Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრემიუმ კლასის 7 საუკეთესო "საფერავი"

ალეკო ცქიტიშვილი

26 თებერვალს რესტორან "დაინინგ რუმში" "ღვინის კლუბი" პრემიუმ კლასის "საფერავების" გასასინჯად შეიკრიბა. ფაქტობრივად, ეს იყო შარშან ამ დროს "პურის სახლში" ჩატარებული დეგუსტაციის ერთგვარი გაგრძელება. მაშინ კლუბმა 20 ლარზე ნაკლები ღირებულების "საფერავები" შეაფასა. ამჟამად დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სარეალიზაციო ქსელში შეძენილი 20 ლარზე მეტი ღირებულების "საფერავის" 15 ნიმუში.

დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას გაირკვა, რომ საუკეთესო შვიდეულში ერთბაშად სამი მცირე მარანი მოხვდა (ერთი სულაც 2 ნიმუშით). ეს მრავლისმეტყველი ფაქტი ადასტურებს, რომ ელიტური "საფერავის" ჩამოსხმა დიდი ფულისა და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, ყურძნის ამ უნიკალურ ჯიშს – საფერავს, მოყვარული მეღვინის ხელი შეეხოს და მადლიანი ღვინო დაწუროს.

დეგუსტაციაზე შემდეგი ღვინოები იყო წარმოდგენილი: 1) "კახური სამეფო" - "ქინძმარაულის მარანი", 2005 წ. 2) "გუნაშაური" - ინდ/მ. გიორგი მირიანაშვილი, 2009 წ. 3) "საფერავი" - "ხოხბის ცრემლები", 2007 წ. 4) "ოროველა" – შპს "ჭანდრები", 2005 წ. 5) "საფერავი" - "ვინოტერა", 2005 წ. 6) "საფერავი გაუფილტრავი" - "თელიანი ველი", 2007 წ. 7) "სატრაპეზო" - "თელავის მარანი", 2007 წ. 8) "საფერავი" - "ვინივერია, 2005 წ. 9) "საფერავი" - "შატო მუხრანი, 2007 წ. 10) "ჩელთი" - ინდ/მ გიორგი მირიანაშვილი, 2007 წ. 11) "ბადაგონი" - "ალავერდის ტრადიციები", 2007 წ. 12) "ჯაყელების ღვინოები" - "ხაშმის საფერავი", 2007 წ. 13) "თბილღვინო" - "საფერავი – განსაკუთრებული მარაგი", 2004 წ. 14) მარანი "ნიკა" - "ანაგა – საფერავი" 2008 წ. 15) "ბადაგონი" - "კახური წარჩინებული", 2007 წ.

დეგუსტაციაზე არ გასინჯულა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, რომლებიც საფერავისგან მზადდება. "საფერავების" დიდი ნაწილი დავარგებული ღვინოები იყო, ძირითადად – 2005 და 2007 წლის მოსავლისა. მხოლოდ ერთი ღვინო იყო 2009 წლის მოსავლის საფერავიდან დაყენებული – (15-დან ყველაზე ახალგაზრდა ნიმუში). აქედან ჩანს, რომ ქართული კომპანიები პრემიუმ კლასის "საფერავების" ბაზარზე გატანისას ერთ-ერთ აუცილებელ პირობად თვლიან მათ სიძველეს, რაც მისასალმებელი ტენდენცია. დეგუსტაცია ოცბალიანი შკალით (3 – ფერი 7 – სურნელი, 10 – გემო), ფარულად ჩატარდა - კლუბის წევრებმა არ იცოდნენ, რომელი კომპანიის ღვინოს სინჯავდნენ. ცხადდებოდა მხოლოდ მოსავლის წელი, რათა გასინჯვისას გათვალისწინებული ყოფილიყო ახალგაზრდა ან დავარგებული ღვინისთვის დამახასიათებელი თვისებები.

კლუბის წევრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ყველაზე ძველმა ნიმუშმა - "თბილღვინოს" "საფერავი, განსაკუთრებული მარაგი", რომელიც 2004 წელს, ანუ 7 წლის წინ იყო დაყენებული. ამ ღვინომ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. დეგუსტაციის მონაწილეებმა იგი საუკეთესო პრემიუმ კლასის "საფერავად" აღიარეს.

"7-8 წლის ღვინო ბაზარზე იშვიათია და ხშირად მათ სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ამ "საფერავში" იგრძნობა დავარგებული ღვინისთვის დამახასიათებელი გემო, არის ზომიერი მუხის ტონებიც, ჩირის, ფინიკისა და უნაბის ნოტები. გასინჯული ღვინოებიდან ჩემთვის ეს ღვინო ყველაზე სანიმუშო იყო. ნამდვილი, დახვეწილი, დავარგებული "საფერავი", რომელიც ამართლებს ყველა იმ მოლოდინს, რასაც გურმანი ძველი ღვინიდან მოელის", - აღნიშნა "ღვინის კლუბის" პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ "თბილღვინოს" "საფერავის" დახასიათებისას.

დეგუსტაციის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს ინდ. მეწარმე გიორგი მირიანაშვილის ღვინო "ჩელთი", რომელიც სულ ოდნავ ჩამორჩა "თბილღვინოს" "საფერავს". კლუბის წევრების დიდ ნაწილს ეს ღვინო აქამდე გასინჯული არ ჰქონდა. ახალი ღვინოების სახელწოდებების მოფიქრებისას გეოგრაფიული სახელების გამოყენება ქართული მეღვინეობის ბოლოდროინდელი ტენდენციაა. ჩელთი ალაზნის ერთ-ერთი მარცხენა შენაკადი მდინარეა, რომელიც სოფელ შილდას ჩამოუდის დასავლეთის მხრიდან. "ჩელთის" ვენახები სწორედ იმ ადგილასაა, სადაც ეს მდინარე ჩამოდის. ინდ. მეწარმე გიორგი მირიანაშვილმა კომპანია 2001 წელს დააფუძნა ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში და იმავე წელს 50 ჰექტარზე გააშენა საფერავის ჯიშის ვენახი. ამ ჯიშისადმი ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ღვინის ხარისხშიც აისახა.

"ღვინის კლუბის" ვერსიით, პრემიუმ კლასის "საფერავების" საუკეთესო შვიდეული ასე გამოიყურება:

1.       "თბილღვინო" - "საფერავი – განსაკუთრებული მარაგი", 2004 წ. (17,83 ქულა), ფასი – 25 ლარი.

2.      "ჩელთი" - ინდ/მ გიორგი მირიანაშვილი, 2007 წ. (17,75 ქულა), ფასი 50 ლარი.

3.      "ბადაგონი" - "ალავერდის ტრადიციები", 2007 წ. (16.9 ქულა), ფასი 85 ლარი.

4.      მარანი "ნიკა" - "ანაგა – საფერავი" 2008 წ. (15,9 ქულა), ფასი 24 ლარი.

5.      "ჯაყელების ღვინოები" - "ხაშმის საფერავი", 2007 წ. (15,4 ქულა), ფასი 20 ლარი.

6.      "გუნაშაური",ინდ/მ გიორგი მირიანაშვილი, 2009 წ. (15,1 ქულა), ფასი 20 ლარი.

7.      "სატრაპეზო", თელავის მარანი, 2007 წ. (15,1 ქულა), ფასი 50 ლარი.

"ღვინის კლუბის"Dდეგუსტაციების მთავარი მიზანი მომხმარებლის ინფორმირება და დაკვალიანებაა. "საფერავი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარკეტინგული პროდუქტია, რის გამოც ეს ღვინო ბაზარზე პრაქტიკულად ყველა კომპანიას გამოაქვს. პრემიუმ-კლასის "საფერავების" ჩამოსხმა და ღვინის გურმანებისთვის შეთავაზება კიდევ უფრო საპასუხისმგებლო საქმეა, რა დროსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვინის მრეწველთა დიდი ნაწილი აქცენტს "საფერავის" მუხის კასრებში დავარგებაზე აკეთებს. არიან კომპანიები, რომლებიც ამ პროდუქტის განსაკუთრებულობას და შესაბამისად, მის მაღალ ფასს ტრადიციულ ტექნოლოგიებს და ქვევრს უკავშირებენ.

"ღვინის კლუბის" წევრთა დიდი ნაწილი ქვევრში დაყენებული "საფერავებისგან" უფრო მაღალ შედეგს ელოდა. თუმცა, საბოლოოდ, შვიდეულში ასეთი მხოლოდ ნიკა ბახიას მცირე მარნის "საფერავი“ და ტელავის მარნის სატრაპეზო მოხვდა.

დეგუსტაციას ესწრებოდა მაღაზია "ღვინის სამყაროს" დირექტორი, ენოლოგი ვაჟა ულარჯიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიუმ-კლასის "საფერავებმა" მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა: "ეს შთაბეჭდილება, ძირითადად, ემთხვევა "ღვინის სამყაროს“ ერთგული კლიენტების არჩევანს, განსაკუთრებით – მსხვილი კომპანიების რეკლამირებულ ღვინოებთან დაკავშირებით. მათ შორის გამოვყოფდი "თბილღვინოს“ განსაკუთრებული მარაგის "საფერავს" და "თელავის მარნის" "სატრაპეზოს", რომლებიც მართლაც ელიტური ღვინოებია და მომხმარებელიც ხშირად უკვე ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში, როცა ამ მაღალფასიან ღვინოებს ყიდულობს".

ვაჟა ულარჯიშვილის თქმით, პრემიუმ-კლასის "საფერავების" სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ გასინჯული ნიმუშებიდან არც ერთი არ ყოფილა დაავადებული. თვალსაჩინოა მრავალფეროვნებაც, რაც ბუნებრივია: "წარმოდგენილი ნიმუშები, მართალია, თითქმის ყველა ერთ რეგიონში – კახეთშია დამზადებული, მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა, მათზე დადებითად არ ასახულიყო ამ რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური მრავალფეროვნება. ხაშმის "საფერავს" თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს, ანაგისას – თავისი, შილდაში დაკრეფილს კი – თავისი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ეს განსაკუთრებული ღვინოები ერთმანეთს არ ჰგავს".

შედეგების შეჯამებისას დისკუსია გამოიწვია ფასებისა და ხარისხის სწორად შეხამების პრობლემამ. კლუბის წევრთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ზოგიერთი ღვინის ფასი არარეალურად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ "ალავერდის ტრადიციების" მარკეტინგში გამოყენებულია ჟურნალ "დეკანტერის" საერთაშორისო კონკურსზე მიღებული ოქროს მედალი და ალავერდის მონასტრის მარნის სახელი, ეს ღვინო არ უნდა ღირდეს 85 ლარი, როცა "თბილღვინოს" განსაკუთრებული მარაგის "საფერავი" მასზე სამჯერ იაფი ღირს. საინტერესოა, რომ "თბილღვინოს" "საფერავი, განსაკუთრებული მარაგი" (2004 წ.) ამჟამად 25 ლარად იყიდება, მაშინ როცა ერთი წლის წინ 40 ლარი ღირდა. კლუბის წევრთა ეს ნაწილი თვლის, რომ ფასების კლებისკენ ტენდენცია მისასალმებელია და "თბილღვინოს" სხვა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ. თუმცა, ზოგჯერ საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, "ჩელთის" ფასი ადრე 10-15 ლარს არ აღემატებოდა, ახლა კი იგი ხუთჯერ გაძვირდა და 50 ლარი ღირს.

გამოითქვა საპირისპირო აზრიც. "ნებისმიერი ღვინო უნდა ღირდეს იმდენი, რამდენადაც მწარმოებელს გაეყიდება", - აღნიშნა სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა, - "ღვინის ფასს არ განსაზღვრავს მხოლოდ მისი ხარისხი. ფასწარმოქმნაში გაცილებით მეტი კომპონენტები მონაწილეობს, მათ შორის – სახელი, ისტორია, განსაკუთრებულობა (ორიგინალურობა, უნიკალურობა) და ხარისხის სტაბილურობა (რამდენად ხანგრძლივად არის ბაზარზე ხარისხი შენარჩუნებული) და ასევე რაოდენობა (რამდენი ბოთლია ჩამოსხმული). თუ შეზღუდული პარტიაა და ღვინოც კარგია, მწარმოებელს ვერ გაამტყუნებ, თუკი  მას ძვირად გაყიდის".

გიორგი სამანიშვილის შეფასებით, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პრემიუმ კლასის "საფერავები", ძირითადად, კარგი ხარისხის ღვინოებია: "ჩემი აზრით, მხოლოდ ორ ნიმუშს ჰქონდა მცირე დაავადება, მაგრამ ეს მათი ხარისხისთვის გადამწყვეტი არ იყო. დეგუსტაციაზე სხვადასხვა გემოვნების ხალხი შევიკრიბეთ. ზოგიერთი ღვინის ჩემეული შეფასება ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ პირველ სამეულს ვეთანხმები. ამ დეგუსტაციაზე გამოჩნდა, რომ დიდი და პატარა წარმოებების პროდუქტებს შორის სხვაობა თითქმის არ არის. თუმცა, დიდი კომპანიების ღვინოები სტაბილურად კარგი ხარისხისაა, პატარა მარნების ღვინოებს კი მეტი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს – თავი მეტად დაგამახსოვროს, მაგრამ ხარისხით ნაკლებად სტაბილური იყოს".

ალბათ, ისიც სათქმელია, რომ დიდ კომპანიებს მეტი ფინანსები აქვთ თავიანთი პროდუქტის რეკლამირებისათვის, ცნობადობის ამაღლებისთვის და თუნდაც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისთვის. მცირე მარნები კი ფეხს ახლა იდგამენ და მომხმარებლამდე მისასვლელად საშუალებებიც ნაკლები აქვთ. საინტერესოა, როგორ შეფასდებოდა "ჩელთი", "დეკანტერის" კონკურსზე მასაც რომ მიეღო მონაწილეობა? თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა – სხვა პრობლემებით, რასაც სამომავლოდ ცალკე განხილვა სჭირდება.

© ღვინის კლუბი/Weekend



გამოდის, რომ, მნიშვნელობა არა აქვს დააძველებ ღვინოს თუ არა, ქვევრში დააძველებ თუ მუხაში,სად არის მოწეული მოსავალი – ხაშმში, შილდაში თუ ანაგაში,სად არის დაყენებული ღვინო– დიდ ქარხანაში თუ მცირე მარანში, სულ ერთია, გამოდის ერთი ღვინო – 16-17 ბალიანი საფერავი 20 ბალიანი შკალით. ელიზბარ თალაკვაძე


ბატონო ელიზბარ, იქნებ ცოტა უფრო გასაგებად დაწეროთ რას გულისხმობთ ამ ბუნდოვან პოსტში :)



ეს არის უბრალოდ ფაქტის აღნიშვნა,რომელსაც სტატიაში შეფასება არ მიეცა.


ჩემი შეფასება კი ასეთია: 1. ვაზის მეჩხერი დარგვა ხელს არ უწყობს ნიადაგის თვისებების "გადასვლას" ღვინოში. დაბალია ყურძნის ხარისხი. 2. არ ხდება ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვა (მაგ. გამოიყენება ძალიან ძველი კასრი, ზედმეტად "ნიავდება" ქვევრის ღვინო). დასკვნა: საქართველოში მევენახეობა–მეღვინეობის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია და სანამ სომხებს და ბულგარელებს მივდგებით, თავს უნდა მივხედოთ. ელიზბარ თალაკვაძე


ბატონო ელიზბარ სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გააკეტებთ გირჩევთ ზემოთ ჩამოტვლილი ღვინოები გასინჯოთ პატივისცემით დავით მაჭავარიანი


სამწუხაროდ ცუდი სომელიე ვარ. ჩემი დასკვნა ღვინის კლუბის დეგუსტაციის შედეგებს ეყრდნობა. ელიზბარ თალაკვაძე


რამდენედაც ვიცი, ძალიან აქებენ ნიკოლაიშვილის საფერავს (პირველი სერტიფიცირებული ორგანული ღვინოა, როგორც ვიცი). მე კი გავსინჯე მაგრამ არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი, და იქ დეგუსტატორები იყვნენ და ძალიან მოეწონათ (2008 ჩამოსხმა).

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული