Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ჭური მე დავრგე"

მაია ნინიძე

ვაზის კულტურული ჯიშების გამოყვანაში, ღვინის დაყენებასა და ამ მიზნით ქვევრის გამოყენებაში პირველობის პრეტენზია არაერთ ქვეყანას აქვს. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად ისინი უძველეს წერილობით წყაროებს, არქეოლოგიურ მასალასა და ლინგვისტურ ანალიზს იყენებენ. ივანე ჯავახიშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ქართული ლექსიკა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ქართულში ვაზის ჯიშ-სახესხვაობათა აღმნიშვნელი 250 სახელწოდება არსებობს. აქედან მხოლოდ 16-ია უცხო, 67 – გაურკვეველი წარმომავლობის, 167 კი – ორიგინალური. ამ უკანასკნელთაგან 55 ანუ 32,9% - წმინდა ამპელოგრაფიულია (მეცნიერება ვაზის სახეობებისა და ჯიშების შესახებ). ქართველმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ვაზის ლერწის დამახასიათებელი და სქესის განმსაზღვრელი სახელები მხოლოდ ქართულ მევენახეობაში არსებობს, მტევნის მორფოლოგიური და ფიზიკური თვისებების მაუწყებელი კი ჩვენთან სხვა ენებში არსებულზე მეტია (ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.5, 1986, გვ. 612). რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მან სწორედ ქართული ლექსიკის საფუძველზე ახსნა ისიც, თუ საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო  ბერძნულ თქმულებაში არსებული უცნაური აზრი შინაური ვაზის ძაღლისაგან წარმომავლობის შესახებ. რაც შეეხება მეღვინეობასთან მიმართებას, ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით სიტყვა "ვენახი", რომელიც ძველ ქართულში "ვაზის" აღსანიშნად იხმარებოდა, იმთავითვე "ღვინოსთან" იყო ასოცირებული და "ღვინის ხედ" ("ღვენახე") იყო სახელდებული (იქვე, გვ. 681).

ამ არაჩვეულებრივი მონაცემების მიუხედავად დიდი ქართველი მეცნიერი უჩიოდა ჩვენში პრეისტორიული და არქეოლოგიური ნაშთების შეუსწავლელობას, ძველი წყაროების უქონლობას და მოკრძალებულად აცხადებდა: "თუ კაცობრიობის კულტურის ამ დარგის თავდაპირველ სამშობლოზე ჯერ მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება, ყველაფერი, რაც ამ წიგნში უკვე გამოირკვა, ხომ მაინც ცხადჰყოფს, რომ მევენახეობის ერთ მთავარ ცენტრთაგანად უცილობლად საქართველოც უნდა იქნეს მიჩნეული" (იქვე, გვ. 617), ეს დასკვნა ჯავახიშვილმა გააკეთა ენობრივი მასალის საფუძველზე, მაგრამ მას რომ ხელთ ჰქონოდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – ხრამის დიდი გორისა და ნეკრესის არქეოლოგიური გათხრების მასალა, მისი დასკვნები მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიაში საქართველოს ადგილისა და როლის შესახებ ბევრად უფრო კატეგორიული იქნებოდა.

ქვემო ქართლში, შულავერთან, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილ ძვ. წ. VI-V ათასწლეულების თიხის საღვინე ჭურჭელს, რომელიც სპეციალისტთა აზრით ქვევრი უნდა იყოს, მეცნიერთა ყურადღება არ აკლია. ლაბორატორიულად დადასტურებულია ისიც, რომ მის კედლებზე არის ვაზის ყვავილის მტვრის და ღვინის მჟავის ნაშთები, რაც საკითხის კვლევისათვის ძალზე არსებითია, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყურადღების მიღმაა დარჩენილი მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩენა – ნეკრესის მარნის გათხრების დროს მოპოვებული ქვევრის ნამტვრევები და მის პირზე ამოკაწრული უძველესი  წარწერა.

ნეკრესის №6 წარწერაში, რომლის ერთი ნაწილი არქეოლოგებმა 1986, მეორე კი – 1996 წელს აღმოაჩინეს და რომელიც მეცნიერთა მიერ II-III საუკუნეებით თარიღდება, საკმაოდ მკაფიოდ იკითხება წინადადება: “მბ ესე ჭური მე დავრგე”. იგი ცალსახად გვიდასტურებს, რომ იმ დროისათვის საქართველოში გავრცელებული იყო ქვევრის მიწაში დაფლვის ტრადიცია.

სიტყვები "ჭური" და არა "ქვევრი", "დავრგე" და არა "ჩავდგი", შესაძლოა გვეუცხოვოს, რადგან საუბარია აღმოსავლეთ საქართველოზე, მაგრამ სწორედ ეს ლექსიკაც ადასტურებს წარწერის სიძველეს. ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით "უძველეს ქართულში... ჭური ყოფილა ღვინის ჩასასხმელ-შესანახი ჭურჭლის აღსანიშნავად მიღებული, შემდეგდროინდელ საბუთებსა და ძეგლებში, ჭურს გარდა, ქვევრი-ც ჩნდება", XVII საუკუნის შემდეგ კი "მიწაში ჩასაფლველი დიდი ჭურჭლის სახელად... ლიხთ-ამერეთში უკვე მხოლოდ ქვევრიღა დარჩენილა" (იქვე, გვ. 652, 653). იგივე შეიძლება ითქვას წარწერაში გამოყენებული ზმნის შესახებაც. როგორც ჩანს უძველეს დროში ჭურის, ისე, როგორც მცენარის ძირის, მიწაში დაფლვის აღსანიშნავად, ზმნა "დარგვა" გამოიყენებოდა და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი მნიშვნელობის შევიწროება და ჭურის დაფლვასთან დაკავშირებით ახალი ზმნის გამოყენება.

რამდენადაც ნეკრესის წარწერა წინაქრისტიანული ხანის, ჩვენში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების დროინდელია, ცნობილი მეცნიერის – ლევან ჭილაშვილის აზრით, წარწერის დასაწყისში დაქარაგმებული ასოები  - "მბ" შესაძლოა ღვთაებისადმი მიმართვის ფორმა იყოს და "მითრაბაგას" ან "მაზდაბაგას" (ქართულად "მზეო უფალო") აღნიშნავდეს (ლევან ჭილაშვილი, ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები. თბ. 2004, გვ. 32).

წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელშიც ნეკრესის წარწერას სიძველის მიხედვით მეთერთმეტე ადგილი უკავია და რომელიც ცნობილი მეცნიერის – თამაზ მჭედლიძის ახლახან გამოცემულ წიგნში "უძველესი ქართული წარწერები" არის წარმოდგენილი (გვ. 30).

ბევრს შეიძლება ეუცხოვოს ეს მონაცემები, რადგან მიჩვეულები ვართ ტაბულებს, რომლებიც ბოლნისის სიონის წარწერით იწყება და სადაც მხოლოდ საუკუნის წინანდელი მონაცემებია ასახული, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია და თუ ქართველებმა არ დავინახეთ და არ ვაღიარეთ ეს, მით უფრო ნაკლებად დაინტერესდებიან უცხოელები.

ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის ქართული წარმომავლობა ზოგ მეცნიერს ჩვენს უსაფუძვლო პრეტენზიად ეჩვენება. ამას ადასტურებს 2011 წლის სექტემბერში ქვევრის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმზე პენსილვანიელი მეცნიერის პატრიკ მაკგოვერნის მოხსენება და ცალკეული გამოხმაურებები. ვფიქრობ, ნეკრესის წარწერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ამ სკეფსისის გასაფანტად და ქვევრის ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული