Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა შეიცვალა "8000 მოსავლის" გახსნიდან დღემდე - ინტერვიუ ირაკლი ჩხაიძესთან

„8000 მოსავალი“ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მაღაზია-ბარია. დამფუძნებლების თავდაპირველი მიზანი ქართული ღვინის ურბანულ სივრცეში პოპულარიზება და ხელმისაწვდომობა იყო. მაღაზია დაახლოებით 5 წელია არსებობს და დასახული მიზნისთვის არ გადაუხვევია - „8000 მოსავალი“ თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასოცირდება ხარისხიან ქართულ ღვინოსთან, რომელიც ამასთანავე ხელმისაწვდომიცაა. გთავაზობთ ინტერვიუს „8000 მოსავლის“ დამფუძნებელ ირაკლი ჩხაიძესთან, რომელმაც როგორც საკუთარ გამოცდილება და ხედვები, ისე ზოგადად ქართული ღვინის ბაზრის გამოწვევებზე გვესაუბრა.

რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როდესაც „8000 მოსავალსაარსებდით?

როდესაც „8000 მოსავალს“ ვაარსებდით, გვინდოდა ქართველ მომხმარებლებს ჰქონოდათ დიდი არჩევანი, კარგი ღვინის დალევა და მისგან სიამოვნების მიღება შესძლებოდათ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, გვქონდა რამდენიმე პირობა, რაც უნდა დაგვეცვა - აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეს ქალაქის ურბანულ ნაწილში, ყველა ღვინო აუცილებლად უნდა გადარჩეულიყო, რათა მომხმარებლისთვის მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია შეგვეთავაზებინა, უნდა გვცოდნოდა, რას გავყიდდით. მესამე, ყველაზე მთავარი იყო - ეს ღვინოები აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. არსებული რესტორნების ფასები არ უნდა გვქონოდა. ჩვენ ვთქვით, რომ მაღაზიაში რა ფასადაც გავყიდით, ბარშიც იგივე ფასად გავყიდდით.

ასევე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლები, მეღვინეები და მომხმარებლები არიან. მეღვინეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არიან, მთელი დარგი მათზე დგას. ეს ის ხალხია, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ყველა რგოლმა, ვინც ყიდის მათ ღვინოს, ღვინის მწერლები, სააგენტო, სახელმწიფო თუ მომხმარებლები.

ჩანაფიქრის განხორციელებისას, რა მთავარი გამოწვევები გქონდათ?

 ქართველი მეღვინეები ქმნიან იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენ უნდა გავყიდოთ და თავი მოვიწონოთ. ამიტომაც, მათთან მუდმივი უკუკავშირი უნდა გვქონდეს. ისინი მუდმივად ეძებენ ამას, მთავარია, ეს უკუკავშირი ობიექტური იყოს. კარგი იქნება, თუ მომხმარებელიც უშუალოდ მეღვინეებთან სწორ კომუნიკაციას მიეჩვევიან, იმავე სოციალური მედიის გამოყენებით. მეღვინეების შრომა უნდა ფასდებოდეს, პირველ რიგში, მათი პროდუქციის გაყიდვით. მთელი დარგის ინფრასტრუქტურა უნდა აეწყოს იმაზე, რომ მეღვინეები იყვნენ მოტივირებულნი.

 მას შემდეგ, რაც ბარი გავხსენით, მეღვინეების რაოდენობა, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ორმოცდაათიდან ოთხასამდე გაიზარდა. ხუთი წლის მანძილზე, დაახლოებით, 8-ჯერ გაიზარდა მათი რაოდენობა. მართალია, ყველა მეღვინედ არ რჩება და შეიძლება მხოლოდ ერთხელ დააყენოს ღვინო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ყოველ წელს საქართველოში მეღვინეს უნდა ჰქონდეს მოტივაცია ღვინის დაყენების. ამისკენ მიდის საქმე, თორემ ამდენი მეღვინეობა არ გამოჩნდებოდა და არ იქნებოდა.

დღეს რა ფუნქციას ასრულებს „8000 მოსავალიქართული ღვინის ბაზრისთვის?

ჩვენ უკვე, დაახლოებით, 5 წელია, რაც ბაზარზე ვართ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. სამი მიმართულებაა, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - მეღვინეები, თანამშრომლები და ჩვენი სტუმრები, კლიენტები. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურები - ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა.შ... ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვინის ბლოგერები, მწერლები, ვინც ამ ღონისძიებებს, ფესტივალებს აორგანიზებს. აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ რეალურად არ ვყოფილვართ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც დაიწყო ღვინის პოპულარიზაცია.

 ძალიან ბევრ სწავლებას ვატარებთ, ყოველ კვირას ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, ვარჩევთ, ღვინო მუდმივადაა გახსნილი, ვვითარდებით. ყველაფერს თან ერთვის თეორიული ინფორმაცია, რომელსაც სულ ვკითხულობთ, ამ მხრივ ყველაზე დიდი როლი „ღვინის კლუბს“ აქვს, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურასაც გვაწვდის.

რა არის ის მთავარი სირთულე, რომელსაც თქვენ აწყდებით?

ღვინოების ხარისხი ძალიან გაიზარდა, რასაც მომხმარებელიც ამჩნევს. თუ მანამდე ას ღვინოს ვსინჯავდით და იქიდან მოგვწონდა 20, ახლა უკვე 50-60 მოგვწონს. ხარისხი უმჯობესდება, მომხმარებელი, რომელიც ღვინოს სინჯავს, ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მრჩება განცდა, რომ მომხმარებლები ცოდნით და გემოვნებით არსებულ პროდუქტს ასწრებენ. ბევრი მოგზაურობს, ღვინოს სინჯავს, შემდეგ უკვე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა რთულია. ასეთი მომხმარებელი მომენტალურად გრძნობს, რომელია კარგი და რომელი ცუდი ღვინო. მოთხოვნები იზრდება, რეალურად მეღვინეები უფრო მეტ ტონუსში არიან. რეგულარული მომხმარებლები მარტივად ამჩნევენ, როდესაც რომელიმე მეღვინის ღვინო ისეთი კარგი აღარაა. გემოვნება განვითარებული აქვთ, სხვანაირი ღვინოები მოსწონთ. კარგია, რომ მარტო მეღვინეები არ ვითარდებიან - ვითარდება მომხმარებელი.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, „8000 მოსავალს“, არის ეს სიტუაცია - მეღვინეები, მომხმარებლები ვითარდებიან, ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ განვითარებას. ჩვენ გვყავს მენეჯერები, სომელიეები, ღვინის კონსულტანტები. საინტერესოა, რომ ღვინით დაინტერესება გაზრდილია, მსგავსი პროფესიებით დაინტერესებაც იზრდება. ახალი თაობა მოდის, თუმცა, როდესაც ახალგაზრდას ღვინის კონსულტანტად ვასაქმებთ, დაახლოებით 2 წლის მუშაობის შემდეგ, შესაძლოა გახდეს სომელიე ან მენეჯერი. თუმცა, ჩვენ კონსულტანტს დიდი ხნით ვერ ვიტოვებთ, გვინდა რომ მეტად განვითარდეს. ჩვენ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვთავაზობთ - პირველ რიგში, კადრს ვაწინაურებთ. როდესაც ამის შესაძლებლობა აღარაა, ვთავაზობთ სხვა მეღვინეობაში ან სხვა პოზიციაზე წასვლას.

მთავარი პრობლემა აქ ჩნდება, როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, მის ადგილას დამწყები საქმდება. მას უჭირს დაეწიოს კლიენტს, რომელიც ხშირად დადიოდა და ძველ კონსულტანტთან ჰქონდა ურთიერთობა. კონსულტანტმაც მისი გემოვნება და გამოცდილება იცოდა, ახალ კონსულტანტს კი წინა წლის ღვინოებიც არ გაუსინჯავს. ეს ყოველთვის გამოწვევად რჩება.

კიდევ ერთი საკითხია, რომ ქართველი მომხმარებელი მაინც ჩაკეტილია უფრო კახურ ჯიშებში, როდესაც საქართველოში 525 სხვადასხვა ყურძნის ჯიშია, საიდანაც 60-65 ჩვენთანაც წარმოდგენილია. კახური ღვინის სახეობებიდანაც უმეტესად საფერავს, რქაწითელს ირჩევენ. ახლა ქისი, ხიხვი ძალიან პოპულარული გახდა. მაქსიმუმ 10 ჯიშია, რომლებსაც 80% ყიდულობს. თუმც,ა არიან ღვინის ენთუზიასტებიც. ჩვენი გამოწვევა ესეცაა, ადამიანებს მაქსიმალურად შევთავაზოთ ახალი ჯიშები და გემოები, დავანახოთ მათი ხასიათი.

ზოგადად, ქართული ღვინის ბაზრისთვის, რა მიგაჩნიათ მთავარ გამოწვევებად და როგორ ხედავთ სექტორის სამომავლოდ განვითარებას?

როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მაშინ კახეთი უფრო იყო წინ წამოწეული. ახლა იმერული ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, ოცხანური, საფერე გამოჩნდა, ქართლიდანაა შავკაპიტო, ჩინური. ნელ-ნელა სხვა რეგიონის ჯიშებიც მოდიან, რაც უკვე გასახარია, ეს ნიშნავს იმას, რომ მეღვინეობა კახეთის გარდა სხვა რეგიონებშიც პოპულარული ხდება, როგორც ბიზნესი.

მთავარი რჩევა იქნებოდა ის, რომ თუ მეღვინეებს ექსპორტზე გატანა უნდათ, აუცილებელია თავიანთი პროდუქცია ქართველ ხალხს შეაყვარონ. ძირითადად, ექსპორტიორები ისეთი პროდუქტით ინტერესდებიან, რომელიც მის ქვეყანაშია პოპულარული. ამიტომ, ისეთი ღვინო უნდა დააყენონ, რომელიც ქართველს მოსწონს და არა ისეთი, რომელიც იმ საექსპორტო ქვეყანაში მოსწონთ. ქართველი კაცის გემოვნება უფრო მშრალი ღვინოა. ამას ვურჩევდი მეღვინეებს. განვითარებული ქვეყნები ყოველთვის ავთენტურ და ორიგინალურ პროდუქტს ეძებენ და არა საექსპორტოდ გამოგონილს.

 ჩვენ არ გვაქვს დიდი წარმოება, მგონია, რომ 5-10 წელიწადში ქართულ ღვინოზე დიდი მოთხოვნა იქნება. თითოეული მეღვინე რამდენსაც აწარმოებს, იმდენს გაყიდის, როგორც საქართველოში, თუმცა უფრო მეტად ექსპორტზე. ეს რჩება მთავარ გამოწვევად ქართული ბაზრისთვის - კარგი ღვინოები საქართველოშიც დარჩეს. ეს რამდენად მომგებიანია, არ ვიცი, თუმცა თავად ბაზარი დაარეგულირებს - თუ საქართველოში კარგ ღვინოზე იქნება მოთხოვნა, აქაც დარჩება. გვქონია შემთხვევა, კარგი ღვინო, რომელსაც მომხმარებელიც ყიდულობს, მეღვინეს აღარ აქვს - სულ გაყიდა, მაგალითად, იაპონიაში. ასევე ბევრი მხოლოდ მარნიდან ყიდის, რადგან ბევრი ტურისტი მიდის, რაოდენობა კი ცოტა აქვს. ჩვენი ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაც ის არის, რომ გვქონდეს წვდომა იმ ღვინოებზე, რომლებიც კარგია. ეს ჩვენი გამოწვევაა და ჩვენით უნდა დავარეგულიროთ მეღვინეებთან.

 ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ღვინოების არსებობა ქვეყანაში, რომ არ ჩავიკეტოთ მხოლოდ ჩვენს გემოში. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართულ ღვინოს ვყიდით, მთლიანად სივრცე, რომელიც შეზღუდულია, გვინდა ქართველ მეღვინეებს დავუთმოთ და მათ დავეხმაროთ. თუმცა, ვინც უცხოურ ღვინოს იმპორტს ეწევა, მგონია, რომ ძალიან კარგ საქმეს უკეთებს ქართულ მეღვინეობას, რადგან მეღვინეებმაც იგრძნონ კონკურენცია, შეადარონ სხვა ქვეყნის ღვინოებს.

მთლიანად სფეროს სამომავლო განვითარებისთვის რა შეუძლია გააკეთოს „8000 მოსავალს“?

დარგი ძალიან იხვეწება, ყოველ წელს ვგრძნობთ ამას. ღვინოზე წერაც, შეფასებები უფრო მრავალფეროვანი ხდება, მეტ რაღაცებს ექცევა ყურადღება. მგონია, რომ ძალიან კარგ გზას ვადგავართ ამ მიმართულებითაც.

ჩვენი მისია და იდეაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. უფრო მეტი ფილიალი გავხსნათ, ასე მომხმარებელს კიდევ უფრო დავუახლოვდებით, თბილისს გარეთ გავიდეთ. ვატაროთ ძალიან ბევრი დეგუსტაცია, ღონისძიებები, რითაც მომხმარებლებამდე კარგ, გადარჩეულ ღვინოს მივიტანთ - ჩვენს როლს ამაში ვხედავთ. ჩვენ ვართ გარკვეული სივრცე, სადაც მეღვინეებს მომხმარებლამდე კარგი ღვინის მიტანა შეუძლიათ. მეღვინისთვის რთულია, ღვინის წარმოებასთან ერთად, საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაცია, ეს თითქმის შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, გარკვეულწილად შევძელით კიდეც.

ყველაფერთან ერთად, სხვა ადამიანებშიც ვაჩენთ სურვილს, დაიწყონ მეღვინეობა. ძალიან ბევრ მომხმარებელს, რომლებიც ჩვენთან დადიოდნენ, ერთხელაც თავისი დაყენებული ღვინო გასასინჯად მოუტანიათ, ვენახიც გაუშენებიათ, წინაპრების დროინდელი მეღვინეობა აღუდგენიათ. ერთი, რომ გასინჯვისკენ ვუბიძგებთ, მეორე - მეღვინეობისკენაც. ჩვენ შემდეგ არაერთი მაღაზია გაიხსნა, გაიხსნა ბარები. გვგონია, რომ ამ დარგს რაღაცნაირ ბიძგს ვაძლევთ. ახლა უკვე მარტო აღარ ვართ, ჩვენნაირი ბევრია, ძალიან კარგი დამფუძნებლებითა და სომელიეებით. ჩვენ უკვე ყველა ერთად ამ საერთო გარემოს ვქმნით.

უნდა ველოდოთ თუ არა რამე სიახლეს, ახალ პროექტებს თქვენგან?

ბოლო სიახლე იყო, რომ გავაკეთეთ wine subscription, ღვინის გამომწერები გვყავს. მგონია, რომ ძალიან კარგი პროექტია. გვყავს ადამიანები, რომლებმაც კითხვარი შეავსეს, არ იციან რა ღვინო მიუვათ ყოველთვიურად. ჩვენი სომელიე, კითხვარითა და ურთიერთობის ისტორიის საფუძველზე, უგზავნის ღვინოებს. მათი გემოვნებაც უფრო მეტად იხვეწება. ადამიანი, ზოგადად, მიდრეკილია რაც მოსწონს, იმაში ჩაიკეტოს, სხვა ღვინოს იშვიათად ყიდულობენ. ამ შემთხვევაში ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვურჩევთ ღვინოს. მათ გემოვნებას ვაფართოებთ. წელს, ალბათ, დავამატებთ კიდევ ერთ მაღაზიას თბილისში და თბილისის გარეთაც ვფიქრობთ. რომელი რეგიონი იქნება, ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული