Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ბრენდის ისტორია და თანამედროვე მიღწევები

14 თებერვალს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში, კომპანია „სარაჯიშვილის“ მთავარმა ტექნოლოგმა დავით აბზიანიძემ, ღვინის კლუბის ლექცია–სემინარების ფარგლებში, ქართული ბრენდის ისტორიაზე და თანამედროვე მიღწევებზე ისაუბრა. 
დავით აბზიანიძის ლექცია მოიცავდა ზოგადად კონიაკისა და კონკრეტულად ქართული ბრენდის ისტორიის მიმოხილვას, კონიაკის დამზადების ტექნოლოგიური თავისებურებების საინტერესო ნიუანსებს, ინფორმაციას „სარაჯიშვილის“ საცავებში არსებულ უნიკალურ საკონიაკე სპირტებზე და ასევე – კომპანიის თანამედროვე ბიზნეს–წარმატებებზე.
დავით აბზიანიძის თქმით, ქართული ბრენდის ისტორია მე–19 საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, როცა ქუთაისში გიორგი ბოლქვაძემ ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის – კონიაკის მცირე საწარმო გახსნა. თუმცა, ქართული კონიაკის წარმოების განვითარება და ოქროს ხანა ცნობილ ქართველ მეცენატს და საზოგადო მოღვაწეს, დავით სარაჯიშვილს უკავშირდება. მან არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის მაშინდელ იმპერიაში პირველმა წამოიწყო კონიაკის მსხვილმასშტაბიანი წარმოება. სარაჯიშვილმა საწარმოები გახსნა არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, დაღესტანსა და მოლდოვაში. 
დავით სარაჯიშვილის მიერ წარმოებულ ბრენდის თავდაპირველად „კავკასიური კონიაკი“ ერქვა და რუსეთის იმპერიაში ფრანგულ კონიაკებსაც უწევდა კონკურენციას. 1909 წელს საფრანგეთში გამოიცა დეკრეტი, რომლის თანახმად, „კონიაკი“ მარტო ფრანგულ, კონიაკის სპეციფიკურ მიკროზონაში წარმოებულ სასმელს უნდა ერქვას. ამის მიუხედავად, ქართული „კონიაკი“ მეოცე საუკუნის ბოლომდე არსებობდა, რადგან საბჭოთა პერიოდში დასავლეთის ბაზრების „კაპიტალისტურ“ კანონებს ანგარიშს არავინ უწევდა. 
საბჭოთა პერიოდის ქართული ბრენდი, რომლის წარმოებას სარაჯიშვილის მოწაფე ვახტანგ ციციშვილი და სხვა პროფესიონალი ტექნოლოგები აგრძელებდნენ, მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ცნობილია შემთხვევა, როცა იალტის ისტორიულ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა ციციშვილის მიერ წარმოებული „ენისელი“ ფრანგული კონიაკისგან ვერ განასხვავა. 
საბჭოთა კავშირის პერიოდში „კაპიტალისტ“ დავით სარაჯიშვილის სახელს ტაბუ ედო. გასული საუკუნის 30–იან წლებში მისი ცხედარი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან ვაკის სასაფლაოზეც გადაასვენეს. სარაჯიშვილის ღვაწლის წარმოჩენა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ბიზნესმენმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა თბილისის კონიაკის ქარხანა შეისყიდა და სარაჯიშვილის სახელის რებილიტაციაზე ზრუნვაც დაიწყო. მისი ინიციატივით, დავით სარაჯიშვილის ნეშტი ვაკის სასაფლაოდან გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში. სარაჯიშვილის სახელი ეწოდა თბილისის მეტროპოლიტენის ერთ–ერთ სადგურს და გამზირს. ქართული ბრენდის ეტიკეტები კი დავით სარაჯიშვილის სახელმა და პორტრეტმა დაამშვენა. 
დავით აბზიანიძის ლექცია ღვინის კლუბში კომპანია „სარაჯიშვილის“ ბრენდის მცირე დეგუსტაციით დასრულდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული