Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოზე შეყვარებული ქალბატონი

როცა შავკანიანმა სამხრეთაფრიკელმა ნტსიკი ბიიელამ (Ntsiki Biyela)1998 წელს სტიპენდია მოიგო და ენოლოგიის შესწავლა დაიწყო, ბევრი მიიჩნევდა, რომ უცნაური არჩევანი გააკეთა. და მართლაც, ამ ქალმა გრძელი გზა გაიარა, ვიდრე ღვინის სამყაროში სახელს გაითქვამდა.

სტიპენდია შავკანიანი გოგონასთვის

ნტსიკი ბიიელა სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთში მდებარე Zululand-ის დასახლების პატარა ღარიბ სოფელში იზრდებოდა. ეს იყო ადგილი, სადაც ელექტროენერგია მხოლოდ 2004 წელს შეიყვანეს. დედა მოსამსახურედ მუშაობდა და შვილის ნახვის უფლება წელიწადში ერთხელ ჰქონდა, ამიტომ გოგონას ბებია ზრდიდა. სხვა თანასოფლელების მსგავსად წყლის მოსატანად მდინარემდე ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გადიოდა, მახლობელ ტყეში კი კოცონისთვის ფიჩხს აგროვებდა. სწავლობდა სოფლის სკოლაში, სადაც საამისოდ მაინცდამაინც კარგი პირობები არ იყო. სოფლის მცხოვრებთ ძირითადად გოგრა და სიმინდი მოჰყავდათ. ალკოჰოლიდან კი მხოლოდ შინ დამზადებულ ლუდს მოიხმარდნენ, რომელიც დიდ ქოთნებში იხარშებოდა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ბიიელას არასოდეს გაუსინჯავს ღვინო და არც არავის იცნობდა, ვინც ამ სასმელს მიირთმევდა.

მისი სურვილი, დაეწყო ენოლოგიის კურსის შესწავლა, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. უფრო ინჟინრობისკენ მიუწევდა გული, თუმცა უსახსრობის გამო ჩანაფიქრზე უარის თქმა მოუწია. საბედნიეროდ,ბიძამ მეგობარი მეღვინე - Jabulani Ntshangase გააცნო, რომელიც დაეხმარა გოგონას შეეტანა განცხადებაSAA -ს სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტუდენტი იყო, სპონსორი ვერ იპოვა. მისი სწავლის საფასურის დაფარვას მხოლოდ ერთი ავიაკომპანია დათანხმდა, რომელიც აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობას უჭერდა მხარს.სტიპენდია Stellenbosch University-შისწავლას ითვალისწინებდა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმსხვილეს ღვინის რეგიონში მდებარეობდა.

თავიდან ნტსიკი ვერაფრით იგებდა, რა სასმელი იყო ეს. ანდა, სად ნახავდა ღვინოს, როდესაც იშვიათად ტოვებდა თავის პროვინციას. ერთხელ ავტობუსით იმგზავრა ღვინის რეგიონ WesternCape-ში და იქაური მთების სიდიადით მოიხიბლა. ძალიან მოეწონა პატარა ხეები, რომლებიც მთების ძირში სწორ რიგებად იყო ჩამწკრივებული. გოგონამ მაშინ არცკი იცოდა, რომ ეს ვაზი იყო.

პირველი დეგუსტაცია

პირველად ღვინო უნივერსიტეტში გასინჯა. ერთ-ერთ ლექციაზე ლექტორმა ბოთლს საცობი მოხადა, დაყნოსა და სტუდენტებს ხილის გემოზე, ფერსა და არომატზე ესაუბრა. ღვინო ბოკლებში ჩამოასხეს და ერთი ჭიქა ნტსიკისაც შესთავაზეს. გოგონამ მოსვა, თუმცა საშინლად არ მოეწონა. "რა საზიზღრობაა!” - ასეთი იყო პირველი რეაქცია.

ნტსიკი იხსენებს დიალოგს ღვინის ორ კრიტიკოსს შორის, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. ერთი ამბობდა, რომ გასინჯულ ღვინოში "შავი მოცხარის ტონები” დომინირებდა. მეორემ უპასუხა, რომ "აშკარად გრძნობდა ტრუფელის არომატს.” "ჩემი აზრით კი ღვინოს საქონლის ნეხვის სუნი ჰქონდა! შესაძლოა იმიტომ, რომ იქ სადაც მე ვიზრდებოდი, ხშირად იგრძნობოდა სწორედ ეს სუნი. რა იყო ტრუფელი არ ვიცოდი, ვიდრე არ გავიზარდე” - იხსენებს ის. თუმცა იმ პერიოდში გოგონასთვის ეს ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. იყო სხვა სირთულეებიც. ძირითადი საგნების სწავლება Afrikaans ენაზე მიმდინარეობდა, რომელიც მას არ ესმოდა. მხოლოდ ის შველოდა, რომ მეცადინეობების ნაწილი ინგლისურად ტარდებოდა, რომელსაც თავისუფლად ფლობდა.

სწავლის დასაწყისში არ იცოდა, რა იყო კომპიუტერი. ამას დაემატა აგრესია, რომელიც თეთრკანიანი სტუდენტებისგან წამოვიდა. "ისე მიყურებდნენ, თითქოს დაუკითხავად შევიჭერი მათ სივრცეში” - იხსენებს ნტსიკი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდა. დალაგდა ურთიერთობა თანაკურსელებთან. გოგონა სწრაფად ისრუტავდა ახალ უნარ-ჩვევებს, ეგუებოდა გარემოს. მისი გემოვნება ღვინის მკვეთრ მჟავიანობასაც მიეჩვია და გარკვეული დროის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე შავკანიან მეღვინეთაგან ერთ-ერთი გახდა. 350 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში ამ სფეროში თეთრკანიანი მამაკაცები დომინირებდნენ. რაც შეეხება ქალებს, ნტსიკი ერთადერთი შავკანიანი მეღვინე ქალია. მასზე ამბობენ, რიმ "პატივი უნდა სცენ როგორც პიროვნებას, რადგან იგი მიეკუთვნება კულტურას, რომელიც საერთოდ არ ცნობს ალკოჰოლს.” ბევრი მიიჩნევს, რომ ის მამაცი და გამბედავი ქალია.

ოქროს ციებ-ცხელება

გზა ცნობილ მეღვინეობამდე იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას მუშაობა დაიწყო მსხვილ ღვინის საწარმო Delheim-ში. ნტსიკი მხოლოდ საწარმოში არ შრომობდა, მის მოვალეობაში შედიოდა მეურნეობის სადეგუსტაციო ოთახში სტუმრებისთვის ღვინის მირთმევა და მათთან სასმელის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი სასმელი გასინჯა და ამან მის გემოვნებაზეც იმოქმედა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამუშაოდ მიიწვიეს კერძო ღვინის მეურნეობა Stellekaya-ში. თავიდან იქაური კონსულტანტი - Peet Le Rouxეხმარებოდა, შემდეგ კი მთლიანად თავად იღებდა გადაწყვეტილებებს და მათზე პასუხსაც აგებდა. მისმა პირველმა წითელმა კუპაჟმა - CapeCrossპრესტიჟული ადგილობრივი კონკურსის - Michelangelo Awards-ისოქროს მედალი მიიღო. საზეიმო ცერემონიალზე სტუმრებს შავკანიანი აფრიკელი ოფიციანტები ემსახურებოდნენ. როდესაც დაინახეს, ვინ მიიღო მთავარი პრიზი, მქუხარე ოვაციები გამართეს. ეს იყო პირველი ოქროს მედალი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შავკანიანმა მეღვინემ დაიმსახურა. 2009-ში ნტსიკი ბიიელას სამხრეთ აფრიკის "წლის მეღვინის” ტიტული მიანიჭეს.

 Stellakayaდეივ ლელოს (Dave Lello)-ს  და მის მეუღლე ჯეინს ეკუთვნის. ეს არის სამხრეთაფრიკული საწარმო, რომელიც ევროპული ტრადიციის ღვინოს ამზადებს. კაბერნე სოვინიონი, მერლო, კაბერნე ფრანი, შირაზი, პინოტაჟი და სანჯოვეზე - სწორედ ამ ჯიშებს ანიჭებენ აქ უპირატესობას. ნტსიკი ორ ხაზზე მუშაობს, ეს არის Fusion Collection დაEclipse Collection. მათი საფუძველი კაბერნე სოვინიონი და მერლოა, რომელსაც მცირეოდენ სხვა ჯიშის ყურძენს ამატებენ. ნტსიკის ფავორიტი მაინც CapeCross-ია, რომელშიც კაბერნე სოვინიონისა და მერლოს ბლენდს მცირეოდენი პინოტაჟი ემატება. პინოტაჟს ის გათამამებულ ბავშვს ეძახის, რომელიც ყველას ყურადღებას ითხოვს. ნტსიკი ამბობს, რომ მისი ვალია, გააკონტროლოს ეს ჯიში და დანარჩენებზე დომინირების საშუალება არ მისცეს. ბალანსი და ერთიანობა - აი, მთავარი მახასიათებლები, რაც ნტსიკი ბიიელას ღვინოებს სხვებისგან გამოარჩევს.

"შემიყვარდა ღვინის მუდმივად ცვალებადი ხასიათი. ღვინო ორი დღის განმავლობაშიც კი არ არის ერთნაირი. მისი გემო დამოკიდებულია იმაზე, სად მიირთმევთ, ვინ სვამს თქვენთან ერთად, როგორ განწყობასა და ხასიათზე ხართ. ეს ძალზე უჩვეულო სასმელია”- ასეთია წლების შემდეგ მისი პოზიცია. ნტსიკიმ ზუსტად იცის, როგორ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. "მე მომწონს სავსე და სხეულიანი ღვინოები” - ამბობს ის და სწორედ ასეთი სასმელის შექმნას ცდილობს.  

აფრიკული ტრანსფორმაციის პიონერი

მართალია, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი კარგა ხანია იურიდიულად აღარ არსებობს, მაგრამ ქვეყნის საზოგადოებაში ჯერ კიდევ მძლავრია რასობრივი დაყოფა. ბიიელა, რომელმაც კარეიერა ერთი პატარა ღარიბი სოფლიდან დაიწყო, აფრიკული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი პიონერია.

"მე ორ სამყაროში ვცხოვრობ: ხშირად ჩავდივარ სტუმრად ჩემს მშობლიურ სოფელში, ვლაპარაკობ ზულუს ენაზე, მივირთმევ ადგილობრივ ფაფას, მაგრამ სამსახურში დაბრუნებისთანავე ევროპულ ცხოვრებას ვიწყებ. აქ მთლიანად საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული, სოფელში კი ადამიანთა ცხოვრება თემის ინტერესებს ემსახურება.”

დღეს სამხრეთ აფრიკა მსოფლიო წამყვან ღვინის მწარმოებელთა ათეულში შედის. აქაური კლიმატი და ნიადაგი მეღვინეობის განვითარებისთვის კარგ პირობებს ქმნის, თუმცა მათი ღვინის გზა მძიმე და სასტიკია.

მონათა შრომიდან დღევანდელობამდე

XVIII-XIX საუკუნეებში მონათა შრომა ადგილობრივი მეღვინეობის აუცილებელი შემადგენელი იყო. ეს სისტემა ქვეყანაში აპარტეიდის ოფიციალურად შეცვლის შემდეგაც გრძელდებოდა. ადამიანები ვენახში ურთულეს პირობებში მუშაობდნენ და ამისთვის კაპიკებს უხდიდნენ. გადასახადის ნაწილს დამქირავებლები იაფი ღვინით ისტუმრებდნენ, რის გამოც ლოთობა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მეპატრონეთა მიერ მუშების გაკონტროლების მშვენიერი საშუალება იყო. მართალია, მოგვიანებით მდგომარეობა უკეთესისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ მძიმე გამოცდილების კვალი დღემდე იგრძნობა.

სამხრეთ აფრიკა პირველ რიგში ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა და არა მომხმარებელი. მისი პროდუქციის ნახევარზე მეტი ექსპორტზე მიდის. თუმცა წარმოებული ღვინო ქვეყნიდან სრულადაც რომ გადიოდეს, ადგილობრივი მოსახლეობა ამას ვერცკი მიხვდებოდა. მოსახლეობის უმეტესობას ღარიბი შავკანიანები შეადგენენ. მათი სასმელი ლუდია, რომლის ბუკეტიც ნაკლებად აინტერსებთ.                        

თეთრკანიანთა "უპირატესობა”

დღეს ბევრი შავკანიანი სამხრეთაფრიკელი ღვინის ისტორიას თეთრკანიანთა პრივილეგიად მიიჩნევს. მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონების დიდი ნაწილი, რომლებიც მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მდიდარ ქვეყნებში მდებარეობს. როგორც წესი, მეღვინეობას მისდევენ კომფორტულ პირობებში გაზრდილი ადამიანები, რომელთაც კარგი განათლება მიიღეს და სოციალურადაც უზრუნველყოფილნი არიან. მეღვინის პროფესია ხშირად განიხილება, როგორც სასიამოვნო და უზრუნველყოფილი კარიერა, ზოგჯერ მას გლამურულადაც კი მიიჩნევენ. ისეთ ადგილებში, როგორიცაა ამერიკული ნაპას ველი, ფრანგული ბორდო, იტალიური პიემონტი და ტოსკანა - მეღვინის პროფესია ერთგვარ ფუფუნებას და პრესტიჟს უკავშირდება. მისი ათვისება სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით იშვიათია, თუმცა ნტსიკი ბიიელას მაგალითი ამის მშვენიერი დადასტურებაა.

ამჟამად ნტსიკი 33 წლისაა. ისევ Stellakaya-ს მეღვინედ მუშაობს. ეს აქტიური და ენერგიული ქალბატონი ძალიან ბევრს აკეთებს ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის. "ღვინის მოხმარება ქვეყანაში მანამ არ გაიზრდება, ვიდრე ადამიანები მას ყოველდღიური მენიუს შეუცვლელ ნაწილად არ ჩათვლიან. რაც შეიძლება ხშირად და უბრალო ენით უნდა ვესაუბროთ მათ ამაზე” - ამბობს ის.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული