Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალა ღვინის ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს ელიან

21 ივნისს, 12:00-დან 19:00 საათამდე,  „ღვინის კლუბის“  ორგანიზებით, ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

ცქრიალა ღვინის ფესტივალი 2025 გაიმართება მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“, სადაც წელს 32 მონაწილე იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრნენ მონაწილე მეღვინეები:

ნიკა ხუნდაძე, ნიკიფორეს მეღვინეობა:

ჩვენი მეღვინეობა მეორედ მასპინძლობს ცქრიალა ღვინის ფესტივალის სტუმრებს. წელს წარმოდგენილი გვექნება სამი სახეობის პეტნატი (მწვანე, ჩინური-გორული მწვანე, თავკვერი) და ტრადიციული ცქრიალა.

ჩვენთვის ცქრიალა ღვინის ფესტივალი, ისევე როგორც ახალი ღვინის ფესტივალი, ასოცირდება მხიარულებასთან, თავშეყრის ადგილთან, სადაც ადამიანები აგემოვნებენ ღვინოებს და ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს. მეღვინეობებს კი შანსი გვეძლევა შევხვდეთ ახალ პოტენციურ ბაიერებს, გავასინჯოთ ჩვენი პროდუქცია პროფესიონალებს და გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება.

აკაკი ავალიშვილი, უფლისციხის მამული:

ცქრიალა ღვინის ფესტივალი სხვა ფესტივალებს შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.  ცქრიალა ღვინის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ეს ფესტივალი უდავოდ დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

საბედნიეროდ, როგორც მონაწილეს, არ გამოგვიტოვებია არც ერთი ღვინის ფესტივალი და, სავარაუდოდ, არც მომავალში გამოვაკლდებით მას. მოხარულები ვართ, რომ ფესტივალში მონაწილეობით გვეძლევა არა მხოლოდ ცქრიალა ღვინის მოყვარულთათვის ჩვენი ღვინოების გაცნობის განსაკუთრებული შესაძლებლობა, არამედ სხვა მწარმოებლებთან ერთად ვგრძნობთ და ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი იდეის სამსახურში ყველას ერთად გვაკისრია.

წელს ფესტივალზე ორ ცქრიალა ღვინოს წარვადგენთ, უკვე ბევრისთვის ნაცნობი სახელით - „ზედაველა". ესენია სრულად ბოთლური მეთოდით დამზადებული თეთრი ბრუტ-ნატური და ვარდისფერი ბრუტი - ორივე 2022 წლის მოსავლის. შესაბამისად, ის, რაც წარმოდგენილი გვექნება წლევანდელ ფესტივალზე, უკვე 2.5 წლის დაძველებით გახლავთ. ამ ღვინოების გაყიდვა სულ ახლახან დავიწყეთ, რითაც განუხრელად ვიცავთ ცქრიალა ღვინის ბოთლში დაძველების მინიმუმ ორწლიან ნიშნულს, რომელსაც მივდევთ დღიდან ცქრიალა ღვინის წარმოების დაწყებისა.

გიორგი მშვენიერაძე, მშვენიერაძეების მარანი:

წლევანდელ ფესტივალს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ის მალხაზ ხარბედიას სახელს უკავშირდება. 

ღვინოს რომ ვაყენებთ და ამ საქმეს შევეჭიდეთ, მალხაზის ბრალია - მისი ენერგიის, გამხნევების და გვერდში დგომის. და ამიტომ, შეიძლება ბოთლზე არ ეწეროს, მაგრამ ყველა ჩვენს ღვინოში ყოველთვის იქნება მალხაზი.

ცქრიალა ღვინის ფესტივალში მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. წარმოდგენილი ვიქნებით ორი პეტნატით - “ჭაჭანაჭამი ჭუკით” (ცოლიკოური) და “ოფოფით” (ძელშავი და ციცქა). ფესტივალი შესაძლებლობაა, სხვებს გავუზიაროთ ჩვენი მიწა, ჩვენი ვენახი, ჰავა და ჩვენი შრომა, რომლებიც ბოთლებში ცქრიალა ღვინის სახითაა მოქცეული.

ირაკლი ხუციძე, „კრიკინა“:

ცქრიალა ღვინის ფესტივალს გამოვარჩევდი სხვა ფესტივალებისგან სწორად იმ უნიკალური შესაძლებლობის გამო, რომ ხალხს აძლევს საშუალებას, გააცნოს და შეაყვაროს ქართული ცქრიალა ღვინო, რომელიც წლების წინ არც თუ ისე პოპულარული იყო. მცირე მარნებისთვის კი, ეს ფესტივალი პროდუქტის ცნობადობის გაზრდის უნიკალური საშუალებაა, მასშტაბურობიდან გამომდინარე.

ცქრიალა ღვინის ფესტივალში მეორე წელია, რაც „კრიკინა“ მონაწილეობს. ფესტივალზე პირველად გამოსვლამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ბევრ პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებაში დამეხმარა და რაც მთავარია, მომცა საშუალება ფართო ხალხისთვის გამეცნო ჩემი პროდუქტი.

წელს ფესტივალზე „კრიკინა“ წარმოდგენილი იქნება ლეჩხუმის ცოლიკოურისა და ციცქას 2023 წლის მოსავლისგან ტრადიციული მეთოდით დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინით. იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის, ისეთივე წარმატებით ჩაივლის ფესტივალი, შევხვდებით ბევრ საინტერესო ხალხს და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ცნობადობა ქართული ცქრიალა ღვინის წარმოების მიმართულებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული