Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახი მთაში – მითი თუ რეალობა?

ლევან სეფისკვერაძე

ფშავი, ხევსურეთი, სვანეთი, თუშეთი, ხევი, ჯავახეთი და აფხაზეთის მთიანეთი საქართველოს ის კუთხეებია, სადაც ცნობილია, რომ მასშტაბური მევენახეობა არასოდეს ყოფილა გავრცელებული და ამ მხარეეების ღვინოსთან დაკავშირებული პერსპექტივები ადრეც და ახლაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. მაგრამ, თუკი შევეიცარიის ალპებში მოჰყავთ ყურძენი? თუკი ავსტრიის მთებში ახარებენ ვაზს? თუკი ჩილელი მევენახეები ანდების კალთებზე შეფენილ ვენახებში ფუსფუსებენ?! გამოდის, რომ ყველაფერი შესაძლებელია! 

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რასაკვირველია წარმოუდგენელია დიდი ვენახების გაშენება და გახარება, მაგრამ როგორც არსებული რეალობა და შემორჩენილი ნავენახარის ნიმუშები გვაჩვენებს, მთიან მხარეებში იყო კონკრეტული ადგილები, სადაც ადრეც აშენებედნენ პატარა ვენახებს და დღესაც მოძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ უკიდურესად რთული საქმეს ეჭიდებიან. ეს ადამიანები არიან ნამდვილი ენთუზიაზისტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საინტერესო შედეგებსაც აღწევენ.

გასული საუკუნის 70–იან წლებშო, სვანეთში, ლენტეხის რაიონში რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ დიდი შრომისა და წვალების ფასად რამდენიმე ძირი იმერული ცოლიკოურის გახარება შეძლო და მოსავლის მიღებაც კი მოახერხეს. ამ ადამიანებმა ვაზის უკვე გახარებული ნერგები ლენტეხში გაზაფხულზე წაიღეს და მომავალი ზამთრის დროს თვითოეული ძირი ვაზი თბილი ნაჭრებით შეფუთეს. ამას გარდა, ვაზის ძირებს ზამთარში რომ გაეძლო, ძირებში პერიოდულად ცეცხლსაც უნთებდნენ ხოლმე.

გოგი მელაძე 47 წლის, თბილისი: “70–იანი წლების ბოლოს, ლენტეხში მეგობართან ვიყავი დღეობაზე ასული და გადავირიე, როცა ვნახე მას და მის რამდენიმე მეზობელს ვაზის ძირები ჰქონდათ გახარებული. ადრეული შემოდგომა იყო და ვაზებს ესხა კიდეც. მსგავსი რამ სვანეთში წარმოუდგენელი ამბავია და როგორც ამიხსნეს დიდი შრომის ფასად უჯდებოდათ ამ ვაზის მოვლა და გადარჩენა. ზამთარში თურმე ყველა ვაზის ძირს ცეცხლს უნთებდნენ რომ არ გაყინულიყო და თან ისე ფუთავდნენ, ყინვას რომ ნაკლებად დაეზიანებინა. გადამრია იმ ხალხის ასეთმა მონდომებამ და ვაზის სიყვარულმა. ჩემი ლენტეხელი მეგობარი 90–იანი წლების ბოლოს დაიღუპა და როცა იქ ისევ ავედი, მის სამეზობლოში ერთადერთი ვაზის ძირიღა იყო გადარჩენილი. როგორც ამიხსნეს, იმ ვაზის გამშენებლებიდან ზოგი თბილისში წამოვიდა საცხოვრებლად, ზოგი, უბრალოდ, დაბერდა და რაკი მოვლა დააკლდა, ასე ლეგენდარულად გაშენებული ვაზიც გახმა, რამაც ძალიან დამწყვიტა გული“.

ჩვენს ქვეყანაში ყველა მთიანი მხარე, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გავს და ყველას მევენახეობის კუთხით ერთნაირად “წითელი ხაზით“ ვერ ავღნიშნავთ. გამოსარჩევი მხარეა ჯავახეთი, რომელიც ერთ–ერთი ყველზე ცივი და კლიმატურად რთული რეგიონია საქართველოში. ამის მიუხედავად, ჯავახეთის ზეგანზე შემორჩენილი ძველი ნამოსახლარები და ნავენახრები მეტყველებენ იმაზე, რომ იქ ვენახები ყოველთვის ჰქონდათ და ღვინის დაყენებას ჯერ კიდევ უხსოვარ დროს მისდევდნენ. არქეოლოგი ხვიჩა გიორგაძის თქმით, ჯავახეთში არაერთი საღვინე ჭურჭელიცაა აღმოჩენილი, რაც თავის მხრივ ბევრ რამეზე მეტყველებს.

ხვიჩა გიორგაძე, არქეოლოგი–მკვლევარი: “ჯავახითის ზეგანზე წარმოებული გათხრების დროს სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილია ქვევრების, დოქების, ფიალებისა და სხვა ღვინოსთან დაკავშირებული ჭურჭლის ნაშთები, რომლებსაც აშკარაა, რომ ადგილზე მოიხმარდნენ და ღვინოც ადგილზე მზადდებოდა. ასევე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტერიტორიაზე აშენებდნენ ვენახებს და თითქმის ყველა ნასოფლარში ან მასთან ახლოს, ნავენახარის კვალი გვხვდება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძველ დროს ჯავახები ფლობდნენ რთულ კლიმატურ პირობებში ვენახის დაცვის გარკვეულ საიდუმლოებებს. ამას გარდა მათ სავარაუდოდ გაშენებული ექნებოდათ გამძლე და ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ვაზის ჯიშები, რომელიც ყველანაირ სირთულეს გადაიტანდა. სამწუხაროა, რომ დღეს ამ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანებს ეს ყველაფერი დავიწყებული აქვთ“.

როგორც აღვნიშნეთ, მთაში გაშენებული ვენახები, რა თქმა უნდა, არ იყო დიდი მასშტაბის და ისინი უფრო მეტად მავანი ენთუზიაზისტების დიდი შრომის ნაყოფი იყო. თუმცა მთაში ღვინო ყოველთვის ჰქონდათ და ეს სვანეთში, მთიულეთში და ფშავში აღმოჩენილი ქვევრის ნაშთებითაც დასტურდება. ადგილობრივები ბარში შეიძენდნენ ღვინოს, აჰქონდათ მთაში და მათ სოფლებში ადრევე ჩარგულ ქვევრებში ინახავდნენ. 

ცნობილი ამბავია, რომ მთიულეთში, ანანურის მონასტრის ეზოში, 60 ტონამდე ტევადობის ქვევრებია ჩარგული. ეს რაოდენობა ერთი მონასტრისათვის წარმოუდგენლად დიდია. როგორც ირკვევა, მონასტრის ეზოში ადგილობრივი მოსახლეობა მათ კუთვნილ ქვევრებსაც რგავდნენ და იქ ასხამდნენ ბარში შეძენილ ღვინოს. ამის მიზეზი მარტივი გახლდათ. ანანურის მონასტერი ოთხივე მხრიდან დიდი გალავნითაა შემოსაზღვრული და მტრის შემოსევის შემთხვევაში ღვინო რასაკვირველია იქ უფრო მეტად იქნებოდა დაცული, ვიდრე გლეხების ეზოში.

თიანეთის მუნიციპალიტეტი დღეს, როგორც იცით, მცხეთა–მთიანეთის რეგიონში შედის და ამის გამო გაჩნდა წარმოდგენა, რომ თიანეთი მაღალმთიან მხარედ უნდა განვიხილოთ, სადაც მევენახეობა წარმოუდგენელია. არადა, როგორც ირკვევა, თიანეთში მევენახეობას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მისდევდნენ, საბჭოთა კავშირის პერიოდში კი საკმაოდ დიდ მასშტაბზე გაშენდა ვენახები. ადგილობრივი მკვიდრის, მინდია შუშანაშვილის თქმით, მდინარე საგამის ხეობაში დიდი ვენახები არსებობდა და ახლა იქ მხოლოდ ნავენახრებიღაა შემორჩენილი.

მინდია შუშანაშვილი: “როგორც მამაჩემისგან ვიცი, საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე, გასული საუკუნის 30–იან წლებში თიანეთში აღდგა მევენახეობა და მდინარე საგამის ხეობაში, სოფელ ახალსოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დიდი ვენახები გაშენდა. ბავშვები სკოლიდანაც დაჰყავდათ, მევენახეებს რომ მიხმარებოდნენ. სამწუხაროდ, ვერაფრით დავადგინე, რა ჯიშები იყო გაშენებული, თუმცა ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თიანეთში ვენახები ნამდვილად იყო და აქ ვენახების გაშენება დღესაც შეიძლება. ძალიან მინდა, რომ მეც აღვადგინო ეს ტრადიცია და ჩემს ეზოშიც გავაშენო თუნდაც რამდენიმე ძირი ვაზი. მთავარია ის ჯიშები გავარკვიო, რომლებიც აქ ყველაზე კარგად გაიხარებს“.

ამ თემის გასაგრძელებლად შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის ექსპერტი, ლევან უჯმაჯურიძე, ერთ–ერთ ძველ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში თიანეთის მხარეში, ძირითადად, გაშენებული იყო ცნობილი ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ალიგოტე, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს სწორედ იმ ვაზს, რომელიც თიანეთში გაშენებულ ვენახებში გვხვდებოდა. მევენახეობის სპეციალისტები ასევე გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ თიანეთში და, საერთოდ, ქართლის მიმდებარე მთიან მხარეებში სავარაუდოდ გაიხარებს ქართული ვაზის ჯიშები: ჯვარისა და გორული მწვანე. ეს უკანასკნელი ათწლეულების წინ, კავკასიის ერთ–ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილზე, ჯავის რაიონშიც კი იყო გაშენებული.

როგორც იცით, ჯავაში ადგილობრივი ოსი და ქართველი მოახლეობა ომამდე ძირითადად მესაქონლეობას, მეხილეობას და თაფლის წარმოებას მისდევდა. ასევე პოპულარული და ცნობილი იყო ჯაველი ოსების გამოხდილი შავი ლუდი, რომელიც შინაური ლუდის მოყვარულებში მთელს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთრივ დაბა ჯავაში გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში წარმატებით გაუშენებიათ გორული მწვანეს ჯიშის ვაზის ვენახები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვენახებში მოწეული ყურძენი ბოლომდე დამწიფებას და შაქრიანობის სათანადო კონდიციამდე მისვლას ვერ ასწრებდა, ადგილობრივები ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ მაღალმთიან მხარეში ვენახი ჰქონდათ და საკუთარ ღვინოსაც აყენებდნენ.

მთაში ვენახის გაშენება ის თემაა, რაზედაც  მსჯელობა და კამათი ყოველთვის შეიძლება. მით უმეტეს, რომ ეს ის საქმეა, რომელიც ცოტა ავანტურას, ცოტა გაბედულებას და რაც მთავარია დიდ ენთუზიაზმს საჭიროებს. არავინ დაობს იმაზე, რომ ქართლს, კახეთს, იმერეთს, რაჭას, გურიას, სამეგრელოს., ლეჩხუმს და აჭარას ქართულ მეღვინეობაში უპირველესი და უდავო ადგილი უკავიათ, მაგრამ საქართველოში მცხოვრები მონდომებული ადამიანები და მათი ორიგინალური, გაბედული ნაბიჯებიც უნდა დაფასდეს!  

© საქართველოს ღვინის კლუბი



მოგესალმებით. მე და ჩემი ოჯახი დაინტერესებული ვართ, თიანეთში გავაშენოთ მკაცრი კლიმატის ვაზი. ინფორმაციის მოძიების დიდი სურვილის მიუხედავად, ბევრი ვერაფერი ვნახეთ. იქნებ დაგვეხმაროთ, ვაზის რომელი ჯიშებია გამძლე და მთის კლიმატის შესაბამისი. გვაინტერესებს უცხოური სახეობები - ვთქვათ, ჩილეს, შვეიცარიის, ავსტრიის მთიან რეგიონებში გავრცელებული ვაზის სახეობები. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. პატივისცემით, ლია ჯიმშიტაშვილი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული