Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტაგნაცია - ქართული ცქრიალა ღვინოების პრობლემა

ალეკო ცქიტიშვილი

ქართული ცქრიალა ღვინოების ხარისხი ბოლო წლებში, მართალია, გაიზარდა, მაგრამ ახლა საჭიროა მუშაობა ამ ღვინოების დახვეწაზე, დაძველების პოტენციალის გაზრდაზე და ევროპის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად კონკურენტული პროდუქტის შექმნაზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ ღვინის კლუბის წევრები ქართული და ევროპული ცქრიალა ღვინოების ერთობლივ დეგუსტაციაზე. ქართული ცქრიალა ღვინოები შედარებით არასტაბილურია და ხარისხით შესამჩნევად ჩამორჩება დაახლოებით იგივე საფასო სეგმენტის ევროპულ ღვინოებს.

ქართული ცქრიალა ღვინოების წარმოებაში მომხდარ კარდინალურ ცვლილებებზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვწერდით, როცა ღვინის კლუბში ქართული ცქრიალა ღვინოების პირველი დეგუსტაცია ჩატარდა. მაშინდელმა დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ცქრიალა ღვინოების მწარმოებელმა კომპანიებმა პოსტსაბჭოთა ფალსიფიკაციის პერიოდი გაიარეს და გეზი ევროპული სტანდარტებისკენ აიღეს. ხარისხის გაზრდაზე ზრუნვა დააჩქარა რუსეთის მიერ ქართულ ღვინოებზე 2006 წელს დაწესებულმა ემბარგომ, რის გამოც ქართველ მეღვინეებს ორი არჩევანი დარჩათ: ან ცქრიალა ღვინოების წარმოება უნდა შეეწყვიტათ, ან ბევრად უფრო მაღალხარისხიანი პროდუქტი შეექმნათ და ახალ, მაგრამ პრეტენზიულ ბაზრებზე წარედგინათ.

კომპანიების უმეტესობამ მეორე გზა აირჩია და მიზნის მისაღწევად რამდენიმე საშუალებას მიმართა: სრული ტექნიკური გადაიარაღების შედეგად საწარმოები აღჭურვეს თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, გააშენეს საკუთარი ვენახები ცქრიალა ღვინოებისთვის გამოსადეგი ვაზის საუკეთესო ჯიშებით, მოიწვიეს უცხოელი კონსულტანტები ტრადიციული ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი ევროპული ქვეყნებიდან, გზა მისცეს ახალგაზრდა მეღვინეებს, რომლებიც უკეთ იცნობენ მეღვინეობის ამ მიმართულების თანამედროვე ტენდენციებს, დაბოლოს - ღვინის ხარისხის გაზრდის პარალელურად, შეცვალეს პროდუქტის დიზაინი, შეფუთვა.

ვისაც საბჭოთა პერიოდის და 90-იანი წლების ე. წ. შამპანურები ახსოვს, შეუძლებელია, ეს ძირეული ცვლილებები შეუმჩნეველი დარჩეს. თუნდაც, მარტო ის რად ღირს, რომ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა „შამპანურების“ შეუცვლელ ატრიბუტს - პლასტმასის საცობს, ფაქტობრივად, არც ერთი კომპანია აღარ იყენებს.

ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის, „ბაგრატიონი 1880“-ის გარდა, საქართველოში ცქრიალა ღვინოებს აწარმოებს: „თელიანი ველი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბადაგონი“, „თელავის მარანი“. სტაბილურად მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოები აქვს მცირე საწარმო „ღვინის სამყაროს“. ყველა ეს კომპანია, ძირითადად, მეღვინეობის ამ მიმართულებაში კარგად გამოცდილ ქართულ ჯიშებს იყენებს: გორულ მწვანეს, ჩინურს, ციცქას და ხანდახან მწვანე კახურსაც. ერთმანეთთან კონკურენციაში კომპანიებისთვის პრესტიჟის საქმეა კლასიკური ბოთლური მეთოდით ცქრიალა ღვინოების წარმოება. ამავე დროს, არც რეზერვუარულ მეთოდზე ამბობენ უარს. კიდევ ერთი საინტერესო და თვალსაჩინო ცვლილებაა ის, რომ ბაზარზე ბევრად ნაკლები ადგილი უჭირავს ნახშირორჟანგით ხელოვნურად გამდიდრებულ (დაგაზულ) შუშხუნა ღვინოებს. 10-15 წლის წინ ეს ბალანსი შუშხუნა ღვინოების სასარგებლოდ იყო დარღვეული. სხვა თემაა მაშინდელი ღვინოების რეპუტაცია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა.

ბოლო წლების მნიშვნელოვანი სიახლეა წითელი და ვარდისფერი (როზე) ცქრიალა ღვინოები. ასეთი ტიპის ღვინოების წარმოებაში ჯერჯერობით წამყვანი ჯიში საფერავია, ისევე როგორც წყნარი ვარდისფერი ღვინოების წარმოებაში. წარმატებული გადაწყვეტილება იყო „ბაგრატიონი 1880“-ის მიერ ქართლის ჯიშისგან, თავკვერისგან ვარდისფერი ცქრიალა ღვინის ჩამოსხმა. „აჭარული ღვინის სახლი“ აპირებს, ვარდისფერი ცქრიალა ღვინო ჩხავერისგან ჩამოასხას. ზოგადად, ღვინის კლუბში ფიქრობენ, რომ წითელი და ვარდისფერი ცქრიალა ღვინოებისთვის კარგი ნედლეული იქნება დასავლეთ საქართველოს წითელყურძნიანი ჯიშები: ჩხავერი, ალადასტური, ოცხანური საფერე და სხვა.

ქართული ცქრიალა ღვინოების ხარისხის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა კომპანიებში თანამედროვე ევროპული მენეჯმენტის დანერგვა. ფაქტობრივად ყველა კომპანია ფლობს მართვის საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელ ISO სერთიფიკატს. „ბაგრატიონი 1880“-ის გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი, ჰილარიუს პიუტსი აცხადებს, რომ ეს კომპანია შამპანის რეგიონის კანონის CIVC (Comite Interprofessionell Vin du Champagne) მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს, რამაც „ბაგრატიონის“ ცქრიალა ღვინოების ხარისხის გაზრდა გამოიწვია.

ამ სასიკეთო ტენდენციების მიუხედავად, ჯერ კიდევ ქართული ცქრიალა ღვინოების პირველი დეგუსტაციისას (ჩატარდა 2010 წლის დეკემბერში) „ხარებას“ მეღვინე დავით ჩიჩუა აცხადებდა, რომ ქართული ცქრიალა ღვინოების ხარისხში უფრო მეტი ჩამორჩენა გვაქვს, ვიდრე წყნარ ღვინოებში. ეს ტენდენცია კარგად გამოიკვეთა ღვინის კლუბის მიერ მიმდინარე წლის ივნისში მოწყობილ ევროპული და ქართული ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე. დეგუსტაციის მთავარი მიზანი სწორედ ქართული და ევროპული ცქრიალა ღვინოების ხარისხის შედარება იყო. კლუბის წევრთა გადაწყვეტილებით, დეგუსტაცია ღია იყო და ამა თუ იმ ქართული კომპანიის ღვინოების გარშემო დისკუსიაც ღიად წარიმართა.

ქართული კომპანიებიდან, ძირითადად, წარმოდგენილი იყო „ბაგრატიონი 1880“-ის ღვინოები: Finest (2008), რეზერვი, ოქრო, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ასევე „თელიანი ველის“ „ექსტრა მშრალი“ ცქრიალა ღვინო და „ღვინის სამყაროს“ კლასიკური ბოთლური მეთოდით დამზადებული ორნაირი „კიუვე მარგო“ (Brut და dry).

რაც შეეხება ევროპულ ღვინოებს, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო  ავსტრიული კომპანიის Schlumberger-ისა და ფრანგული Blanc Foussy-ს ცქრიალა ღვინოები. კერძოდ, გაისინჯა Schlumberger-ის ხუთი ღვინო: 1. Rose, 2009 (Methode Traditionnelle), 2. Chardonnay, 2008 (Methode Traditionnelle), 3. Brut, 2007 (Methode Traditionnelle), 4.  White Secco, 5. Gold. ხოლო Blanc Foussy-ისა - ოთხიღვინო: 1.Brut, A.O.C TOURAINE, Val De Loire, 2.Brut (Rose), A.O.C TOURAIINE, Val De Loire, 3. Demi-Sec,  A.O.C TOURAINE, Val De Loire, 4. Brut, Cremant de Loire, Val De Loire. სხვათაშორის, ამ ღვინოების იმპორტი საქართველოშიც იგეგმება და შესაძლოა, საახალწლოდ ღვინის მაღაზიებშიც წააწყდეთ.

Schlumberger-ისა და Blanc Foussy-ს პოტენციურმა იმპორტიორებმა ღვინის კლუბს უსასყიდლოდ მიაწოდეს ამ კომპანიების ცქრიალა ღვინოების ნიმუშები. ხოლო ქართული ღვინოები კლუბმა ტრადიციისამებრ ღვინის მაღაზიებიდან შეიძინა, რათა უშუალოდ ბაზარზე გამოტანილი ნიმუშები გასინჯულიყო.

ქართული ღვინოებიდან იყო რამდენიმე საინტერესო ნიმუში, რომელმაც ღვინის კლუბის წევრთა ყურადღება მიიპყრო. მაგალითად, „ბაგრატიონი 1880“-ის ხუთი ქართული ჯიშისგან (თავკვერი, საფერავი, ციცქა, გორული მწვანე, ჩინური) დამზადებული ცქრიალა ღვინო „ოქრო“, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეგუსტაციის მონაწილე კლუბის წევრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ამდენი ჯიშის ერთ ღვინოში თავმოყრა ეფექტს ვერ იძლევა. თუმცა, ეს მოსაზრება ყველამ არ გაიზიარა. ამავე დროს, ორივე მხარე დაეთანხმა ერთმანეთს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები კიდევ უნდა გაგრძელდეს, რათა ცქრიალა ღვინოების წარმოებაში ვაზის ქართული ჯიშების პოტენციალი უფრო გამოიკვეთოს.

დეგუსტაციის შედეგებმა აჩვენა, რომ კლასიკური ბოთლური მეთოდით დამზადებული ქართული ცქრიალა ღვინოები ხარისხით და შინაარსით მკვეთრად უსწრებს წინ რეზერვუარული მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინოებს. თუმცა, ეს გასაკვირი არც არის და სხვათაშორის, განსხვავება მათ ფასებშიც საგრძნობია - კლასიკური ბოთლური მეთოდით დამზადებული ზგიერთი ღვინო ორჯერ და სამჯერ ძვირი ღირს. საინტერესოა, რომ დეგუსტაციაზე ასეთივე სხვაობა დაფიქსირდა უცხოურ ცქრიალა ღვინოებშიც. აღინიშნა, რომ რეზერვუარული ცქრიალა ღვინოები, ძირითადად,მასობრივი წარმოებისთვის არის განკუთვნილი და მას არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

დეგუსტაციის მონაწილე მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა ქართული ღვინოებიდან მცირე საწარმოს - „ღვინის სამყაროს“ კლასიკური ბოთლური მეთოდით დამზადებული „კიუვე მარგო“ გამოარჩია: „ამ ღვინოს „შამპანისტის ხელი“ ეტყობა, არა მარტო იმიტომ, რომ ბოთლური მეთოდით არის დამზადებული, არამედ იმიტომაც, რომ ჯიშების სწორად შერჩევით თავიდანვე მიაგნეს ტექნოლოგიას და მას შემდეგ ამ ტექნოლოგიას არ ღალატობენ. ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, მთელ მსოფლიოში შამპანური და ცქრიალა ღვინოები ვითარდება, იცვლის თვისებებს. ახალ ტენდენციებს ქართველი მწარმოებლებიც უნდა აჰყვნენ, რასაც სჭირდება ახალგაზრდა მეღვინეების პრაქტიკები უცხოეთში და არა პირიქით - უცხოელი მეღვინეების აქ ჩამოყვანა. რაც შეეხება ხარისხს, ხუთი წლის წინ მე თვითონ ჩავატარე ქართული ცქრიალა ღვინოების დეგუსტაცია და მაშინ გასინჯული ღვინოების უმეტესობა დაავადებული იყო. ამჯერად, დაავადებები აღარ არის, რაც უდავოდ ნახტომად უნდა შეფასდეს, მაგრამ ყველა ვთანმხდებით, რომ საჭიროა მეტი მუშაობა, რათა ქართული ცქრიალა ღვინოების ხარისხი გაუტოლდეს ფრანგულ და ავსტრიულ ცქრიალა ღვინოებს“.

ღვინის კლუბის პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, ხარისხიანი ღვინოები სამივე ქვეყნის ღვინოებში გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული ღვინოების ნაწილი იყო გადაძველებული და „გადაღლილი“. ძალიან მცირედ ან საერთოდ აღარ შეინიშნებოდა ცქრიალი 3-4 წლის წინანდელ ღვინოებში, მაშინ როდესაც იმავე მოსავლის წლის ფრანგულ და ავსტრიულ ღვინოებს ანალოგიური პრობლემა არ ჰქონდა. რაღა თქმა უნდა, ცქრიალა ღვინოს როდესაც ცქრიალი არა აქვს, ეს დიდი მინუსია.

ორი წლის წინანდელ დეგუსტაციაზე იგივე ღვინოებს მსგავსი პრობლემა არ ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დამზადების ტექნოლოგია მომავალზე, დავარგებაზე არ იყო გათვლილი. ამგვარად, ქართული ცქრიალა ღვინოების წარმოებაში შეიძლება დავინახოთ ერთგვარი სტაგნაციის პერიოდი. ამ ვითარებაში კომპანიები არ უნდა  დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და აქცენტი არ უნდა გააკეთონ ხარისხის შენარჩუნებაზე, რადგან აუცილებელია კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე მუშაობა და წინსვლა.

ფრანგული, ავსტრიული და ქართული ღვინოები როდესაც გვერდიგვერ დევს და მომხმარებელს მათი შედარების საშუალება აქვს, ქართველ მწარმოებელს კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის მეტი ინტერესი უჩნდება. ამიტომ, ევროპული ცქრიალა ღვინოების იმპორტი ქართული ცქრიალა ღვინოების განვითარებაზე, სავარაუდოდ, დადებითად იმოქმედებს. ისღა დაგვრჩენია, პრობლემების მიუხედავად, ვიყოთ ოპტიმისტები (რისი საფუძველიც წინა წლებიდან გვაქვს) და დაველოდოთ იმ დროს, როცა ქართული ცქრიალა ღვინოები მსოფლიოშიც პრესტიჟული გახდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული