Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

ეს საგანმანათლებლო პროცესია, რომელსაც დრო, მეღვინეობების, ქართული კულტურის თანამონაწილეობა სჭირდება. ინტერვიუ დებრა მეიბურგთან

ჩვენი მკითხველი კარგად გიცნობთ. განსაკუთრებით ხშირად ეცნობიან თქვენს საქმიანობას, რომელიც ქართულ ღვინოსთან იკვეთება. შეგიძლიათ, უამბოთ მათ თქვენი სხვადასხვა გამოცდილებების შესახებ?

სონომა ქანთრიში, კალიფორნიაში გავიზარდე, მევენახეთა ოჯახში. ეს არ იყო ჩვენი მთავარი საქმე, თუმცა, მე ყოველთვის გარემოცული ვიყავი ვენახებითა და ღვინით. მიუხედავად ამისა, თავიდანვე ღვინის ინდუსტრიაში არ ვიყავი ჩართული. კარიერა ბუღალტრული საქმიანობით დავიწყე. როდესაც 25-ზე მეტი წლის წინ თავდაპირველად გადავსახლდი ჰონგ-კონგში, PriceWaterhouse-ში ვმუშაობდი და უფრო მეტად ლუდს მოვიხმარდი, ვიდრე - ღვინოს. მე კარგად ვიცნობდი ღვინოებს სონომას რეგიონიდან, მაგრამ მაინცდამაინც, კარგად არ ვიცოდი, რა იშოვებოდა იმ დროს ჰონგ-კონგში. ამიტომ ლუდისკენ გადავიხარე. შენდეგ გადავწყვიტე, ღვინის კურსები გამევლო, რაც იმით დავასრულე, რომ ღვინის ყველა კურსი მქონდა გავლილი, რისი გავლაც აქ შეიძლებოდა. საბოლოოდ ღვინის მაგისტრის (MW) ტიტული მოვიპოვე. მას შემდეგ მე ვუძღვებოდი ღვინის განათლებაზე მიმართულ არაერთ აქტივობას ჰონგ-კონგში, ჩინეთსა და აზიაში. 

ჩემი პროექტების უმეტესობას საფუძვლად დაედო ბაზარზე არსებული სიცარიელეების აღმოჩენა, რაც რეალურად საჭიროებდა ამოვსებას. მსურდა, დავხმარებოდი ღვინის ბიზნესს ამ რეგიონში და ჯანსაღი და მდგრადი ღვინის ბაზრის ჩამოყალიბებას. მაგალითად, ვგრძნობდი, რომ აზია საჭიროებდა თავის უნიკალურ ხმას მსოფლიო დონის კონკურსებზე და ასე ჩავერთე კონკურსის - Cathay Pacific Hong Kong International Wine & Spirit Competition -  დაარსებაში. მართლაც, საერთაშორისო სტანდარტების კონკურსში, სადაც ჩართულნი იყვნენ ყველაზე უკომპრომისო მსაჯულები აზიიდან. მათი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის შეექნბათ მსოფლიოს ამ ნაწილის ღვინოების ყველაზე  რელევანტური მეგზური. 

სხვა მაგალითი - ჩვენი WineSPIT -   ადგილობრივი ღვინის მოვაჭრეების წვრთნისა და განვითარების კლუბი ჰონგ-კონგში. ასოციაცია ფოკუსირებულია  თანამედროვე ბიზნესისა და ღვინის უნარების განვითარებაზე, რათა წაახალისოს ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკა ჩვენს ქალაქში. 

გარდა ამისა, ჩვენი სერიები - „დებრა მეიბურგის მეგზური აზიის ღვინის სავაჭრო სფეროში“, წარმოაჩენს იმ წიგნებს ჰონგ-კონგზე, პეკინზე, შანხაისა და სინგაპურზე, რომლებიც ახალ მეღვინეობებსა და რეგიონებს თითოეულ ამ ბაზარზე დამკვიდრებას ასწავლის. ეს სერიები გზამკვლევია, თუ როგორ უნდა აკეთო ღვინის ბიზნესი თითოეულ ამ ქალაქში / რეგიონში. განსაკუთრებით, იქ, სადაც გამოუცდელი აუტსაიდერების წინაშე თავს იჩენს უთვალავი ბარიერი. 

რა არის ის მთავარი მარკეტინგული გზავნილი / გზავნილები - რითიც ჰონგ-კონგისა და ჩინეთის ბაზრებზე ქართული ღვინო ცდილობს თავის დამკვიდრებას?

საქართველომ უნდა იამაყოს და წარმოაჩინოს თავისი ღვინის სტილური მრავალფეროვნება და უნიკალური განსხსვავებები ადგილობრივ ჯიშებს შორის, უძველესი ქვევრის თიხის ჭურჭლის გამოყენება ქარვისფრად შეფერილი „ნატურალური ღვინოების“ საწარმოებლად, მისი მეღვინეობის რვაათასწლოვანი ისტორია. ის ფაქტი, რომ ქართული ღვინო საუკეთესოდ შეეხამება კანტონურ სამზარეულოს და გვთავაზობს აზიურ გემოვნებასთან ჰარმონიულ შეწყვილებას, ეს არის ძირითადი მარკეტინგული აქცენტები. 

რა ტიპის ღვინოებს უფრო მოიხმარენ, ერთი მხრივ ჩინეთის, მეორე მხრივ, ჰონგ-კონგის ბაზრებზე? როგორი გემოვნება დომინირებს? შესაბამისად, საინტერესოა, რა ტიპის ქართული ღვინოების მიმართ არის უფრო მეტი მოთხოვნა ამ ბაზრებზე?

კონტინენტურ ჩინეთში თვალსაჩინო ხდება, რომ უფრო და უფრო იცვლება ბაზრის მიზანმიმართული აკვიატება ბორდოს იდეისადმი, რაც, როგორც წესი, გულისხმობდა ბურგუნდიისა და საბოლოოდ, იტალიის ათვისებასაც. ეს იმის ძალიან კარგი ინდიკატორია, რომ დრო იცვლება და ბაზარიც ახალი რეგიონების მიმართ უფრო გახსნილი ხდება. იმის გაცნობიერებაც მნიშვნელოვანია, რომ წარმოუდგენელია, ადამიანმა განაზოგადოს ჩინური გემოვნება ისევე, როგორც - „ევროპული“. ერთადერთი ფაქტორი, რისი გაზოგადებაც მთელ ჩინეთზე შეიძლება არის 1. მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს წითელ ღვინოს თეთრთან შედარებით და 2. ადამიანების უმრავლესობა მოტივირებულია, რომ ისწავლოს და მიიღოს განათლება ღვინის შესახებ.  

ჯერჯერობით, შეიძლება საფერავი მოვიაზროთ, როგორც კონტინენტური ჩინეთის დღევანდელი გემოვნების ტენდენციებთან, შედარებით, ახლო მდგომი ქართული ჯიში. ჰონგ-კონგისთვისაც გამორჩეულია საფერავი, თუმცა აქ რქაწითელიც კარგად მუშაობს, ჰონგ-კონგში ზღვის პროდუქტების დიდი პატივისცემის გამო. თუკი თავდაპირველად ქვევრის სტილი ჰონგ-კონგის გემოვნებისთვის დიდი შოკი იყო, ადგილობრივ კერძებთან, მაგ. შემწვარ წიწილთან შეწყვილების შემდეგ ხალხმა ის ძალიან შეიყვარა. 

რა საბაზრო სეგმენტებზეა, ძირითადად, გათვლილი ევროპული და  ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინო?

ღვინო, განსაკუთრებით კი - წითელი ღვინო, ჰონგ-კონგსა და ჩინეთში - სასურველი პროდუქტია. ქართული ღვინოები ფართოდ ერგება ამ ორ ბაზარს - დაბალიდან საშუალო საფასო სეგმენტამდე. დაბალი საფასო სეგმენტის ღვინოები, როგორც წესი, ისმება კორპორაციულ, ტრადიციულ წვეულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, მთვარის ახალი წელი, ანდა - ქორწილებზე. საშუალო სეგმენტის ქართული ღვინოებიც იპოვიან ადგილს მოდურ კლუბებსა და რესტორნებში, როგორც უნიკალური შეთავაზება მომხმარებლისთვის, რომელიც ღიაა ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის.

რა არის ამ ორ ბაზარზე დამკვიდრების ყველაზე დიდი სირთულე?

როგორც აღვნიშნე, კონტინენტურ ჩინეთში, ტრადიციული ფავორიტების - საფრანგეთისა და იტალიის - გვერდით ბაზარზე შეღწევა ღვინის რეგიონების დიდი ნაწილის მთავარი გამოწვევაა. ჰონგ-კონგში საკითხი სხვაგვარად დგას. დღესდღეობით, უსაზღვროა ბაზრის მოცულობა და სიღრმე, რაც მომხმარებლისთვის არაჩვეულებრივია. თუმცა ეს, ამავდროულად, საკვანძო საკითხია ახალი რეგიონისთვის, რომელიც გარედან მოელის ბაზარზე შესვლას, რათა იპოვოს ნიშა და განსაზღვროს ბრენდი. აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი როლი ეკისრებათ ადგილობრივ ექსპერტებს. „სწორი“ ჭიქის შერჩევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისევე, როგორც დაწერილი და დაუწერელი კანონებისა და კულტურული ნიუანსების ცოდნას თითოეული ამ ბაზრის შესახებ.  

ორივე ბაზარზე გადამწყვეტი ფაქტორია საკუთარი „სახის“ ჩვენება. მეღვინეები და მეღვინეობის წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ ბაზარს, ახდენენ პოზიტიურ გავლენას ვაჭრობასა და მომხმარებლებზე. 

როგორია დეგუსტაციების შედეგები, რა უკუკავშირს იღებთ იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებიან? როგორია მათი რეკომენდაციები ქართველი მწარმოებლების მიმართ?

ქართული ღვინოების ბოლოდროინდელ, შემოვლითი (walk-around) ფორმატის მეგა-დეგუსტაციებზე, სემინარებსა და სადილებზე გამოხმაურებები უკიდურესად პოზიტიური იყო. როდესაც ეკითხებოდნენ საკუთარ რეაქციებზე, სავაჭრო სფეროს წარმომადგენელთა პასუხები შეიცავდა გზავნილებს - „საოცრად უნიკალური“, „ადვილად შესასმელი“ და „განმაცვიფრებლად კომპლექსური“. ერთ-ერთმა ასეთი კომენტარი გააკეთა - „მართლაც, მაღალი ხარისხის ღვინოებია და საოცრად განსხვავებული. დიდებულია, რომ ქართული ღვინოები, როგორც იქნა, ჰონგ-კონგშიცაა!“

ღონისძიების რეაქციები პოზიტიური იყო. ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ღონისძიებამდე ძალიან ცოტა თუ იცოდნენ საქართველოს შესახებ. ეს იყო „რაღაც, სრულიად განსხვავებული“ - თქვა სავაჭრო სფეროს რამდენიმე წევრმა, კვებისა და სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ეს იყო „სრულიად ახალი გამოცდილება ჰონგ-კონგისათვის“. 

როგორ ეხმაურება ქართულ ღვინოს ჩინეთისა და ჰონგ კონგის მედია?

ქართულ ღვინოზე გამოხმაურებები, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიურია. ეს საგანმანათლებლო პროცესია, რომელსაც დრო,  ღვინოების, მეღვინეობებისა და ქართული კულტურის მნიშნველობანი თანამონაწილეობა სჭირდება. გასულ წელს საქართველოში ვუმასპინძლე აზიის საკმაოდ კრიტიკულ მედიას, მეორე ნაკადს წელს ველოდები. ძალიან დიდი იყო ღვინის მედიის პირველადი გამოხმაურება საქართველოს, მისი ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ. უმეტესობა სასიამოვნოდ გაოგნებული იყო ჯიშურობით, კომპლექსურობითა და ღვინოების უმრავლესობის  კერძებისადმი შეხამების დიდი შესაძლებლობებით.

ხალხი, მათ შორის, მედია, როგორც წესი, ქართული მეღვინეობის ისტორიით ინტერესდება, მაგრამ მათ, ასევე, სურთ, დარწმუნდნენ მის რელევანტურობასა და მდგრადობაში თანამედროვე ცხოვრების წესისა და გემოვნური პრიორიტეტების წინაშე.

პოტენციურად რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ უახლოესი 2-3 წლის მანძილზე ჰონგ-კონგსა და ჩინეთში და რა არის შორეული, მაგრამ რეალური პერსპექტივები?

ქართული ღვინო თავის როლს იპოვის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებში. საუკეთესო შემთხვევაში, ღვინოები საქართველოდან უფრო და უფრო მიმზიდველი შეთავაზება გახდება გავლენიანი სომეილეებისთვის. ხელმისაწვდომმა ქართულმა ღვინომ ჩინეთში წარმატება უკვე მოიპოვა, განსაკუთრებით, დასავლეთ ჩინეთის რეგიონში, სადაც ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ დიდი ისტორიის მქონე მწარმოებლები, საქართველოსა და ჩინეთის სხვა ბიზნეს-კონტაქტები საუკეთესო ნიადაგს შექმნის ქართული ღვინოებისთვის.  

ესაუბრა ქეთო ნინიძე

21. 07.2015

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.