- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
- 2014 წლიდან იწყება ქართულ ნატურალურ ღვინოსთან ჩემი ურთიერთობა, სადაც დავრწმუნდი მის უსაზღვრო შესაძლებლობებში. ღვინისადმი დიდმა პატივისცემამ და სიყვარულმა გადამაწყვეტინა საკუთარი მარნის და ღვინის შექმნა. თუმცა მანამდე ჯერ საკუთარი ვენახზე დავიწყე ზრუნვა და 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე ვაშენებთ ჩვენს ვენახებს. ახალი მარანი ახალი ქვევრებით 2022 წელს ავაშენეთ და ეს წელი ითვლება ჩვენი მარნის პირველ დიდ მოსავლად როცა 7000 ამდე ბოთლი ჩამოვასხით 2022 წლის მოსავალზე.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
- ამჟამად გვაქვს 6 სახეობის კახური ვაზის ჯიში: რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, საფერავი და ბუდეშურისებრი საფერავი. ჯერ ბოლომდე კონცენტრირებული ვართ ამ 6 ჯიშზე, რათა მისგან საუკეთესო ხარისხი და ღვინო მივიღოთ. სამომავლოდ კი კახურ მცვივანს და ვარდისფერ რქაწითელსაც დავამატებთ, რადგან ორივე ჯიში ძალიან მომწონს და მინდა მათზეც ვიმუშაო.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ზემოთხსენებული 6 ჯიშისგან ვაწარმოებთ ქვევრის ნატურალურ ღვინოს სპონტანური დუღილით ველურ საფუარზე. გვინდა მაქსიმალურად ბუნებრივი პროდუქტი გვქონდეს, რომელიც სრულად გამოხატავს ჯიშურ თვისებებს იმ ტერუარიდან სადაც იბადებიან და იზრდებიან. გვაქვს ქვევრის ღვინო როგორც ხანგრძლივი დაყოვნებით ჭაჭაზე, ასევე უჭაჭოდაც . ღვინის მრავალფეროვნება თავადვე მსიამოვნებს რადგან ღვინო განწყობის სასმელია და ყოველთვის ერთიდაიგივე ღვინის მირთმევა არ მსიამოვნებს. უფრო მეტი განწყობისთვის პეტნატებსაც ვამზადებ რომელიც შედარებით ახალი პროდუქტია და ძალიან სასიამოვნო დასალევია ყოველთვის.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ღვინის რეალიზაცია მხოლოდ ახალხანს დავიწყე , სულ რამოდენიმე თვის წინ როდესაც პირველი მოსავალი ჩამოვასხით. თბილისში ღვინოს ძალიან ლიმიტირებულად ვყიდით, მხოლოდ ნატურალურ ღვინის ბარებში: ჯივინო, კრაფტ ვაინ ბარი, ღვინო ანდერგრაუნდი, საამური.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- უცხოეთის ბაზარზეც ახლა ვიწყებთ მუშაობას . პირველი ბოთლები სულ მალე გავა ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში და ეტაპობრივად შევეცდებით გავიდეთ ამერიკასა და აზიაში.
- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- როგორც ყველა საქმიანობაში სირთულეები ჩვენთანაც ყველაფერშია . დაწყებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით დამთავრებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენებით. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მცირე მარნების განვითარებას , რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე და არა რაოდნებაზე. არ შეიძლება ისეთივე მოდელით ვითარდებოდნენ როგორც დიდი ინდუსტრიული ქარხნები. სწორად უნდა ფინანსდებოდეს ღვინის ბიზნესი, მეტი ცნობადობა გვჭირდება და მეტი ჩართულობა სახელმწიფოსგან ამ ყველაფერში. შევეშვათ ყურძნის სუფსიდირებას უზარმაზარი თანხებით და ეს თანხა უფრო აზრიანად მივაშველოთ მევენახეობა მეღვინეობის განვითარებას.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- ისევ და ისევ სახელმწიფოს გვერდში დგომა და სწორად განვითარება ღვინის კულტურის. მარნების თავდადება, მაღალი ხარისხის დაჭერა და უხარისხო და ფალსიფიცირებულ ღვინოზე უარის თქმა.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- მეც დამწყები ვარ და როგორც მათ ასევე ჩემს თავს ვურჩევდი მოთმინებას და გამძლეობას. არ შეეშინდეთ იმედგაცრუებების , რადგან ხშირად შეგვხვდება როგორც ვენახში ისვე მარანში. აუცილებელია ხარისხზე მუშაობა, ის არასდროსაა საკმარისი და მის გარეშე არაფერი გამოვა. პატივი ვცეთ პირველ რიგში საკუთარ თავებს რომ უხარისხო ღვინო არ გავყიდოთ და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება.
მარნის მისამართი: თელავი 2209, კურდღელაურის 22
ტელეფონი : +995 555 70 99 00
ელ ფოსტა : Nadelebiwines@gmail.com
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი