Home
ქართული | English
ნოემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგი მეღვინეები მივიწყებულ ვაზის ჯიშს აღადგენენ

ტიერი და ზოი პუზელა ლუარას რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეღვინეები არიან. ისინი ღვინის დაყენების მეთოდით გამოირჩევიან, რაც პროცესში მინიმალურ ჩარევაში გამოიხატება. მათ გადაწყვიტეს, რომ დავიწყებული ვაზის ჯიში, ლინიაჟი (Lignage), რომელიც მე-19 საუკუნეში პოპულარული იყო, თავის ვენახში გააშენონ. პუზელას ოჯახის ეს წამოწყება მინიმუმ ათი წელი გაგრძელდება.

ლინიაჟის ვაზის ჯიში იმდენად იშვიათია, რომ რამდენიმე წლის წინ ერთადერთი შემორჩენილი ძირი მონპელიეს ერთ-ერთ ცნობილ საკოლექციო ნაკვეთში, ვირუსის გამო, განადგურების პირას იყო. მის აღდგენას ოთხი წელი დასჭირდა.

ამ წამოწყებას პუზელას ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - „ამ ვაზის ჯიშის ხელახლა გაშენება განსაკუთრებულად გვინდოდა, რადგან მამაჩვენის შეუმდგარ პროექტად იქცა“, ამბობს ტიერი პუზელა. რეალურად, მისი აღდგენა საკმაოდ ექსპერიმენტული პროექტია.

ლინიაჟის გაშენება უფრო დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც ადგილობრივი ჯგუფი Union for Generic Resources of Centre-Val de Loire (URGC) ახორციელებს. ორგანიზაციას ფრანსუა ბონომი ხელმძღვანელობს.

„ამ პროექტების მიზანი რეგიონის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. ორგანიზაციაში შემავალი ზოგიერთი ასოციაცია ცოცხალი არსებების დაცვას ცდილობს, ზოგიერთი - მცენარეების.“ - ამბობს ბონომი.

მისი თქმით, მსგავსი წამოწყებები ძველი (Vitis vinifera) ჯიშების დაცვისთვისა და დაფასებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი რეგიონში მე-19 საუკუნეში, ფილოქსერას შესვლამდე არსებობდა, უკვე ასეთი 50 ჯიშია იდენტიფიცირებული.

ლინიაჟს თავად ამ რეგიონში არსებობის დიდი ისტორია აქვს, რაც 1427 წლიდან იწყება, მეცხრამეტე საუკუნეში კი ჯიში ძალიან პოპულარული იყო. იგი რამდენიმე სახელით იყო ცნობილი - Macé Doux,  Macédoux, Massé Doux ან Lignage de Blois.

ამ ჯიშს პინო ნუარს ამსგავსებენ, მისგან შედარებით ღია ფერის წითელ ღვინოს აყენებენ და მისგან ასევე თეთრი ღვინის წარმოებაცაა შესაძლებელი. ვაზი კი პატარა იისფერ მტევნებს ისხამს.

თუ როგორია ლინიაჟისგან დაყენებული ღვინო, ცოტა ვინმემ თუ იცის. შესაბამისი ლიტერატურის მიხედვით, ლინიაჟისგან მაღალი ხარისხის, დელიკატური, ღია წითელი ღვინო მზადდება, სასიამოვნო არომატებითა და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით.

მცენარე გვიან ყვავის და ჭრაქის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ფილოქსერას მავნე ზემოქმედების გარდა, ჯიშის პოპულარობის შემცირების მიზეზი, დაბალი მოსავლიანობაც იყო.

მეღვინეები იმედოვნებენ, რომ 2024 წელს, როდესაც პირველი მოსავლისგან ღვინოს დააყენებენ, ლინიაჟი უფრო ცნობილი გახდება. სავარაუდოდ, 2026-2028 წლისთვის ჯიში ოფიციალურ კატალოგშიც შევა და საკმარისი რაოდენობა იქნება იმისთვის, რომ დიდ ფართობებზეც გაშენდეს.

ლუარას რეგიონის სხვა იშვიათი ჯიშებია: Gascon, Genouillet, Gouget Noir, Meslier-Saint-François.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული