Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული vs ქართული

სალომე აფხაზიშვილი

მუკუზანი, გორული მწვანე, საფერავი-როზე, ალზასური რისლინგი, შაბლი, კოტ დუ რონ ვილიაჟი, ყვარელი, მწვანე კახური, ბორდოს წითელი, ანჟუს ვარდისფერი - ეს იმ ღვინოების სრული ჩამონათვალია, რომლის ამოცნობას, შედარებასა და დახასიათებას, გასულ პარასკევს, ღვინის ბარ „აზარფეშაში“ შეკრებილი ადამიანები ცდილობდნენ. ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებითი დეგუსტაცია ღვინის კლუბის ორგანიზებით მოეწყო და მასში მონაწილეობა ღვინის კლუბის წევრების გარდა, სტუმრებმაც მიიღეს. ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ წინასწარ შერჩეული 4 თეთრი, 2 ვარდისფერი და 4 წითელი ღვინო ქართულ ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, 10-დან 20 ლარამდე საფასო კატეგორიას მოიცავდა. დეგუსტაცია ფარული იყო, არავინ იცოდა კონკრეტულად რომელი ღვინო იყო ფრანგული ან ქართული, ჭაშნიკის ბოლოსთვის კი სპეციალური პრიზები იყო დაწესებული, რომელიც იმ მონაწელეებს გადაეცემოდათ, ვინც ყველაზე მეტ ღვინოს გამოიცნობდა, ანუ დაასახელებდა, რომელი იყო ფრანგული ღვინო და რომელი ქართული. საკმაოდ საინტერესო და მშვიდი პირველი რაუნდი არა მხოლოდ კონკრეტული ღვინის სახეობების დადგენას, არამედ ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემებს, ღვინის გაყიდვებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მიეძღვნა:

დეგუსტაციის მონაწილეები ღვინოებს 20 ბალიანი სისტემით აფასებდნენ. ღვინოებისთვის  ქულების მინიჭებაში მათ წინასწარ დასახელებული ფასების გათვალისწინებაც ეხმარებოდა, თუმცა სადეგუსტაციო ანკეტის მიხედვით, მათ სადეგუსტაციოდ შერჩეული ღვინოები, პირველ რიგში ღვინის ვიზუალური და გემოვნური თვისებების გათვალისწინებით უნდა შეეფასებინათ. თუ რა კრიტერიუმებით აფასებდა დეგუსტაციის გამარჯვებული თემურ ბერიშვილი ფრანგულ და ქართულ ღვინოებს, ამის შესახებ ის რადიო „ცხელ შოკოლადს“ ესაუბრა:

„ვიტყოდი, რომ გამოცნობის პროცესი მარტივი არ იყო, რადგან მკვეთრი სხვაობის ამოცნობა რთულია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ქართულ ღვინოს ვართ მიჩვეული, ფრანგულს, შედარებით იშვიათად ვსვამთ და აი, ამ პრინციპიდან გამომდინარე მოხდა ამ განსხვავების დადგენაც და არა, ვთქვათ, სპეციფიკური ტონებისა და განსხვავებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით“.

თემურ ბერიშვილისგან განსხვავებული შეფასების კრიტერიუმებზე საუბრობს ღვინის კლუბის წევრი და ამავე დროს, დეგუსტაციის მეორე გამარჯვებული, რეჟისორი ლევან კიტია:

„ზოგადად, როდესაც დეგუსტაციაში ვიღებ მონაწილეობას, ღვინის შეფასებას არა კონკრეტული გემოვნური თვისებების გათვალისწინებით ვიწყებ, არამედ იმ შეგრძნებებით, რასაც ე.წ. პირველი ყლუპი მიტოვებს. ღვინის სჭირდება რაღაც ბექუგრაუნდი, ის სურნელიც, ის ფერიც, ის გემოც შეგრძნებების მთელ პლასტს ტოვებს. აი, ყოველთვის ამ შეგრძნებებით ვაფასებ ღვინოს. ეს იქნება დეგუსტაციის თუ უბრალოდ, სმის დროს. გარდა ამისა სიჯანსაღეს ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას“

შეფასების ინდივიდუალური და ზოგადი კრიტერიუმების დახმარებით, 12 მონაწილიდან მხოლოდ ხუთმა მათგანმა შეძლო ყველაზე მეტი ღვინის ამოცნობა. მეორე ტურში გადასულმა  მონაწილეებმა -  ზაზა გაგუამ, ლევან კიტიამ, თემურ ბერიშვილმა, გივი აფაქიძემ და არჩილ ტყემალაძემ, შეთავაზებული 10 ღვინიდან 8 ღვინის წარმომავლობის გამოცნობა ზუსტად შეძლეს. ამის შემდეგ მთავარი გამარჯვებულის დადგენის დროც დადგა და ვიდრე ღვინის კლუბის საჩუქრებს ორ გამარჯვებულებს გადასცემდნენ, ორგანიზატორებმა მეორე ტურის ფორმატი ექსპრომტად შექმნეს. ნახევარფინალისტები ამჯერად მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ და მომდევნო დავალების შესრულებას განსაკუთრებული აზარტულობით შეუდგნენ. საუკეთესო დეგუსტატორის სტატუსის მოსაპოვებლად, ამჯერად მათ ერთ–ერთი ღვინის რიგითი ნომერი უნდა გამოეცნოთ, რომელიც მათ პირველ ტურში შესთავაზეს. ხელახალმა დაგემოვნებამ შედეგი ვერ გამოიღო, კონკრეტული ღვინის რიგითი ნომერი ვერც ერთმა ვერ გამოიცნო და მხოლოდ მეორე ღვინოზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ამ საკმაოდ რთული დავალების ზუსტად შესრულება ორმა მონაწილემ, ლევან კიტიამ და თემურ ბერიშვილმა მოახერხეს და ღვინის კლუბისგან დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.  ჯილდო - ღვინის კერას მიერ ჩამოსხმული ორი ბოთლი ცოლიკოური, „ქართული ღვინის გზამკვლევის“ ახალი გამოცემა, კლუბის სტიკერები და ღვინის კლუბის ლოგოთი დამშვენებულ ჭიქა იყო, თავისი საკიდით.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ორგანიზატორებმა დეგუსტაციის მონაწილეების მიერ ფრანგული და ქართული ღვინოებისთვის მინიჭებული ქულები შეაჯამეს და ყველაზე მაღალი და დაბალქულიანი ღვინოები გამოავლინეს. ამ მხრივ ყველაზე მაღალი ქულები ფრანგულმა კო ტდუ რონ ვილიაჟმა  და „კორპორაცია ქინძმარაულის“ დურუჯის ველი/ყვარელმა მიიღო. დეგუსტატორების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურ ასევე კომპანია „ჩელთის“ საფერავი-როზემ.

დეგუსტაციის დასრულების შემდეგ კი, მონაწილეები ერთ თამამ და ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ:

„ამ შედარებითი დეგუსტაციის დროს, მე ერთ საინტერესო დასკვნამდე მივედი. შემიძლია ვთქვა, რომ 10-დან 20 ლარამადე საფასო კატეგორიაში მოქცეული ქართული ღვინო სულაც არ არის იაფიანი ღვინო და მე პირადად ის ფრანგულ ღვინოსაც მირჩევნია, თუმცა არა იმიტომ, რომ ფრანგული ღვინო ცუდია. იმის თქმა მინდა, რომ იაფიანი ფრანგული ღვინო არის უარესი, ვიდრე იაფიანი ქართული ღვინო. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ბევრად უფრო ჯანსაღ შთაბეჭდილებას ტოვებს ქართული ღვინო. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება“,

ლევან კიტიას ამ მოსაზრებას ეთანხმება, ღვინის კლუბის კიდევ ერთი წევრი და აღნიშნული დეგუსტაციის ნახევარფინალისტი არჩილ ტყემალაძე:

„ქართულ ღვინოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და თავისუფლად შეგვიძლია ,რომ ბევრი ქართული ღვინო ფრანგული ღვინის გვერდით თამამად დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ ღვინოს კარგი მომავალი აქვს, რომლის შექმნაშიც ჩვენ, ღვინის სამყაროს ყველა წარმომადგენელმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა“

ღვინის კლუბი უკვე სამი წელია მართავს პროფესიულ დეგუსტაციებს, რომელიც განსაკუთრებული ორგანიზებითა და ყველა სპეციფიკური ფაქტორის გათვალისწინებით ტარდება. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს ტრადიცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია დარგის განვითარებისთვის, რადგან მსგავსი შეხვედრების სიხშირე ძალიან დადებითად მოქმედების ადგილობრივი ღვინის სამყაროზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ღვინის სამშობლოში“ ვცხოვრობთ და გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ ქართული თუ უცხოური ღვინის შესახებ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული