Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახის გაშენება, მარნის მოწყობა

ანუ, რა თანხა დაგვიჯდება საქართველოში ვენახის გაშენება და მარნის მოწყობა

 

ლევან სეფისკვერაძე

ვენახისა და ღვინის სიყვარული ჩვეულებრივი ჰობის დონეს რომ გასცდეს, ადამიანს ამისათვის რასაკვირველია თანხები სჭირდება. ღვინის მოყვარულ ბევრ ამბიციურ ჩვენს თანამემამულეს აქვს სურვილი, რომ საკუთარი ვენახი და საკუთარი მარანი ჰქონდეთ, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ამ საქმეს ხელს სავარაუდო ხარჯების დაუთვლელად ჰკიდებს და საბოლოო ჯამში, მას ან ფული არ ყოფნის, ან დრო და კარგად დაწყებული საქმის სავალალო შედეგად, მოუვლელ ვენახსა და ნახევრად გაკეთებულ მარანს იღებს.

თუ თანამდგომი არ გიყვარს...

ამ წერილში გამოცდილი და მრავალი პრობლემის დამძლევი ქართველი მეღვინეების დახმარებით შევეცდებით, მეტ-ნაკლებად ნათლად ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რაც მევენახეობა-მეღვინეობას ახლავს თან და ასევე შეძლებისდაგვარად მოგაწოდოთ ინფორმაცია, ადამიანს რა თანხა შეიძლება დასჭირდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვენახის გასაშენებლად და მარნის მოსაწყობად.

ჩვენთან საუბარში თითქმის ყველა გამოცდილი მეღვინე აღნიშნავს იმას, რომ საწყისი კაპიტალის ბანკიდან გამოტანას (უახლოეს მომავალში მოგების მიღებისა და ბანკის ვალის ამ გზით დაფარვის იმედით) აზრი არა აქვს და უმჯობესია, რომ ამ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვეაში მოჰკიდოთ ხელი, თუკი საწყისი კაპიტალი პირადად თქვენი, ან თქვენი თანამოზიარე პარტნიორის მაინც არის. პირველი მოსავლიდან მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე ხარჯები ეტაპობრივად იკლებს, თუმცა ჯერ განსაკუთრებულ მოგებაზე თუ არ იფიქრებთ, უმჯობესი იქნება.

როგორც რეალობამ გვაჩვენა, განსაკუთრებით ისეთი ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ვითარდებიან, სადაც საწყისი კაპიტალი არა ერთმა ადამიანმა, არამედ თანამოაზრეთა ჯგუფმა ჩადო. ეს ხერხი, გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული მოწილისათვის ხარჯებს შეამცირებს, პრაქტიკული ხერხია თუნდაც იმისათვის, რომ საქმე შუა გზაზე არ გაჩერდეს. მაგალითად, თუკი მოხდა ისე, რომ ღვინის მარნის ხუთი დამფუძნებლიდან ერთს ან ორ ადამიანს ფინანსური პრობლემები შექმნა, დანარჩენი სამი რთულად, მაგრამ მაინც შეძლებენ საქმის გაგრძელებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სახსრებშემოლეულ მარტოკაც მევენახეს კი, თავისი ვენახისა და მარნის გაყიდვის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.

პარტნიორებად ასევე შეიძლება სხვადასხვა ქართული თუ უცხოური აგრარული სექტორით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა. ეს ფინანსურად ხელის წაშველების გარდა, თქვენი ღვინის შემდგომ პოპულარობასაც შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალზედ მარტივად არის. მთელს მსოფლიოში ადამიანები განსაკუთრებით ისეთ პროდუქციას ყიდულობენ და ენდობიან, სადაც მწარმოებლებს შორის ცნობილი და წელგამართული ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. ერთი სიტყვით, კარგი ვენახის და შემდგომში მარნის მოსაწყობად, კარგი პარტნიორები სასურველი და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.

მარანი ვენახთან ახლოს

ღვინის კლუბის წევრებს არაოფიციალურ საუბრებში სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დროს ხშირად გვისვამენ კითხვას: რა ღირს ერთი ჰექტარი სავენახე მიწა? არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე ერთ, ზუსტ და ლაკონურ პასუხს გაგცემთ, რადგან სავენახე მიწის ფასი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვაგვარია. ამას გარდა, რასაკვირველია მიწას ერთი ფასი არც კონკრეტულად ერთ რეგიონში, ვთქვათ კახეთში არ ექნება. ბუნებრივია ერთი ფასი ვერ ექნება მიწას საგარეჯოში და ფაფრის მინდვრებზე, კონდოლში და ართანაში, კარდანახსა და კაჭრეთში... გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მიწას სახელმწიფოსგან ყიდულობ თუ კერძო პირისგან და შეძენილ მიწაზე ადრე რა ტიპის კულტურები მოჰყავდათ.

კახეთში ერთი ჰექტარი მიწის ფასი 600 ლარიდან იწყება და საუკეთესო მიკროზონებში 3 ათას ლარსაც კი აღწევს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვენახთან რამდენად ახლოს მოაწყობთ მარანს, რადგან ვენახთან ახლოსმდებარე მარანი შემდგომ სამუშაოებს ბევრად აიოლებს და ხარჯებსაც ამცირებს. აი სიკეთეები, რაც ვენახთან ახლოს მოწყობილ მარანს გააჩნია: 1. იმის გამო, რომ დაკრეფილ ყურძენს ტრანსპორტირება არ დასჭირდება, ეს ღვინის ხარისხისთვის უაღრესად დადებითი მოვლენაა. 2. ვენახისა და მარნის სიახლოვე ამცირებს ხარჯებს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. 3. იზოგება დრო. ქალაქიდან ჩასულ ადამიანს ხშირად არ გააჩნია იმდენი დრო, რომ ერთდროულად მარნის საქმეებიც მოაგვაროს და ვენახშიც ირბინოს. ამ შემთხვევაში კი მარანში მოფუსფუსეს ვენახიც ”ხელის გულზე” ექნება. 4. ესთეტიური მომენტი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ღვინის შატოები როგორც წესი სწორედ ვენახებშია ჩადგმული და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ორივე ერთად, (შატო ვენახში) მართლაც ლამაზი სანახავია.

კახეთზე უკვე ვთქვით. გურიაში, ჩხავერისათვის საუკეთესო სოფლებში, ჩოხატარის რაიონში, ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი, 1500-2000 ლარია. იმერეთში, ზესტაფონსა და ბაღდათში ერთი ჰექტარი მიწა 1000-1500 ლარი დაგიჯდებათ. ქართლში კი მიწის ფასი ყველაზე ძვირია. მეღვინეობისათვის საუკეთესო ქართლის მტკვრისპირეთის სოფლებში, მიწის ფასი 2000-დან 3500 ლარამდეა. მიწას სამაგრელოში დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც იმერეთში. მთიან აჭარაში ყველაზე მერყევი ფასებია და იქ მიწის შეძენა ბევრად ძნელია. აჭარა საქართველოს ალბათ ერთადერთი კუთხეა, სადაც მოსახლეობის პოპულაციური ზრდა ომის წლებშიც კი გრძელდებოდა. ამან ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბოლომდე ათვისება გამოიწვია. შესაბამისად, თუკი აჭარაში სავენახედ მიწის შეძენა გსურთ, ე.წ. თავისუფალი მიწის იაფად ყიდვის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ.

გურიაში თითქმის ყველგან, 2 ჰა ე.წ. სუფთა ფართის გამოყვანა დატერასებით დაახლოებით 5000 ლარი ჯდება (თუმცა, შესაძლებელია, რომ დატერასება არც დასჭირდეს ბევრს). მიწის ამობრუნება და დარგვა 5000 ძირისთვის (ანუ დაახლოებით ორ ჰექტარზე) 3000 ლარი. რომ შევაჯამოთ და დატერასება გამოვაკლოთ, ერთი ჰექტარი მიწის ყიდვა და ვენახის გაშენება გამოდის: 1500 ლარი მიწის, 3000 ლარი ნერგის, 1500 ლარი დარგვის. აქ არ შედის ნაკელისა და კირის ფასი.

ქართლში და კახეთში ვენახის გაშენების ხარჯები საშუალოდ რომ დავითვალოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ერთი ნერგის ფასი დაახლოებით 1 ლარი (ყველაზე მინიმალური). ჰექტარზე საჭიროა მინიმუმ 3 500 ცალი ნერგი. მთელი წლის განმავლობაში ვენახისათვის საჭირო აგროტექნიკა თავისი მუშიანად და ტრაქტორიანად ჯდება დაახლოებით 4000 ლარი ჰექტარზე. ამას უნდა დაუმატოთ ბოძის და მავთულის საფასური. ბოძებს გააჩნია ვინ რას აირჩევს (ბეტონის, ბამბუკის, პლასტმასის და სხვა...) და მათი ფასი დაახლოებით 1-დან 10 ლარამდე მერყეობს.

იშვიათი განსაკუთრებულია!

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ვენახისათვის ვაზის კარგი ნერგების შოვნა ძალიან რთული საქმე იყო, რადგან ფული რომც გქონოდა, სასურველი ხარისხისა და ჯიშის ნერგები შეიძლება მაინც ვერ გეშოვა. დღეს უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სპეციალური სანერგეები მოაწყვეს და ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. ვაზის ერთი ცალი ნერგის ფასი (ყურძნის ჯიშის და მისი გამოყვანის სირთულის მიხედვით), ერთი ლარიდან, 5-6 ლარამდეა. ხოლო თუკი სასურველი ვაზის ე.წ. მწარეზე დამყნობას, გლეხებს (და არა აგრონომ-სპეციალისტებს) დაუკვეთავთ, შეიძლება ბევრად უფრო იაფიც დაგიჯდეთ. მაგალითად, შარშან სოფელ ველისციხეში, ადგილობრივი გლეხები რქაწითელის ვაზის ერთ ცალ ნერგს 30 თეთრადაც კი ყიდდნენ. ხუთი წლის წინ, ქართლში (მცხეთის რაიონის ბარის სოფელში) ადგილობრივმა მეღვინემ  5000 ცალი ჩინურის ნერგი - 6000 ლარად იყიდა. თუმცა, იგივე რაოდენობისა და ხარისხის ნერგებს 7500 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვნით.

ამ ფაქტის შესაბამისად, შეგვიძლია განვსაზღვროთ, ნერგების ფასების მატების მასშტაბიც. თუმცა, ფასების მატების კუთხით ქართლის ტენდენცია ყველა კუთხეზე როდი ვრცელდება. მაგალითად, გურიაში, ჩხავერის ნერგი გასული წლების დარად, კვლავ 2-3 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც ჩხავერის ნერგს აჭარაში 80 თეთრადაც კი იყიდით.

სასიხარულოა, რომ ბოლო დროს, მევენახებსა და მეღვინეებს შორის პოპულარული ხდება ათწლეულების მანძილზე მივიწყებული, ვაზის უნიკალური ქართული ჯიშები: ქისი, ხიხვი, შავკაპიტო, კამური და სხვა... იშვიათი ჯიშის ვაზის ნერგების შოვნა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია და ფასის მხრივაც, საკმაოდ ძვირია. მაგალითად, თეთრი კამურის ერთ ცალ ნერგში ზოგიერთი მევენახე 10 ლარსაც კი იხდის, მაგრამ მაინც ვერ შოულობენ. ამ სირთულეების მიუხედავად, ღვინის კლუბი ყველას, დამწყებ თუ გამოცდილ მეღვინეს მაინც ურჩევს, რომ იშვიათი ჯიშების თუნდაც მცირე მასშტაბით გაშენებას ახლავე მოჰკიდონ ხელი, რადგან ის რაც იშვიათია, ხშირად განსაკუთრებულიცაა. განსაკუთრებული ყოველთვის ხარისხიანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხოვნადია!

ამას გარდა, როდესაც ადამიანს ვენახის გაშენება სურს და ის აცნობიერებს იმ ხარჯებსა და წინააღმდეგობებს, რაც წინ შეიძლება გადაეღობოს, ალბათ იმასაც ადვილად მიხვდება, რომ გამორჩეული ვაზის გაშენება და შესაბამისად გამორჩეული ღვინის დაყენება, წინააღმდეგობების გამკლავების ყველაზე მოკლე გზაა. თუმცა, რა თქმა უნდა ყველა კარგი ღვინო თავისთავად ისედაც გამორჩეულია!

ზემოთხსენებულის გარდა, როდესაც ვენახის გაშენებას გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე მუშახელის დაქირავებისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯებიც. ხარჯების სიდიდე რასაკვირველია ვენახის მოცულობის შესაბამისია.

ჯერ ჯიბე მოისინჯეთ...

რაც შეეხება კონკრეტულად მარანს... ამ შემთხვევაში ცნობილი ქართული ანდაზა ”საბანი სადამდისაც გაგწვდებაო” – ყველაზე ზედგამოჭრილია. ანუ, მარნის ზომა და მისი ხარისხი მთლიანად თქვენი ჯიბის სიდიდეზეა დამოკიდებული. თუმცა, საშუალოდ მარნისათვის საჭირო ხარჯებზე ქართველი მეღვინეებისაგან მეტად საინტერესო ინფორმაცია მაინც მივიღეთ.

საქართველოში ტონიანი ქვევრები ღირს დაახლოებით 400-დან 800 ლარამდე. საშუალოდ 10 ტონა ღვინის გადამუშავებისა და შენახვის შემძლე მარნის სამშენებლო სამუშაოები ყველაზე ცოტა 20 ათასი ლარი მაინც დაჯდება. უჟანგავი ფოლადის საშუალო, ან დაბალი ხარისხის ავზები (ისაც 10 ტონიანი მარნისათვის რომ ვიანგარიშოთ) დაახლოებით 5-დან 7 ათას ლარამდე ღირს. თუკი ამ ტიპის ჭურჭელი უფრო მაღალი ხარისხის გსურთ, ახლავე გეტყვით, რომ შესაძლებელია 15 ათას ლარზე მეტიც კი დაგჭირდეთ. მარნისათვის საჭირო დანარჩენ დანადგარებს რომელიც ამ 10 ტონა ყურძენს გადაამუშავებს დაახლოებით 7000 ლარი ეყოფა.

ამ ყველაფრის მარტივად დათვლით გამოდის, რომ საქართველოში საშუალო მოცულობის მარნის მოსაწყობად დაახლოებით 50 ათასი ლარია საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ მარანზე, სადაც ხარისხიანი ღვინის დაყენების ყველა პრაქტიკული შესაძლებლობა იქნება. თუმცა, ცნობილია ქართული მეგობრობა-ახლობლობა-ნათესაობის ამბებიც და ამის გამო ადვილი შესაძლებელია, რომ ვენახისა და მარნისათვის საჭირო სხვადახვა მასალებში ფული მეგობრების დახმარებით დაზოგოთ.

ასე რომ, სანამ მეღვინეობას სერიოზულად  მოჰკიდებთ ხელს, ხუთი უმთავრესი რამ გაითვალისწინეთ. 1. მოძებნეთ ერთი, ან რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც ხარჯებსა და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც თქვენთან ერთად გაინაწილებენ (რასაკვირველია შემდგომში უკვე ფინანსურ მოგებასაც); 2. იმხელა ვენახი გააშენეთ, რის მოვლასაც შეძლებთ და შეეცადეთ, რომ მარანი ვენახთან რაც შეიძლება ახლოს იყოს; 3. სხვა პოპულარულ ქართული ვაზის ჯიშებთან ერთად შეეცადეთ გააშენოთ ვაზის იშვიათი ჯიშებიც, რადგან შესაძლებელია სწორედ იშვიათი ყურძნისაგან დაყენებულმა იშვიათმა ღვინომ მოგიტანოთ განსაკუთრებული წარმატება; 4. იცოდეთ, რომ ნორმალური მარნის მოწყობას დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. 5. არ არის აუცილებელი, რომ მარანი დიდი და ფეშენებელური იყოს. მარნის უმთავრესი დანიშნულება ღვინის კარგად მოვლა და კარგად შენახვაა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჭურისთავზე ქეიფზეც ვიფიქროთ.

ყველა გამოცდილი მეღვინე ამბობს, რომ მათ საქმეში მთავარი პირველი ნაბიჯების გაბედულად გადადგმაა. ჩვენ კი, ყველას ამ ნაბიჯების ღირსეულად გადადგმას, წარმატებულ მევენახეობასა და წარმატებულ მეღვინეობას გისურვებთ!

© ღვინის კლუბი/Weekend



დიდი მადლობა სტატიისთვის.ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა მქონდეს პატარა საუკეთესო ვენახი.


gamarjobat, tu shegidzliat mitxrat sad sheidzleba mivigo konsultaciebi venaxis movlis niadagis movlis anu saertod vazis movlis shesaxeb.winaswar madlobt.


დიდი მადლობა საინტერესო სტატიისათვის


თუ შეიძლება გვითხარით რაჭის მიწის ფასებიც. მადლობა წინასწარ.


კარგი სტატიაა. მართლა რეალობა გიწერიათ მაგრამ პრობლემას ვხედავ თვითონ ადამიანებთან ურთიერთობის. პარტნიორობა პატარა მასშტაბების ვენახ მარანზე გამორიცხულია. კონტროლის მექანიზმები არა სისტემით არამედ ადამიანების ნდობაზე იქნება დამოკიდებული და როგორც უკვე ვახსენე პატარა მასშტაბის ანუ 50–100000 ლარიანი საქმის წილში ყოფნა თან რამოდენიმე კაცის ჩემი აზრით ინტერესთა რღვევას გამოიწვევს. დღევანდელ დროში ოჯახის წევრებს შორის არის დავა და პატარა მარანი არ გახდება სადაო?! მით უმეტეს თუ რომელიმე პარტნიორი უფულოდ დარჩა. ისევ ისე მარტო კაცმა უნდა იწვალო და გააკეთო რაღაცა. თუ მცოდნე ხარ და უფულო, მაგრამ დრო გააქვს, ვენახს შენი ხელით კაპიკებში გააშენებ, თუ უცოდინარი ხარ ამ საქმის და ფული გაქვს მაშინ 50 000 ლარიანი საქმე არარის ის საქმე რომ ღირდეს ურთიერთობების გაფუჭებად. ლამაზად გიწერიათ სიმართლეც არის ყველაფერი მაგრამ ეს ნიუანსი აუცილებლად გასათვალისწინებელია. საკუთარი გამოცდილებიდან ვწერ ამას. როცა პარტნიორთან ინტერესები ერთმანეთს კვეთს და თუ პარტნიორიც შინაურია და ქართულ ვარიანტში ძმა და მეგობარია, მაშინ ან საქმეზე უნდა ჩაიქნიო ხელი და ან პარტნიორზე. როგორ გინდა 5 კაცის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ჩემი აზრით ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე რთულია ვიდრე რომელიმე ბიზნესის კეთება. მე ვაკეთებ ვენახს და ფულიც ცოტა მაქვს მაგრამ მირჩევია მარტო წვალება ვიდრე რაღაცეების მიდებ მოდება...ვნახოთ რა გამოვა. მარტო წვალებით, ისე კი ყველაზე მეტი გამიკეთებია ვიდრე გუნდური მუშაობით. – ეს ეწინააღმდეგება ბიზნეს კანონებს მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასეა....::))) ბევრი გამოვიდა მაგრამ ჩემს პირად გამოცდილებას შეეხო პარტნიორებთან და ამიტომ ვეღარ გავჩერდი...::) ყოჩაღები იყავით....::)


konsultaciebi damijere rom kalakshi ver miigeb. sopelshi mindorshi unda miigo konsultacia micaze momushave kacisgan. danarcheni teoriaa romelic mogebaze ver gagiyvans kalakidan


geTanxmebi namdvilad egrea mec mqonda shemtxveva da exla viwkeb marto mcire miwaze venaxis gashenebas kovelgvari partnioris gareshe.


გასაგებია ვენახის ხარჯები, ანუ ეს საშუალოდ ჯამში 10000 აღწევს, მაგრამ ვენახის გაშენები შემდეგ სრულყოფილ მოსავალს რამდენ ხანში მივიღებთ?


kargia kartuli yurceni


გამარჯობათ თუ შეიძლება რო გავიგო როგორ ინახება ვაზის საძირე ;მწარე: მშრალ ნახერხში თუ როგორ? მადლობთ წინასწარ


სოსო თუ გამოგივიდათ რამე, გააკეთეთ რისი გაკეთებაც გინდოდათ? გეთანხმებით მარტო ჯობს საქმის კეთება


Gamarjoba mainteresebs venaxi rodis isxvleba saertod da ramden kvirtze unda datovo

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული