პროლოგი:
ნიკოლოზ ნატროშვილი 26 წლისაა და როცა მის მონათხრობს ვუსმენდი, ერთი პრინციპული და შრომისმოყვარე, პროგრესისტი, უცოდინრობის მიმართ შეურიგებელი, ოდნავ რადიკალური და ზოგჯერ, ირონიითაც აღჭურვილი ენამწარე კახელი თავადი გამახსენა, რომლის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით. მაგრამ, მგონია, რომ სახელს უნებლიეთ ებმის კონტექსტი, პათეტიკისა და საკრალურობის მძლავრი ტონებით, ამიტომ ჩემს უწყინარ შედარებას ბოლომდე ტაბუს არ ავხსნი.
გახსოვთ, ალბათ, ეს კაცი, საკმაოდ მოგვიანებით საკუთარი ბიოგრაფიის იმ მომენტს აღბეჭდავდა, პეტერბურგში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ როგორი უფაქიზესი განცდებით უახლოვდებოდა საკუთარ ქვეყანას და უკვე გარედან ჭვრეტდა საკუთარ სოციო-კულტურულ გარემოს; ფიქრობდა ქართულ ხასიათებზე და პროგრესის, განვითარების ვნებას აყოლილს ძალიან ეპატარავებოდა კავკასიონის მთები; გრძნობდა ძალას, რასაც ყველა ენთუზიასტი, საკუთარი საქმის მცოდნე, გულმხურვალე და უკომპრომისო ახალგაზრდა გრძნობს.
ალბათ, იმაშიც არის არაცნობიერისა და ირაციონალურის წვლილი, რომ ნიკოლოზის შესახებ თხრობას სწორედ ეს ნაკადი შეუერთდა. ტექსტი, რომელმაც ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი მეტაფორა აღბეჭდა - „ძაღლყურძენა თუ მტევანი?“ („ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა”).
შევეცდები, მოყვე ამბავი ადამიანზე, რომლის ოთხმა წელიწადმა უცხოობაში „მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანი“ მოიღო. გნებავთ ალეგორიულად გამიგეთ, გნებავთ - ბუკვალურად.
პირველი ნაბიჯები ბიომეურნეობაში
ნიკოლოზის დაინტერესება მეღვინეობის საკითხებით დაიწყო იმ პერიოდში, როცა მისი ოჯახი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის - ელკანას წევრი გახდა და კონვერსიის შრომატევად და ძალიან საინტერესო პროცესში ჩაერთო. ეს სამეურნეო პრაქტიკა მთლიანად მიმართული იყო ემპირიასა და დაკვირვებაზე, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისთვის, ბავშვისთვის, რომელსაც ჰქონდა ცხოველი ინტერესი ნიადაგის სხვადასხვა პლასტებისა და მისი ცოცხალი მიკროსამყაროს მიმართ.
როგორც თავად აღნიშნავს, 2003-2005 წლებში ამ ტიპის მეურნეობები საქართველოში ძალიან ცოტა იყო, ელკანა პროცესს მეთვალყურეობდა და საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ოჯახებს, როგორც სათესლე მასალის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ისე - ფინანსური რესურსებითაც. შედეგად მოხდა ის, რომ ბიომეურნეობის პრაქტიკამ მათ ვენახს შესამჩნევი სიკეთეები მოუტანა, მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში, 3-4 წლის განმავლობაში სრულად აღმოიფხვრა ყურძნის ჭია. დაკვირვებებითა და აღმოჩენებით დატვირთული ეს პერიოდი ნიკოლოზისთვის ინსპირაციის წყარო გახდა და როცა პროფესიის არჩევის დილემის წინაშე დადგა, ბევრი არ უფიქრია, ჩააბარა იქ, სადაც ექნებოდა შესაძლებლობა, მევენახეობა-მეღვინეობის საკითხები უფრო სიღრმისეულად შეესწავლა.
ევროპული გამოცდილებების გაცნობა
თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტზე მისი სწავლის პროცესი საკმაოდ რთულ, გარდამავალ პერიოდს დაემთხვა - ინსტიტუტის რეფორმირების, შენობის შეცვლის, ინფრასტრუქტურის რღვევის პროცესს. რაც შეეხება, უშუალოდ, სასწავლო სფეროს, ნიკოლოზის თქმით, კურიკულუმიც არ იყო მოქნილი და კონცენტრირებული.
2008 წელს, ელკანასავე დახმარებით, შვეიცარიაში, ვოს კანტონში გაიარა რამდენიმეთვიანი სტაჟირება ბიო- და ბიოდინამიკურ მევენახეობაში. ამ პერიოდში მას საშუალება ჰქონდა, უფრო ღრმად ჩაეხედა ამ ტიპის მეურნეობების მუშაობის სპეციფიკაში, მით უმეტეს, რომ სტაჟირებას თან ერთვოდა თეორიული კურსი, სადაც პრაქტიკაში წამოჭრილი საკითხების რეფლექსია ხდებოდა. ის სწავლობდა ბიომეურნეობაში გამოყენებადი პრეპარატებით მავნებელ დაავადებათა კონტროლს, აგრეთვე, მწვანე ოპერაციებს ვენახში, ბიოდინამიკური პრეპარატებისა და მცენარეული ნაყენების მომზადებას, სამკურნალო მცენარეების შეგროვებას და სხვ.
„დილის სუსხი... ალპებიდან წამოსულმა ცივმა ქარმა ძვლებში დამიარა და ისევ თბილი ლოგინისკენ მიბიძგა, მაგრამ როცა ათობით ჩემხელა ბავშვი სამუშაოდ გამოსული დავინახე, წინ წასვლა მომინდა. ვის გაუგია წვიმაში მუშაობა? ჩვენში ეგრე არ იციან, არ ვმუშაობთ წვიმაში. გვერდით pierre-Alain-მა ჩამიარა, მხარზე ხელი ღიმილით დამკრა და ვენახის რიგისკენ მიბიძგა. გაჭირვებით დავიწყე სამუშაოს შესრულება და თან ღმერთს შევთხოვ გადაიღოს grin emoticon, მაგრამ რომ არც იღებს და არც არავინ წევს თავს ზემოთ? ყველა უხმოდ მუშაობს. გაყურსული ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვერც ვჩერდები. გოგოები მუშაობენ, მრცხვენია - როგორ ავწიო თავი?! უცებ გამახსენდა საქართველო, წარმოვიდგინე ჩემი მეგობარი გოგოები (თავმოყვარენი) ვენახში და გამეცინა. მგონი ძალაინ დიდი აურზაური იწყება ჩემს თავს.“ - ეს გულწრფელი და იუმორით აღწერილი ამბავი ნიკოლოზის შვეიცარიული დღიურებიდანაა.
შვეიცარიაში სტაჟირების შემდეგ ნიკოლოზის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, როცა მან საფრანგეთის სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა და ბურგუნდიის უნივერსიტეტის ჟიულ გიიოს სახელობის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მევენახეობის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში ჩააბარა. იქაური სასწავლო მოდელი იყო მაქსიმალურად კონცენტრირებული და სტუდენტზე ორიენტირებული. პარალელურად გადიოდნენ პრაქტიკებს მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა სტრუქტურებში. ნიკოლოზისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მიეცა ლუი ჟადოს (louis jadot) მარანში რთველსა და პინო ნუარის დაყენების პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობა. ის, აგრეთვე, ჩართული იყო შარდონეს კასრში დადუღებისა და კლასიკური ბურგუნდიული მეთოდით კასრშივე დაყენების პროცესში (elevage sur lie).
ენოლოგიის მაგისტრატურის პირველი წლის დამთავრებისა და cave de viré-ს (კოოპერატიული მარნის) 2010 წლის რთველში მონაწილეობის შემდეგ ნიკოლოზი მცირე ხნით საქართვლოში დაბრუნდა და ღვინის კომპანიებში (ხარება, შუმი) მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა ფუნქციებით - მარნის სამუშაოები, ვენახების მონიტორინგი და სხვ. რის შემდეგაც ის კვლავ დაუბრუნდა ბურგუნდიას, მევენახეობისა და ტერუარის მაგისტრატურასა და საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებს, იქაური ღვინოების სტილის უკეთ შესწავლის მიზნით.
2013-2015 წლებში ნიკოლოზი ბესინის მეღვინე იყო, სულ ახლახანს კი GWS-ისგან მიიღო შემოთავაზება და კომპანიის ლაბორატორიის მენეჯერი გახდა.
Point of View
თუ არ ჩავთვლით სტუდენტობის პერიოდს, ნიკოლოზს თბილისში არ უცხოვრია, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ის ქალაქ გურჯაანს დაუბრუნდა, რადგან, როგორც აღნიშნავს, საკუთარ თავს თბილისში „ვერ ხედავს“. სამწუხაროდ, მისი მეგობრები, თანაკლასელები ერთადერთნი არ არიან, ვისი ტალანტები და თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობები ურბანიზაციის წამლეკავ პროცესში ჩაიკარგა. ნიკოლოზის აზრით, ეს არის ყველაზე მცდარი და არაპრაგმატული გადაწყვეტილება, როცა ადამიანი, რომელსაც საკუთარ რეგიონში წარმატებული მცირე ბიზნესის განვითარების სრულიად რეალური შესაძლებლობა აქვს, თბილისსა და სამასლარიან ჯამაგირს შეაფარებს თავს.
ბევრ მწვავე და სენსიტიურ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგალითად, საქართველოში მცირე მარნების განვითარების პერსპექტივაზე, სადაც ნიკოლოზის აზრით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მცირე მწარმოებელთა პროფესიული განვითარების საჭიროება. საკუთარი მაგალითით ის ამტკიცებს, რომ მცირე მარნების განვითარება საქართველოში შეიძლება წარმატებული ბიზნესის პირობა იყოს. ნიკოლოზის საოჯახო მარანს საკუთარი სტაბილური მომხმარებელი ჰყავს და მის შემთხვევაში დღეისათვის მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე - მიწოდების შესაძლებლობა. ამიტომ ოჯახი უკვე დიდ რესურსს დებს ვენახებისა და წარმოების გაფართოებაში. თავიანთ მყიდველს საკუთარ მარანში ისინი აჩვენებენ ქვევრის გახსნის პროცესს, დაათვალიერებინებენ ქვევრს. ეს ინტერაქტიულობა მყიდველში განსაკუთრებულ პატივისცემას იწვევს და თანამშრომლობით დამოკიდებულებას აღვივებს მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ნიკოლოზისთვის, ვინც ბიოლოგიური მეურნეობის გამოცდილებებს საკმაოდ კარგად იცნობს, ეს პრაქტიკა, a priori, ხარისხთან არ გაიგივდება. მისი თქმით, სასურველი შედეგის მომტანი მხოლოდ ბიომეურნეობის სწორი მართვაა, კომბინირებული ზოგიერთ კონვენციურ მეთოდთან. ეს მიდგომა იმთავითვე გულისხმობს დიდი თეორიული და ემპირიული ცოდნის ფლობას. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა გამოცდილებებს, სადაც მცირე მარნები აყვავებულია, საფუძვლად უდევს, სწორედ, მევენახესა და ღვინის მწარმოებლის აგრონომიული ცოდნა (და არა მხოლოდ ბუნებრივი პროცესების შეუვალობის ფილოსოფია).
ნიკოლოზი არის ადამიანი, ვინც პრობლემებზე მსჯელობას, საქმიან კრიტიკას არ გაურბის და არც - ერიდება. მისი აზრით, მიუკერძოებელი განსჯა და რეფლექსია მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. აქ უნებურად გამახსენდა - „სიტყვა „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო“ და ამ ხალასი ირონიის მიღმა საკმაოდ მოზომილ რიტორიკას ამოვიკითხავ, მიმართულს იმ ხალხისადმი, რომელთა შორისაც, შესაძლოა, უფრო ძლიერი ინსტინქტი იყოს წარსულისა და წასულთა მიმართ დაუცხრომელი მიჯნურობა, ვიდრე - სიცოცხლის, ახალგაზრდობისა და განვითარების იმპულსი. როგორც ჩანს, ეს მცირე ერების ეგზისტენციური შიშის ნაწილია და ეს კულტურული კოდი თავს იჩენს უკიდურესად ყოფით დონეებზეც კი. მაშინ, როცა გვეშინია კამათის, კრიტიკის, აზრთა სხვადასხვაობისა და საბოლოო ჯამში, სიცოცხლის; მაშინ, როცა დაუსრულებლად მივტირით ისტორიას და ინდივიდებს, უფრო ხშირად, ვაღიარებთ „წასულების“ ხარისხში.
ნიკოლოზმა და მისმა მეგობრებმა სულ ახლახანს დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა მეღვინეთა ასოციაცია“. აქ ისინი ახალგაზრდა პროფესიონალთა რესურსების გაერთიანებასა და მეღვინეობის სფეროში ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საერთოდ, ჩვენი გმირი თვლის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი საქართველოში არამხოლოდ ღვინის ექსპორტის განვითარებაშია, არამედ - მცირე მეღვინეობებისა და სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებაში. ეს ორი კი ერთმანეთთან უშუალოდაა დაკავშირებული. მისი თქმით, ქართული ღვინის წარმატებები საერთაშორისო ღონისძიებებზე მართლაც სასიხარულოა, თუმცა ამგვარ ფაქტებს საკუთრივ საქართველოში ღვინის კულტურის განვითარებაზე პირდაპირი გავლენა ვერ ექნება.
ნიკოლოზი დიდი მოყვარულია საფრანგეთის, როგორც მეღვინეობის ქვეყნისა, სადაც ღვინო ადამიანების ცხოვრების, მათი ღირსების ორგანული ნაწილია და უშუალო კავშირშია მათს კულტურულ იდენტობასთან. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მეღვინეობის ქართული გამოცდილებიდან მის მეხსიერებაში დალექილია 90-იანი წლების ღვინის ქარხნები და უზარმაზარი ავზები, რომლებსაც ყურძნის წვენი გასდიოდა და ეს სუნი და გემო მას აგონებს ჩვენი ყოფითი ისტორიის ერთ-ერთ იმ პერიოდს, როცა ღვინო და ღირსება, ღვინო და ღირებულებები ერთმანეთს მკვეთრად გაემიჯნა.
სამაგიეროდ, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე რთველმა საფრანგეთში, ცნობილ ნეგოციანტთან, ჟადორთან, სადაც ცხადად შეიგრძნო რთველი, როგორც მოვლენა, სადაც კარნავალს, დღესასწაულს ქმნის ინდივიდების შრომა. ამგვარი კარნავალის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება საქართველოშიც არსებობდა, გავიხსენოთ ნადური სიმღერები, სადაც გუნდები ერთმანეთს ეპაექრებიან ანტიფონური წესით, სადაც შრომა ხალისიან და მხნე ჰანგებთან და ასეთსავე განწყობებთან გაიგივდება. ჩვენი გმირი, ასევე, დიდი მოწიწებით იხსენებს ფრანგ მეღვინეს, რომლის დაკოჟრილმა ხელებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნიკოლოზზე. ისინი ერთად სვამდნენ ღვინოს და ეს კაციც დიდი ენთუზიაზმითა და აღტაცებით უამბობდა მას საკუთარ ვენახსა და ღვინის დაყენების სხვადასხვა მომენტებზე. ნიკოლოზს უნდა, რომ ქართველ მევენახეებშიც, რომლებიც ბევრი მოვლენის, პირველ რიგში კი - ალბათ, ღირებულებრივი კრიზისის მსხვერპლნი არიან, ამოიკითხოს ეს აღტაცება ღვინით, ვენახითა და შრომით.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი