Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ არის ღვინის ფესტივალი საუკეთესო ღონისძიება, რომელიც საქართველომ უნდა ჩაატაროს

ქეთო ნინიძე

ორიოდე კვირის წინ ცნობილმა ბრიტანელმა ფუდბლოგერმა, სალი პროსერმა ახალი ღვინის ფესტივალის შესახებ ძალიან ვრცელი და გულთბილი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, სათაურით - „რატომ არიან ქართველები საუკეთესონი მათ შორის, ვინც ღვინის ფესტივალი შეიძლება ჩაატაროს“. 

ახალი ღვინის ფესტივალის წლევანდელ მოგონებებს, ცხადია, განსაკუთრებული ნოსტალგია ახლავს იმ ამბების გამო, რაც თბილისმა ფესტივალიდან, დაახლოებით ერთ თვეში გადაიტანა. სალის ტექსტიც ამ ნოსტალგიურ განწყობას ვერ ასცდა და დუბაიდან ქართველებს მხნეობა გვისურვა. მისი პოსტის ფოკუსია - ახალი ღვინის ფესტივალი და საქართველო - მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი ცივილიზებული და, ამავდროულად, უფასო ღვინის ფესტივალი ტარდება. 

მე შევეცდები, საკითხი პირიქით დავსვა - რატომ არის ღვინის ფესტივალი საუკეთესო ღონისძიება, რომელიც საქართველომ უნდა ჩაატაროს?! სტატიის დაწერა ორმა ძირითადმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა:

პირველ რიგში, მივხვდი, რომ ახალი ღვინის ფესტივალი დიდი ხანია, პოპულარული და კითხვადი ბლოგების ერთი კარგი და მიმზიდველი ამბავია; ეს არის ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რაც საქართველომ შეიძლება შესთავაზოს სტუმარს. 

მეორეც, გუშინ, როცა საქველმოქმედო კონცერტზე ლეგენდარული კენ ჰენსლი ბალადას „ქალი შავებში“ (Lady in Black) ასრულებდა  და აუდიტორია ვერა და ვერ აიყოლია, ვიგრძენი, როგორ უჭირს ქართველ მაყურებელს ტაშის დაკვრა. ამას თავისი სოციალური და პოლიტიკური წინაპირობა აუცილებლად ექნება, მაგრამ მთავარი ისაა, როგორი დაძაბული და უხასიათოა მაყურებელთა დიდი ნაწილი, როგორ ეძნელებათ გართობა, სილაღე. ასეთი ადამიანების გაგიჟება მხოლოდ ღვთაებებს ძალ-უძთ, ისეთებს, როგორიც დიონისეა.

ამიტომ მგონია, რომ ღვინის ფესტივალი არის ყველაზე უფრო კარგი ამბავი, სადაც შეიძლება ადამიანი მოდუნდეს, იმხიარულოს, მოწრუპოს ღვინო და გაუღიმოს გვერდით მდგომს. ამიტომ თბილისში ხშირად ამბობენ ხოლმე, ახალი ღვინის ფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელსო. 

ლაღი ადამიანები - სამოქალაქო საზოგადოების პირველი ნიშანი. რატომაც არა?

ამის საშუალებას, ცხადია, ფესტივალის ფორმატიც იძლევა, რადგან სივრცე ღიაა, საჯაროა და, საბედნიეროდ, მასპინძლები სტუმრებს ჭიქის ოსტატურად დატრიალებისა და იდუმალი გამომეტყველების ფლობის ტექნიკას არ უმოწმებენ.

საბედნიეროდ, ფესტივალის ჩატარების მცდელობები მომრავლდა და მხოლოდ მისასალმებელია, თუკი ადამიანები საქართველოში ხარისხიანი ღვინის გარშემო გაერთიანდებიან. იქნებ, გართობის შიმშილის გრძნობაც ჩაცხრეს, რაც ასეთი ხელშესახებია თბილისში და უფრო მეტად - რეგიონებში, სადაც რა გასაკვირია, რომ კაცებისთვის ბირჟა და ქალებისთვის სამზარეულოს საჭორაო რიტუალები ერთადერთ სალაღობო საქმიანობად რჩება. 

ქართული სტუმართმოყვარეობა და ცივილიზებული, მოწესრიგებული გარემო, ქართული ღვინის ძირითად გზავნილებთან ერთად აქაურ ფესტივალებზე მოიზიდავს აქაურსაც და ტურისტსაც, მათ შორის, მშრომელსაც და დამსვენებელსაც. ამის საილუსტრაციოდ სალის ბლოგპოსტს დავუბრუნდები, სადაც ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება საქართველო ღვინის ფესტივალის საუკეთესო ადგილი იყოს.  

სალის წერს, რომ ქართველი, მიუხედავად იმისა, შეძენილი ყურძენი აქვს, თუ საკუთარ აივანზე გაშენებული, ღვინოს აწარმოებს.  ღვინო ქართველის სისხლია, რაც ამ მტკიცებულების პირველი არგუმენტია. მეორეც, მისი თქმით, ქართველები სტუმართმოყვარეობის იმ საფეხურზე დგანან, რაც მას მსოფლიოში სხვაგან არსად უნახია, მესამეც, ქართველისთვის მეღვინეობა საქმეა, რომელიც უნდა გააგრძელოს, როგორც ტრადიცია, უძველესი კულტურის ნაწილი და სხვ. 

სულ ახლახანს საკუთარ ბლოგზე ახალი ღვინის ფესტივალს გამოეხმაურა ფესტივალის წლევანდელი სტუმარი იტალიიდან, სოფი რიბი. სოფი დიდი ხანია, ქართულ ღვინოს იცნობს. კომპანია Velier, სადაც ის მუშაობს წლებია, ქართული ღვინის იმპორტს ეწევა იტალიაში, თუმცა საქართველოს სოფი პირველად ახალი ღვინის ფესტივალზე ეწვია. 

ფესტივალზე მის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იაგოს, ჩვენი ღვინოსა და ზურაბ თოფურიძის ღვინოები. იტალიელ მკითხველს ის მოუთხრობს ახალი ღვინის ფესტივალის პირველ და მეორე ნაწილზე - დახურულ დეგუსტაციაზე რესტორან ფუნიკულორში და საჯარო ღონისძიებაზე - დედაენის ბაღში. სოფიც კმაყოფილებას გამოხატავს, რომ ფესტივალი, მიუხედავად ღია და საჯარო ლოკაციისა, ძალიან მოწესრიგებული და ცივილიზებული ფორმით ტარდება. 

მერე რა, რომ ახალი ღვინის ფესტივალზე ვსაუბრობთ, ეს სტატია კი ქვევრის ქართულ მეთოდსა და ამ ტრადიციის გამგრძელებლებს შეეხება. ამ პუბლიკაციას გვერდს  ვერ ავუვლი - დანიელა ჩესლოუს სტატია აშშ-ს ერთ-ერთ გავლენიან გაზეთში The Miami Herald.

მაკკლატჩის სპეციალური კორესპონდენტი მიმოიხილავს ქვევრის მეთოდს, რომელიც იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად ცნო. მკითხველს ის მოუთხრობს მექვევრე რემი კბილაშვილის, ქვევრის ღვინის მწარმოებლების, იაგო ბიტარიშვილისა და რამაზ ნიკოლაძის შესახებ. ის ცდილობს, წარმოაჩინოს ქვევრის უძველესი ისტორია, მისი მდგომარეობა საბჭოთა პერიოდში და აქტუალური ტენდენცია - თუ როგორ გადაინაცვლებს ქვევრის ღვინო საქართველოს მეღვინეობის პერიფერიიდან ცენტრისკენ. 

დაბოლოს, სალი პროსერის მსგავსად შევეცდები, ჩამოვაყალიბო, რატომ არის ღვინის ფესტივალი საუკეთესო ღონისძიება, რომელიც საქართველომ უნდა ჩაატაროს:

1.    ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურის განვითარებას;

2.    ფესტივალი განტვირთვის, ადამიანების დაახლოების, პოზიტიური ურთიერთობების წამოწყების საუკეთესო საშუალებაა. ის დაეხმარება ადამიანებს ღვინით სიამოვნების მიღებაში;

3.    ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონებში ღვინის მწარმოებლების წახალისებას;

4.    ფესტივალი დაეხმარება დიდ კომპანიებს მცირე მარნებს, იპოვონ პოტენციური მყიდველი;

5.    ფესტივალი მოიზიდავს ტურისტებს, რომლებიც სულ რამდენიმე საათში, ერთ ლოკაციაში ბევრ ქართულ ღვინოს გაიცნობენ, შემდეგ კი თავიანთ მკითხველებს / მსმენელებს / მაყურებლებს მოუთხრობენ აქ განცდილის შესახებ. 

და ბევრი სხვა მიზეზი. 

შემდეგ პოსტს, გპირდებით, ერქმევა Georgia on my mind - ეს, ერთგვარი კონიუნქტურაა საქართველოს შესახებ წერისას, შეიძლება, უკვე, ჟანრიცაა, გამიჭირდება დაზუსტება, ამ რაოდენობის მასალა სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.    

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული