Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Porto Niepoort - პორტვეინთა ხარისხის ეტალონი

  

იმის მიუხედავად, რომ პორტოს მეღვინეობის რეგიონში ყველაზე პატარა კომპანიაა, ნიპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პორტვეინს აწარმოებს. "ვინტაჟური პორტვეინების" ავტორის, ჯეიმს საკლინგის (James Suckling) აზრით, ამ სფეროში ნიპორტს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც შამპანურებში - კრუგს (Krug). ნიპორტის სახლი 60 ჰექტარ უმაღლესი, "" კლასის ტერიტორიას ფლობს პინაოს (Pinhao) ველზე, რომლის მიწებიც სამართლიანად ითვლება რეგიონში საუკეთესოდ. მის ვენახებში არ იყენებენ ქიმიურ სასუქს და პესტიციდებს. აქ მეტწილად ძველი (40-70 წლის) ვაზი ჭარბობს, რომელიც მცირე მოსავალს იძლევა - ჰექტარზე სულ რაღაც 5-6 ჰექტოლიტრ ღვინოს.

ნიპორტი ერთ-ერთია პორტოს იმ მცირე რეგიონთაგან, რომლებიც მკაცრად იცავს პორტვეინის ვინიფიკაციის ტრადიციულ მეთოდებს. აქ ძველებურად ქირაობენ მუშებს, რომელნიც ფეხით ჭყლეტენ ყურძენს გრანიტის კასრებში - "ლაგარესებში." ეს შესაძლებელს ხდის მიიღონ ტანინებითა და პიგმენტებით უფრო სავსე ღვინო, ვიდრე მექანიკური წნეხის შემთხვევაში.

ნიპორტის პორტვეინებს აძველებენ როგორც უზარმაზარ მუხის კასრებში, "ტონეისებში" (toneis), რომელთა მოცულობა 20-25 ათასი ლიტრია, ასევე ძვირადღირებულ მომცრო "პიპასებში" (pipes), სადაც 500-600 ლიტრი ჩადის. შედეგად, იღებენ ჰარმონიულ და ელეგანტურ პორტვეინებს, რომელნიც  ბოთლებში რამდენიმე ათწლეულის დაძველებისას გემოვნებით თვისებებს აუმჯობესებს. სრულყოფილებისაკენ სწრაფვის გზაზე ნიპორტი იმდენ თანხას ხარჯავს, რამდენის უფლებასაც საკუთარ თავს ბევრი მსხვილი სახლი ვერ მისცემდა. ამიტომ სრულიად კანონზომიერია, რომ პორტუგალიურ ღვინოთა კონკურსზე ნიპორტს "2001 წლის საუკეთესო მწარმოებლის" საპატიო წოდება მიანიჭეს.

ვკითხულობთ ეტიკეტს...

Porto პორტვეინი - მსოფლიოში სახელგანთქმული მაგარი ღვინის წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი სახელწოდება. მისი წარმოების სათავეებთან ბრიტანელი ღვინის ვაჭრები დგანან. აი, რატომაა პორტვეინის წარმოებასთან დაკავშირებული ბევრი ტერმინი ინგლისური წარმომავლობის. ეტიკეტის წარწერებიც ხშირად ინგლისურენოვანია.

Nieport since 1842   - კონკრეტული პორტვეინის მწარმოებელი სახლის სახელწოდება და დაფუძნების თარიღი. 1842 წელს ნიდერლანდებიდან გამოსულ ადამიანთა მიერ დაარსებული კომპანია ნიპორტი მცირე საოჯახო საწარმოა. ამჟამად მას ოჯახის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, სახელგანთქმული დირკ ნიპორტი ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოში ამ სფეროს წარმომადგენელთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

Colheita 1962 (Aged in wood and botlled 1997)  - პორტვეინის ტიპი და მისი ასაკი. ფერის, დაძველების ფორმისა და ხანგრძლივობის მიხედვით პორტვეინთა შემდეგ სახეობებს გამოყოფენ:

ლალისფერი (Ruby)  - სპეციფიური შეფერილობის ახალგაზრდა პორტვეინი, დაძველებული მუხის კასრში 2-3 წლის განმავლობაში.

თეთრი (White)  - თეთრი ფერის ყურძნიდან დაყენებული ახალგაზრდა პორტვეინი.

ტონი (Towny) - მოყვითალო-ყავისფერი პორტვეინი, რომელიც ამ ფერს კასრში ხანგრძლივი დაძველების შედეგად იღებს. ტონის განსაკუთრებული სახეობაა კონკრეტული წლის მოსავლის პოტვეინები, რომელთა კოლეიტას (Colheita) ეძახიან (ეს სიტყვა პორტუგალიურად "მოსავალს" ნიშნავს). ამ კონკრეტულ შემთხვევაში 1962 წლის მოსავლის პორტვეინ-კოლეიტამ, რომელიც 1997 წელს ჩამოასხეს, კასრში 35 წელი დაჰყო, 6 წელიწადს კი ბოთლებში განგრძობდა განვითარებას.

ვინტაჟური პორტვეინი (Vintage Port)  - პორტუგალიელ მეღვინეთა ხელოვნების მწვერვალი, პორტვეინი, რომელიც ერთი, განსაკუთრებით წარმატებული წლის მოსავლიდანაა დამზადებული. მსგავს სტატუსს ანიჭებენ მხოლოდ იმ ღვინოებს, რომელთაც სპეციალური კომისიის ტესტირება გაიარეს. ათი წლის განმავლობაში ასეთი მხოლოდ სამი-ოთხი ღვინოა. მუხის კასრებში ორწლიანი დაძველების შემდეგ მათ ფილტრაციის გარეშე ასხამენ ბოთლებში, სადაც 15-25 წლის განმავლობაში აუმჯობესებს თავის თვისებებს. ერთი წლის მოსავლის პორტვეინს, რომელმაც ბოთლებში ჩამოსხმამდე კასრში 4-6 წელი დაჰყო, გვიანი ჩამოსხმის ვინტაჟურ პორტვეინს უწოდებენ (Late Botlled Vintage LBV). ზოგიერთი პორტვეინი ფილტრაციას არ ექვემდებარება, ამიტომ განვითარების პროცესში ბოთლის ძირზე ნალექს იკეთებს. ასეთი პორტვეინების გამოყენებამდე სასურველია მათი დეკანტირება.

Produced, Botlled and Shipped by Neeport (Vhinos) S.A. Oporto Portugal  - წარმოებული, ჩამოსხმული და მიწოდებულია კომპანია ნიპორტის მიერ. მეღვინეობის რეგიონი პორტო, პორტუგალია.

20,5% vol prouce of Portugal 750 ml  - სიმაგრე - 20,5 % ობ; წარმოებულია პორტუგალიაში. მოცულობა - 0,75 .

პორტვეინის მინიმალური სიმაგრე 19% -, მაქსიმალური -  22%.

 

© „მარანი“

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული