Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო და „ახალი ღვინის ფესტივალი“ ევროპელი ბლოგერების თვალით

ქეთო ნინიძე

ახალი ღვინის ფესტივალს უცხოურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არაერთი პოპულარული ვაინბლოგერი, ღვინის მწერალი და ჟურნალისტი სტუმრობდა 8-10 მაისს საქართველოს, რომლებიც „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებოდ ფესტივალისთვის მოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობარი ორგანიზაციების - ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე უცხოელი სტუმრების ჩამოყვანა საქართველოში ვერ მოხერხდებოდა.

თუკი ტურიზმის ოქროს წესის თანახმად, ერთი კმაყოფილი სტუმარი ათ პოტენციურ ვიზიტორს უდრის, ამ ლოგიკით ერთი კმაყოფილი ჟურნალისტი / მწერალი / ბლოგერი ათასობით დაინტერესებულ მკითხველს უნდა გულისხმობდეს. 

მერწმუნეთ, ასეა! ამიტომ დღეს იმ ბლოგპოსტების მიმოხილვას შემოგთავაზებთ, რომელთა საშუალებით უცხოელმა მკითხველმა / მსმენელმა საქართველოსა და ახალი ღვინის ფესტივალის შესახებ (კიდევ ერთხელ) შეიტყო. 

მერიელა ბეუკერსი, Wijn Kronieken (ღვინის ქრონიკები), ახალი ღვინის ფესტივალი 2015, თბილისი: სპეციალური ღვინოები სპეციალურ ღონისძიებაზე 

მერიელა ღვინის მწერალი და ბლოგერია ჰოლანდიიდან. ის დიდად არის დაინტერესებული მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიით, რის შესახებაც ის საკუთარ ბლოგზე ღვინის ქრონიკებს აქვეყნებს. ამასთანავე, მერიელა ღვინის პოპულარული გზამკვლევის, Rainbow Wine Guide-ის, ავტორია, სადაც მან მსოფლიოს 250-ზე მეტი ღვინო აღნუსხა.

ღვინის მწერალი საქართველოში პირველად იყო და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს ახალი ღვინის ფესტივალს. საკუთარ ბლოგპოსტში მერიელამ აღწერა ფესტივალის პირველი და მეორე დღე. „სხვა ჯიშების“ დეგუსტაციაზე თეთრი ღვინოებიდან მისი მოწონება დაიმსახურა გიორგი ბარისაშვილის 2013 წლის ჭყაპამ, წითლებიდან კი - ლექსო ციხელიშვილის 2013 წლის ჟღიამ. 

9 მაისს, ფესტივალის მეორე დღეს მის ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს დედაენის ბაღში შექმნილი პოზიტიური, მშვიდობიანი ატმოსფერო და ის ფაქტი, რომ ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ეძლეოდათ, დილიდან საღამომდე უფასოდ დაეგემოვნებინათ ღვინო, რისი საშუალებაც დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ფესტივალებზე არც ისე ხშირად იქმნება.  მწერლის ყურადღება თანაბრად ნაწილდება დიდ კომპანიებსა და მცირე მარნებზე, თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ქართული ღვინოების სტილისტიკაში გასარკვევად ფესტივალის რამდენიმე დღე საკმარისი არ არის. ამიტომ მერიელა ბეუკერსი ახალი ღვინის ფესტივალსა და საქართველოს კიდევ ესტუმრება. 

სარა მეი გრუნვალდი, Tasting Rome, იშვიათი ქართული ჯიშები ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ზე თბილისში

სარა რომში ცხოვრობს, ის სომელიე და ბლოგერია, ლექციებს იტალიური მეღვინეობის შესახებ კითხულობს Istituto Lorenzo de’ Medici-ში. სარა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, ხშირად წერს ადგილობრივ მეღვინეობებზე. მოკლედ, აქაურობას კარგად იცნობს. ამიტომ უცხოელ სტუმრებს ის საკმაოდ კვალიფიციურ მეგზურობას უწევდა ახალი ღვინის ფესტივალზეც და მის შემდეგაც. 
მისი სტატია შეეხება ახალი ღვინის ფესტივალის პირველ დღეს, „სხვა ჯიშების“ დიდ დეგუსტაციას რესტორან „ფუნიკულორში“. სარა ჩვეული ლაკონიზმით, წერის მოქნილი მანერით ახასიათებს დეგუსტაციაზე დაგემოვნებულ ღვინოებს, რომელთაგან ის გამოარჩევს ზურაბ თოფურიძის (იბერიელი) 2011 წლის ჩხავერსა და ლექსო ციხელიშვილის 2013 წლის ჟღიას. 

სალი პროსერი, My Custard Pie, თბილისის გოგირდის აბანოების სტუმრობა

სალი პროსერი ცნობილი ფუდბლოგერია, რომელიც ღვინოზეც ხშირად წერს. ის საქართველოს პირველად 2014-ში ეწვია და საკუთარი შთაბეჭდილებები თავის პოპულარულ ბლოგზე, My Custard Pie აღწერა. სხვათა შორის, სალის ბლოგი სოციალური მედიის ტოპ-ჩარტების თხუთმეტეულში პოპულარულ ბლოგებს შორის მყარ პოზიციას არ თმობს.  

ამჯერად მისი შთაგონების წყარო თბილისის ისტორიული გოგირდის აბანოები გახდა. სალი მკითხველს მოუთხრობს ადგილობრივ ლეგენდებს, ორთაჭალის ისტორიული ადგილების აღწერისას დიუმასა და პუშკინის მოხსენიებაც არ ავიწყდება. იუმორითა და პიკანტური მომენტებით აღსავსე ეს პოსტი ბევრ მკითხველს ჩაითრევს და საინტერესოდ მოუთხრობს ცნობილი ბლოგერის თბილისში მოგზაურობის ამბებს. 

კატრინ ტენი, მარტა აბოტი, Radio Muse, საქართველო I: ღვინის კულტურა, საქართველო II: პოლიფონიური სიმღერა 

კატრინი და მარტა შემოქმედებითი ადამიანები არიან, რადიომაუწყებლობა, რომელსაც ისინი ქალაქ რომში ქმნიან მრავალმხრივია - მოგზაურობა, ღვინო, სამზარეულო, არტი და სხვ. ისინი არ შემოიფარგლებიან ერთი რომელიმე სფეროთი. მათი მედიის მომხმარებლები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, ამდენად ის პოსტები, რომლებშიც მათ საკმაოდ ამომწურავად აღწერეს საქართველოში მოგზაურობა, ბევრ იტალიელ ახალგაზრდას შეუქმნის საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას ქართული ტრადიციული კულტურისა და ახლანდელი ყოფის შესახებ.


დაბოლოს, ახალი ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი სტუმრის, იაროსლავა ლაიპინას (Spitfire Media) სახალისო და პოზიტიური განწყობებით დატვირთული ვიდეო, რომელიც ჩვენთვისაც, ღვინის კლუბის წარმომადგენლებისთვისაც სურპრიზი გამოდგა. ეს ვიდეო კარგად წარმოაჩენს ავტორის დამოკიდებულებას ღონისძიების მიმართ და, ზუსტად გადმოსცემს ფესტივალის მთავარ აქცენტს - All for Wine and Wine for All. (ყველა ღვინოსათვის და ღვინო ყველასათვის). 

პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ჩემი უცხოელი კოლეგები და მოუთმებლად ველი მათთან შეხვედრას მომავალი წლის მაისში იმ გამოცდილებების გასაზიარებლად, რომელთა შესახებ საუბრები ამჯერად ვერ მოვასწარით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული