Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობის რაიონი

ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961)
 
რაჭა-ლეჩხუმი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - მდინარე რიონისა და ცხენისწყლის სათავეების მიმართულებით. იგი გარშემორტყმულია მთის ქედებით. ტერიტორია მეტად მთაგორიანია, დასერილია მრავალი ხევით და პატარა მდინარით. რაჭა-ლეჩხუმის ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს მევენახეობის განვითარებას და ხარისხოვანი ღვინოების წარმოებას. მევენახეობა-მეღვინეობა ამ მხარეში მოსახლეობის მთავარი შემოსავლის დარგია. რაჭა-ლეჩხუმის ღვინოებს კარგი სახელი აქვს მოხვეჭილი და ზოგიერთ მათგანს იცნობენ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. საკმარისია ითქვას, რომ ამ პატარა მხარეში მზადდება ქართული ღვინოების ხუთი სახელგანთქმული მარკა, ნახევრად ტკბილი ღვინოები: "ქართული ღვინო №19 ტვიშის ცოლიკოური”, "ქართული ღვინო №20 ხვანჭკარა”, "თეთრა №26”, "ქართული ღვინო №21 უსახელოური” და "ქართული ღვინო №24 ოჯალეში”.
 
აქვე მზადდება მასობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო სახელწოდებით "ქართული ღვინო №10 სუფრის ღვინო”.
 
ამასთან რაჭა-ლეჩხუმში დამზადებული თეთრი და წითელი ღვინომასალები მთელი რიგი მიკრორაიონებიდან მონაწილეობას ღებულობენ აგრეთვე ქართული ღვინის ზოგიერთი მარკის კუპაჟში (№6, 7 და სხვ.).
 
ვენახების ფართობის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმს დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილი უკავია. აქ სულ სამი ადმინისტრაციული რაიონია, აქედან რაჭაში ორი და ლეჩხუმში ერთი.
 
რ ა ჭ ა იყოფა ორ ნაწილად: ამბროლაურის რაიონი ანუ ქვემო რაჭა და ონის რაიონი ანუ ზემო რაჭა.
 
მეღვინეობის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია ქვემო რაჭა ანუ ამბროლაურის რაიონი, სადაც ბუნებრივი პირობები უფრო უწყობს ხელს ვაზის კულტურის გავრცელებას და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებას.
 
ქვემო რაჭას, თავის მხრივ, მდინარე რიონი ორ ერთიმეორისაგან განსხვავებულ, მარჯვენა და მარცხენა ნაწილად ჰყოფს. მარჯვენა ნაწილში ვენახები გაშენებულია სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ნიადაგები ჩონჩხიანია, მზის სხივები უხვად ანათებს ვაზის ნარგავებს და ამის გამო ყურძენში შაქარი ბლომად გროვდება, რაც ქმნის პირობებს ამ მხარეში დავამზადოთ ნახევრად ტკბილი ღვინო "ქართული ღვინო №20 ხვანჭკარა”. ტიპურ "ხვანჭკარას” ისეთს, როგორც ამ ტიპის ღვინოს შეფერის, უნდა ჰქონდეს 10,5-13% (მოც.) ალკოჰოლი და 3-5%-მდე შაქარი. ამ ტიპის ღვინის მისაღებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიონის მარჯვენა მხარეს რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარე სოფლები: ჭრებალო, ტოლა, ხვანჭკარა, სადმელი და სხვ.
 
ქვემო რაჭაში ცნობილია მეღვინეობის თვალსაზრისით კიდევ ერთი მიკრორაიონი – ბუგეულ-ამბროლაურის მხარე. ექსპოზიციით, ნიადაგებით და სხვა პირობებით ეს მხარე სრულიად განსხვავებულია მის მოპირდაპირედ რიონის მარჯვნივ მდებარე ადგილებიდან. აქ ვენახები გაშენებულია ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კალთებზე. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ამართული მთის კალთების გამო ვენახები აქ რამდენიმე საათით (ორი საათით მაინც) დღეში დაჩრდილულია, რაც ცხადია, უარყოფითად მოქმედებს შაქრის დაგროვებისა და საერთოდ ყურძნის დამწიფებაზე. ამის გამო ეს მიკრორაიონი იძლევა საშუალო ხარისხის ღვინოებს. აქ თეთრი ჯიშები უფრო კარგ პროდუქტს იძლევა ვიდრე წითლები.
 
მეორე ადგილი როგორც ვენახების ფართობის, ისე მიღებული პროდუქციის ხარისხის მხრივ ზემო რაჭას ანუ ონის ადმ. რაიონს უკავია. ზემო რაჭის ტერიტორია თითქმის მთლიანად მთაგორიანია, ჰავა მკაცრია და ამიტომ ვენახები უფრო დაცულ ხეობებში გვხვდება. აქ მეღვინეობის მხრივ რიონის მარჯვენა მხარეზე მნიშვნელოვანი პუნქტებია: წესი, სორი, ნიგვზნარა, კოდისთავი, შოუბანი და სხვ. მარცხენა მხარეზე კი - მუხლი, შარდომეთი, ზვარეთი, ზუდალი, ღარი და სხვ. ვენახები 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, ყურძენი კარგად დამწიფებას ვერ ასწრებს და მისგან უხარისხო ღვინოები დგება, ამიტომ ზემო რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობას საწარმოო ხასიათი არა აქვს, თუმცა აქ არის ზოგიერთი მიკრორაიონი, სადაც შეიძლება ხარისხოვანი თეთრი ღვინის მიღება, განსაკუთრებით შამპანურის წარმოებისათვის.
 
ლ ე ჩ ხ უ მ ი. ლეჩხუმში შედის ერთი ადმინისტრაციული რაიონი – ცაგერის რაიონი. მისი ტერიტორია დაფარულია მთებითა და გორაკებით. ლეჩხუმის ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე მკაცრი კლიმატის გავლენის ქვეშ იმყოფება სვანეთთან სიახლოვის გამო, ხოლო მისი სამხრეთი ნაწილის ჰავა ჩამოგავს შუა იმერეთის ჰავას, რომლის მიმართულებითაც ის გაშლილია. ამ მხარის ტერიტორია დასერილია მდინარეებით: რიონით, ცხენისწყლით და ლაჯანურით, რომლებიც ქმნიან ვიწრო ხეობებს, ძლიერ დაქანებული კალთებით. ვენახები გაშენებულია შედარებით ნაკლებ დაქანებულ კალთებზე. ამ ხეობებში ვენახები იძლევა სხვადასხვა სახის პროდუქციას. ლეჩხუმის ნიადაგები, რომლებზედაც ვენახებია გაშენებული, მრავალი სახისაა, გვხვდება როგორც ღორღიანი, კალციუმის კარბონატის საკმაო რაოდენობით შემცველობის, ისე ეწერი და მძიმე თიხნარი ნიადაგებიც.
 
ლეჩხუმმა, მიუხედავად ვენახების შედარებით მცირე რაოდენობისა, სახელი გაითქვა მაღალხარისხოვანი ორიგინალური ნახევრად ტკბილი ღვინოებით. აქვე შეიძლება დამზადდეს საკმაოდ მაღალი ხარისხის სუფრის ღვინოებიც.
 
დასახელებული ხეობების მიხედვით ლეჩხუმი იყოფა სამ მიკრორაიონად:
 
რიონის ხეობა. ტვიშის მიკრორაიონში შემავალ სოფლებში: ტვიში, ალპანა, ორხვი და სხვ. მზადდება "ქართული ღვინო №19 ტვიშის ცოლიკოური”, სიმაგრით 10-120 და შაქრიანობით 3-5%, ღია ქარვის ფერის, ხილის გემოთი და ბუკეტით შემკობილი, ცოცხალი, მეტად სასიამოვნო ღვინო. ამავე მიკრორაიონში ამზადებენ ღვინომასალას "ქართული ღვინო № 24 ოჯალეშის” მარკის კუპაჟისთვისაც.
 
ც ხ ე ნ ი ს წ ყ ლ ი ს ხეობაში, ზუბი-ოყურეშის მიკრორაიონში მზადდება აგრეთვე ორიგინალური, ნახევრად ტკბილი ღვინო "ქართული ღვინო №21 უსახელოური”. მზა პროდუქცია შეიცავს 10,5-150 ალკოჰოლს და 3-5%-მდე შაქარს. ღვინო მუქი ლალისფერის, თავისებური, ხილეულის ბუკეტით, გემოზე სრული და ხავერდოვანია.
 
ლაჯანურას ხეობაში ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან, ორბელის მიკრორაიონში შემავალ სოფლებში (ორბელი, ლაჯანა, ლაცორია, წილამიმრი) ამზადებენ აგრეთვე ორიგინალურ, ნახევრად ტკბილ ღვინოს "ქართული ღვინო 24 ოჯალეშს”. ღვინო მუქი ლალისფერისაა, ბუკეტი ნაზი, ხილეულის გემოთი, სრული და ჰარმონიულია.
 
ამგვარად რაჭა-ლეჩხუმი მეტად საინტერესო რაიონია მეღვინეობის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ხარისხოვანი მეღვინეობის მხარის მეტად მდიდარი ბუნებრივი რესურსები ჯერ კიდევ საკმაოდ არ არის შესწავლილი. ზემოხსენებული ნახევრად ტკბილი, ორიგინალური ქართული ღვინის მარკები ნედლეული ბაზის სიმცირის გამო მცირე რაოდენობით გამოდის. გადაუდებელი ამოცანაა, ჯერ თვითონ რაჭა-ლეჩხუმში გამოინახოს ახალი მიკრორაიონები და უბნები, რომლებიც მოგვცემენ ამ მარკებისათვის დამატებით ღვინომასალებს და შემდეგ კი საქართველოს სხვა რაიონებშიც გამოვლინდეს შესაძლებლობანი აღნიშნული მარკების კუპაჟებისათვის, რითაც გაიზრდება გამოშვება ამ მეტად ძვირფასი და შეიძლება ასე ითქვას სამკურნალო თვისების მქონე ღვინოების, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას მშრომელთა ფართო მასებისათვის.
 
რაჭა-ლეჩხუმის რაიონში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია აბორიგენული ვაზის ჯიშები – ალექსანდროული და ბუჯურეთული. ეს ჯიშები საინტერესოა იმით, რომ შესაფერისი პირობების გამოყენებით (ნიადაგისა და ექსპოზიციის შერჩევით) მათ შეიძლება დააგროვონ 28-30%-მდე შაქარი და ასეთი სიმწიფისა და შეჭკნობის დროსაც მტევანი სრულიად საღი და დაუზიანებელი რჩება. ამ ორ ჯიშს უფრო მეტად ხვანჭკარის მიკრორაიონში ვხვდებით. აქ გავრცელებულია აგრეთვე ჯიშები: წულუკიძის თეთრა, ცოლიკოური, რაჭული მწვანე (ქვიშხური), ძველშავი, საფერავი, რქაწითელი, რკო, რაჭული კაპისტონი, ოჯალეში, მგალობლიშვილი, კუნძა, უსახელოური, ალიგოტე. ამ პატარა მხარეში გვხვდება ვაზის ჯიშების მრავალი ასორტიმენტი როგორც ადგილობრივი წარმოშობის, ისე შემოტანილიც, რაც გამოწვეულია მრავალ სხვა მიზეზთან ერთად ბუნებრივი პირობების ძლიერი სიჭრელით.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


ძალიან საინტერესო სერიაა იქნებ გურიაზეც დაწეროთ


ამ დღეებში იქნება :)



martlac dz. kargi informaciaa, vgijdebi rachaze, yurdznis krefaze da xvanchkaris dagemovnebazeee:))


სოფ.უსახელოური ცხენისწყლის ხეობაშია?


სოფელს ჰქვია უსახელო და ლაჯანურის ხეობაშია. უსახელოური კი ჯიშია.



გამარჯობათ, ჩვენ ვართ იტალიური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში GEOPLASTIC, გვაქვს ჩაჩები,საცობები და ღვინის ბოთლისთვის სხვადასხვა აქსესუარები და გვსურს შემოთავაზება.გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული