Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო Prowein 2023-ზე დიუსელდორფში

Prowein, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მსოლფიოში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს, დიუსელდორფში 19-21 მარტს გაიმართა. გამოფენას სამი დღის განმავლობაში 6000 მწარმოებელი და 49 000-მდე სტუმარი ესწრებოდა. 

წელს დაბრუნდნენ სამხრეთ აფრიკელი ღვინის მწარმოებლები 2 წლიანი შეზღუდვების შემდეგ, გაზრდილი იყო ინტერესი უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების მიმართაც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 25 ქართული მარანი, მათ შორისაა “იკანო ისთეითი”, რომელიც Prowein-ზე პირველად იყო. როგორც გვიამბობენ, 2008 წლიდან თავდაპირველად ინდუსტრიულ ღვინოს აწარმოებდნენ, ნელ-ნელა კი წარმოების ხაზი შეცვალეს და პრემიუმ კლასის ღვინოზე გადავიდნენ, სულ მალე კი მათ ღვინოს ბელგიაში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანშიც აღმოაჩენთ: “გამოფენაზე ჩვენი ღვინისადმი გამოხმაურება დამაკმაყოფილებელი იყო. ღვინო ძალიან მოეწონა ყველას, ვინც გასინჯა. ერთი კონტრაქტი ადგილზევე გავაფორმეთ, გარდა ამისა, ჩვენი ღვინის ნაწილი ბელგიაში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში გავა. გამოხმაურების შემდეგ დეტალებს კიდევ ველოდებით. გამოფენაზე წარდგენილი გვქონდა 4 ღვინო, 2019-ისა და 2020-ის საფერავი (კლასიკური, მუხის კასრში დავარგებული), ევროპული წარმოების ქისი და ქვევრის ქისი რქაწითელი.” - გვიყვება ერეკლე ცინცაძე და აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს სტენდთან მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც ასე თუ ისე ცნობილი იყო საქართველო და ვისაც კონკრეტულად ქართული ღვინო აინტერესებდა: “იყვნენ ისეთებიც, ვისაც არასოდეს ჰქონდა გასინჯული ჩვენი ღვინო, მაგრამ ძირითადად ჩვენს დახლებს სტუმრობდნენ ისინი, ვისაც კონკრეტულად ქართული ღვინის მიმართ ჰქონდათ დიდი ინტერესი, ასეთი კი არც თუ ისე ცოტა იყო”

მეღვინეობა “იყალთომ” ქვევრის რქაწითელი, ქისი, მწვანე და საფერავი წარადგინა, კლასიკურებიდან კი წინანდალი,  რქაწითელი, ქინძმარაული, საფერავი და კაბერნე. როგორც გიორგი გიორგობიანი ამბობს, მოთხოვნა ძირითადად მშრალ ღვინოებზე იყო, სტუმრები კი განსაკუთრებით ქვევრის ღვინით ინტერესდებოდნენ: “მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ქართულ დახლებზე საკმაოდ დიდი მიმოსვლა იყო. ცნობადობა ისევე ძალიან დაბალია და საკმაოდ დიდი მუშაობა სჭირდება, ჩემი აზრით, თუმცა წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო მეტმა იცის ჩვენი ღვინის შესახებ, მარკეტინგული თვალსაზრისითაც უფრო მეტია გაკეთებული და მთლიანობაში წინსვლა ნამდვილად თვალსაჩინოა.” - აღნიშნავს გიორგი. 

Schuchman Wines-იდან გვიამბობენ, რომ დაინტერესდნენ ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, დაინტერესება კი როგორც ქვევრის, ისევე ევროპული წარმოების ღვინოებზეცაა: “ქვევრის ღვინოები უფრო პრემიუმ კლასის და მაღალი ფასის ღვინოებია, კლასიკური ნაკლებად, დაინტერესება ორივე ტიპის ღვინოებზე იყო სხვადასხვა სეგმენტის მხრიდან. გერმანიაში გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი ღვინო, რესტორნებში, ბუტიკურ მაღაზიებში, ა.შ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი, კონკურენცია ძალიან მაღალია.”

გამოფენის 86%-ს გერმანიის გარდა სხვა ქვეყნები წარმოადგენდა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ იტალიელი მეღვინეები. აღნიშნა ისიც, რომ გაზრდილი იყო აზიიდან მწარმოებელთა რიცხვი, რაც ადასტურებს ამ ბაზრების მზარდ მნიშვნელობას ღვინის ინდუსტრიისთვის. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული