Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალგაზრდა მევენახე გარემოს დამცველები მარტვილის სოფელ ლეციცხვაიედან

ლევან სეფისკვერაძე

მას შემდეგ, რაც  სამეგრელოსა და გურიაში პროექტი „ღვინის სოფელი“ დაიწყო, პროექტის სამუშაო ჯგუფს საშუალება ჰქონდა გაეცნო ადამიანები, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობით არცთუ დიდი ხნის წინ დაინტერესდნენ და ახლა ეს მათთვის მთავარი საქმე ხდება. პროექტს „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ლექცია-სემინარები სამიზნე ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

პროექტის  მიმდინარეობისას გავიცანით მეღვინეობით დაინტერესებული ყოფილი თუ მოქმედი ექიმები, იურისტები, მძღოლები, პედაგოგები, მცირე მეწარმეები და სხვა... მარტვილში, სასტუმრო „მარტვილი პალასში“ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე კი საშუალება გვქონდა გაგვეცნო მარტვილის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბ „ეკო-ჰარმონიის“ წევრი მოსწავლეები, რომლების „ღვინის სოფლის“ ექსპერტების სემინარს დაესწრნენ, გონივრული კითხვებიც დასვეს და მეღვინეობით მათი ასეთი დაინტერესების მიზეზებიც გაგვიმხილეს.

საბა ფაცია სოფელ ლეციცხვაიეს გელა ჭედიას სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. დაინტერესებული მეღვინეობა-მევენახეობის საკითხებით და მისი პრიორიტეტი ისაა, რომ მიიღოს მეტი ინფორმაცია ამ დარგის შესახებ.

ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას აგრარულ საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებში. ამ დაინტერესებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიამ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვესტუმრეთ მევენახეებს და მივიღეთ მეტი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. ვახორციელებთ აქტივობებს, რომლებიც მოიცავს: დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავებას ნარჩენებისაგან, მცირე ასაკის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის გაზიარებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე სკოლის ტერიტორიაზე გვაქვს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები: კოლხური ბზა, ძელქვა და კოლხური მუხა. ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ ყველაფრით.

ჩვენი სკოლის ეკოკლუბელები ასევე ერთვებიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში. ამ დროისთვის მე და ჩემი სკოლის რამდენიმე ეკოკლუბელი ჩართულნი ვართ აგრო-სკოლის პროექტში, სადაც თეორიული და პრაქტიკული კურსით ვიღრმავებთ ცოდნას სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით“ - ამბობს საბა ფაცია.


საბას კლასელია მარიამ კვანტალიანი, რომელიც ამბობს, რომ დიდი ხანია დაინტერესებულია აგრარული საკითხებით. მევენახეობა და მეღვინეობა მარიამისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

მარიამ კვანტალიანი: „მონაწილეობას სხვადასხვა  პროექტებში ვიღებთ.  გვაქვს ეკოკლუბი, სადაც ვახორციელებთ მრავალფეროვან გარემოსდაცვით და აგრარულ აქტივობებს. ასევე ვესტუმრეთ ფერმერს, მივიღეთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. ჩვენი მიზანია გავუზიაროთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს თანატოლებს და კიდევ ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ აგრარული და გარემოსდაცვითი საკითხებით. ამჟამად ვარ აგრო-სკოლის მოსწავლე, სადაც ვცდილობ ავიმაღლო ცნობიერება ამ მიმართულებით და მეტი გავიგო აგრარული საკითხების შესახებ“.

საბას და მარიამის მეგობარი დათო ბერია მეღვინეობით მაშინ დაინტერესდა, როდესაც გაიგო, რომ მისი წინაპარი - დიდი ბაბუა გიორგი ბერია სოფელ ხუნწში და შემდეგ მარტვილში ვაზის კულტურის გამავრცელებელი ყოფილა და პირველი ღვინო ცოლიკაურის ჯიშის ყურძნიდან სწორედ მის ფუძეზე დაწურულა.

გიორგი ბერია:ჩემს სოფელში ყველა ოჯახში იყო ვაზი. ახლა ვაზს მხოლოდ აქა-იქ თუ ვნახავთ. სამწუხაროდ, მოსახლეობამ არჩია ეყიდა ყურძენი და ის გამოეყენებინა, რადგანაც ვაზის მოვლა დიდ ხარჯებთან, მძიმე შრომასთან და ცოდნა-გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მარტვილში არის სოფლები, სადაც განსაკუთრებული ჯიშის ვაზი - ოჯალეშია გაშენებული. ჩვენ, ეკოკლუბელებმა, როდესაც სოფლის მეურნეობის საკითხებზე ვსაუბრობდით, ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ მევენახეობაზე და რადგანაც დავადგინეთ, რომ ვაზის კულტურის მიმართ ინტერესი ჩემს სოფელში განელდა, გადავწყვიტეთ გაგვეწია პოპულიზაცია ვაზის ჯიშების გავრცელებისათვის.
ახლა ვფიქრობთ, ისე ვიმუშავოთ კეცხოველის კონკურსში, რომ რაიმე დაფინანსება მოვიპოვოთ ან მოვიძიოთ სპონსორი და სკოლის ტერიტორიაზე ჩავყაროთ ვაზის ნერგები. ტერიტორიის დასუფთავება დაწყებული გვაქვს
“.

ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბის კიდევ ერთი აქტიური წევრი ზურიკო გრიგალავა ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტებში, რომელთაგან აღსანიშნავია აგრარული ოლიმპიადა. მისი თქმით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით სამეგრელოში ბოლო დროს დიდი პროგრესი შეინიშნება. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ამ საქმით და დაიწყეს მეგრული ვაზის ჯიშების აღდგენა-გამრავლება და ტრადიციული მეთოდებით ღვინის დამზადება.

ჩვენი ეკოკლუბის მეღვინეობით დაინტერესება უმეტესად ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიამ განაპირობა, რომლის ფარგლებშიც ვსტუმრობდით მევენახეებს და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორი. ასევე ვარ ნამყოფი „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“, რის შედეგადაც ღვინისა და ყურძნის კულტურაზე ბევრი რამ გავიგე. ჩემი სკოლა და ეკოკლუბი 2018 წლიდან როგორც გარემოსდაცვით, ისე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ბევრ საქმეს აკეთებს. მაგალითად, სკოლაში ვცდილობთ „წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობების: კოლხური ბზის, ძელქვის და კოლხური მუხის გამრავლებას. ჩვენს ცოდნა გამოცდილებას ვუზიარებთ მეზობელი სოფლების ახალგაზრდებს და ხელს ვუწყობთ მათ დაინტერესებას და ჩართულობას გარემოსდაცვით საქმიანობაში“ - ამბობს ახალგაზრდა გარემოს დამცველი ზურიკო გრიგალავა. 

მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბი ყოველთვის ცნობილი იყო მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობებით. ეს გუნდი რამდენიმე წლის მანძილზე სისტემატიურად ხვდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებულ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალურ და ფინალურ ეტაპებზე. ლეციცხვაიელი ბავშვები საზოგადოებას აკვირვებენ მათ მიერ მთელი წლის მანძილზე დაგეგმილი და განხორციელებული გამწვანების, დასუფთავების ათეულობით აქციით, შემეცნებითი და გარემოსდაცვითი ლექციებით, სემინარებით, განხილვებით. ეს მოსწავლეები აგრარული სფეროთი ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული და არ აკლდებიან  არც ერთ ლექცია-სემინარს, რომელიც ამ თემაზე მათ მუნიციპალიტეტში იმართება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული