Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში - მოკლე მიმოხილვა

გიორგი ბარისაშვილი

მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ცნობებს გარკვეულწილად მოიცავს წიგნი - "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ. (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე). თუმცა, გარდა აღნიშნული წიგნისა, რომელიც ჩვენი წინამდებარე მოკლე მიმოხილვის ძირითადი დასაყრდენი წყაროა, ჩვენ ასევე მოგვეპოვება ნაშრომი, რომელიც ეკუთვნის აგრონომ შალვა წიქვაძეს. ეს გახლავთ "მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში". თბილისი, 1958 წ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს რეზო გიქოშვილმა გამოსცა წიგნი – „მესხური ვაზი და ღვინო“. თბილისი, 2015.

  სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს-დღეობით მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის საქმე ძალზე ცუდ დღეშია და მოითხოვს ჩვენს დიდ ყურადღებას. ამ გარემოების უმთავრესი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ეს ისტორიული კუთხე თითქმის ორსაუკუნენახევარი თურქების მიერ იყო დაპყრობილი, რის დროსაც მტერმა ამ მხარეში ვაზისა და ღვინის კულტურა თითქმის მთლიანად ამოძირკვა. შალვა წიქვაძის აღნიშნულ წიგნში ვკითხულობთ: "1578 წლის შემდეგ მესხეთში ახალი ვენახები აღარ გაშენებულა. ქართველების შევიწროვებამ, მოსახლეობის აყრამ ბოლო მოუღო მევენახეობას მესხეთის სოფლებში".

ჩვენი ისტორიის ამ მეტად მტკივნეული საკითხის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის აკად. ივ. ჯავახიშვილიც...

 რეგიონის მთაგორიანობისა და ასევე მიწის სიმცირის გამო აქაურმა მევენახეობამ თავიდანვე ტერასული მიმართულება მიიღო. ამის შესახებ არაერთ უცხოელ მოგზაურსა თუ მკვლევარს გამოუთქვამს აზრი. მესხეთში ჩვენ ძირითადად ვხვდებით ქვის კედლიან სავენახე ტერასებს, რომელსაც ადგილობრივები "ოროკისა" და "საქვეს" სახელებითაც მოიხსენიებენ. თუმცა გვხვდება ასევე დაბაქნებული, უკედლო ტერასებიც, სადაც გაშენებული იყო, როგორც ვაზი, ისე ხეხილიცა და ბოსტნეულ-ბაღჩეულიც. როგორც ცნობილია, ქვის კედლიან ტერასებს შესაძლოა მრავალი საფეხური ჰქონდეს, ხოლო, ამის თვალსაჩინო მაგალითია ხიზაბავრის ტერასები, რომელსაც 50-მდე საფეხური აქვს. ამჟამად ძველი სავენახე ტერასები ყველაზე მეტადაა შემორჩენილი ასპინძის შემოგარენში. აქაური ტერასები მეტად არასახარბიელო დღეშია, თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ტერასების აღდგენის პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რასაც ორგანიზებას უწევს და სათავეში უდგას ქალაქ ახალციხის მკვირდი გიორგი ნათენაძე. პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს ტერასების აღდგენას, მესხური ვაზის რეგიონში დაბრინებასა და მისგან ღვინის დაყენებას. ცხადია ეს ყოველივე ღვინის ტურიზმის სფეროზეც იმოქმედებს დადებითად.

  რეგიონის სასოფლო სამეურნეო სავარგულები ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს და ამის შესაბამისად ვაზი ყველგან არც ხარობს. მესხური ვაზის ჯიშები ყინვებსა და ზღვის დონიდან სიმაღლეს გარკვეულწილად შეგუებულია. მართალია დღეს-დღეობით მესხეთი ადგილობრივი ვაზის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა, როგორც, მაგალითად ქართლ-კახეთი და სხვ., მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ადგილობრივ მესხურ ვაზის ჯიშთა სორტიმენტი გაცილებით მეტი იქნებოდა და უნდა ითქვას, რომ ასეც იყო, მაგრამ თავში ხსენებული პრობლემის გამო მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალიდან არაერთია გამქრალი. ხოლო ის, რაც ამჟამად მოგვეპოვება, სათანადოდ შესწავლილი არცაა.

 თვალი გადავავლოდ მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალს ზემოაღნიშნული წიგნიდან - "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ.

ბეჟანა (თეთრყურძნიანი), თავდაკიდული (თ.), თავცეცხლა (ვარდისფ.), თითა მესხური (თ.), კლდის წითელი (წითელყურძნიანი), საფარული (თ.), ცხენისძუძუ თეთრი (თ.), ცხენისძუძუ შავი (წ.), ხარისთვალა მესხური (თ.).

ეს გახლდათ ინფორმაცია აღნიშნული წიგნიდან. რაც შეეხება თავში ნახსენები ავტორის – შალვა წიქვაძის წიგნს, მასში ჩვენ კიდევ რამდენიმე ჯიშს ვხვდებით, ესენია:

სამარიობო (თ.), ხარისთვალა თეთრი (თ.) (თუმცა, ეს უკანასკნელი და "საქართველოს ამპელოგრაფიაში" (1960) მოცემული ჯიში - "ხარისთვალა მესხური" შესაძლოა, ერთი და იგივე იყოს...). თეთრი ახალციხური (თ.), თეთრი ბუდეშური (თ.), როკეთულა (ამ ჯიშის აღწერისას ავტორი მტევნის მარცვლის შეფერილობის შესახებ წერს, რომ ისაა ქარვისფერი, ხოლო ღვინის შესახებ კი ამბობს, რომ ისაა დურდოსფერი და ფერით ის წააგავს შავკაპიტოს ღვინოს... ამრიგად ავტორისეული აღწერა გაურკვეველია). ჩიტისკვერცხა (თ.), ცხენისძუა (თ.), მესხური მწვანე (თ.), შავი ბუდეშური (წ.), საწური (წ.) ( საწური აჭარის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და არა მესხეთისა! გ.ბ.), მესხური შავი (წ.), შავი ასპინძურა (წ.), მესხური საფერე (წ.), ხარისთვალა შავი (წ.), ჩიტისკვერცხა შავი (წ.), კლერტმაგარა (წ.) (კლერტმაგარა იმერული წითელყურძნიანი  ვაზის ჯიშია და არა მასხური! გ.ბ.).

როგორც ვნახეთ მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში რიგი შეუსაბამობებია და ეს საკითხი საბოლოოდაა დასაზუსტებელი. მეტნაკლებად მსგავსი პრობლემის წინაშე დგას არა მხოლოდ მესხეთი, არამედ საქართველოს მევენახეობის თითქმის ყოველი რეგიონი. ამ მიმართულებით საქმიანობას ცალკეული ადამიანები, თუმცა კი ეწევიან, მაგრამ საჭიროა შეიქმნას ქართულ ვაზის ჯიშთა კვლევისა და იდენტიფიკაციის სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს რეგიონებში ვაზის ჯიშების გავრცელების საკითხში ხშირად ცალკეული პირებიც აქტიურიბენ, რომელთა უმრავლესობას აკლია შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ამპელოგრაფებად თუ მევენახეობის სპეციალისტებად იწოდებიან პირები, ვისაც ვაზის სახეობათაშორისი ჰიბრიდები, ვაზის ჯიშები თუ სახეობები ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევიათ და დღეს ეს არც თუ ისეთი იშვიათობაა თვით სახელმწიფო სტრუქტურებშიც კი...

მესხეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ჩვენგან ყველაზე მეტ ყურადღებას ითხოვს. როგორც აღინიშნა, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ საქმის წარმატებისათვის საჭიროა მეტი ძალისხმევა. მესხეთში პირველ რიგში ის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები უნდა გაშენდეს და გავრცელდეს, საიდანაც მოხდება საბარძიმე ღვინის დაყენება. კარგი იქნება თუ ამ მხრივ რეგიონში არსებული მამათა მონასტრები იზრუნებენ და გააშენებენ ადგილობრივ ვაზის ჯიშებს, ხოლო მათგან მოწეულ მოსავალს ქვევრებში დააბინავებენ. ეს ნამდვილად მისაბაძი მაგალითი იქნება ადგილობრივებისთვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული