Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აჭარაში ვაზის იშვიათი ჯიშებისადმი ინტერესი იზრდება

ალეკო ცქიტიშვილი

აჭარაში მევენახეობა და მეღვინეობა სწრაფი ტემპით ვითარდება. 5-10 წლის წინ  ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ რამდენიმე წელიწადში აჭარის სოფლებში გლეხები ახალი ვენახების გაშენებას დაიწყებდნენ და კონკურენტუნარიანი ღვინის საწარმოებიც შეიქმნებოდა. მევენახეები თანდათან აჭარის აბორიგენული ვაზის ჯიშებითაც ინტერესდებიან და ორ-სამ წელიწადში ღვინის ბაზარზე მოსალოდნელია, გამოჩნდეს საწურის, მეკრენჩხის, ბროლას, ბუტკოს და აჭარის სხვა ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები.

დღეისათვის აჭარის მევენახეობაში ყველაზე გავრცელებული ჯიშებია: ჩხავერი და ცოლიკოური, ასევე შეგხვდებათ - ოჯალეში, ალადასტური და საწური (სინონიმი - საწურავი). საინტერესოა, რომ ამ ჯიშებიდან ადგილობრივი მხოლოდ საწურია. სხვა ჯიშები რეგიონში ძირითადად მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, გურია, სამეგრელო) და პრაქტიკულობიდან გამომდინარე, მალევე მოიპოვა პოპულარობა.

ბოლო წლებში აჭარის რეგიონში მევენახეობის დარგის გამოცოცხლება ჯერ „აჭარული ღვინის სახლის“, შემდეგ კი „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ აქტიურობამ განაპირობა. ეს კომპანიები მევენახე-გლეხებისაგან ჩხავერის ყურძენს საკმაოდ მაღალ ფასში - კილოგრამს 3-4 ლარად იბარებდნენ. ამან გლეხები წაახალისა და ბევრმა ოჯახმა დაიწყო ჩხავერის ახალი ვენახების გაშენება. გამოცოცხლდა სამყნობი მეურნეობებიც.

კომპანია „აჭარული ღვინის სახლი“ „ჩხავერიdან“ აყენებს ვარდისფერ მშრალ ღვინოს სახელწოდებით - „პორტო-ფრანკო“. 2012 წლიდან საწარმომ შეამცირა მევენახეებისაგან ჩხავერის მიღება, რამაც გლეხების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ამავე წლიდან აჭარაში გააქტიურდა „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“. „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას“ აჭარაში სერიოზული გეგმები აქვს. წელს ქედაში დაიწყო ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომლის საძირკველშიც სიმბოლური კაფსულა ერთობლივად ჩადეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ. ქარხანა სრული დატვირთვის შემთხვევაში სეზონზე 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. საწარმო ორ წელიწადში გაიხსნება. საძირკველის ჩაყრის შემდეგ 15 მევენახეს საჩუქრად 300 ძირი ჩხავერის ნერგი გადასცეს. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღვინის საწარმო ხელს შეუწყობს ქედის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებას და გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას. ქედელ მევენახეებს ყურძნის მოსავლის ადგილზე რეალიზების საშუალება მიეცემათ. ღვინის ქარხანა მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც. 

ცოტა ხნის წინ აჭარაში ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სააგენტოს პროგრამის მიზანია ვაზის იმ უნიკალური და იშვიათი ჯიშების აღდგენა, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდის წინ მოჰყავდათ მევენახეებს და სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს ან შემცირებული რაოდენობით ან საერთოდ აღარ მოჰყავს. პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოეწყო სანერგე, რომელსაც აქვს იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების - ცოლიკოურის, ალადასტურის, მეკრენჩხის, ბუტკოს, საწურის, ჩხავერის, ჯანის და სხვა ჯიშის ნერგები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) მევენახეებს ნერგებს უფასოდ გადასცემს, ხოლო შემდგომში ეს კომპანია ფერმერებისგან მოსავალს გარანტირებულად შეისყიდის. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მევენახეებზე უფასოდ გაცემულია 7 ათასი ვაზის ნერგი. შემოდგომიდან იგეგმება 70 ათასი ძირის გაცემა. ამასთან, პროგრამა ეხმარება ღვინის კომპანიებს მევენახე-პარტნიორების მოძებნაში, ასევე სანერგე მეურნეობებს ღვინის კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში. პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

აჭარაში ვაზის აბორიგენული ჯიშების გავრცელების გეგმებზე გვესაუბრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე. მისი თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნიკალური ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია და გავრცელებაა. 2013 წელს ცენტრმა ჯანსაღი და უვირუსო ნერგებით მოამარაგა აჭარის რეგიონის ერთ-ერთი მძლავრი სანერგე მეურნეობა - ააიპ აგრო-სერვის ცენტრი, რომელსაც ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, დაახლოებით 5 ჰექტარზე აქვს გაშენებული. მის განკარგულებაშია ორანჟერეა და სათბურები, სადაც ვაზისა და ხეხილის ნერგები გამოყავთ. 2014 წლიდან აგრო-სერვის ცენტრმა აჭარაში დაიწყო ვაზის ნერგების გაცემა. ძირითადად, მევენახეებზე გაიცემა ჩხავერისა და ცოლიკოურის ნერგები, რაზეც მოთხოვნა და ინტერესი, ტრადიციულად ყველაზე დიდია. თუმცა, სანერგეს ასევე აქვს აჭარისა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების ვაზის იშვიათი ჯიშის ნერგები, მათ შორის აჭარული ჯიშები - საწური, ბროლა, მეკრენჩხი, ბათომურა, ჯინეში და სხვა.   

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებისას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყენებს საგურამოს ცნობილი სანერგე მეურნეობის - ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის რესურსებს. ეს მეურნეობა რამდენიმე წლის წინ ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ხოლო 2013 წლიდან იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. მეურნეობაში ვაზის 440-მდე უნიკალური ჯიშია დაცული, რომელთა ნაწილი ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სანერგე მეურნეობას გადაეცა გასამრავლებლად და შემდგომში უკვე მოსახლეობაში გასავრცელებლად. ცენტრს დაარსებიდან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ის დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანამდებობაზე მისი პასუხისმგებლობა ბევრად გაიზარდა, რადგან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კომპეტენციებში ვაზისა და ხეხილის ნერგების წარმოების გარდა, სხვა ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოება, შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა და სხვა მრავალი ფუნქციაც გაერთიანდა.

ლევან უჯმაჯურიძის თქმით, აჭარის აგრო-სერვის ცენტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პარტნიორია. ამ სანერგეს მევენახეები არა მარტო აჭარიდან, არამედ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან მიმართავენ და თავიანთ ვენახებში გაშენებული ცნობილი ვაზის ჯიშების გარდა, იშვიათი ჯიშების ნერგებსაც უკვეთავენ.

ისტორიულად აჭარაში ვაზის 50-მდე ადგილობრივი ჯიში იყო გავრცელებული. აი ისინიც: ალმურა თეთრი, ალმურა შავი, ახალაკი, ბათომურა, ბაღის ყურძენი, ბროლა, ბურძღალა, ბუტკო, გორგოული, ვაიოს საფერავი, თეთრა, თურვანდი, თეთრი კაიკაციშვილისეული, კვირისთავა, კიბურა, კირწწითელა, კლარჯული, კოლოში, კორძალა, ლივანურა თეთრი, ლივანურა შავი, მათენაური, მაგარა, მეკრენჩხი, მისკიეთა, მორცხულა, მწვანურა, მწვანე აჭარული, ორჯოხული, პოვნილი, სალიკვლევი, საფერავი აჭარული, საწური (საწურავი), სხალთაური, ტყის ვაზი, ტყის ყურძენა, ქორქაულა, შავშურა, შიშველი, ჩიტისთვალა აჭარული, ჩხუში, ცვითე, ცხენისძუძუ აჭარული, წვიტე, ჭეჭიბერა, ჭიპაკური, ჭოდი, ხარისთვალა აჭარული, ხოფათური, ჯავახეთურა, ჯინეში.

ამ ჯიშების თვისებები მეტ-ნაკლებად გამოკვლეული აქვთ ამპელოგრაფებს და მათი შრომები ძვირფას ცნობებს გვაძლევს, თუ რომელ სოფელში, რა ნიადაგზე რა ჯიშის გაშენებაა უპრიანი. ცნობილი ამპელოგრაფის, მაქსიმე რამიშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში - „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“ ნათქვამია, მე-19 საუკუნეში ფილოქსერა და ვაზის სხვა დაავადებები აჭარაში შედარებით გვიან გავრცელდა, როცა უკვე სხვა რეგიონებში იცოდნენ, როგორ ეწამლათ ამ ავადმყოფობებისთვის. დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილება აჭარაზე პირდაპირ გავრცელდა, რის გამოც აქაური ვაზის ჯიშები გადაშენებას გადაურჩა.  1940-50-იან წლებში, როცა ცნობილი ამპელოგრაფები სამი რეგიონის - გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშებს აღწერდნენ და მათ სამეურნეო პერსპექტივებს სწავლობდნენ, აღმოჩნდა, რომ აჭარაში გურიის რეგიონთან შედარებით, ორჯერ მეტი ჯიში იყო გადარჩენილი, ხოლო სამეგრელოსთან შედარებით, სამჯერ მეტი. 

სახელმწიფოს მხრიდან წამახალისებელი პროგრამებისა და ღვინის მსხვილი კომპანიების კერძო ინიციატივების გარდა, მისასალმებელია ცალკეული ენთუზიასტების აქტიურობა რეგიონში. მათ შორის დავასახელებ აგრობიოლოგ თეიმურაზ გორგილაძეს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელია და პარალელურად საკუთარი ხელით ამყნობს ვაზის ათასობით ნერგს აჭარელი მევენახეებისათვის, ასევე აყენებს საუკეთესო ღვინოებს ჩხავერისგან და ცოლიკოურისგან, რომლებიც არაერთხელ დაჯილდოვდა ბათუმის საოჯახო ღვინოების ფესტივალზე. ასევე წარმატებული მეღვინეა ვაიოს მკვიდრი ლადო შავიშვილი, რომელსაც რეგიონში სანიმუშოდ მოვლილ ვენახი და საუკეთესო მარანი აქვს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული