Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„მეგრელი კაცი ყოველთვის ოჯალეშთან ასოცირდებოდა მეგრული იქნებოდა ეს თუ ლეჩხუმური“

ლევან სეფისკვერაძე

როდესაც ღვინის მოყვარულ ადამიანს ცაგერის  მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელს უხსენებ, მას პირველყოვლისა ლეგენდარული ლეჩხუმური ვაზის ჯიში - ორბელური ოჯალეში გაახსენდება. სწორედ ორბელური ოჯალეშის ვენახის მოვლა და დიდი ქალაქიდან წინაპრების მიწაზე მიბრუნების სურვილი გახლდათ ის მოტივაცია, რამაც სპორტის მასწავლებელი ამირან მეგრელი ლეჩხუმში დააბრუნა.

ბატონი ამირანი და მისი მარანი ერთ-ერთია, რომელიც ლეჩხუმის მცირე მარნებიდან პროექტ „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარებს შორის მოხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მეგრელების ოჯახში ღვინო ტრადიციულად ყოველთვის მზადდებოდა და ბოლო წლებში ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და გაყიდვაც დაიწყეს, ამირან  მეგრელს დიდი იმედი აქვს, რომ პროექტში ჩართვა მის მარანს განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

მეგრელები ყოველ წელს ორბელური ოჯალეშის გარდა, მათ საოჯახო მარან „ჩერალში“ ალექსანდროულს, მუჯურეთულს და ცოლიკოურსაც წურავენ. მარნის სახელი კი ორბელის (რომელიც დღეს ისტორული ლეჩხუმის ყველაზე დიდი სოფელია) იმ უბნის ძველი დასახლებიდან მოდის, სადაც ამჟამად ამირან მეგრელის კუთვნილი ვენახები მდებარეობს.

ამირან მეგრელი, საოჯახო მარანი „ჩერალი“: „ჩვენი გვარი სამეგრელოდანაა წამოსული. გადმოცემით ვიცი, რომ ადრე უგულავები ვყოფილვართ. სამი ძმა უგულავა ჩამოვიდა სამეგრელოდან, ლეჩხუმის სხვადასხვა სოფლებში დასახლდნენ და მათი ნამრავლი ვართ ჩვენ - მეგრელები. მეგრელი კაცი ყოველთვის ასოცირდებოდა ღვინოსთან და განსაკუთრებით კი ოჯალეშთან, მეგრული იქნებოდა ეს ოჯალეში თუ ლეჩხუმური. ბაბუაჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ცალფეხა კაცი იყო, მევენახეობა-მეღვინეობის დიდი მოყვარული გახლდათ და ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე მისდევდა. ჩემი ვენახებიდან მხოლოდ ერთი - 1500 მეტრიანი ახალშენი ვენახია სახელდობრ ჩემი გაშენებული, დანარჩენი კი წინაპრებმა დამიტოვეს და ვცდილობ მოვუარო ისე, მათ რომ გაუხარდებოდათ. მამაჩემი ბავშვობიდან 80 წლამდე მევენახებას ეწევა. ბოლო პერიოდში გავაშენეთ ცოლიკოური. მანამდე მხოლოდ ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული და მუჯურეთული გვქონდა.

- ლეჩხუმის მცირემიწიანობის პირობებში საკმაოდ მოცულობითი ვენახები გაქვთ...

- ჩემი ვენახების სულ ფართობი დაახლოებით 5-6 ათას მეტრს მოიცავს. წელს საშუალოდ 7 ტონა ყურძენს ველოდები. რა გასაკვირია, რომ ძირითადად მაქვს ჩვენი სოფლის ლეგენდარული ჯიშის - ორბელური ოჯალეშის იმედი. დაახლოებით 1 ტონა ალექსანდროულს და მუჯურეთულს ველოდები. ასევე 600-700 კილოგრამ ცოლიკოურსაც დავკრეფ ოჯახში მოხმარებისთვის. წელს ხარისხს და რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით. გასულ წელს და ორი წლის წინ ძირითადად მოსავლის ნახევარს ვწურავდი და ღვინოს ვაყენებდი, მეორე ნახევარს კი ყურძნად ვყიდდი. წელს ალბათ უფრო მეტს ყურძნად გავყიდი, რადგან ვხედავთ, რომ პანდემიის გამო ღვინოს დიდი გასავალი აღარ აქვს და წინა წლის მოსავლის ნაწილიც გაუყიდავია. ფრენების შეწყვეტიდან დღემდე ღვინის გაყიდვა თითქმის ნულზე ჩამოვიდა.

- გვითხარით თქვენს ოჯახზე. თქვენი შვილებიც ჩართულები არიან მეღვინეობაში?

- მყავს ორი შვილი. გოგო ახლახანს გავათხოვე, ბიჭი კი ქუთაისში ცხოვრობს და იქ მუშაობს. ბიჭი დაუჯახებელია და ცდილობს მოხმარებას, ორბელში ამოდის ხოლმე ხშირად. გარკვეული დროით მეც ქალაქში ვიყავი წასული და როდესაც ასაკი მომემატა, მივხვდი, რომ ორბელის დაკარგვა არ შეიძლებოდა. დავუბრუნდი ჩემს მამაპაპისეულ კერას და როგორც ხედავთ საფუძვლიანად მოვკიდე ხელი ამ საქმეს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩემი ბიჭიც საბოლოოდ ამ გზას დაადგება და ისიც ადრე თუ გვიან დაუბრუნდება ორბელს. ამის იმედს საკუთარი მაგალითის გარდა ისიც მაძლევს, რომ ჩვენი ღვინო უნიკალურია და მჯერა, რომ ლეჩხუმს დიდი პერსპექტივები აქვს.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ბევრი გეგმა მაქვს. ვაპირებთ ტურისტული კუთხით განვითარებას, ვგეგმავ ახალი მარნის აშენებას, მინდა ვენახების გაფართოებაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პანდემია როდის დასრულდება და როდის მოგვეცემა ჩვენი შემდგომი საქმიანობის სწორად დაგეგმვის საშუალება.

- რას გვეტყვით, ბოლო წლებში განვითარდა ქართული მეღვინეობა?

- როდესაც თბილისში უმაღლესში ვსწავლობდი, მაშინ ჯერ ისევ საბჭოთა კავშირი იყო და როცა მეგობრები გურჯაანსა და თელავს შორის მიმოვდიოდით, ვხედავდი უზარმაზარ ვენახებს და მართლაც რომ არაფერი ჯობდა ამდენი ვენახის ცქერას. მერე როგორც იცით ქვეყანა აირია, ვენახებიც განადგურდა და იმავე გზაზე მხოლოდ ცარიელი, გავერანებული მიწებიღა მხვდებოდა. ახლა კი ეს ტერიტორიები ისევ ვენახებით ივსება და სწორედ ეს ფაქტი (სხვა ბევრ მაგალითთან ერთად) მაძლევს იმის იმედს, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა სწორ გზაზე დგას, ვითარდება და ეს განვითარება არც უნდა შეჩერდეს.

ჩვენი ქვეყნის და ღვინის იმაზე მეტი რეკლამა რა უნდა იყოს, რომ მსოფლიომ აღიარა – საქართველო ღვინის სამშობლოა. ცოტა ხელის შეწყობა თუ იქნება, მე მჯერა, რომ ეს დარგი მკვეთრად წავა წინ. ახლა, როდესაც მაღაზიებში შევდივარ, მაგალითად თუ საოჯახო ღვინოს ფასი 20 ლარი ადევს, იგივე სახის დიდი ქარხნის ღვინოები 14-15 ლარი ღირს. ეს დამატებითი სტიმულია მცირე მეწარმეებისთვის. დავრწმუნდი იმაშიც, რომ უცხოელს ისევ გლეხური თუნდაც მცირელექიანი ბოთლის ღვინის ყიდვა უჯობს, ვიდრე ერთი შეხედვით უფრო მოვლილი მასობრივი ღვინისა. ამას ქართველებიც მიხვდნენ და ესა მთავარი.

- რა მოლოდინები გაქვთ პროექტ „ღვინის სოფლისგან“, რომლის ბენეფიციარიც ამ ცოტა ხნის წინ გახდით?

- განსაკუთრებულად ორიგინალური არ ვიქნები თუკი ვიტყვი, რომ ამ მშვენიერი პროექტიდან მეტი ცოდნის შეძენას და ჩემი მარნის როგორც მეღვინეობის, ასევე ტურისტული მიმართულებით განვითარების იმედი მაქვს. დღეს ჩვენთან ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი და ბევრის მცოდნე მეღვინე - ვანო შიუკაშვილმა ჩაატარა ლექცია და დავრწმუნდი, რომ ის, რაც ჩვენ ტრადიციულად (პაპა-ბაბუისგან) ვიცით, მეღვინეების ენაზე სულ სხვანაირად ჟღერს. დღეს ბევრი ისეთი დეტალი გავიგეთ, რაც ადრე ნაკლებად მნიშვნელოვანი გვეგონა. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაშიც დაგვეხმარება. თქვენს ღვინის ინტერნეტ-პორტალთან ეს საუბარიც ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩემი და ჩემი ღვინის შესახებ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს?!“.  

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა სამი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.