირეული გამოცემის, „მარანის“  ახალი ნომრის ანონსს, რომელიც მკითხველს, გასულ კვირას, ღვინის ბარ „აზარფეშაში“ გამართული ღვინისა და ყველის დეგუსტაციის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს. აქვეა სტატია სახელწოდებით - „ბებერი ვაზის საიდუმლო“, რომელიც ასაკოვანი ვაზის თავისებურებებს ეძღვნება, რატომაა ასაკოვანი ვაზიდან მიღებული პროდუქტი უფრო ხარისხიანი და ა.შ.  გიორგი ბარისაშვილი კვლავ ქვევრის თემას უტრიალებს და ამჯერად ქვევრზე ამოტვიფრული სხვადსხვა მნიშვნელობისა და დანიშნულების მქონე დამღების შესახებ გვიყვება. კულინარული რუბრიკის თემა ამ ნომერში ჩინური სამზარეულო გახლავთ. რუსუდან სავანელი გაგაცნობთ, როგორ მზადდება იხვი პეკინურად. ვრცელი მიმოხილვის შემდეგ ამ კერძის რეცეპტსაც ნახავთ გაზეთ მარანში, ბოლოს კი, ტრადიციულად, ბევრ სხვა საინტერესო რეცეპტსაც გაეცნობით.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

მალხაზი: რადგან 8 მარტია, ერთ ძალიან ძვირფას, სასაჩუქრე შამპანურზეც გეტყვით. კომპანია De Watere-მა ჩამოასხა შამპანური, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს მსოფლიოში. ამ პარტიის შამპანურის ერთი ბოთლი 45 290 დოლარი ღირს. შამპანური ლამაზ ბოთლშია ჩამოსხმული და ბრილიანტებით მოოჭვილი, 24-კარატიანი ოქროს მონეტა ამშვენებს. მონეტა სახელგანთქმული გერმანული საიუველირო სახლის მიერაა დამზადებული. შამპანურის ბოთლი მოთავსებულია ხელით დამუშავებულ და ოქროთი მოვარაყებულ ხის ყუთში. შამპანურის თეთრი სახეობის დასამზადებლად 80% პინო ნუარი და 20% შარდონე გამოიყენეს, ვარდისფერი კი მხოლოდ პინო ნუარისგან დააყენეს. აღნიშნული პარტია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 22 500 ბოთლი ჩამოასხეს. მათგან 20 ათასი ბოთლი ბაზარზე გასაყიდად გავა, დანარჩენი კი კომპანიის საკუთრებაში დარჩება.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.