გამოქვეყნებულია: 31 მაისი, 2010 - 16:55
სოფიკო კვანტალიანი
ნოემბრის დასასრულს მოაგროვეთ ძროხის ნაკელი. ჩატენეთ ძროხისვე რქაში და ჩამარხეთ მიწაში. გაზაფხულამდე დატოვეთ. თოვლის დნობის დასრულებისთანავე რქა ამოთხარეთ, შიგთავსი წყლიან სათლში გახსენით და ერთი საათი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ - საპირისპიროდ ურიეთ, თანაც ისე, რომ მორევის პროცესში შუაში ღრმა კრატერი გაიკეთოს - ასე მასში ჩაბუდებულ მიწის ბუნებრივ ენერგიას გააღვივებთ. შემდეგ შეამოწმეთ მთვარის კალენდარზე ხელსაყრელი დღე და ვენახს მიასხურეთ... ეს რაღაც მისტიკური რიტუალი არაა, ეს მიწის განოყიერების ბიოდინამიკური მეთოდი და პრეპარატი "ასტრალიზებული" მიწაა (P500 horn manure), თანაც ისეთი ეფექტური, რომ ჰექტარი მიწის გასანოყივრებლად სულ რაღაც 60 გრამი დაგჭირდებათ.
რქას ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი ფორმა, პირამიდის მსგავსად, ენერგიას აგროვებს. შტაინერი წერდა, რომ ძროხას რქა ეთერულ-ასტრალური ენერგიის ორგანიზმში, კერძოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, გადასაგზავნად სჭირდებაო. ნაკელით რქის გავსებით და მიწაში ჩაფლვით კი ეთერიზაციის და ასტრალიზაციის პროცესი ხდება. ამ კონცენტრირებული "ასტრალიზებული" სასუქიდან ვაზი განსაკუთრებულ მუხტს იღებს, რაც შემდგომ ღვინოში გადადის. ამგვარი ღვინო დღეს ძალიან პოპულარული და ძვირადღირებულია და მისი მომხმარებელთა რიცხვი ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად იზრდება. ყოველი მეორე ამერიკელი მზადაა სოლიდური თანხა გაიღოს ბოთლი ღვინისთვის, რომელსაც ეტიკეტზე ჯადოსნური სიტყვა organic აწერია. რა არის ეს - მოდა თუ საჭირო რამ?
თუკი ისტორიას დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ თავდაპირველად სოფლის მეურნეობა ორგანული იყო. ყველაფერი XX საუკუნეში შეიცვალა, როცა "დიდი ქიმია" შემოვიდა... გლეხი მიხვდა, რომ ნაკვეთის გასანოყიერებლად ერთი ურემი სუნიანი ნაკელის ნაცვლად საკმარისი იყო სულ რაღაც ერთი პაკეტი უსუნო თეთრი ფხვნილი, ხოლო სპეციალური სითხის შეფრქვევით მავნე მწერებისგან დაიცავდა თავის ნათესებს. ასე რომ, მევენახეობა არ ჩამორჩა ქიმიურ ბუმს. ყოველივემ კი რასთანაც მიგვიყვანა, კარგადაა ცნობილი: გამოფიტული ნიადაგები, პროდუქტებში კანცეროგენული და სხვა მავნე ნივთიერებების დაგროვება, მცენარეთა და ცხოველთა მუტაცია, ცვლილება ეკო და ბიოსფეროში და ა.შ. ერთხელ, ერთმა ბიოდინამიკოსმა, კლოდ ბირგინიონმა თქვა: "უდაბნო საჰარას ქვიშაში უფრო მეტი სიცოცხლეა, ვიდრე საფრანგეთის ზოგიერთ მიწაშიო." ეს შედეგი მთელ მსოფლიოს შეეხო. ამიტომაც აიკრძალა გარკვეული პესტიციდის, ჰერბიციდის და ინსექტიციდის გამოყენება. ამის შემდგომ, დაახლ. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, თითქოს ერთიანად მოხდა საზოგადოების მსოფლმხედველობის შეცვლა, გაჩნდა ახალი ტენდენციები: დაიწყო აქტიური საუბარი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ბუნებასა და ადამიანს შორის ჰარმონიაზე, დაიწყო გატაცება აღმოსავლური ფილოსოფიით, ოკულტიზმით, შემოვიდა ათასგვარი Spa, უარი ითქვა სინთეტურ მასალებზე და ა.შ. შემდეგ შემოვიდა - ორგანული ხილი, ბოსტნეული, ხორცი და მარცვლეული და ბოლოს - ორგანული ღვინო.
ბიოდინამიკა უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე "გაცნობიერებული" ორგანიკა და ჯერჯერობით ისინი პარალელურად ვითარდებიან, თუმცა მათ შორის პრინციპული განსხვავებები არსებობს. ბიოდინამიკის საფუძველი ორგანული წარმოებაა, ანუ უარის თქმა ყოველგვარ ქიმიასა (გოგირდის გარდა) და გმო-ზე (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები). ბიოდინამიკა ასტროლოგიასთან იკვეთება, იმდენად რამდენადაც ყოველგვარი პრაქტიკა და მიწის დამუშავება მთვარის ფაზებს და პლანეტათა განლაგების მიხედვით ხდება. ამ პრაქტიკათა უმრავლესობას არა აქვს მეცნიერული ახსნა, რაც ბიოდინამიკას გარკვეულწილად მისტიკურ ელფერს სძენს. ბიოდინამიკა გაცილებით უფრო შრომატევადია, ამიტომაც ბიოდინამიკის პროდუქტები გაცილებით ძვირია ორგანულზე.
ნათესები ბიოდინამიკურ მეურნეობაში
დამატებითი ნათესებით მევენახემ, პრაქტიკულად, უნდა მიაღწიოს სხვადასხვა ეფექტს ვაზის ვეგეტატიური ციკლის სხვადასხვა დროს. ამისთვის არსებობს მთელი რიგი მცენარეები, რომლებიც ვენახის ეკო-ბიო და ესთეტიკურ სისტემებს აბალანსებენ. მათ შორისაა:
ვარდი (Rosa)
ძველი დროიდან ვარდებს ვენახებში რგავდნენ, რადგანაც ისინი ვაზზე უფრო მგრძნობიარენი არიან. პირველები სწორედ ვარდები ავადდებიან და ნიშანს აძლევენ მევენახეს. დღეს ვარდს, როგორც ვაზის დიაგნოსტიკის საშუალებას, არავინ იყენებს, მაგრამ მას ვენახში სილამაზისთვის და იმ მწერების ალტერნატიული გარემოსთვის ტოვებენ, რომლებიც ზიანს აყენებენ ვაზს.
პარკოსნები (Vicia faba major)
ამ კულტურათა ჩარგვა რიგებს შორის ან ვენახის მთელ პერიმეტრზე ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების განვითარებას, ნიადაგის გაჯანსაღებას, ამცირებს ვაზის დაავადებათა რისკს. ეს კულტურები აზოტისა და ფოსფორის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან, რაც პრინციპული ელემენტებია ვაზის კვებისთვის, ბიომასის ზრდისა და ფოტოსინთეზის სწორად წარმართვისთვის.
იონჯა (Medicago sativa)
იგი მთავარ როლს ასრულებს ვაზის წყლის ბალანსში. გაზაფხულზე, ხშირი წვიმების დროს, ისინი იწოვენ წყლის ნაწილს (რადგან მათი ფესვები მიწის ზედაპირზეა) და ამით იცავენ ვაზს ზედმეტი ბიომასის (ყლორტების, ფოთლების) გაზრდისგან, რაც ხელს შეუშლის ნაყოფის განვითარებას. ზაფხულში, გვალვის დროს, იონჯა სინოტივეს ნიადაგის ზედა ფენაში იკავებს და მას გამოშრობის საშუალებას არ აძლევს.
რა საოცრებებს ახდენს ორგანკა ვენახებში?
1. ორგანული სასუქი ნიადაგს კვებავს, მაშინ როცა ქიმიური უშუალოდ ვაზზე ახდენს ზემოქმედებას. ორგანული სასუქით მიწის დამუშავების შემდეგ ვაზს ნიადაგში ურთულდება "კონკურენტული გარემო", მარცვალის რაოდენობაც იკლებს და მოცულობაც, სანაცვლოდ კი ღვინის ხარისხი უკეთესდება.
2. ვაზის სოკოს საწინააღმდეგო შეწამვლით ქიმიური ნივთიერებები პირდაპირ ვაზის წვენში ხვდება, ორგანული პრეპარატებისა კი - არა. ქიმიური საშუალებები ანელებენ მარცვლის მომწიფების პროცესს და სპობენ მის კანზე მიკროფლორას, რაც ღვინოს "ტერუარის" ნიშნებს აცლის.
3. ჰერბიციდები, რომლებიც ვენახის რიგებს შორის სარეველების გასანადგურებლად გამოიყენება, ნიადაგში გროვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვაზზე გადადის და მის ხასიათს ცვლის. თუ ორგანიკის მეთოდებს მივმართავთ და სარეველებს უბრალოდ გადავბარავთ ან მათ ნაცვლად დავრგავთ ე.წ. cover crops (წიწიბურას, პარკოსნებს და ა.შ.), მაშინ ეს არა მარტო გააუმჯობესებს ნიადაგის ორგანიკას, არამედ ღვინოსაც ხასიათს შესძენს.
4. ჰერბიციდები ნიადაგში მიკროფლორას სპობენ, ეს კი ნიადაგსა და ვაზს შორის შემაერთებელი რგოლია (ის ნიადაგში ჟანგავს მიკროელემენტებს, რათა ვაზმა ადვილად შეითვისოს). თუ არ არის მიკროფლორა - არც ჰუმუსია; თუ ჰუმუსი არ არის - ნიადაგი გამომშრალია, მშრალ ნიადაგში კი ვაზი სტრესშია. ამან შეიძლება UTA-ს დეფექტი (ღვინის ნაადრევი დაძველება, რომელიც ფერმენტაციის დროს მიკროელემენტების ნაკლებობის შედეგია) გამოიწვიოს.
5. ორგანიკა უარს ამბობს პესტიციდებზე და "ეპატიჟება" მწერებს, რომელთა ვენახში თანაარსებობა ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას. ამ დროს ვენახის ეკოსისტემაში ვითარდება "მეგობრული ფაუნა" (ფუტკრები, ობობები და ა.შ.), რომლებიც დადებითად მოქმედებენ თავად ეკოსისტემის ბალანსზე. პესტიციდები კი უწესრიგოდ მოქმედებენ, ისინი ანადგურებენ ცუდსაც და კარგსაც, თანაც კანცეროგენები არიან და ვნებენ ვენახში მომუშავეთა ჯანმრთელობასაც.
6. ორგანულ ღვინოში დაწეულია დასაშვები სულფიტების ზღვარი, შესაბამისად, ისინი გემოთიც უფრო "სუფთაა" და მათი დალევის შემდეგ იშვიათია თავის ტკივილი.
ორგანიკის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე მესამე და მეექვსე პუნქტები ერთგვარი აქილევსის ქუსლი იყო, რადგან ყურძნის მარცვალი ხომ არა მხოლოდ ყვავილების, რომლებსაც მევენახეები ვენახის რიგებს შორის აშენებენ, სურნელს იწოვს, არამედ ნაკელის "კეთილსურნელებასაც". თავიდან კი ბევრი "ორგანისტი" ღვინოს არ ფილტრავდა, არ იცოდა რა რაოდენობის გოგირდი გამოეყენებინა, ამიტომაც პირველი ორგანული ღვინოები ყარდა.
ნათელია, რომ ორგანული მიწათმოქმედება, კერძოდ, ღვინის წარმოება, ყველასთვის და ყველაფრისთვის კარგია: გამოფიტული და ნახევრადმკვდარი ნიადაგისთვის, ბიოსფეროსთვის, ეკოლოგიისთვის, ბუნებრივი ბალანსისთვის და მათთვის, ვინც ღვინოზე მუშაობს და რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ღვინოს მიირთმევს. მოკლედ, მთელი საზოგადოებისთვის.
ბნელი მხარე
იმის მტკიცება, რომ ორგანიკა ყველა უბედურებისგან თავის დაღწევის გზა და ბუნების გადარჩენის ერთადერთი პანაცეაა, ნაადრევია, რადგან ორგანიკასაც თავისი ნეგატიური მხარე აქვს, უპირველესად ნიადაგისთვის. მაგალითად, სარეველების ჰერბიციდების გარეშე მოცილების მიზნით, მიწის გადაბარვისას მიწის ქვედა ფენა ნიადაგის ზედაპირზე ხვდება და მზეს ეფიცხება. ის ორგანული მატერია, რომელიც მცენარეთა ფესვების ბიოლოგიური დაშლის შედეგად გამომუშავდა, ზედაპირზე ხვდება, იწვება მზეზე და მიკროორგანიზმები, რომლებიც პასუხს აგებენ ბიოდაშლაზე, ასე მარტივად იღუპებიან. ამგვარი ნიადაგი კი, როგორც წესი, წვიმებით გამოწვეული ეროზიებისკენაა მიდრეკილი, რაც ნიადაგის დეგრადაციის წინაპირობაა. ასე რომ, ორგანიკის გამოყენება არამდგრად ეკოსისტემაში დამანგრეველ შედეგებს იწვევს.
ორგანულად წარმოებული პროდუქტებიც როდი არიან სრულიად უსაფრთხო. რამდენიმე კვლევის დასკვნის მიხედვით ამერიკაში ნაწლავური ჩხირით დაავადების 8% სწორედ ორგანული საკვების მიღებასთანაა დაკავშირებული. მართალია, ეს ღვინოს არ ეხება, იმდენად, რამდენადაც ღვინო ალკოჰოლის მაღალი შემცველობის, დაბალი pH-ის და ანტისეპტიკის (გოგირდის სახით) შემცველობის გამო, გამორიცხავს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, მაგრამ ეს ორგანული მეთოდით წარმოებულ სხვა პროდუქტებს ნამდვილად ეხება. და ბოლოს, ორგანიკის ყველაზე დიდი "მაგრამ": ბევრი ენთუზიასტი, რომელიც ორგანიკას და ბიოდინამიკას ესწრაფვის, რატომღაც ივიწყებს, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ისევე როგორც... ძროხები, რომლებიც გვაძლევენ ნიადაგისთვის ნაკელს. ისინი ხომ არ არიან XIX საუკუნიდან, როცა არ იყო ანტიბიოტიკები, ძროხის ცოფი და ბევრი ძნელად განსაკურნებელი დაავადება, რითიც ახლა ავადობენ თანამედროვენი. და თუ რა სახით გამოიდევნება ეს ანტიბიოტიკები ძროხის ორგანიზმიდან, ადვილი მისახვედრია. ასე რომ, "ნამდვილი" ორგანიკისთვის საჭიროა არა მარტო ორგანული მიწა, არამედ ძროხაც!
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი