Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი სამანიშვილი - რა უნდა კეთდებოდეს ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის

ქართულ ღვინის სექტორს გარკვეული პრობლემები აქვს, როგორიც მაგალითად რუსულ საექსპორტო ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულებაა. ამგვარი საკითხები განსაკუთრებით აქტუალური კრიზისების დროს ხდება. პრობლემების გადაჭრის საშუალებებსა და დარგის სამომავლო განვითარებაზე გიორგი სამანიშვილს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებდით ქართული ღვინის სექტორის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას? როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე მოვლენებმა სექტორზე? რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით?

- ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთის ბაზარი რაოდენობრივად ყველაზე დიდია. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ან არ უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენთვის.

ყველას გვახსოვს, 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო გამოაცხადა. ეს იყო მაშინ, როდესაც ჩვენი ექსპორტის 85% რუსეთზე მოდიოდა. ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ქართული ღვინის დარგმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთი არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ძირითადი მიმართულება. მაშინ დავიწყეთ ფიქრი, და მეტ-ნაკლები ეფექტურობით მუშაობაც ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის. 2012 წელსაც კი, როდესაც რუსეთის ბაზარი კვლავ გაიხსნა ქართული ღვინის მწარმოებლების ნაწილისათვის, (ვიცით, რომ ეს ბაზარი მხოლოდ გარკვეული რაოდენობის კომპანიებისთვისაა ღია და არა ყველა მეღვინისთვის) კერძო სექტორიც, ექსპერტებიც და სახელმწიფოც აფიქსირებდნენ, რომ რუსეთი მიმზიდველი, მაგრამ არასტაბილური ბაზარია ჩვენთვის. ღვინო უნდა გაგვეტანა და მიღებული შემოსავალი განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის გამოგვეყენებინა. არ უნდა დავრჩენილიყავით ამ მიმართულებაზე დამოკიდებული.

კომპანიების ნაწილმა რუსეთში ექსპორტზე გასატანი ღვინის რაოდენობა შეამცირა. ყველა ნორმალური კომპანია პარალელურად სხვა ბაზრებზე მუშაობას აგრძელებდა. თუმცა, აღმოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც მხოლოდ რუსეთზე მუშაობა განაგრძეს, რამდენადაც ეს მათთვის უფრო ადვილი და მომგებიანი იყო.

იმის თქმა მინდა, რომ კომპანიები, რომლებიც, რუსეთზე დამოკიდებული დარჩნენ და შესაძლოა დაზარალდნენ, ვერ იტყვიან, რომ მოულოდნელი იყო, ან ისინი არ გააფრთხილეს. ეს რისკები იმ მოგებიდან უნდა ჰქონოდათ დაზღვეული, რომელსაც რუსეთის ბაზარი იძლეოდა. განსხვავებული მდგომარეობაა უკრაინის ბაზრის შემთხვევაში - აქ დაზარალებულ კომპანიებს შეღავათები და დახმარება ნამდვილად სჭირდებათ და ეკუთვნით კიდეც.

მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ჩვენს დარგზე, ზოგადად ეკონომიკაზეც. უკრაინაში გაყიდვებზე უფრო დიდი პრობლემები იქმნება. რუსეთზე მომუშავე კომპანიები დიდი ალბათობით გააგრძელებენ ღვინის გატანას, მაგრამ ეს ისეთი მიმზიდველი და საამაყო აღარ იქნება, რადგან საკმაოდ სარისკო გახდება, როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად.

თუმცა, შესაძლოა ეს კრიზისი დარგის აქტიურად გაჯანსაღებისთვის და რეფორმებისთვის კარგი საშუალება აღმოჩნდეს. გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რომ  საბოლოოდ ამ პოსტ საბჭოთა სისტემიდან გავიდეთ და პროგრესული, თანამედროვე მიდგომები დავნერგოთ. გადაწყვეტილებები გრძელვადიანი ხედვით უნდა მიიღებოდეს, არა როგორც დღეს, როდესაც ვცდილობთ კონკრეტული პრობლემები მოკლე ვადებში გადავჭრათ.

-  რა სამუშაოების ჩატარება მიგაჩნიათ საჭიროდ?

- ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები, ფაქტობრივად სახელმძღვანელო, თუ როგორ მოახერხა კრიზისების გადალახვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა. მოგეხსენებათ, 1970-80-იან წლებში ევროპის ქვეყნებში ღვინის მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა. მათ ამ გამოწვევას წარმატებულად გაართვეს თავი. ისიც ვიცით, რა შეცდომები დაუშვეს, ან უფრო ეფექტური რა იყო. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ შემდეგი მიმართულებებით მუშაობაა აუცილებელი:

მეღვინეობის მარეგულირებელი სისტემის დეცენტრალიზაცია - კერძო სექტორის როლის გაზრდა დარგის მართვაში, როგორც ფინანსურად, ასევე გადაწყვეტილებების მიღებისას. ასევე, რეგიონული გაერთიანებების შექმნის წახალისება მნიშვნელოვანია. ცალსახაა, რომ მაგალითად რაჭის ან გურიის მეღვინეობის განვითარებაზე რაჭველი ან გურული მეღვინეები უფრო ეფექტურად იმუშავებენ ვიდრე, კახეთის კომპანიები ან თუნდაც დედაქალაქელი ჩინოვნიკები.

ზოგადად, ღვინის წარმოება იმავე რაიონებში უნდა წახალისდეს, სადაც ყურძენი მოჰყავთ. ეს მევენახეობის რეგიონების განვითარებასაც დაეხმარება და დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და უფრო გააქტიურდეს. 2013-14 წლებიდან ძალიან ბევრი გაკეთდა. ახლა კიდევ უფრო მეტია საჭირო. პირველი ეტაპი გავიარეთ, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. აქაც კერძო სექტორის მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო.

სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულება - აქ გაცილებით დიდი ჩამორჩენა გვაქვს. საქართველოში ერთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მაინც უნდა არსებობდეს, რომელსაც საგანმანათლებლო მიმართულებაც ექნება. ამის გარეშე ქართული მევენახეობა-მეღვინეობა ვერ განვითარდება. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია გავრცელებული ხედვა, რომ უცხოელი სპეციალისტების მოკლევადიანი ვიზიტები ან უფრო გრძელვადიანი ტრენინგები ჩვენს დარგს რაიმე ღირებულს მატებდეს. ქართული ვაზის ჯიშების უცხოეთში კვლევა საკმარისი არაა. ჩემი აზრით, გვჭირდება მეცნიერები, მკვლევრები და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები, თუნდაც უცხოელი, მაგრამ ქართული ღვინის კვლევებზე მომუშავე.

- რას ფიქრობთ ადგილობრივი ბაზრის პრობლემებზე? რა მიგაჩნიათ ამ პრობლემების მოგვარების მთავარ საშუალებად?

- ადგილობრივი ბაზარიც ჩვენი სუსტი მხარეა. ზუსტად არც კი ვიცით რამდენ და რა ღვინოს მოვიხმართ. თუმცა, ტენდენცია აჩვენებს, რომ ჩამოსასხმელ ღვინოს ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავს, თან წლიდან წლამდე მცირდება. ბოთლის ღვინის მოხმარება იზრდება, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ჩამოსასხმელი ღვინო კლებულობს. ღვინის მოხმარების გარკვეულ წილს მაღალაკოჰოლური სასმელი და ლუდი შეადგენს.

მიაჩნიათ, რომ ღვინის მოხმარების შემცირებას შედარებით მაღალი ფასები განაპირობებდეს. ჩემი აზრით, ეს მომხმარებლის ცოდნისა და  ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მეღვინეების მომხმარებელთან მეტი კომუნიკაცია ქართული ღვინის ბაზრის განვითარებას ძალიან დაეხმარებოდა.

- რთველის სუბსიდირება მიგაჩნიათ თუ არა პრობლემის ეფექტიან გადაწყვეტად? არის თუ არა იგი სარგებლის მომტანი გრძელვადიან პერსპექტივაში?

- რთველის სუბსიდირება ძალიან დელიკატური თემაა. ჩემი მოსაზრებაა, რომ ზოგადად ჩვენი მეღვინეობის დარგის სუბსიდირება საჭიროა. საჭიროა მოკლევადიანი და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მაინც. თუმცა, იმ სახით, როგორც ბოლო ათწლეულია რთველის სუბსიდირება ხდება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს უხარისხო ყურძნის წარმოების წახალისებაა. ყურძნის ფასის სუბსიდირების და მაღალ ფასად სახელმწიფო შესყიდვების გამო უხარისხო და ხარისხიანი ყურძენი ერთნაირად იყიდება. ფაქტობრივად, თავისუფალი ბაზარი გავაქრეთ. ამასთანავე,  გარანტირებული ჩაბარების მოლოდინის გამო ვენახების ფართობები იზრდება, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც დაბალი ხარისხის, მაგრამ უხვი მოსავალი მოდის.

მეორე მხრივ, ყურძენი დაუწურავი არ უნდა დარჩეს და ვენახები არ უნდა გაიჩეხოს. აქაც არსებობს გამოსავალი: სახელმწიფოს მიერ ყურძნის ჩაბარება მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საბაზროზე დაბალ ფასად; მიღებული ღვინო ბაზარზე არ უნდა მოხვდეს, ანუ ღვინის მწარმოებლებს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს. ბაზარმა ყურძნისა და ვენახის ფასები მათი ხარისხის მიხედვით უნდა დაადგინოს. თუმცა, სახელმწიფოს დარგის სტაბილურად განვითარებაში როლი უნდა ჰქონდეს.

თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია 2-3 წელიწადში სუბსიდირება აღარც გახდეს საჭირო. ეს თანხა (რამდენიმე ათეული მილიონი ლარი) სხვა მიმართულებით დაიხარჯოს, მაგალითად სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის გაყიდვების მხარდასაჭერად, ან სხვა.

- რომელი ბაზრები მიგაჩნიათ ქართული ღვინისთვის პრიორიტეტულად? რა უნდა კეთდებოდეს სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდისთვის?

- მიმაჩნია, რომ ჩვენი ღვინო უნდა იყიდებოდეს ყველგან, თუმცა პრიორიტეტული კონკურენტული და თავისუფალი ბაზრები უნდა იყოს. ის ბაზრები, სადაც შესვლა ადვილი არ არის, მაღალი კონკურენციის გამო, იძულებულს გაგვხდის განსაკუთრებული ხარისხის და ხასიათის ღვინო ვაწარმოოთ. ასეთია დასავლეთ ევროპის, აშშ-ს, იაპონიის და მსგავსი ბაზრები, ასევე ჩრდილოეთის ქვეყნები.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ღვინის ხარისხსა და სტილს ძირითადად ბაზარი განსაზღვრავს და ნაკლებად მწარმოებელი ან მარეგულირებელი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი - ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ, აფასებენ და უყვართ. აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში თანაბრად კარგად არ ვართ წარმოდგენილები. მაგალითად პოლონეთში, მიუხედავად ჩვენი ღვინის პოპულარულობისა, ამ ათიოდე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ბოთლი ღვინო გადიოდა ექსპორტზე. დღეს კი ეს რიცხვი 7 მილიონ ბოთლს სცდება.

ბელორუსი და რუსეთი ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ საფრთხილო ბაზრებია, რადგან პოლიტიკურ ვითარებაზე და განწყობებზე ბევრია დამოკიდებული. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ღვინოს აქაც ძალიან კარგად იცნობენ. სასურველია ექსპორტის წილი რუსეთის ბაზარზე ვარეგულიროთ, რათა გარკვეულ ზღვარს არ გასცდეს.

ჩინეთის ბაზარი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი  და საინტერესოა, მაგრამ საკმაოდ რთულიც. ენობრივი და კულტურული განსხვავების გამო, აქაც მეტი ძალისხმევა და რესურსები გვჭირდება. ჩინური კულტურის ცოდნა, პირადი ურთიერთობები, ყოველდღიური უკუკავშირი პარტნიორებთან წარმატების გასაღებია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ადგილობრივი ბაზარი. ქართული ღვინის ნახევარი ადგილზე უნდა იყიდებოდეს,  არამხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში. ადგილობრივი ღვინის ტურიზმი რეგიონული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ღვინის წარმოების განვითარება რეგიონის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება. ღვინო თითოეული რეგიონისთვის აუცილებლად გამოსაყენებელი რესურსია.

- თქვენი აზრით, რა სტილის ღვინოები უნდა წარმოადგენდეს ქართულ ღვინოს პირველ რიგში? რომელია ე.წ. საიმიჯო ქართული ღვინოები და ჯიშები?

- საქართველო მდიდარია ადგილობრივი ჯიშებით, ღვინის ტიპებითა და სტილისტიკით. თითოეულ მხარეს თავის ავთენტური ღვინო აქვს. ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენი სავიზიტო ბარათიც ღვინოების მრავალფეროვნება უნდა იყოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული