Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა - ახალი ინიციატივები

ლევან სეფისკვერაძე

11 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ”ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს ძირძველი და ტრადიციული დარგებია, რომლის უძველესი დადასტურებაა ნეოლითური პერიოდის ე.წ. შულავერის - შომუ თეფეს კულტურის (6-4 ათასწლეული ჩვ. წ. აღ-მდე) არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოში ქვემო ქართლში გათხრილი არქეოლოგიური ძეგლებით დასტურდება. აქ აღმოჩენილი კულტურული ვაზის წიპწები, დერგი ყურძნის რელიეფური გამოსახულებით, ხორბლოვანი კულტურების მცენარეული ნაშთები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და ნაყოფირების ქალღმერთის ფიგურა ადასტურებს მიწათმოქმედი ტომის არსებობას, რომელიც ვაზის კულტივირებას მისდევდა იმ უძველეს დროს.

როგორც ცნობილია, 80 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მკვიდრნი მევენახეობას და მეღვინობას ეწევიან. ამ სასოფლო-სამეურნეო დარგებისადმი შემოქმედებითი მიდგომის შედეგად შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა, განხორციელდა ველური ვაზის გაკულტურება, შეიქმნა დიდი ჯიშური მრავალფეროვნება, დამუშავდა ვენახის გაშენების და მოვლის სისტემები, დაიხვეწა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრება, შემუშავდა ღვინის დაყენების კახური და იმერული ტექნოლოგიები და ა.შ. ამიტომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე სამხრეთ კავკასია და მის შემადგენლობაში შემავალი საქართველო მიჩნეულია კულტურული ვაზის დომესტიკაციის კერად სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული მეცნიერების მიერ.

ამავდროულად, დღის წესრიგში დგება უკანასკნელი მსოფლიო სამეცნიერო მიღწევების გამოყენება ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის დეტალების დაზუსტებისა და მისი ახალი აღმოჩენებით გამდიდრების საქმეში - ეს მუდმივმოქმედი სამეცნიერო პროცესი შედარებით შენელდა უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.  

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვაზის და ღვინის ისტორიის პოპულარიზაციის კუთხით დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევების ხელშეწყობა. განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ანალიზი,  არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური ტესტირება (ე.წ. “ბიომოლეკულური არქეოლოგია“) ღვინის მჟავის აღმოჩენის მიზნით, როგორც დადასტურება საქართველოში მეღვინეობის პრაქტიკის არსებობის შესახებ. ასევე განხორციელდება ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების (კულტურული და ველური ვაზი) შესწავლა-დახასიათება. ასევე მოხდება სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით კვლევების ჩატარება.

პატრიკ მაკგოვერნი – პროფესორი, ღვინის ექსპერტი: “ღვინის ახლი პროექტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო უძველესი ღვინის კულტურის მქონე ქვეყანაა. ქიმიური ანალიზი ამ სფეროში საქართველოს წარმატების შანსს კიდევ უფრო მეტად გაზრდის“.

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მევენახეობისა დ ამეღვინეობის ასეთი დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში შეუძლებელია არ ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნებოდა წარმოჩენილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი: “მინდა შემოგთავაზოთ ახალი ინიციატივა, რომ თბილისში შეიქმნას ღვინის მუზეუმი და ეს გახდეს ერთგარი ცენტრი, სადაც თავმყორილი იქნება მთელი ისტორია. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ახალი ინიციატივა, რომ დავაარსოთ ქართული ღვინის დღე, რომელსაც ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირადღეს ავღნიშნავთ ხოლმე. იმედია ეს ინიციატივები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ქართული ღვინო თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს თანამედროვე მსოფლიოში“.

ღვინის სააგენტო გეგმავს, რომ ვაზის და ღვინის ისტორიის პოპულარიზაციის კუთხით თავისი მუშაობა წარმართოს შემდეგი ძირითადი კვლევების ხელშეწყობით: ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის უწყვეტი განვითარების ჩვენება ქრონოლოგიურ ჭრილში, მევენახეობასთან და მეღვინებასთან დაკავშირებული არტეფაქტების მოპოვება და სისტემატიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ანალიზი მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით და მისი შედარება საქართველოს აბორიგენულ და სხვა ევროპულ ვაზის ჯიშებთან - ველური ვაზის ფორმებთან ვაზის დომესტიკაციისა და მსოფლიოში შესაძლო გავრცელების თეორიის ჭრილში. არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური ტესტირება (ე.წ. ”ბიომოლეკულური არქეოლოგია“) ღვინის მჟავის აღმოჩენის მიზნით, როგორც დადასტურება საქართველოში მეღვინეობის პრაქტიკის არსებობისა. ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების (კულტურული და ველური ვაზი) შესწავლა და დახასიათება - მათ შორის ძველი კლიმატის რეკონსტრუქცია, აგრონომიული და ენოლოგიური მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, კვლევის სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა ამპელოგრაფიაში, მევენახეობა-მეღვინეობაში, ისტორიაში, პალეო და არქეობოტანიკაში, ეთნოგრაფიასა და სხვა მეცნიერებებში, რომლებიც უკავშირდებიან ვაზისა და ღვინის ისტორიას საქართველოში, ისტორიული გამოცემების შეგროვება და საუკეთესოების ხელახალი გამოცემა, ახალი პუბლიკაციების მომზადება სამეცნიერო  ჟურნალებსა და პოპულარულ პრესაში გამოსაქვეყნებლად ქართულ და მსოფლიო ენებზე და ა.შ.

ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ვაზისა და ღვინის ისტორიისადმი საზოგადოებრივი ინტერესის ზრდას და შექმნის საფუძველს მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის საქართველოს მევენახეობასა და მეღვინეობაში.

ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნული კვლევების ჩატარების პროცესში ითანამშრომლებს როგორც საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ქართველ მკვლევარებთან, ასევე ცნობილ უცხოურ ინსტიტუტებთან და მეცნიერებთან, ვისაც აქვს მსოფლიო აღიარება შესაბამის სფეროში.

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: “ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან თავისი მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებად გეგმავს ხელი შეუწყოს საქართველოს ვაზისა და ღვინის ისტორიის კვლევას და წარმოჩენას ქართული ღვინის მომავალი პოპულარიზაციისათვის მსოფლიო ბაზარზე, სადაც ჩვენი ქვეყანა თანდათანობით მკვიდრდება. მეღვინეობა ის დარგია, სადაც სიძველესა და ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კარგად გააზრებულ ინოვაციებთან ერთად. ამიტომ სააგენტოს მიერ დამუშავებული ქვეპროგრამა “ქართული ვაზის და ღვინის წარმოშობის პოპულარიზაცია“ მოწოდებულია თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის უწყვეტ განვითარებაში, ვაზის წარმოშობის და ღვინის ისტორიის კვლევების წახალისებაში და მიღებული შედეგების გამოყენებაში ქართული ღვინის მსოფლიო ცნობადობის გაზრდის მიზნით“..

პროგრამის პრეზენტაციაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა  დამსწრე საზოგადოებას პროგრამის სტრუქტურა გააცნო და სამეცნიერო ჯგუფის წევრები წარუდგინა.

პროგრამაში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები:

1. ოსვალდო ფაილა - პროფესორი, მილანის უნივერსიტეტი

2. ლორან ბოუბი - მეცნიერი, ბიო-არქეოლოგიისა და ეკოლოგიის ცენტრი, ბოტანიკის ინსტიტუტი, მონპელიე

3. პატრიკ მაკგოვერნი - პროფესორი, პელსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანტრიპოლოგიის მუზეუმი ბიო-მოლეკულური არქეოლოგიის ცენტრი

4. რობერტო ბაჩილიერი - მეცნიერი, აგრონომიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, მონპელიე

5. პატრის ტისი - დირექტორის მოადგილე,  აგრონომიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი

მათ გააჩნიათ მსოფლიო აღიარება შესაბამის სფეროში და დაინტერესებული არიან, რომ ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის შესწავლაში ითანამშრომლონ ღვინის ეროვნულ საგენტოსთან. სამეცნიერო პროგრამას გეგმავს და ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო ხელმძღვანელი, კოორდინატორი და ჯგუფის ხელმძღვანელები. მათ კონსულტაციებს უწევს მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან მსოფლიოს აღიარებული მეცნიერები და სამეცნიერო პოლიტიკის შემქმნელები.

ვინაიდან ქვეპროგრამა თავისი შინარსიით მრავაპროფილურია და გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნების ინსტიტუტებისა და მეცნიერთა თანამონაწილეობას, ღვინის ეროვნული სააგენტო გეგმავს, რომ მოახდინოს წინასწარ მყარი კრიტერიუმებით შერჩეული (სადაც უპირველესი კრიტერიუმი იქნება მსოფლიო ცნობადობა და საერთაშორისო ავტორიტეტი) სამეცნიერო სკოლების მოწვევა ამ პროექტში მონაწილეობისათვის მკაცრად გაწერილი ინდივიდუალური გეგმით. წლის ბოლოს მოხდება შედეგების შეჯამება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული