Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა სამეგრელოში

ანა ჭეიშვილი

მეცხრამეტე საუკუნის იმ უცხოელ მკლევართა შორის, რომლებმაც თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი საქართველოს მიუძღვნეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟიულ მურიეს პიროვნება. ფრანგი პუბლიცისტი და პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ჟიულ მურიე (1846-19??) საქართველოში პირველად 1879 წელს ჩამოვიდა. იგი იყო კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის შვილების ფრანგული ენის მასწავლებელი, 1881 წლიდან კი – სამეგრელოს მთავრის, – ნიკო დადიანის შვილების აღმზრდელი. საქართველოში ცხოვრებისას მურიე განსაკუთრებით დაინტერესდა კავკასიის ისტორიისა და ხელოვნების შესწავლით. 1884 წელს, საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, მან წერილი გაუგზავნა საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრს და საქართველოში ოფიციალური მივლინების ნებართვა ითხოვა. როგორც წერილში აღნიშნავდა, იგი დაინტერესებული იყო კავკასიის ხელოვნებით, ეთნოგრაფიითა და არქეოლოგიით და სურდა დამატებითი მასალები მოეგროვებინა თავისი მომავალი პუბლიკაციებისათვის. სახალხო განათლების სამინისტრომ დააკმაყოფილა მურიეს თხოვნას და, ამასთანავე, დაავალა არქეოლოგიურ ექსპედიციებში საფრანგეთის მუზეუმებისათვის კოლექციების შეგროვება.

ჟიულ მურიეს საქართველოში მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანია. იგი ბევრს მოგზაურობდა, აგროვებდა საინტერესო მასალებს და მთელ კავკასიაში აწყობდა არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს. ჟიულ მურიეს რედაქტორობით ტფილისში იბეჭდებოდა კავკასიაში პირველი ფრანგულენოვანი ჟურნალები – „კავკასიის სავაჭრო და სამრეწველო მიმომხილველი“ (1887-1888) და „ილუსტრირებული კავკასია“ (1889-1892, 1899-1902). მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ბარონ და ბარონესა ფონ ზუტნერებთან ერთად „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნაში, რასაც იონა მეუნარგია ხელმძღვანელობდა.

ჟიულ მურიეს მიერ საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნებს შორის აღსანიშნავია 1883 წელს გამოქვეყნებული „სამეგრელო (უძველესი კოლხეთი)“, რომელიც ავტორს დადიანების ოჯახში ცხოვრებისას შეუდგენია. მურიე შესავალში განსაკუთრებულ მადლობას უხდის იონა მეუნარგიას მისთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი ცნობებისათვის. წიგნი თხუთმეტ თავად არის დაყოფილი და დაწვრილებით მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიას, ეხება განათლების, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის საკითხებს, აღწერს სამეგრელოს ფლორასა და ფაუნას, არქეოლოგიას, ეკლესია-მონასტრებში დაცულ საგანძურს და ა.შ. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული ჩანახატებით და როგორც იმ პერიოდის პრესის გამოხმაურებიდან ჩანს, გამოცემისთანავე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

„სხვაგან არსად არსებობს ისეთი მხარე, სადაც ნიადაგი ესოდენ ხელსაყრელია სოფლის მეურნეობისათვის. საკმარისია ოდნავ მოჩიჩქნოთ მიწა და რამდენიმე სათესლე მარცვალი ჩააგდოთ, რომ 3-4 დღეში უკვე შეამჩნევთ საოცარი სისწრაფით მზარდ ღივებს“ – ასე იწყებს თხრობას ჟიულ მურიე სამეგრელოს სოფლის მეურნეობის შესახებ. ამ თავში იგი დაწვრილებით განიხილავს მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას, მეაბრეშუმეობას, მევენახეობასა და მეფუტკრეობას; აღწერს სასოფლო-სამეურნეო იარაღებსა და წისქვილს, ასევე ხორბლის, სიმინდის, ბამბის, თამბაქოს, სელისა და კანაფის კულტურებს და ხშირად რჩევა-დარიგებასაც იძლევა ამა თუ იმ დარგის შესახებ. მურიე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის აღწერას; თუ გავითვალიწინებთ, რომ იმ პერიოდში ევროპელი მკითხველისათვის ქართული მეღვინეობის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი, აღნიშნულ პუბლიკაციას დიდი დაინტერესება უნდა გამოეწვია.

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს ჟიულ მურიეს წიგნიდან სამეგრელოს მეღვინეობის შესახებ, რომელიც პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე:

 

“ოჯალეშის ცნობილი ვენახები წაჩხურას ხეობის შესასვლელში მდებარეობს. ვენახების დიდი ნაწილი გაშენებულია მდინარის ზემოთ მცირე პლატოზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი – მდინარის ნაპირას. ვენახები ჩრდილოეთით მაღალი მთებით არის დაცული, დასავლეთით – საკმაოდ მაღალი ბორცვებით, აღმოსავლეთით – პატარა გორაკებით, სამხრეთით კი გახსნილია. მისი მდებარეობა მიმართულია სამხრეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქ ნისლი არ იცის, რადგან მას წაჩხურას ხეობიდან მონაბერი მსუბუქი ნიავი ფანტავს. ვენახი აქ მაღლარია, ვაზი გირლანდებივით გადადის ნაკლებად გატოტვილ ხეებზე, რომლებიც მწკრივში არ დგანან. მიწის დიდ ნაწილს ვენახის მახლობლად მცხოვრები გლეხები ამუშავებენ, დანარჩენი მიწა კი საძოვარს წარმოადგენს. ვენახების დიდი ნაწილი დაავადებამ გაანადგურა, გადარჩენილი ვენახი კი მცირე მოსავალს იძლევა, რადგან უმეტესობა ოიდიუმმა დააზიანა.

[...]

თუ გატარებული ზომების წყალობით დღეისათვის ფილოქსერა, საბედნიეროდ, მხოლოდ ყირიმსა და სოხუმში აღმოჩნდა, სამაგიეროდ, ოიდიუმმა 1856 წლიდან სერიოზულად დააზარალა კავკასიის ვენახები და კახეთთან ერთად სამეგრელოს ვენახებიც განადგურდა.

მევენახეობა [სამეგრელოში] ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. ვაზს არ სხლავენ და თავისუფლად უშვებენ ხეებზე კენწერომდე. ერთი და იგივე ჯიშის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მაღლარი ვაზის ღვინო შედარებით დაბალი ხარისხისაა, დაბლარი ვენახისაგან უკეთესი სუფრის ღვინის მიღება შეიძლება. ნახევრად დაბლარ ვენახში ვაზის ლერწები სარებზეა მიბმული. ასეთი ვენახიც ისეთივე არასახარბიელო მდგომარეობაშია, როგორც მაღლარი, რადგან მას ნაკლებად უვლიან. ერთმანეთთან ძალიან ახლოს დარგული ვაზის ძირები სარზეა დაბჯენილი და ზრდის პროცესში ლერწები ერთმანეთში იხლართება, ზოგ ადგილას კი ძირები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისაგან და ვაზი სხვა მცენარეების გარემოცვაში ხვდება. გოგირდის შეფრქვევა (souffrage) შეუძლებელი ხდება და ცუდი გასხვლის გამო ყლორტი ნაყოფის ხარჯზე იზრდება. ვაზები მწკრივად უნდა დაირგოს, რაც მიწის გუთნით დამუშავების საშუალებას მოგვცემდა, ძირებს შორის მანძილი კი ერთი მეტრი უნდა იყოს.

რთველის დროს, რომელიც ოქტომბერში, ნოემბერში და ზოგჯერ დეკემბერშიც კი არის, მთელ მოკრეფილ ყურძენს, მწიფეს თუ მკვახეს, მარანთან აგროვებენ. წნეხის არქონის გამო ყურძენს შიშველი ფეხით წურავენ. დუღილი ხდება საწნახელში (ოჭინახუ) – გულამოღებულ ხეში, რომლის დიამეტრი 0,5-1 მეტრი, ხოლო სიგრძე 2-4 მეტრია. აქ კასრი არ იციან და როდესაც ფერმენტაციას საკმარისად ჩათვლიან, ღვინოს მიწაში ჩამარხულ ქვევრში (ლაგვანი) ასხამენ, რომელსაც თავს დაუცობენ და საიდანაც საჭიროების შემთხვევაში იღებენ ხოლმე ღვინოს. ღვინის ამოსაღებად ხმარობენ გოგრას, რომელსაც ხის ტარი აქვს დამაგრებული. აქედან ღვინო გადააქვთ ბურდუკში (დედანში, bourdouk, რუმბი – მთარგმ. შენ.), კამეჩის ან ცხვრის ტყავში, რომელსაც ელასტიურობის შესანარჩუნებლად შიდა მხრიდან კუპრს უსვამენ. კუპრი ღვინოს უსიამოვნო გემოს აძლევს, თუმცა ამ გემოს ადვილად ეჩვევიან. არაფერია იმაზე უცნაური სანახავი, ვიდრე ეს გაბერილი ტყავები, რომლებსაც ცხოველის თავდაპირველი ფორმა აქვთ შენარჩუნებული. ბურდუკები არაბათი (ურემი) გადააქვთ, რომლის ყოველ გაქანებაზე იგი ცოცხალი ცხოველივით შეხტება ხოლმე, და შემდეგ დუქნის კართან კიდებენ. ბურდუკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჰერმეტულად არის დახურული და გადატანის დროს სითხე არ ჭანჭყარებს. ღვინოების უმრავლესობა წითელია. ღვინო ცუდად ინახება და ერთ წელზე მეტ ხანს იშვიათად ძლებს, რადგან მის შესანახად არც სარდაფები აქვთ და არც საწყობები. ღვინო გადატანას რომ უძლებდეს, კარგი გამოსადეგი იქნებოდა კუპაჟისათვის. თუმცა უკვე იწყება მეგრული ღვინოების ექსპორტი რუსეთში ოდესის გავლით.

ძველად, უმთავრესად ლეჩხუმში, სადაც შესანიშნავი ჯიშის დახვეწილი გემოს ღვინოები აქვთ, ვენახის ყველა მეპატრონე ხდიდა ჭაჭას, მაგრამ რუსეთის ოკუპაციისა და აქციზის დაწესების შემდეგ ეს წარმოება აიკრძალა.

ყირიმიდან ოცი წლის წინ შემოტანილი იზაბელა გარდა, რომელმაც დაავადებას გაუძლო და უხვად იძლევა საშუალო ხარისხის ღვინოს, სამეგრელოში არის სხვა სამართლიანად დაფასებული ჯიშებიც. უპირველეს ყოვლისა ეს არის ოჯალეში, (vin chargé), მუქი წითელი შეფერილობის ღვინო, ნაზი და სასიამოვნო ბუკეტით, რომელიც შეიძლება ბურგუნდიის ჩვენებურ კარგ ღვინოებს შევადაროთ. იგი შეიცავს 11%-მდე ალკოჰოლს. შემდეგ მოდის მწვანე, ჭვიტლაური (ჭვიტილური), ჩეჭიფეში, მაჭყვატური, ქორბადიდი (Korbadidi) და სხვ. მევენახეობით სახელგანთქმულია შემდეგი სოფლები: სალხინო, წაჩხური (Zalkhouri), უშაფათი, აბედათი, სკურდი, ხუნწი, შხეფი, ჯგალი, წალენჯიხა, სუჯუნა და სხვ.

პუბლიკაცია ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში: „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა ფრანგულენოვან გამოცემებსა და საარქივო მასალებში“.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული