Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერის მრავალფეროვნება

ლევან სეფისკვერაძე

დასავლეთ საქართველოს ვაზის საღვინე ჯიშებიდან ჩხავერი ყოველთვის გამორჩეულ და განსაკუთრებულ ჯიშად ითვლებოდა. ჩხავერის სამშობლოდ გურიის რეგიონია მიჩნეული, თუმცა ეს ჯიში ისტორიულად ყოველთვის გაშენებული იყო აჭარისა და იმერეთის სოფლებშიც. ჩხავერი მცირე რაოდენობით ასევე გვხვდება სამეგრელოსა და აფხაზეთში. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ სიტყვა “ჩხავერი” წარმოებული იყო ქართული სიტყვა “გრჯღადან”, რაც მსხვილ, განტოტვილ (გაბარჯღულ) ხეს ნიშნავდა. თუმცა, ქართველ ისტორიკოსსა და მკვლევარს არ ეთანხმებოდა ამპელოგრაფი მაქსიმე რამიშვილი, რომლის აზრით, ჩხავერის სახელწოდება შესაძლებელია მომდინარეობდეს სიტყვა “ჩხადან”, რაც ქართულ ენაში ვაზზე აჭრილ რამდენიმემტევნიან რქას ეწოდება. ამგვარად აჭრილ ვაზის მტევნებს (ჩხებს) საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ზამთრისათვის საჭმელ ხილად ინახავდნენ და ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.

რაოდენობრივად მესამე, ხარისხობრივად პირველი

სამწუხაროდ, ამ ჯიშის შესახებ წყაროებში ძალზე ცოტა ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა, მეცნიერებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ჩხავერი აბორიგენული ქართული ჯიშია. ეს ჯიში განსაკუთრებულად კარგად მაინც მაღალმთიანი გურიის (უმეტესად ჩოხატაურის რაიონი) და ოზურგეთის რაიონის სოფლებში ხარობს: საჭამიასერი, იანოული, ბურნათი, ხიდისთავი, საყვავისტყე, ბახვი, ასკანა ნასაკირალი და სხვა... ხარობს. ზოგიერთ სოფელში გურულები ჩხავერს “ჩხიკელის” სახელწოდებითაც მოიხსენიებენ.

ჩხავერის, როგორც ვაზის ჯიშის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად, სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლები გამძლეობა ითვლება. ამპელოგრაფები მიიჩნევენ, რომ გურიაში ჰიბრიდული ადესას მომძლავრება სწორედ ჩხავერის ნაკლებად გამძლეობის გამო მოხდა. რაოდენობრივად გურიაში (ჩხავერის სამშობლოში) ეს ჯიში ცოლიკოურისა და ადესას შემდეგ, მესამე ჯიშად ითვლება. ბოლო პერიოდში გურიაში თანდათან დაიწყეს ჩხავერის უფრო ფართოდ გაშენება. თუმცა, რაოდენობრივად ჯიშის ამჟამინდელი მდგომარეობა სასურველზე ბევრად ცუდია.

ჩხავერი გურიასა და აჭარაში (უმეტესად ქედას რაიონში) გვხვდება როგორც მაღლარად, ასევე დაბლარად გაშენებული. თუმცა, დასავლეთ საქართველოში ჩხავერს ძირითადად მაღლარად აშენებენ. თუკი უხვმოსავლიანი წელი იქნება, ადგილობრივი გლეხების მტკიცებით, მაღლარად გაშენებულ ერთ ძირ ჩხავერზე 100 და 120 კილოგრამი ყურძნის მოკრეფაც კი არის შესაძლებელია, რაც მოსავლიანობის მხრივ ქართული ვაზის ჯიშებს შორის უდავოდ სარეკორდო ციფრია. საბჭოთა პერიოდის აგროტექნიკოსთა აზრით, ჯიშმა ხარისხიანი მოსავალი რომ მოგვცეს, უმჯობესი იქნება თუკი დაბლარად გავაშენებთ და ამ შემთხვევაში ჩხავერის ერთი ძირისაგან, საშუალო მოსავლის შემთხვევაში დაახლოებით 5-7 კილოგრამი ყურძნის მიღება იქნება შესაძლებელი.

ცივჩხავერა და მცირემოსავლიანი ჩხავერი

“საქართველოს ამპელოგრაფიაში” მეტად საინტერესო ინფორმაციას ნახავთ ჩხავერის ვაზთან დაკავშირებით. კერძოდ, 1960 წლისათვის ჩოხატაურის რაიონის სოფლებში: დაბლაციხეში და საჭამიასერში, ამპელოგრაფებმა ნახეს ჩხავერის საკმაოდ ასაკოვანი (45 წლამდე) ძირები, რომლებიც ხნოვანების მიუხედავად, დამაკმაყოფილებელი ზრდა-განვითარებითა და მოსავლიანობით გამოირჩეოდნენ. ეს უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად ჯიშის დაავადებებისადმი ნაკლებამტანობისა, ჩხავერს, თუკი მევენახე სათანადო პირობებს შეუქმნის, ამ ჯიშს ათწლეულების მანძილზე შეუძლია კარგი ხარისხის მოსავლის მოცემა. ეს თვისება ვაზის ბევრ ცნობილ ევროპულ ჯიშს არ ახასიათებს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩხავერი ბოთლირებული სახით მცირე რაიოდებობით იწარმოებოდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში 14 ჰექტარზე გაშენდა ჩხავერის ვენახი (ჩხავერის ამ მოცულობის ვენახი საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არსებობს) სადაც დაკრეფილი ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს, ოზურგეთის ღვინის ქარხანა 70-იან წლებამდე ასხამდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღნიშნული ვენახი ბახველ გლეხებზე გადანაწილდა და მოხდა ისე, რომ ბევრმა გლეხმა ჩხავერის ვენახს მარცვლეული კულტურები არჩია და სოფელ ბახვის ცნობილი ვენახი დღეს დაახლოებით 5 ჰექტარზეღაა შემორჩენილი.

1947 წლის ვენახების აღწერის მასალების მიხედვით, მთელს საქართველოში ჩხავერის ჯიშისაგან გაშენებული ვენახები 134,5 ჰექტარს აღწევდა. აქედან 57 ჰექტარი მაღლარად, დანარჩენი კი დაბლარად იყო გაშენებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩხავერის ვაზი გურიის გარდა, აჭარაში და აფხაზეთიც გაშენდა. 1959 წლის მონაცემებით ირკვევა, რომ ჩხავერის ვენახები დასავლეთ საქართველოში 279 ჰექტარს შეადგენდა. ეს რაოდენობა დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დიდად ჩაითვალოს, მაგრამ, წინა საუკუნის 60-იან წლებში ქართველი ამპელოგრაფები ფიქრობდნენ, რომ არა ჭრაქისა და ნაცრის მიმართ ჯიშის ნაკლები გამძლეობა, ჩხავერი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გაშენდებოდა. 

გურიისა და მთიანი აჭარის ზოგიერთ სოფელში, ჩხავერის ორი ვარიაციაა გავრცელებული, ე.წ. ცივჩხავერა და მცირემოსავლიანი ჩხავერი. ცივჩხავერა ჩხავერისაგან განსხვავდება ზოგადი ბოტანიკური ნიშნებით. მისი ფოთლები ჩხავერისაზე მცირე მოცულობისაა, აქვს ასევე პატარა მტევანი. მისი მარცვალი წვრილი და მომრგვალებულია. მარცვლის კანი რბილობს ძნელად სცილდება და ამითაც შეგვიძლია ცივჩხავერა ჩხავერისაგან განვასხვავოთ. ე.წ. მცირემოსავლიანი ჩხავერი გვხვდება როგორც დაბლარად, ასევე მაღლარად გაშენებული. ამ ვარიაციას კლასიკურ ჩხავერთან უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია მცირემოსავლიანობა განასხვავებს. ამას გარდა, მცირემოსავლიანი ჩხავერი, შეფერილობით ჩხავერზე უფრო მუქი წითელია.

ვენახების სიმცირე ჩხავერის მთავარი პრობლემაა

დღეს ჩხავერის ღვინოს ბოთლირებული სახით, ქართულ ღვინის ბაზარზე ძირითადად ორი კომპანია – აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში მდებარე “აჭარული ღვინის სახლი” და გურული კომპანია “იბერიელი” ყიდის. “აჭარული ღვინის სახლი” დღესდღეობით გარკვეული პრობლემის წინაშე დგას და ამჟამად ღვინის წარმოება შეჩერებული აქვს. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული კომპანია “იბერიელი” კი მართალია ნელი ტემპებით, მაგრამ წლიდან-წლამდე მაინც ზრდის ღვინის წარმოებას.

“იბერიელის” მფლობელი, ზურაბ თოფურიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართულ მეღვინეობაში ჩხავერის მომავალს დიდი იმედით უყურებს და იმედი აქვს, რომ ეს ღვინო მომავალში უფრო ბევრ ადამიანს დააინტერესებს. 

ზურაბ თოფურიძე, მეღვინე: ”ჩხავერი ზოგადად გამორჩეული ჯიშია და იგი პირველ რიგში ფერით არის გამორჩეული. ჩხავერი ხომ ვარდისფერყურძნიან ჯიშად ითვლება. ჩხავერის მტევანი მზეზე ვარდისფერია, ჩრდილში კი მუქი ლურჯია. ჩხავერი არის გვიანი მოსავლის ყურძენი და ასე გვიან, (ნოემბრის ბოლოს) ქართული ჯიშებიდან მხოლოდ ოჯალეში და ჩხავერი იკრიფება. ჩხავერისაგან ღვინოც მრავალნაირი დგება: თეთრი ფერის, ყავისფერი, ლალისფერი, ძოწისფერი და მუქი. ამ ჯიშისგან ამავე დროს შეიძლება მივიღოთ აისვაინის მსგავსი ღვინოებიც. საჭმელადაც გადასარევი ჯიშია. ვენახზე დატოვებული ყურძენი საკმაოდ კარგად ინახება. ერთი ის არის, რომ ნაგვიანებ ჩხავერს ჩიტები აფუჭებენ და ამ მხრივ დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება.

წელს გურიაში ჩხავერის საკმაოდ კარგი მოსავალი იყო. 8 ტონამდე ყურძენი ჩავიბარე. ჩემი ვენახებიც კი მაქვს, მაგრამ, ვენახების დიდი ნაწილი ახალი ჩაყრილია და მოსავლის მოცემას უახლოეს მომავალში ველოდები. ამიტომ, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში მცხოვრები გლეხებისაგან ვიბარებ ჩხავერის ყურძენს და როდესაც ჩემი ვენახი გაიზრდება, გლეხებთან ურთიერთობის გაწყვეტას მაშინაც არ ვაპირებ. უახლოეს მომავალში, ჩემი საკუთარი ჩხავერის ვენახი 3-5 ჰექტარზე მექნება გაშენებული და ვიმედოვნებ, წლიდან-წლამდე კიდევ დავუმატებ ჩემს ვენახს ფართობებს. ჩოხატაურის რაიონში ნანახ ვენახებს შორის, ყველაზე დიდი ვენახი რომელიც მინახავს, დაახლოებით 3 ათას კვადრატული მეტრის ფართობის იყო. ვენახების სიმცირე – ეს არის ჩხავერის მთავარი პრობლემა და მე იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში დაიძლევა!”

ჩხავერის პერსპექტივები

როგორც ზურაბ თოფურიძემ აღნიშნა, ჩხავერი სხვა ქართული ვაზის ჯიშებიდან იმითაც გამოირჩევა, რომ ეს ვაზი, ისევე როგორც მეგრული ოჯალეში, საქართველოში პრაქტიკულად ყველაზე ბოლოს – ნოემბერში, ანდა დეკემბერში იკრიფება. შეიძლება ითქვას, რომ მთელს საქართველოში რთველი მეგრული ოჯალეშისა და გურულ-აჭარული ჩხავერის კრეფით სრულდება. მეღვინეების აზრით, ჩხავერისგან მაღალი ხარისხის აისვაინის მიღებაც არის შესაძლებელი. ქართველი მეღვინეები ბოლო წლებში უკვე დაფიქრდნენ ჩხავერისაგან აისვაინის დამზადებაზე და იმედია, ქართული ღვინის მოყვარულები ნაზამთრალი ჩხავერისაგან დაყენებული “ზამთრის ღვინის” გასინჯვას სულ მალე შეძლებენ.

დასავლურქართული წესით დაყენებული ჩხავერის ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, არის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და ჰარმონიული ქართული ღვინო, რომელიც ასევე ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით გამოირჩევა. ჩხავერისაგან მზადდება როგორც სუფრის ღვინო, ასევე ყურძნის ეს ჯიში რეკომენდირებულია ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. ჩხავერის ღვინის შეფერილობა და გემური თვისებები ღვინის სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩხავერი არის პრაქტიკულად ერთადერთი ქართული ვაზის ჯიში, რომლისგანაც ბუნებრივად ვარდისფერი ღვინო შეიძლება დამზადდეს.

ჩხავერისაგან დაყენებული ბოთლის ღვინოს საქართველოში ძალიან ცოტა მწარმოებელი ამზადებს. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია. ჩხავერის ფართობები დღეს გურიაშიც კი ძალიან არის შემცირებული. თუმცა, ჯიშის პერსპექტიულობა ღვინის სპეციალისტებს შორის ეჭვს არ იწვევს და იმედია, ჩხავერი მომავალში კიდევ უფრო მეტი ღვინის მოყვარულის საყვარელი ჯიში გახდება.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული