Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი – მერისის მერმისი

მომავალ წელს ახალი ღვინის ფესტივალზეაჭარული ღვინოც იქნება

ლევან სეფისკვერაძე, ლევან ბეჟანიძე  

2 ივნისს ღვინის კლუბისა და ქართული ვაზის ფონდის წევრები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისს ესტუმრნენ. ამ დღეს მერისელ მევენახე-გლეხებს გადაეცათ 1500 ძირი ჩხავერი, რომლებიც თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში უნდა გაახაონ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული მცირე პროექტის პრეზენტაციამ მერისში ზეიმის სახე მიიღო.

ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როდესაც USAID-ისმხარდაჭერით,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში,ღვინის კლუბის, ქართული ვაზის ფონდისა და ასოციაცია “ბორჯღალოს” წარმომადგენლებმა აჭარაში ექსპედიცია მოაწყვეს. პროექტის მიხედვით, აჭარის მეწყერსაშიშ ადგილებშიუნდა შერჩეულიყო ისეთი სოფელი, სადაც ადგილობრივი გლეხები თავიანთ ნაკვეთებში უნიკალური ქართული ჯიშის -ჩხავერის გაშენებით იქნებოდნენ დაინტერესბულნი. რამდენიმე სოფლის დათვალიერების შემდეგ არჩევანი მერისზე შეჩერდა, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები შედარებით კარგად არის შემონახული და ამავე დროს, გლეხებს აქვთ სურვილი, ეს ტრადიციები გააგრძელონ. CENN-ის ინიციატივით, ამ გზითორი პრობლემის გვარდება-ვაზი ფერდობებზენიადაგის ეროზიას აჩერებს და მეწყერსაშიში პროცესების შეჩერებას უზრუნველყოფს. შერჩეული ჯიში – ჩხავერი კი პერსპექტივაში ამ რეგიონშიმეღვინეობის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

“ეს პროექტი პილოტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების შემთხვევაში, ის მევენახეები, რომლებიც დღეს ჩხავერის პატარა ნერგებს რგავენ, სამომავლოდ მისაბაძნი გახდებიან. კარგ მაგალითს საქართველოში დიდი ძალა აქვს და გვჯერა, სამომავლოდ ჩხავერს ჩვენი დახმარების გარეშეც ბევრი გააშენებს”, - აღნიშნა CENN ხელმძღვანელმა ნანა ჯანაშიამ.

მერისელებისთვის ჩხავერის ნერგები აგრონომმა თეიმურაზ გორგილაძემ გამოიყვანა. CENN-მა და ღვინის კლუბმა სწორედ მას მიანდო ნერგების დამზადება და მერისელ გლეხებამდე მიტანა. 2 ივნისამდე თეიმურაზ გორგილაძე მერისში ორჯერ იმყოფებოდა. იგი პირადად შეხვდა ჩხავერით დაინტერესებულ გლეხებს და დეტალურად აუხსნა, როგორ უნდა გაახარონ მის მიერ გამოყვანილი ნერგები. მანამდე ღვინის კლუბმა კარდაკარ ჩამოვლით და სათითაოდ გამოკითხვით შეარჩია მევენახეები, რომლებმაც ზოგმა - ოცი, ზოგმა - ოცდაათი, ზოგმაც ორმოცდაათი და ასი ძირი ჩხავერი ითხოვეს თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთებისთვის. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვაზს ვერ გაახარებდნენ და უფრო სხვა სასოფლო კულტურების გაშენების ინტერესი ჰქონდათ. ცხადია, ისეთ გლეხებს, ვისაც მევენახეობა არ აინტერესებდათ, ნერგები არ შეხვდათ. 

აჭარაში ჩხავერის პოპულარობას ხელი ორიოდე წლის წინშექმნილმა “აჭარული ღვინის სახლმაც”შეუწყო. ახლადდაარსებული ღვინის კომპანია გლეხებისგანჩხავერისხარისხიან ყურძენს 3-4 ლარად იბარებს, რაც მევენახეებისთვისდიდი სტიმულია.

2 ივნისს თითქმის მთელი სოფელი მერისის გამგეობის წინ შეიკრიბა. პირველი ნერგები სადემონსტრაციოდ, ჟურნალისტების თანდასწრებით, ახალგაზრდა მევენახის, ავთანდილ თურმანიძის ნაკვეთში დაირგო. აქვე გადავიღეთ ისტორიული ფოტო. ავთანდილ თურმანიძის მამას და ბაბუას ფერდობზე აქამდე სიმინდი მოყავდათ. ახალგაზრდა შთამომავალს უნდა, ამ ტერიტორიაზე მთლიანად ვენახი გააშენოს. ჩხავერის გარდა, მომავალი წლისთვის კიდევ ოჯალეშის დამატებას აპირებს.

მერისელები, რომლებსაც ვაზის ნერგები გადაეცა,ამბობენ, რომ ჩხავერსსათანადოდ მოუვლიან და შეეცდებიან, 1500 ძირიდან ყველა გაახარონ. ღვინის კლუბის წევრები ვხედავდით, როგორი სიხარულითა და იმედებით აღსავსენი ინაწილებდნენ ვაზის ნერგებს და უკვე იმაზეც მსჯელობდნენ, ვისი სავენახე ადგილი იყო უფრო უკეთესი ჩხავერის გასაშენებლად.

როლანდ წითელაძე, მერისის გამგებელი: „დღეს დიდი ზეიმია ჩვენს სოფელში. 1500 ნერგი ჩხავერი ჩვენთვის მართლაც დიდი საჩუქარია. აჭარაში თანდათან იღვიძებს მევენახეობის ძველი ტრადიციები და დღევანდელი დღე შეიძლება ისტორიულიც გამოდგეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სოფლის ისტორია ხელახლა იწყება. აჭარაში ვაზი ყოველთვის უყვარდათ და განსაკუთრებულ პატივსაც სცემდნენ. ქედის რაიონში დღემდე ბევრ გლეხს მოჰყავს ყურძენი და ღვინოსაც ბევრი აყენებს. თუმცა, ჩხავერი არც ისე ბევრია. ახლა ამ ყურძენზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა და დიდი მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს, რომ გარშემო არსებული ბევრი კარგი სოფლიდან, ჩხავერის გასაშენებლად ჩვენი სოფელი გამოარჩიეს“.

ღვინის კლუბის წევრებთან ერთად მერისში იმყოფებოდა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე. მისი თქმით, CENN-ისა და ღვინის კლუბის ერთობლივი პროექტი სასიამოვნო სიურპრიზია სწორე დღეს, როცა აჭარის მევენახეობა-მეღვინეობას დახმარება და თანადგომა სჭირდება. ლევან უჯმაჯურიძემ ადგილობრივებს ჩხავერის წარმომავლობაზეც ესაუბრა და განუმარტა, რომ ჩხავერი გურიის ვაზის ჯიშია, თუმცა მისგან აჭარაშიც კარგ ღვინო დგება. მერისელებს ამ საკითხზე სხვა აზრი ჰქონდათ – ამბობდნენ, ჩხავერი აჭარის ჯიშიაო.  

ლევან უჯმაჯურიძე, პროფესორი: “ძალიან მიყვარს მთიანი აჭარა. თვითონაც ხედავთ ამ ლამაზ მთებსა და ბუნებას. ხელის შეწყობა თუკი ექნება, აქ ჩხავერიც მშვენიერი მოვა და იმედი მაქვს, მომავალში, როცა აქ ამოვალთ, ყველას ნატურალური ღვინო ექნება. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფეხმოკიდებულია შაქრიანი ღვინის დაყენების მავნე ტრადიცია. მე მჯერა, რომ აჭარაში ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება.Aიმედს ამ ხალხის მონდომება და ინტერესი მაძლევს”.

პროექტში ჩართულ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ღვინის კლუბიც თავს მოვალედ თვლის, ქედაში ჩატანილი 1500 ნერგის შემდგომი ბედით მუდმივად დაინტერესდეს და ადგილობრივ გლეხებს მუდმივად გაუწიოს კონსულტაციები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ინიციატორები მევენახე გლეხებს წელს შესაწამლი პრეპარატებითაც დაეხმარებიან, რაც ვენახის მოვლა-პატრონობის  ხარჯებს შეამცირებს.

აჭარის აბორიგენული ვაზის ჯიშებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საწური, რომელიც დღეს ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. ბევრი ქედელი საწურის შესაძლებლობებს წლების მანძილზე ეჭვის თვალით უყურებდა და ამ ვაზის ჯიშის ყურძენს მხოლოდ სხვა ჯიშთან შერევით წურავდა. საწურით ღვინის კლუბის წევრების დაინტერესების შემდეგ, ადგილობრივმა მევენახემ ემზარ დოლიძემ გადაწყვიტა, წლევანდელ რთველზე საწური ცალკე დაწუროს. თავის მხრივ, ღვინის კლუბი მას დაპირდა, რომ საწურის ღვინოს მომავალ წლის ახალი ღვინის ფესტივალზე წარადგენს და ხალხს გააცნობს.

ემზარ დოლიძე, მერისელი მევენახე: „ორი ძირი საწური მაქვს ჩემს ეზოში ხეივანზე გაშვებული, საიდანაც 60 კილომდე ყურძენს ვკრეფ. რაკი თქვენ, კლუბი დაინტერესდით, მომავალ წელს აუცილებლად მექნება საწურის ღვინო და ყველას გაგასინჯებთ. მეც ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა”.

სამომავლოდ მევენახეებს დახმარებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროც პირდებათ.  

ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი: ”ჩემთვის, როგორც ამ დარგის სპეციალისტისათვის, ეს ღონისძიება არის ხელახლა დაბადება. გარკვეული წლების მანძილზე მევენახეობას სტრატეგიული მიმართულება ჰქონდა ჩვენს რეგიონში. მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე ვენახები განადგურდა. იგივე დაემართა ყოფილი კოლმეურნეობის ვენახებსაც. დღესდღეობით, როცა „აჭარულმა ღვინის სახლმა“ ჩხავერის პოპულარობა აამაღლა, უკვე ყველა ცდილობს, საკუთარ მამულებში ამ ჯიშის ვაზი გააშენოს. მაგრამ ახლა ნერგის დეფიციტი შეიქმნა. მე პირადად ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩვენი გლეხი თვითონ დაიწყებდა ჩხავერის ნერგების ძებნას. მევენახეობაში ჩვენი პატრიარქი, მაქსიმე რამიშვილი წერს, რომ ჩხავერი არის გურიის ჯიში, მაგრამ იქვე დასძენს აჭარაშიც არის გავრცელებულიო. ამიტომ, ჩხავერს აჭარელი აჭარულ ჯიშად თვლის და გურული გურულად. ჩხავერის დაფასებამ გლეხობა ამ ჯიშისაკენ შემოატრაილა. გლეხები ხვდებიან, მცირემიწიანობის პირობებში, რომელი კულტურა იქნება მათთვის უფრო მომგებიანი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი დღეს აჭარის ვენახები დაახლოებით 170 ჰექტარს მოიცავს, დადგება დრო, როდესაც აჭარაში 1500-2000 ჰექტარზე იქნება ვენახები გაშენებული. ამის პოტენციალი ჩვენს რეგიონს ნამდვილად გააჩნია“.  

სოფელ მერისში, ნერგების გლეხებისათვის გადაცემისა და რამდენიმე ძირის საზეიმოდ დარგვის შემდეგ, ღვინის გასინჯვა და აჭარული კერძების დეგუსტაცია გაიმართა. ქედაში ჩასული სტუმრების უმეტესობას გასინჯული არ ჰქონდა ცნობილი აჭარული კერძები: კაიმაღი, ბორანო, სინორი... იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ - აჭარა ხელახლა აღმოვაჩინეო.

© ღვინის კლუბი/Weekend



წარსულის მომავალი... კარგი სტატიაა... წაქცეულს ფეხზე წამოდგომის სურვილს გაგიღვიძებს... სადღეგრძელოს თქმას მოგანდომებს... გაგიმარჯოთ!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული