Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა, როგორც მოდის ინდუსტრია

ნინა ახლოური

მეთ ქრამერის ბლოგს Wine Spectator-ზე სისტემატურად ვკითხულობ, თუმცა როგორც ამასწინათ აღმოვაჩინე, ერთი ძალიან საინტერესო პოსტი თვალთახედვიდან გამომრჩენია. საუბარი მაქვს წერილზე, რომლის სათაურია  "რატომ სჭირდება ღვინოს მოდა", რომელმაც ღვინის მწერლებსა და ჟურნალისტებში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. რამდენიმე პასუხი, რომლის ინტერნეტ სივრცეში პოვნა მოვახერხე, ძირითადად, საკმაოდ კრიტიკული და ნეგატიური შინაარსის გახლდათ. ასეთივე განწყობის მატარებელი (ქრამერის იდეისთვის) იყო ის კომენტარები, რომლებიც მკითხველებმა ამ საპასუხო წერილებზე დატოვეს. მთავარი მიზეზი კი უბრალოა - ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ღვინის კარგი მცოდნეებისა და ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის რთული აღმოჩნდა დაეკავშირებინათ ორი ისეთი ცნება, როგორიცაა მეღვინეობა და მოდა.

დღევანდელ წერილში მე სწორედ ქრამერის ამ სტატიის ირგვლივ მინდა ვისაუბრო. იგი Wine Spectator-თან 1985 წლიდან თანამშრომლობს, ღვინოზე სიტყვა ნამდვილად ეთქმის და ვფიქრობ, აღნიშნულ წერილზე ასეთი საყოველთაო ნეგატიური გამოხმაურება უკვე უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ იდეა ბოლომდე გაუგებარი დარჩა. იდეა, რომელიც შესაძლოა საციცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს ქართული მეღვინეობისთვის. თუმცა, სანამ ამ თემას შევეხები, მინდა ორი ისეთი ფენომენის მარტივ კავშირზეც ვთქვა ორი სიტყვა, როგორებიცაა ღვინო და მოდა.

ჩვენს საუკუნეში რომ ღვინის პოპულარობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია, ეს სწორედ მოდის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, აქ მოდური პიჯაკებისა და ჩანთების სიმრავლის წარმოდგენა გულუბრყვილო საქციელი იქნებოდა. ვგულისხმობ ფაქტორს, რომელიც განაპირობებს თუნდაც ტანსაცმლის შეკერვის წინაპირობას. ეს გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელმაც ბოლო ხანებში ასე აქტუალური გახადა გარუჯული სხეული, ეკო-მოდა (რომელმაც თავის მხრივ განსხეულება ჰპოვა ისეთ უცნაურ სამოსში, როგორიცაა პარაშუტის ნარჩენებისგან დამზადებული ქურთუკები თუ სხვადასხვა სახის აქსესუარები), ათასგვარი ფიტნეს-პროგრამები და მათ შორის... ღვინოც. ამ ტენდენციას ღვინოსთან ყველაზე პირდაპირი კავშირი აქვს, რასაც წინ უძღოდა მეოცე საუკუნეში კაცობრიობისთვის მეცნიერებისა და მედიკოსების მიერ გაკეთებული საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩენები. აქედან გამომდინარე, ყველამ მიიღო მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღვინო ძლიერი ანტიმჟანგავი საშუალებაა დაბერებასთან საბრძოლველად, ისევე, როგორც ათეროსკლეროზის, ონკოლოგიური დაავადებების, სტრესის, ტვინის ეფექტური ფენქციონირების დარღვევასა და სხვა უამრავ ჯანმრთელობისთვის საშიშ ფაქტორთან. ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თემაა ასევე იმის მიზეზიც, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასე მოდური გახდა ორგანული წესით დამზადებული, ე.წ. ბიო-ღვინოები, როგორც ზოგადად ბიო-პროდუქტები. დამეთანხმებით, მსგავსი ინფორმაციის შემცველი ეტიკეტი პირველი მიიპყრობს ოცდამეერთე საუკუნის კეთილგონიერი პირმშოს ყურადღებას, როგორი გადავსებულიც არ უნდა იყოს მაღაზიის დახლი.

სხვა საქმეა გავლენიანი მეღვინეების თემა. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია, რომ ევროპაში ახალი მოდური ტენდენციის, ქვევრის მეღვინეობის უკან ცნობილი პიროვნება, იოშკო გრავნერი დგას. სწორედ მას გაუჩნდა იდეა, უძველესი ტექნოლოგიები ბიოდინამიკურ მეღვინეობასთან დაეკავშირებინა და მისი წარმატებული ექსპერიმენტის წყალობით, მთელი ევროპის მეღვინეებში ქვევრის თემა ასეთი აქტუალური და მოდური გახდა. ღვინის "მოდაზე" თავის დროზე უდიდესი გავლენა მოახდინა ემილ პეინომ, ენოლოგიის ფრანგმა მამამ, რომელმაც ბორდოს ღვინოს გემო შეუცვალა, დახვეწა რა მისი დამზადების ტექნოლოგია და მასში არსებული ტანინები უფრო ნაზი გახადა. პეინოს დამსახურებად შეიძლება ასევე ჩაითვალოს ისიც, რომ ესპანურმა ღვინოებმა სახელი ასე გაითქვეს. იტალიელი ანჯელო გაიას ღვინო ისე მოდურად ითვლება, რომ მისი კომპანია, Vini di Gaja თავს უფლებას აძლევს, ბოთლს 600 ამერიკული დოლარის ფასი დაადოს. წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოდ თავად გაია რესტორნებთან მჭიდრო თანამშრომლობას ასახელებს, რომლებიც ღვინის მოდის პატარა კანონმდებლებად მიაჩნია. ასევე თვლის, რომ გაუმართლა ვენახებში და იმაშიც, რომ მისი გვარი ასეთი პატარა და იოლად დასამახსოვრებელია. ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც სასმელის ახალ მოდაზე საუბრობდა, ისიც თქვა, რომ ახლა ტკბილი ღვინოები გახდა პოპულარული, რაშიც კოკა-კოლას მიიჩნევს "დამნაშავედ". ვინ ან რა არის ღვინის მოდის მთავარი კანონმდებელი - წარმატებული და გავლენიანი ენოლოგი, ცხოვრების წესი თუ კოკა-კოლა, ამაზე ხანგრძლივი მსჯელობაა შესაძლებელი. აი როდესაც მეთ ქრამერს ჰკითხეს, თუ ვინ მიაჩნია იმ პიროვნებად, რომელმაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა იტალიური ღვინის წარმატებაში (ანჯელო გაია, პიერო ანტინორი თუ ჯონ მარიანი), ბატონმა ქრამერმა ამ კითხვას ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა - ჯორჯო არმანი.

რა შეიძლება გააკეთოს არმანიმ ისეთი, რომ უფრო მეტად შეუწყოს ხელი იტალიური ღვინის პოპულარობის ზრდას მსოფლიოში, ვიდრე ეს ესპანურის შემთხვევაში ემილ პეინომ გააკეთა? ალბათ ის, რომ შეფუთოს ის თავისი დიზაინით ან მეტიც, გამოუშვას თავისი სახელობის ღვინო. სინამდვილეში, მოდის ინდუსტრიისა და მეღვინეობის ტანდემი არც ისე ახალია და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ძალიან მომგებიანიც. მაგალითად, იტალიურ Diesel-ს თავისი ღვინო აქვს (ვენეტოს ვენახებიდან), რომლის ჩამოსხმას მთვარის ფაზების მიხედვით ახდენს, ეტიკეტის მაგივრად კი ტექსტი პირდაპირ ბოთლზე იბეჭდება. დიზაინი მართლაც გამორჩეულია, რაც ბუნებრივიცაა, ეს ხომ Diesel-ია.

ადრეც ვწერდი რობერტო კავალის ღვინოებზე. მეღვინეობით მისი შვილი, ტომაზოა დაკავებული, მამას კი ყოველი ახალი მოსავლის "შეფუთვის" ფუნქცია აკისრია. თუ ამას დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ ღვინო ულამაზესი ტოსკანიდანაა, ხოლო კომპანიის კონსულტანტი ცნობილი იტალიელი მეღვინე, კარლო ფერინია, სულაც არაა გასაკვირი, რომ კავალის ღვინო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ელიტურად ითვლება. აქ ამზადებს ღვინოებს ფერაგამოც. ვერსაჩე სიცილიის ვენახებს ანიჭებს უპირატესობას, ბოთლის დიზაინიც მაშინვე მიგახვედრებთ სასმელის მოდის ამ სახლთან მჭიდრო კავშირს. თუმცა, რაზე გესაუბრებით... ქრამერს სულაც არ უგულისხმია, რომ არმანის შეუძლია გაიაზე უკეთესი პროდუქტი შექმნას და იტალიურ ღვინოს ამით გაუთქვას სახელი. ასე იფიქრა ერთმა მიმომხილველმა, ოლივერ სთაილზმა, როდესაც ქრამერის საპასუხოდ დაწერა წერილი "ღვინო, როგორც მოდური აქსესუარი, ანუ ღვინის სიკვდილი", სადაც ამბობს: "როდის შეიძინეთ ბოლოს პრადას კაბა ან ფერარის მანქანა? ისინი მშვენიერი უნდა იყოს, მაგრამ უბრალო ადამიანებს არ შეუძლიათ თავს ამის უფლება მისცენ".

უბრალო ადამიანებს შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, იყიდონ არანაკლებ ხარისხიანი იტალიური ღვინო (ვიყოთ ბოლომდე გულახდილები, 100 ევროს ზემოთ ფასი უკვე დიზაინის ან სახელის ღირებულებაა და არა გემრიელი ღვინის) თუნდაც 20-30 ევროს ფარგლებში. მთავარია, რომ მათ იციან - იტალია ის ქვეყანაა, სადაც იმდენად კარგი ვენახებია, დიზაინერებიც კი ვერ უძლებენ მისი დამზადების ცდუნებას. არა, საქმე ამაშიც არაა. როგორც ქრამერმა სამართლიანად აღნიშნა თავის წერილში, იტალია ბოლო პერიოდში ასოცირდება უზადო სტილთან - მოდურია არა მხოლოდ ის, რასაც მილანში პოდიუმებზე ვხედავთ, არამედ იტალიური რესტორნები, შოკოლადი, მანერები, ცხოვრების სტილი... სწორედ ამის გამო საშუალო ხარისხის იტალიური ღვინო უფრო გაყიდვადია, ვიდრე უფრო მაღალის – ახალზელანდიური. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ბოლო დროს იტალია ღვინის გაყიდვებით უსწრებს საფრანგეთს - ამ უკანასკნელმა დაივიწყა, რომ კარგი ღვინოების დამზადებასთან ერთად საჭიროა საკუთარი კულტურის ექსპანსიაზე ზრუნვა და სხვების თვალში მისი უფრო მიმზიდველად წარმოჩენა.

გაყიდო ღვინის ბოთლთან ერთად უზადო დიზაინის ფეხსაცმელი, ისე, როგორც ამას Piper Heidsieck აკეთებს კრისტიან ლუბუტანთან ერთად, საინტერესო იდეაა, მაგრამ ეს არაა ის, რაზეც ქრამერი გვიყვებოდა. აზრის უფრო ნათელსაყოფად მას მოჰყავს უბრალო მაგალითი - ჩილეური და არგენტინული ღვინოები. ის წერს, რომ როდესაც არგენტინამ გაუსწრო ღვინის ექსპორტით შეერთებულ შტატებში ჩილეს, რენე მერინომ, ჩილეს ღვინოების პრეზიდენტმა, ასეთი რამ თქვა არგენტინაზე: "მათ აქვთ ქვეყნის გაცილებით ძლიერი იდენტურობა, ვიდრე ჩვენ. მათ აქვთ ფეხბურთი, ბუენოს აირესი, ტანგო. ეს არის უპირატესობა, რომელიც ეხმარება მათ კრიზისის დროს". მეთ ქრამერი თავის მხრივ ამატებს: "ნებისმიერ ღვინის ქვეყანას აქვს "მოდის ინდუსტრიის" შესაძლებლობა. ეს შეიძლება არ მოიცავდეს ტანსაცმელს და დიზაინსაც კი. არ აქვს მნიშვნელობა. მოდა ხომ ამაზე გაცილებით მეტია. ეს ოცნების დაპროექტებას გულისხმობს". საფრანგეთის შემთხვევაში ეს დახვეწილი სტილია, იტალიის – ელეგანტურობა, არგენტინის – ბუენოს აირესი და ტანგო. რა ოცნების შექმნა შეუძლია საქართველოს, რომ ის ღვინის მომხმარებლისთვის მიმზიდველი გახადოს, გარდა თავად ღვინისა? ამასთან, იქნებ დროა, რომ ქართველი მეღვინეების გარდა ჩვენმა საზოგადო მოღვაწეებმა და უცხოეთში სახელგანთქმულმა თანამემამულეებმაც დაიწყონ მონაწილეობის მიღება ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში? რამდენად შედეგიანი იქნება ეს მცდელობა, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. ცდა კი, ვფიქრობ, ნამდვილად ღირს. მთავარი იმ უბრალო ნიუანსის გააზრებაა, რომ ქართული ღვინო, როგორც თავის სამშობლოსგან იზოლირებული პროდუქტი, არ არსებობს. სასმელის ხარისხი კი, ალბათ, თავის საქმეს ნელა, მაგრამ მაინც გააკეთებს, მაგრამ აქ ერთი კითხვა იბადება - როგორ შეაფასებს უცხოელი მომხმარებელი ღვინოს, თუ მანამდე მისი გასინჯვის სურვილი არ გაუჩნდა?

© ღვინის კლუბი/Weekend



მახსოვს, ქართული სამთავრობო პროგრამა არსებობდა კიდეც და რომელიღაც (თუ არ ვცდები ბრიტანულმა) კომპანიამ ამ პროგრამის დაფინანსებით დაკვეთაც შეასრულა ქართული ღვინის ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად. სულ ახლახან პრესაშიც გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კვლევები ჩატარდა, სტრატეგია შემუშავდა და ქართველ მეღვინეებს ერთიანი მარკეტინგული ქოლგის ქვეშ გაერთიანება "wine of georgia" შეეთავაზათ.თუმცა ჯერ არც ერთ ქართული ღვინის ეტიკეტზე არ მინახია ამგვარი აღნიშვნა, გარდა ხოხბის ცრემლებისა, რომლის პროდუქციაზე ილიას სიტყვებთან ერთად "produced and bottled in caucasus georgia"–ა მითითებული. (გული კი მართლა დამწყდა, რომ ილიას ნააზრევში პრაგმატული ელემენტები ქართველ მეღვინეებზე ადრე ამერიკელმა მეღვინემ შენიშნა). სტატიის ბოლოს მართლა ძალზე მტკივნეული კითხვებია დასმული ქართული ღვინის მომავლის შესახებ. ნეტავი, აი ის "კონფიდენციალური" მარკეტინგილი კვლევა–სტრატეგია თუ ითვალისწინებს ამ კითხვებზე პასუხს? – თუნდაც კონცეპტუალურ დონეზე.? p.s. მადლობა სტატიისთვის კიდევ ერთი p.s. -ვიცი, ამ ბლოგის თემა არ არის, მაგრამ როგორც გადასახადის გადამხდელს, მაინტერესებს, რა დაჯდა მთავრობის მიერ დაკვეთილი ის კვლევა, რა შედეგით დასრულდა იგი და თუ დაუკვეთეს,მაშინ რატომ აღარ იყენებენ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას მსხვილი ქართული კომპანიები ან რატომ არ ახდენს ამ სტრატეგიის სტიმულირებას სახელმწიფო. (ბოდიში ინტრიგნობისთვის :)


წავიკითხე თუ არა ეს სტატია თვალწინ დამიდგა ჩვენი პოპულარული საოპერო , მომხიბლავი მომღერლები, რომლებმაც უკვე გარკვეული წარმატებები მოიპოვეს მსოფლიო პრესტიჟულ სცენებზე... აბა როგორი იქნება ღვინით სავსე ბოკალით ხელში - ნინო სურგულაძე ან ანიტა რაჭველიშვილი,პაატა ბურჭულაძ ან ნინო მაჩაიძე და სხვები... ჩვენთან ხომ ღვინო ლხინთან და უპირველესად, სიმღერის კულტურასთან ასოცირდება?


აბა, აბა???!!! პაატა ბურჭულაძე ლა სკალაში ყანწით ხელში რომ შეასრულებს დაისიდან "ღვინოვ კახუროს", ქართულ კომპანიები გაყიდვებს ვეღარ აუვლენ ი მომენტიდან. ამის შემდეგ კი ჩაეყრება საფუძველი product placement-ს საოპერო წარმოდგენებში. აბა წარმოიდგინეთ როგორია –ვერდის "ტრავიატაში", სასმისებს იმ კასრიდან ავსებენ, რომელსაც "ბადაგონის" ან "თელავის ღვინის მარნის" ემბლემა აქვს დაკრული. ჰა?! :):):):) რეალობას არ უნდა მოწყდეთ, თორემ კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით: ოპერით ევროპას ვერ გავაკვირვებთ და ვერ გავაოცებთ, ნუთუ რამე თვითმყოფადი არ გვაქვს, რაც მხოლოდ ჩვენია ??? ამაზე ალბათ მარკეტოლოგებმა უნდა იფიქრონ


:))) მე სულაც არ მიგულისხმია ამ წერილში, რომ პოპულარიზაცია გროტესკამდე უნდა დავიდეს არგენტინელები არ თამაშობენ ფეხბურთს ღვინის სურათებიანი მაისურებით, არც მოდის ინდუსტრიის მაგალითზე მეწერა სადმე, „პაკლონზე“ დიზაინერები ღვინის ბოკალით ხელში გამოდიან-მეთქი :)) მარკეტოლოგებმა ამაზე უნდა იფიქრონ, თუმცა რომელიმე ერთი კომპანიის მარკეტოლოგი ამ საქმეს ვერ გაწვდება...


ირაკლი, მსოფლიო ბანკის კვლევას გულისხმობთ? წესით სახელმწიფომ უნდა გახადოს ვალდებული კომპანიები ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ, ისე შეთავაზება არ იქნება ეფექტური საიმონ ბელის რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ თუ ეს გაერთიანება მოხდებოდა, საერთო სადისტრიბუციო ქსელიც შეიქმნებოდა და მარკეტინგიც საერთო იქნებოდა. მიზანი: კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე და ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. იმისთვის, რომ გაჩნდეს პასუხები წერილის ბოლოში დასმულ კითხვებზე, ჯერ ალბათ ბელის რეკომენდაცია უნდა მოვიდეს სისრულეში და შემდეგ დაიწყება ფიქრი, როგორი უნდა იყოს ეს საერთო მარკეტინგი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული