Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცენარეები სავენახე ნიადაგების შერჩევის თვალსაზრისით

„იორდანეს სალამი“ (რიგი - ბაიასნაირნი. ოჯახი - იორდასალამისებრნი. გვარი - იორდასალამი, იგივე იორდანეს სალამი).

გიორგი ბარისაშვილი

ჩვენი წინაპრები სოფლის მეურნეობის კულტურების ნიადაგების სათანადო შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სხვადასხვა კულტურების გასაშენებელი ფართობის შერჩევის მხრივ უპირატესობა და განსაკუთრებული ყურადღება ვაზს ეთმობოდა. სავენახე ნიადაგების შესარჩევად ითვალისწინებდნენ: ადგილის ექსპოზიციას, ფართობის სიმაღლეს ზღვის დონიდან, მზის განათებას, ნიადაგის ტიპს, ნაკვეთის სიახლოვეს ტყესთან და სხვ. გარდა ადამიანის პრაქტიკული დაკვირვებისა, სავენახე ნიადაგის ავკარგიანობაზე შემოგარენში გავრცელებული ზოგიერთი მცენარეც მეტყველებს. ზოგჯერ, რომელიმე მცენარის ვენახში არსებობა იმას მიანიშნებს, რომ ნიადაგის მდგომარეობა არ არის იდეალური ვაზის კულტურისათვის. მაგალითად, ვენახში შვიტას (Equisetum) არსებობა მიანიშნებს ნიადაგის მაღალმჟავიანობაზე, რაც არ არის სასურველი და სხვ. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ვენახების სიახლოვეს ან სავენახე ნიადაგზე ძეძვის (Paliurusspina-christi) გავრცელება მიანიშნებს იმას, რომ ამ შემთხვევაში სავენახე ნიადაგი და მისი სტრუქტურა იდეალურია.

 დიდად სამწუხაროა, რომ კონკრეტული წიგნი ვენახებში და სავენახე ადგილებზე გავრცელებული მცენარეების მნიშვნელობის შესახებ არ მოგვეპოვება, რაც დიდად მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით ბიომევენახეობის დარგის განსავითარებლად. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს ერთი უნიკალური წიგნის შესახებ, სადაც აღნიშნულ საკითხებზე შევხვდებით მეტ-ნაკლებ ინფორმაციას. ესაა - „კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში“(ნ. კეცხოველი. თბილისი, 1975 წ.). აღნიშნულ წიგნში განხილულია სოფლის მეურნეობის ყველა კულტურა, რაც კი საქართველოში იყო და არის გავრცელებული. განხილულია მათი გავრცელების არეალები; მათთვის შესაფერისი თუ საუკეთესო ნიადაგები; მოყვანილია ამონარიდები სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან თუ ხალხური თქმულებებიდან და სხვ. ამჯერად კი გვინდა, შემოგთავაზოთ ამონარიდი ამავე ნაშრომიდან. ეს გახლავთ მცირედი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელზეც საუბარია ამ მოკლე წერილის დასაწყისში.

„აღმოსავლეთ საქართველოს ველების ზონაში სოფლის მეურნეობის ფრიად მრავალფეროვანი დარგია განვითარებული, მათ შორის მევენახეობა ამ მხრივ ტიპური და დამახასიათებელია, მისი გავრცელება დაკავშირებულია ველების ფორმაციასთან. მისი განვითარების ოპტიმალური პირობები ზონალურად ტიპურ ჯაგ-ეკლიან ფორმაციას არ სცილდება, მართლაც ჯაგ-ეკლიანი ველის ფორმაციებში ვენახი ფრიად კარგად გრძნობს თავს. ამ მოვლენის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჯაგ-ეკლიანი ველი, მისი ვარიანტებით, მევენახეობის გავრცელების არეა. ამ ფორმაციის ნიადაგური და კლიმატური პირობები სავსებით აკმაყოფილებს ვენახის მოთხოვნილებას, ასევე აკმაყოფილებს მას უროიანი ველი. (ურო - Andropogon ischaemum l. კახ. ურობანდი; ქიზ. ურობალახი; რაჭ., ლჩხ,. ზმ.იმ. ურნალი; ინგილ. თეთრ ბალახ; მეგრ. გაჯაჯა, ჩე ტყა, ბოგვერი, ჩე ოდიარე. განთქმული სავენახე ადგილი სახელწოდებით „უროები“ გვხვდება ასევე კახეთში, სოფელი ბაკურციხის მიმდებარედ. გ.ბ.).

 რამდენადაც ჯაგ-ეკლიანი ფორმაციის ამა თუ იმ ცენოზში მეტია ტიპური ველის ელემენტი, იმდენად ვენახი უფრო მაღალშაქრიანი ყურძნის მომცემი იქნება. რამდენადაც ველის ტიპური ელემენტები უკან იხევენ და მეტი ჩნდება საქართველოს მთებს შუასარატყელის ქვემო ზოლის ელემენტები, იმდენად ამ არეში გავრცელებული ვენახი მცირეშაქრიან ყურძენს მოგვცემს.

 იქ, სადაც ქართლში ჯაგ-ეკლიანი ველი მუხნარში და მუხნარ-ჯაგ-რცხილიანში გადადის (900 – 1100 მ), ვენახიც ხეირობს, მაგრამ მასზე მეტი ზეგავლენაა საჭირო. მაგალითად, ზოგან ზამთარში დამარხვა (ალში, ავნევში, ნულში და სხვ.). მევენახეობის საუკეთესო რაიონების აღნიშვნის დროს რუკაზე ქართლისათვის ერთი საინტერესო დეტალიც გამოირკვა: „იორდანეს სალამი“ (Paeoniatenuifolia L. S. I), ველებისათვის ეს ტიპური და დამახასიათებელი მცენარე, გავრცელებულია ჯგუფ-ჯგუფად. ასე, მაგალითდ, გვხვდება სოფლებში - იგოეთში, კასპში, დამპალოში, ქვემოჭალაში, კირბალში, ფლავისმანში და სხვ. ამ მცენარის გავრცელება მთლიანი კი არ არის, არამედ წყვეტილია, განსაზღვრულ ტერიტორიებს ახასიათებს, ჩვეულებრივ გვერდის ძირებზეა შეფენილი, მთისწინა კალთებზე; იორდანეს სალამის გავრცელების პუნქტები საქართველოში საუკეთესო მეღვინეობის რეგიონებად ითვლება, ამ სოფლების ვენახები იძლევა სუფთა, შუშხუნა, კრიალა, გამჭირვალე და სურნელოვან ღვინოებს, ის ვენახები მუხრანის მიდამოებში, რომელნიც გაშენებულია იორდანეს სალამის გავრცელების არეში (დამპალო) იძლევა გაცილებით უფრო მაღალხარისხიან ღვინოს, ვიდრე ის ვენახები, რომლებიც გაშენებულია იმ არეში, სადაც „იორდანეს სალამი“ არ გვხვდება (თვით ვაკე). სწორედ ასეთივე მოვლენა გვაქვს სოფ. ფლავისმანში, „იორდანეს სალამის“ გავრცელების არეში გაშენებული ვენახები უკეთეს ღვინოს იძლევა ვიდრე ის ნაკვეთები, სადაც ეს მცენარე არ მოიპოვება (ფლავისმანს კარგი ღვინოების გამო ქართლში „პატარა კახეთს“ ეძახიან). ამ მაგალითითაც, ერთხელ კიდევ დასტურდება, თუ რა დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მცენარეული საფარის სწორ გამოყენებას“.

  დაგვეთანხმებით, რომ აღნიშნული წიგნიდან ეს მცირედი ამონარიდი ნამდვილად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. თავად მცენარე - იორდანეს სალამი ა. მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით (თბილისი, 1991 წ.) შემდეგი კუთხური სახელებით მოიხსენიება: იორდასალამი. ქართ., ქიზ. ტყის ყაყაჩო; კახ. გუგულის კაბა; ზმ. რაჭ. გუგული; ქვ. რაჭ. ყაყაჩო; საბა. იორდასალები; ნ. კეცხოველი. იორდანეს სალამი. ამავე ლექსიკონიდან ვიგებთ, რომ არსებობს ასევე იორდასალამი ველისა და იორდასალამი აფხაზური. ხოლო გერმანულ-ქართულ, ქართულ-გერმანულ ბოტანიკურ ლექსიკონში (არქიმანდრიტი ლაზარე გაგნიძე-დვალი. თბილისი, 2012 წ) ვკითხულობთ, რომ არსებობს: იორდასალამი ბაღის, ველის, ველური, მლოკოსევიჩის, სტევენსის და ჩინური. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მევენახეობის სფეროს უკიდურესად უჭირს. ამიტომაც ამ დარგის ყოველი გონივრული გამოცემა და ნაშრომი, რომელიც მცირედით მაინც წაგვადგება, მისასალმებელია.

მცხეთა, 2020 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული