Home
ქართული | English
ნოემბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმის პოტენციალი რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში

„ღვინის სოფლიდან“ დანახული პრობლემები

ლევან სეფისკვერაძე

პროექტი „ღვინის სოფელი“, რომელსაც „საქართველოს ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, როგორც იცით იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის მცირე მარნების დახმარებას გულისხმობს. ეს დახმარება შერჩეული მარნების ძირითადად ტურისტული კუთხით განვითარებას შეუწყობს ხელს და სწორედ ამიტომაც, უმნიშნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ამ სამი კუთხის ტურისტული პოტენციალის თავიდანვე გაცნობა და შეფასება.

ულამაზესი ძველი სოფლები, ტყეებით დასერილი ქედები და მთები, თვალწარმტაცი ხეობები, სადაც მთის ჩქარი მდინარეები მიიკლაკნებიან, ყოველდღიურად ახალ-ახალი აღმოჩენები კულინარიაში, მევენახეობა-მეღვინეობის ძველი ტრადიციები და რაც მთავარია სტუმართმოყვარე მასპინძლები, ამ სამი კუთხის ტურისტული მომავლისადმი იმთავითვე დადებითად განგვაწყობს, თუმცა, პრობლემებიც ბევრია...

პროექტის სამუშაო ჯგუფს აღნიშნულ სამ რეგიონში პირველი მოგზაურობისას პრობლემები თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდა. ბევრ მეღვინეს ჰქონდა მაღალხარისხოვანი ღვინო, მაგრამ არ ჰქონდა ელემენტარული სადეგუსტაციო სივრცე, სადაც სტუმრებს სათანადოდ გაუმასპინძლდებოდნენ. უმრავლესობას არ ჰქონდა სტუმრების მოსასვენებელი ოთახები (ეს არაა აუცილებელი, თუმცა სასურველია), კომფორტული სველი წერტილები. ამას ემატებოდა საღვინე ჭურჭლის სიმცირე, მარნის პერსონალის ტურისტული კუთხით გამოუცდელობა და  სხვა... გამოუცდელობა და ტურისტულად განვითარების მხრივ ინფორმაციის სიმწირე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა. იყო შემთხვევა, როდესაც სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მასპინძელი მარანი მდებარეობდა ხეხილით გაშენებულ ლამაზ ბორცვზე, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლებოდა, მაგრამ მემარნეს ეს ხედები ფიცრული ღობით და საპირფარეშოებით ჰქონდა “შევსებული”. „ღვინის სოფელიც“ სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ადგილობრივებს ამ პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. თუმცა, მთავარია განვითარების სურვილი და წინასწარ განსაზღვრული გეგმები თავად მემარნეებს ქონდეთ, რაც ცხადია გარკვეულ სახსრებთანაა დაკავშირებული.

მალხაზ ხარბედია, „ღვინის კლუბისდამფუძნებელი: “კოვიდ 19-ის გავრცელებამდე იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში მხოლოდ რამდენიმე ენო-გასტრონომიული კერა იყო. სიტუაცია წლების მანძილზე არ იცვლებოდა და ის მცირე მარნებიც, რომლებიც ამ პერიოდში გამოჩნდნენ ასპარეზზე, ვერ დგამდნენ სათანადო ნაბიჯებს, რათა თავიანთ რეგიონებში, უფრო კონკრეტულად კი სოფელში ეს საქმიანობა განევითარებინათ. არადა ეს რეგიონები ისტორიული თუ ბუნების ძეგლების, კლიმატის, კურორტების და არაერთი სხვა შესაძლებლობის გამო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტურიზმის თვალსაზრისით.

უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ამ სამ რეგიონში ბევრი ახალი მარანი გამოჩნდა, რომელთა უმრავლესობა ტრადიციულ მეღვინეობას მისდევს. ორგანული მევენახეობის წესების დაცვით მოყვანილი ყურძენი, ქვევრი, ტრადიციული მარანი - ეს ის ცნებებია, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ თანამედროვე და მომავლის ღვინის კულტურას საქართველოში, ღვინის ტურიზმის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელი, საქართველოშიც და უცხოეთშიც, ტურისტიც და ადგილობრივიც, პირველ რიგში ასეთ, გამორჩეულ, ექსკლუზიურ ღვინოებს და განსაკუთრებულ ადგილებს და გემოებს ეძებს.

ეს ადგილი შეიძლება იყოს ვენახიც და მარანიც. იმერეთში, რაჭაში და ლეჩხუმში უკვე საკმაოდ ბევრი ასეთი ვენახი და მარანია, რომელთაც აკლიათ ტურისტის მიღების გამოცდილება. თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი მასპინძლობის კულტურა, არსებობს ღვინის ხარისხის, ჰიგიენის პრობლემები. გარდა ამისა, კოვიდ 19-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი აჩვენა, კერძოდ კი ის, რომ განუვითარებელია ამ სამ რეგიონში ადგილობრივი ტურიზმიც. ადგილობრივი ღვინის ტურისტი იშვიათად სტუმრობს იმერეთს, რაჭას და ლეჩხუმს, ამისთვის კი აუცილებელია ტურისტური კერების გაძლიერება და მოტივირება, ასევე საინფორმაციო სივრცეების შექმნა, სადაც მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნებიან ეს მარნები“. 

პირველ ყოვლისა, რაც აღნიშნულ რეგიონებში ღვინის ტურიზმს აფერხებს - ესაა უგზოობა, რადგან მაგალითად ლეჩხუმის ულამაზეს სოფელ უცხერში უჩაძეების მარანში ღვინის დასაგემოვნებლად ცუდი გზის გამო მხოლოდ სპეციფიური ტურისტები მიდიან და ბევრი ღვინის მოყვარული არჩევს გზა ოყურეშისკენ, ანდა სულაც რაჭისკენ გააგრძელოს, სადაც ცენტრალური გზის პირას მდებარე მარნებში უპრობლემოდ შეძლებს სასურველი ღვინის მირთმევას.

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი: „რაჭა-ლეჩხუმი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონებია ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით. ეს კუთხეები განსაკუთრებით გამოირჩევა განსხვავებული ვაზის ჯიშებით, მარნებით, მეღვინეობის ტრადიციებით, კულინარიითა და ზოგადად, ყოფით. ღვინის ტურიზმი სპეციფიური დარგია და ის თავისთავად ვერ განვითარდება. ასეა მთელს მსოფლიოში და ასეა ჩვენთანაც. ამიტომ ტურიზმის ამ მიმართულებას სწორი დაგეგმვა ესაჭიროება.

პირველ რიგში უნდა გაკეთდეს გზები და წყალი. მეორე პრობლემა არის, როგორც დარგობრივი, ანუ მევენახეობა-მეღვინეობის სათანადო ცოდნა, ისე კონკრეტულად ღვინის ტურიზმის გამოცდილებაც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წამოწყებული პროექტის - „ღვინის სოფელი“-ს დასრულებისას ამ პრობლემებს გარკვეულწილად გადავჭრით და შეიქმნება კარგი პრეცენდენტი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს გამართულად ღვინის ტურიზმი“.

როგორც გიორგი ბარისაშვილმა აღნიშნა, შემდეგი პრობლემა რაც იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ღვინის ტურიზმს აფერხებს - ესაა უწყლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბავშვობიდან გვესმის ტყუილ-მართალი საქართველოში არსებული წყლის დიდი რესურსისა და იმის შესახებ, რომ წყალი ჩვენთან ძალიან ბევრია, არაერთ სოფელში არათუ სასმელი, ტექნიკურად გამოსაყენებელი წყალიც კი არაა. „ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფმა აღნიშნულ პროექტში იმერეთის სოფელ ტელეფას ერთ-ერთი ახლადშექმნილი ღვინის მარანი სწორედ მასობრივი უწყლობის პრობლემის გამო ვერ შეიყვანა. უწყლობის პირობებში მოგეხსენებათ ღვინის დაყენებაც რთულია და ტურისტის გამასპინძლებაც.

ვანო შიუკაშვილი, მეღვინე, „პროექტ ღვინის სოფელი“- ექსპერტი: „იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს. აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება, რომელიც ამ რეგიონებში ენოტურიზმის განვითარების ფუნდამენტად უნდა იქცეს: ვაზის ჯიშების (შესაბამისად ღვინოების) მრავალფეროვნება; ვაზის ფორმირების ნაკლებგავრცელებული მეთოდები (ხარდანი, ტალავერი, მაღლარი...);, ღვინის დამზადების ენდემური მეთოდები (იმერული მეთოდი, ხორგოში დუღილი...), მიკროკლიმატის თავისებურებები, ნიადაგების მრავალფეროვნება; საოცრად ლამაზი (და ზოგჯერ კვლავაც ხელშეუხებელი) ბუნება, ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე;, სტუმარ-მასპინძლობის ხაზგასმული ტრადიცია, უგემრიელესი და ეგზოტიკური კერძების მრავალფეროვნება და ძველი სახლები, რომლებიც ტურისტებს მყუდრო და სასიამოვნო დასვენებას პირდებიან.

ჩამოთვლილი რესურსების ოპტიმალური გამოყენება სათანადო თანადგომის გარეშე სამწუხაროდ მეტად რთულია ამ რეგიონებში. დამთვალიერებელს ხშირად მოუწევს მოუასფალტებელი, რთულად სავალი გზებით სოფლებში მისვლა, სადაც ცხოვრების ელემენტარული  პირობებიც (წყალი, დენი, ინტერნეტი...) არ არსებობს. ასეთი სოფლები უმეტესად დაცლილია მოსახლეობისაგან და აქა-იქ შემორჩენილი მარტოდ-მაცხოვრებლისათვის რთულია ტურიზმის განვითარებისათვის ბრძოლა“.

პანდემიამდე, ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში უცხოელი ღვინის ტურისტები აქტიურად გამოჩნდნენ და როგორც ტურისტული კომპანიები ამბობენ, მათი რიცხვი იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში დღითი დღე იზრდებოდა. მაგალითად, 2017 წელს წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 28%-ით იყო გაზრდილი. ეს რიცხვები გამამხნევებლად მოქმედებდა საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებიც თვლიან, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყნაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი საშუალებაა.

დღეისათვის თბილისში ბევრი ტურისტული კომპანია არსებობს, რომლებიც ღვინის მოყვარულ უცხოელებს ინტერნეტით სთავაზობენ მომსახურებას. ექსკურსიამძღოლი ზაზა წიკლაური ამბობს, რომ პანდემიამდე ღვინის ტურიზმი საქართველოში უკვე გააქტიურებული იყო და ტურისტების უმრავლესობა ჩვენი ქვეყნიდან კმაყოფილი მიდიოდა. თუმცა, იგი ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ რა ვითარება იქნება კორონა-პანდემიის გადავლის შემდეგ.

ზაზა წიკლაური, ექსკურიამძღოლი: “ბოლო წლებში პანდემიამდე ძალიან გააქტიურდა ღვინის ტურიზმი და ეს განსაკუთრებით მახარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტთა 90% საქართველოდან ძალიან კმაყოფილი და დადებითად განწყობილი მიდის, განმეორებითი ტურიზმი მაინც იშვიათად ჩვენთან, ვინაიდან ჩვენთან ჩამოდიან არა დამსვენებლები, არამედ მოგზაურები, რომლებიც კულტურულ დატვირთვას ითხოვენ და იმ დროში, რასაც აქ ატარებენ, ყველაფრის ნახვას ასწრებენ, რაც აინტერესებთ. ჩვენთვის დიდი შედეგია ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ მაინც მოვიზიდოთ და ჩამოვიყვანოთ“.

როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ღვინის მოყვარული მოგზაურებისთვის საქართველო ახალი ქვეყანაა, ამავე დროს ევროპასთან საკმაოდ ახლოა, რაც მათ ჩამოსვლას უადვილებთ. ისინი ერთ ჩამოსვლაზე თითქმის მთელი საქართველოს ნახვას ასწრებენ, რაც დიდ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა. და კიდევ, გავიმეორებთ, ბოლო თვეების მოვლენებიდან გამომდინარე, დიდი მნიშცნელობა შეიძინა შიდა ტურიზმმაც.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.