Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ილია წინამძღვრიშვილი, საუბარი ვაზის გამრავლებაზე რქის დაწიდვნით

ვაზის გამრავლება დაწვენითაც შეიძლება. ვაზის გადაწვენას ქართველები  დ ა წ ი დ ვ ნ ა ს  ეძახიან. ვაზის დაწიდვნა ბევრ-გვარია, მაგრამ მე თქვენ გაგაცნობთ მხოლოდ ერთ გვარ ვაზის დაწვენას, დაწიდვნას.

ვაზი ამ რიგად იწიდვნება: ვენახში დედა-ვაზების ახლო თხრილები კეთდება. თხრილებს სიღრმე ნახევარ ადლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ დედა ვაზიდან ფრთხილად, რომ ის წელში არ მოტყდეს, ერთი წლის გამოტანილი რქა უნდა მოიხრას და თხრილში ჩაწვეს; თავი კი რქას იმ მხრივ ამოუჩნდეს, საითაც ვაზის გაშენებას მოვენახე მოინდომებს.

გადახრილი ვაზი უნდა შუაში დაისეროს და ხის კაპით მიწაში დამაგრდეს, რომ ზემოთ  რქა არ ამოვარდეს. დასერვით დედა-ვაზს და იმის შვილს-რქას ერთმანეთს აშორებენ და იმათ საერთო საზრდოს უცალკევებენ. თუ ასე არ მოხერხდა, დედავაზი თავის ნორჩ შვილს დასჩაგრავს, დასძლევს, სრულებით შეისვავს იმის საზრდოს და მით ახლად დაწიდნულ ვაზს დააჭლექებს.

თხრილები შემოდგომით უნდა შემზადდეს. ესრეთ მომზადებული მიწა დაიწვის და რქის დაწიდვნამდე გაფხვიერდება.

პირველ წელს გადაწვენილ ვაზს ნახევრამდე თხრილში მიწა უნდა წაეყაროს; მომავალ წელს-კი თხრილები სრულებით უნდა ამოიმსოს. გამოჩენილ მოვენახეებისაგან შენიშნულია, რომ ასე თხრილის შემსება უმჯობესია: ვაზი მიწაში ლაღად ინახება და ფესვებს მალე იკეთებს. გადაწვენილი ვაზი იმავე წელს, შემოდგომით, ან გაზაფხულზე მეორე წელს თავის დედა ვაზს უნდა მოშორდეს. თუ დაწიდნული ვაზი დედა ვაზს დიდ-ხანს შერჩა, იმისი შვილი მოუძლურდება: დედა-ვაზი დასძლევს, სულ თავისკენ გაიტანს საკვებავს.

ზოგიერთი მოვენახენი სამზღვარ გარეთ ასე სწიდვნენ ვაზსა: სწნავენ გოდრებს, გოდრებს ცალ-მხრივ ყურეს, ხვრილს უკეთებენ. შემდეგ დედა-ვაზს ორმოში გოდორს უდგმენ. ერთი წლის რქის თავს გოდრის ხვრილში ისე უყრიან, რომ თავი გოდრის შუაგულში დადგეს. გოდორს მსუქანი მიწით, გადამწვარი ფოთლით – ნოშოთი ავსებენ. დაწიდნული ვაზი ფესვებს რომ გამოიღებს, მაშინ იმას დედა-ვაზს აცლიან და გოდორი გადააქვთ იქ, საცა ჰსურთ. ამისთანა ვაზის მოშენებას იშვიათად ხმარობენ, რადგან ძვირათა ჯდება.

ჩაყრილი რქა მიწის ზემოთ ტანს აიყრის; მიწის ქვემოთ-კი ფესვებს გაიდგამს. ტანთ-ფესვები ვაზს სრულებით უნდა გადაეჭრას, თორემ ყინვა-სიცივე იმათ შეაშინებს. ფეხთ-ფესვები უნდა დადგეს ორ-სამ ციდაზე. ფესვებს, თუ მეტი სიგძე მიეცა, მაშინ ისინი ეგრე მალე ვერ დასრულდებიან. სხვილი ფესვი უფრო ღონიერია, ვიდრე წვრილი ფესვი.
რქა ყლორტებს რომ ამოიყრის, ის ორ კვირტზე უნდა დადგეს. ასე გაშენებული ვაზი მეორე-მესამე წელს ყურძენს დაისხამს.

ვაზის მოშენება. Vitis Vinifera. ტფილისი. სტამბა ა.ა. მიხელსონისა. 1889 წელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული