Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლიკა ბზეკალავას ოქტომბრის თვის 5 რჩეული ღვინო

შემოდგომა ცვლილებების სეზონია - ტემპერატურა იკლებს, ზაფხულის ნიუანსებიც ქრება, ვიწყებთ სვლას ცივი ზამთრის თვეებისკენ. ღვინის ინდუსტრიაც ასევე იცვლება წელიწადის ამ დროს, ღვინის მოყვარულები ცინცხალ თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს ანაცვლებენ უფრო თამამი, მდიდარი წითელი და ქარვისფერი ღვინოებით, ჩემი ოქტომბრის ხუთი რჩეული ღვინოც ამ ცვლილების პრინციპით შეირჩა...

გორული მწვანე, „39 ქვევრი“, 2020

გორული მწვანე ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია ქართლიდან, რომელსაც მრავალფეროვანი ხასიათი გააჩნია. მუხის კასრში დაძველების გამორჩეული პოტენციალით, ცქრიალა თუ საბრენდე ღვინომასალებში წამყვანი ჯიში, კუპაჟები, ბლენდები... 

ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც გორული მწვანეს ძიებაში ხშირად ვაწყდებით, მეღვინეობა „39 ქვევრი“ კი ამ ჯიშის განსხვავებულ ნიმუშს გვთავაზობს, რაც მაქსიმალურად წარმოაჩენს მის პოტენციალსაც. ქვევრის ტექნოლოგიით ეს ქარვისფერი შეფერილობის ღვინო გარგრისა და ლეღვის ჩირის, ბაღის ხილისა და სანელებლების არომატებით, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხავერდოვანი ტანინებით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის მას.

სურეთული საფერავი, „ბოლნისის ოქროს საწმისი“, 2019

რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო შემოგვიერთდა, თავისი განსხვავებული და მრავალფეროვანი ხასიათით. ეს ბოლნისია! მეღვინეობა „ბოლნისის ოქროს საწმისის“ ასურეთული საფერავი კი ჩემი რჩეულია. მუქი მეწამულისფერი შეფერილობით, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით - მაყვლის, მოცვის, ჟოლოსა და ყვავილოვანი ტონებით, მუხის კასრის გავლენით კი სასიამოვნო ბალანსშია ვანილის ტონებიც. გემოზე სავსე და ხავერდოვანია. თუ სუსხიანი დღის ბოლოს რბილი საფერავის დაგემოვნება გსურთ, ეს ღვინო კარგი არჩევანია.

თავკვერი, „არაგვისპირის მარანი“, 2021

ღვინო ფიქრის საგანია, თუმცა, ზოგჯერ, არანაკლებ საფიქრალია რისი თქმა სურს მეღვინეს თავისი ეტიკეტით, ჩემი ფიქრიც ეგრე დაიწყო... ეს ღვინო საოჯახო „არაგვისპირის მარნის“ თავკვერია ქართლიდან. 2021 წლის მოსავლისაა და თავკვერი განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა იგი ახალგაზრდაა. მსუბუქი სხეულითა და საშუალო ალკოჰოლით, წითელი კენკრისა და ველური ვარდის სურნელით, გემოზე ნაზი და ხანგრძლივია.

 

რქაწითელი-მწვანე, „სტორი“, 2015

ღვინო, რომელზეც მინდა ვისაუბრო, კიდევ ერთხელ, უპირობოდ ამტკიცებს ქვევრის ღვინის დაძველების პონტეციალსა და სტაბილურობას. მარანი „სტორის“ 2015 წლის მოსავლის, კახური მწვანესა და რქაწითლის ეს ბლენდი ნაფარეულის ზონიდანაა, მიუხედავად იმისა, რომ ღვინო უკვე 8 წლისაა, ვფიქრობ, განვითარების რამდენიმე წლიანი პოტენციალი ისევ აქვს. მუქი ქარვიფერი ღვინო, რომელსაც არომატზე ჩირებთან ერთად , დაჰყვება ტკბილი სანელებლების ტონები. გემოზე კი ხავერდოვანი ტანინები და სასიამოვნო მჟავიანობა დაბოლოებას უფრო ხანგრძლივს და დასამახსოვრებელს ხდის.

 

ხაშმის საფერავი, „ორილო“, 2020

აფერავისგან ძირითადად სხეულიანი, ტანინიანი ღვინოების მოლოდინი გვაქვს, თუმცა ხაშმის ტერუარები მის განსხვავებულ ორგანოლეპტიკას აყალიბებს. საოჯახო მარანი „ორილო“ კი ძალიან კარგ ნიმუშს გვთავაზობს, თუ როგორი უნდა იყოს ხაშმის საფერავი. ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებულმა ამ ღვინომ, პირველად თავისი ცოცხალი, კენკრის არომატებით მომხიბლა, რომელსაც თხელი სხეული აქვს, გემოზე დაბალანსებული ტანინები და მკვეთრად გამოხატული ხალისიანი მჟავიანობა გაჰყვება. ძალიან მოუხდება გრილ, შემოდგომის დღეებს.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული