Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი - სიკეთის და სიყვარულის დღე

რეზო ქვაჭრელიშვილი

შპს ნაოტარი

სტრატეგია და მარკეტინგი

მე რადგან უკვე დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ და ფიზიკურად მხოლოდ 2015 წლის ფესტივალს დავესწარი ცოტა გამიჭირდება ფესტივალის ისტორიულ ასპექტში დახასიათება. მიუხედავად ამისა, ფესტივალის დაარსებიდან მისი ვირტუალური მხარდამჭერი და ქომაგი ვარ. 2009 წლიდან, რა დროიდანაც გავხდი ღვინის კლუბის წევრი (ასევე ვირტუალურად), ამ კლუბის ყველა ინიციატივა და წარმატება მიხარია. ვმეგობრობ კლუბის წევრებთან და ვცვლით იდეებსა და შეხედულებებს, რომელთა უმეტესობა ფიზიკურად მხოლოდ შარშან გავიცანი ფესტივალის წინა დღეს, "სხვა ჯიშების" შთამბეჭდავ დეგუსტაციაზე.

ჩვენი ოჯახის ღვინო ფესტივალზე უკვე რამდენიმე წელიწადია მონაწილეობს, ჯერ როგორც საოჯახო მარანი, ხოლო 2015 წლიდან კი უკვე როგორც კომპანია.

ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ ჩვენთვის ამ რამდენიმე წელიწადში:

პირველ რიგში ის რომ მამაჩემის დაყენებულმა ღვინომ ღვინის სპეციალისტებისა და მოყვარულთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა; თუ არ ვცდები, 2012 წელს ფესტივალის სუმბოლური ქვევრი მამაჩემის ღვინით, ქისით გაიხსნა. მისი პროფესიის და კორპორაცია "ქინძმარაულში" ღვინის წარმოებაში მრავალწლოვანი გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა მაგრამ ქვევრის ნატურალური ღვინის წარმოება ინდუსტრიულ დონეზე სულ რამდენიმე წლის წინ ყველასთვის კარგად მივიწყებული ახალი ფენომენად ითვლებოდა.

ამ პირველ ნაბიჯებს მოყვა ნაოტარის ოფიციალურად დაარსება და შპს-დ დარეგისტრირება. სულ მალე ნაოტარის 2013 წლის მოსავალი ბოთლში ჩამოვასხით და ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად თბილისის ღვინის მაღაზიებში და ბარებში შევიტანეთ. რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაოტარის გულშემატკივრებისგან. ამასთან, გაიზარდა ჩვენი ცნობადობა და ახალი მხარდამჭერების სოციალურ ქსელებშიც (followers, likes, shares in Facebook, Twitter, Instagram).

ასევე, ნაოტარის საქართველოდან ექსპორტით სურვილი გამოთქვა არა ერთმა მყიდველმა, რის შედეგადაც ნაოტარი უკვე იყიდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, შვეიცარიაში, სლოვენიაში, და გერმანიაში. ასევე, სულ ახლახანს განვახორციელეთ ნაოტარის იმპორტი იაპონიაში და სულ მალე ვაპირებთ მის გატანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ასევე ჰონკონგელ იმპორტიორთან.

პირველმა არხმა გადაიღო ერთ საათიანი დოკუმენტური ფილმი "ვაზში დაკარგულები." ამ ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა მამაჩემი 2012 წლის ფესტივალზე გაიცნო და მომდევნო წელი მთელი წლის განმავლობაში სეზონურად ახდენდნენ გადაღებებს ჩვენს ვენახში და მარანში.

ზოგადად, ამ ფესტივალმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული ქვევრის და/ან ნატურალური ღვინის განვითარებისა და წახალისებისთვის.

სწორედ ეს ფესტივალი გახდა ჩვენთვისაც ის პლატფორმა თუ მექანიზმი, რის დახმარებითაც ნაოტარი როგორც კომპანია ჩამოყალიბდა და ფრთებს ისხამს.

ღვინის კლუბი, ახალი ღვინის ფესტივალი მათი ლიდერები და მოხალისეები, ყველა ერთად აკეთებენ, და იმედია გააგრძელებენ, ფასდაუდებელ საქმეს რომელიც უდიდეს სტიმულს აძლევს ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც ღვინის ბევრი მოყვარულისთვის, ღვინის ფესტივალი ჩამოყალიბდა როგორც ნატურალური ღვინის ზეიმი და მის მწარმოებლებთან ყოველწლიური შეხვედრა-რიტუალი რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელი.

დიდი მადლობა!

ეკა ჯორჯაძე

გერმანისტი

ეს არის დღე, რომელსაც ველი მთელი წელი. არა მარტო მე, ჩემი შვილებიც. ვიცი, რომ ამ დღეს დათქმულ ადგილას, იქნება ეს ეთნოგრაფიული მუზეუმი, დედაენის ბაღი, მთაწმინდის პარკი, თუ სხვა, აუცილებლად შევხვდები ჩემთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს. ყველა ბედნიერია ამ დღეს. გაღიმებული და ხალისიანი სახეებია გარშემო. რაც მთავარია, ყოველთვის კარგი ამინდია! ეს ის დღეა, ტურისტებს რომ აღაფრთოვანებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს... ყველა ჩვენთაგანს რომ დადებითად განაწყობს და წამით დაგვავიწყებს ყველა პრობლემას... ღვინის ფესტივალი არის სიკეთის და სიყვარულის დღე.

ადრიანად გავრბივარ ხოლმე, რომ ჩემ საყვარელ „უსახელაურს“ მივუსწრო, „ქისი“ არ გამოილიოს, „ხოხბის ცრემლები“ არ დალიონ უჩემოდ ჩემმა მეგობრებმა...

უკვე მეშვიდედ ტარდება ღვინის ფესტივალი და სიამაყით ვიტყვი, რომ არც ერთი არ გამომიტოვებია. ვაკვირდები, რომ თანდათან ძალიან დაიხვეწა, გალამაზდა, გაიზარდა და „გამდიდრდა“ ფესტივალი. წლიდან-წლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს ხალხი. რამდენი არაჩვეულებრივი მეღვინე გვყოლია თურმე!...  მათი შემხედვარე ერთი ოცნება გამიჩნდა: მეც მინდა ერთ მშვენიერ დღეს მათ გვერდით დავდგე და ფესტივალის სტუმრებს ჩემი ვენახების ღვინო შევთავაზო!

დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი, IREX საქართველო, მედია პროგრამის დირექტორი

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ანტიპათეტიკური პასუხისმგებლობის სრული გააზრებით ვიტყვი, რომ ახალი ღვინის ფესტივალმა,  რეგულარულობითა და მასშტაბურობით, ქართულ ღვინოს სრულად განსხვავებული, ამავე დროს კი მისი კუთვნილი და დამსახურებული მნიშვნელობა შესძინა.  მოსაზრებას კი ძალიან მარტივად დავასაბუთებ:

ყოველმა ქართველმა (და ზოგი სხვა ერის კაცმაც) ფესტივალის დაარსებამდეც იცოდა, რომ: საქართველო მსოფლიოში (და, შესაძლოა, სამყაროშიც)  ყველაზე ძველი თუ არა, მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა; ქართულ ღვინოს საოცარი გემოთა ბუკეტი, ძალა და მადლი მოჰყვება.  დედამიწაზე ვაზის სულ 4 ათასამდე ჯიში არსებობს,  აქედან ხუთასზე მეტი - ქართულია.  და ეს მაშინ, როცა დალოცვილი დედამიწის ფართობი  დაახლოებით ხუთასი მილიონი კვადრატული კილომეტრია, სადაც საქართველოს სულ  70 ათასამდე კვადრატული კილომეტრი უკავია...   

- და მერე რა?! ასე, ქართული მრავალხმიანი სიმღერაც ფანტასტიკურია ისევე, როგორც ზღაპრულია ქართული ცეკვა.  ახლა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ქართული ცეკვა, ანდაც სიმღერა, ის რომ მხოლოდ ვიწრო წრეში - კარგამოხურულ ოჯახებში იცეკვებოდეს და იმღერებოდეს,  ის რომ თავისი მრავალფეროვნებით, საერთო-სახალხო ზეიმისა თუ მწუხარების თანმხლები და ნაწილი არ იყოს... ერთი, რომ არც ზოგადეროვნული და არც მსოფლიო ღირებულება არ ექნებოდა.  მეორე, რომ დღევანდელივით მრავალფეროვანი და მდიდარი ვერ იქნებოდა, რადგან  კარგამოხურულში აბა როგორ განვითარდებოდა და განევრცობოდა? 

 ფესტივალის დაარსებამდე ქართული ღვინოც ხომ ასე იყო - ყველა თავის ღვინოს წურავდა თავ-თავის მარანში და მისით მოჰქონდა თავი, მერე კი ამ ღვინოს (ცალკეულ ღვინოს, ერთი ჯიშისას) თავიანთ ოჯახებში სვამდნენ, ეგ იყო და ეგ. ქართული ღვინოს ფესტივალმა კი ქართულ ღვინოს საერთო-სახალხო ზეიმის ელფერი და ფუნქცია შესძინა. აქ ათობით (მალე კი ასებით!) ჯიშის ღვინო ათასობით მომსვლელს ეპრანჭება და აწონებს თავს. ამ შეჯიბრში კი ახალ-ახალი მიგნებები და ძველის გახსენებები ხდება და ასე ემატება ქართულ ღვინოს ძალაც, მადლიც და მრავალფეროვნებაც...

ქეთი გერსამია

ღვინის კომპანია ლუკასი, დირექტორი

ახალი ღვინის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართული ღვინის მწარმოებლისთვის. კომპანია ლუკასისთვის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

როდესაც კომპანია ლუკასმა გამოუშვა სულ სულ პირველი  ღვინო (2012 წელს) სწორედ დაემთხვა ახლი ღვინის ფესტივალის პერიოდს და ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ პირველად წარგვედგინა ჩვენი პროდუქცია საზოგადოებისთვის.

იქვე ფესტივალზე ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ლუკასის ღვინომ. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა რომ ლუკასის ხარისხი და გემო ნადვილად იყო გამორჩეული. ამ ფესტივალზე წარმატებულმა გამოსვლამ მოგვცა სტიუმლი რომ უკვე საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე გაგვეგზავნა ჩვენი პროდუქცია, სადაც დადასტურდა ფესტივალზე მყოფი ხალხის შეფასება.

ფესტივალი კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვინოს და ღვინის წარმოებას ქართველი ხალხის ისტორიაში. ის ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას არა მარტო ქართველებში არამედ უცხოელებშიც, რადგან მოგეხსენებათ რომ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოება არა მარტო ღვინის მოყვარულებისგან შედგება, არამედ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული უცხოელი ღვინის მცოდნეებისგან.

მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ფესტივალი უკვე ნამდვილად ძალიან დახვეწილი იყო, ორგანიზირებული უმაღლეს დონეზე. წინა დღით ჩატარებული დეგუსტაცია კი უნიკალური იყო და შეძლო დამსწრე საზოგადოების გაკვირვება თუნდაც იმ პრეზენტაციით თუ რა საოცარი ყურძნის ჯიშები არსებობს საქართველოში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გარეთაც იცოდნენ რომ საქართველო არის უნიკალური ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და რომ ჩვენი ღვინო არ ჩამორჩება არცერთ სხვა ცნობილ ღვინის მწარმოებელ ქვეყანას.

წელსაც უკვე ვემზადებით ფესტივალზე გამოსასვლელად.

დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ძალიან ბევრ ადამიანს შევხდებით, დავაგემოვნებთ ბევრ საინტერესო ღვინოს, გავატარებთ კარგ დროს და რასაკვირველია მოუტანთ ლუკასის ღვინოს დიდ მოწონებას და წარმატებას.

ვახუშტი მენაბდე

იალიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პორფესორი

ახალი ღვინის ფესტივალი ახალი დროის საქართველოში ხელახლა ამკვიდრებს ღვინის კულტურას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია რაც ამ ღონისძიებამ ამ წლების განმავლობაში გააკეთა.

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ჩემზე საოჯახო მარნის მიერ დამზადებულმა კარდენახულმა საფერავმა მოახდინა. სრულიად უნიკალური გამოცდილება იყო, სხვა ბუკეტი ჰქონდა, სხვა არომატი და ბოლოს სულ სხვა გემოს ტოვებდა. ის 2012 წლის ფესტივალზე გავსინჯე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



ძალიან, ძალიან მაგარი დღე 14 მაისი წელსაც. დიდი მადლობა მონაწილეებს და ადამიანებს, რომლებიც ამ დღეს აწყობენ!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული