Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა “სატრფო” - მცირე მარნების ანთოლოგია (110)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- მეღვინეობისადმი და ზოგადად ღვინის მიმართ სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა. როდესაც მამაჩემა და მისმა მეგობარმა წლების წინ წამოიწყეს ნატურალური ღვინის წარმოება („დორემი“) ოჯახის წევრები ჩართულები ვიყავით რთველში, ღვინის დაწურვასა თუ სხვადასხვა აქტივობებში, რაც ჩვენთვის ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენდა. ძალიან მიმიზიდა ამ საქმემ და თანდათან გამიჩნდა სურვილი, საკუთარი ღვინო დამეყენებინა. 2021 წელს დავამზადე მცირე რაოდენობის ბუნებრივი ცქრიალა ღვინოები ე.წ „პეტნატი“ საცდელად, ციცქას, ჩინურისა და თავკვერისაგან. ცდამ გაამართლა. შემდეგ დავწერე პროექტი, მოვიპოვე სახელმწიფო გრანტი  და შევიძინე ღვინის სხვადასხვა ინვენტარი. შემდგომში ამ საქმეში შემომიერთდა ჩემი მეგობარი გიორგი მახათაძე, რომელიც ასევე ღვინით იყო დაინტერესებული და ერთად დავიწყეთ წარმოება.  ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს კახეთში , ახმეტის რაიონში. მარანი დროებით სარგებლობაში გვაქვს, წლიურად ვაწარმოებთ 2000 ბოთლს და ნელნელა ვიზრდებით.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ამ ეტაპზე ვენახები არ გვაქვს. ყურძენს ბიომევენახეებისაგან ვყიდულობთ და სამომავლოდ კი ვგეგმავთ როგორც საკუთარი მარნის მოწყობას ასევე ვენახების გაშენებას. ზოგადად ყველა ქართული ჯიში განსაკუთრებული და დასაფასებელია. მაინტერესებს ვენახის ფორმირების ძველი მეთოდები,მაგალითად „ქართული ფორმა ჭიგოზე“  საინტერესოა ქართული ჯიშები როგორ გამოავლენენ თავს. რიტუალს რაც შეეხება, მოგეხსენებათ მარანი საქართველოში ყოველთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა, ხშირად იქ საეკლესიო წესებიც კი სრულდებოდა (ჯვრისწერა,ნათლობა...) ჩვენც ვცდილობთ წინაპრების მსგავსად სათუთად მივუდგეთ ღვინოსთან დაკავშირებულ ყველა საქმეს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითია გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენი მეღვინეობა ნატურალისტური მიმართულებისაა. ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ ბუნებასთან ჰარმონიაში და მინიმალურად ჩავერიოთ ყურძნის ღვინოდ ქცევის პროცესში. ორიენტირებულები ვართ ბუნებრივ ცქრიალა ღვინოზე (ე.წ. პეტნატი). ვაწარმოებთ როგორც კახური (კახური მწვანე, რქაწითელი, რქაწითელი-საფერავი, ქისი-ხიხვი) ასევე ქართლის ჯიშებისგან (გორული მწვანე-ჩინური, თავკვერი). საქართველოში დღესდღეისობით ეს ნიშა ნაკლებად არის განვითარებული თუმცაღა ვფიქრობთ რომ ქართულ ჯიშებს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ცქრიალა ღვინოების საწარმოებლად. ჩვენი ღვინო იმით არის გამორჩეული რომ ის არ იმეორებს სტანდარტული ცქრიალა ღვინის ზოგად ნიშანთვისებებს რომელებიც ისედაც ყველასთვის ნაცნობია, არამედ მასში მაქსიმალურად არის გამოხატული ადგილობრივი ჯიშების თავისებურება. ჩვენს ღვინოებს ახასიათებს ენერგიულობა, კომპლექსურობა და სიღრმე, გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით და შედარებით მაღალი ალკოჰოლით რაც ზოგადად ცქრიალა ღვინოებისთვის უცხოა. ვფიქრობთ, განსხვავებული ტიპის ცქრიალა ღვინოები ბევრად უფრო საინტერესო იქნება თანამედროვე დამგემოვნებლისთვს და ღვინის სამყაროშიც დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ჩამოსხმამდე, რასაც სიამოვნებით და დაუღალავად აკეთებთ?

- ღვინის დაყენების  ყველა პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ მე გამოვარჩევდი ორს : პირველი ყურძნის მარანში მიღება და დაწურვა, რომელიც ალბათ ყველასთვის დღესასწაულივითაა და თუნდაც ღამის გათენებაც კი ამ პროცესში სასიამოვნოა. მეორე ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი მომენტი, რომელსაც მოუთმენლად ველი ხოლმე არის ახალი ღვინოების პირველი დაჭაშნიკება შემოდგომის მიწურულს ან ზამთრის პირზე, როდესაც ბოთლებში ჩამოსხმულ მაჭარს დასრულებული აქვს დუღილის პროცესი და ქცეულია ცქრიალად. ეს მომენტი სასიამოვნო მოულოდნელობებით და შთაბეჭდილებებით არის სავსე, როდესაც საკუთარ ნახელავს და შრომის შედეგს სინჯავ.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი ბარები და მაღაზიები სადაც შევიტანეთ ღვინოები იყო, , „დადი“,“8000 მოსავალი“,„ჯორჯიან ვაინ მარკეტი“,“ციცქა“, და “პეტ-ნატი“, რომლებთანაც თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე? 

- რამდენიმე თვის წინ გვქონდა პირველი ექსპორტი იაპონიაში, რომელიც ჩვენმა იაპონელმა მეგობარმა განახორციელა.  ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულო და მოტივაციის მომცემი იყო პირველი გაყიდვა უცხოეთში და ისიც იაპონიაში. უახლოეს მომავალში გერმანიაში „8000 მოსავლის“ ბერლინის ფილიალშიც იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი ღვინო. ამჟამად რამდენიმე ექპორტიორთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. წლიდან წლამდე ვიზრდებით და  შედეგად უფრო მეტ ქვეყანაში ვგეგმავთ გასვლას.

- რა სახის სირთულეები და დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში

საქმიანობის დასაწყისში პატარა სირთულეებიც კი დიდ პრობლემებად გვეჩვენებოდა, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი გამოწვევები უფრო იყო ვიდრე სირთულე ან დაბრკოლება, რომელსაც თავისი გასეღების პოვნა სჭირდებოდა. ჩვენ შემთხვევაში გამიჭირდება განსაკუთრებული დაბრკოლების გამორჩევა თუმცაღა ვისურვებდი მცირე და საშუალო წარმოებას უფრო აქტიურად შეეწყოს ხელი იქნება ეს იაფი კრედიტი და გრანტი წარმოებისთვის, უცხოურ ბაზარზე პროდუქტის რეალიზაცია თუ სხვა რამ.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- როგორც მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად პირველ რიგში მაღალი ხარისხის ვენახი და ყურძენია საჭირო. დღესდღეისობით ძალიან კარგი ტენდენცაა წამოსული ბიო მევენახეობის სახით რომელიც ნელნელა იზრდება. ბევრი ახალი მცირე თუ საშუალო მარანი გამოდის ასპარეზზე მართლაც კარგი ღვინოებით რომლებსაც ორგანული პრინციპებით აწარმოებენ. ეს პროცესი შეუქცევადია და ძალიან დადებითად იმოქმედებს ქართული ღვინის ხარისხზე.

- თქვენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისათვის

- თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებას მეორენაირად ვუწოდებდი დავიწყებული ქართული ღვინის კულტურის გახსენებას და გამოცოცხლებას რომელსაც ჩვენში რვაათასწლოვანი უწყვეტი ისტორია აქვს. ვფიქრობ ამისთვის ერთერთი აუცილებელია ფესტივალების ჩატარება და მრავალი აქტივობები რომელიც ამ ბოლო დროს ნამდვილად  უხვად არის. მოსახლეობა ეცნობა და აგემოვნებს სხვადასხვა ღვინოებს, იხვეწება მათი გემოვნება და უფრო და უფრო ფასდება ეს პროდუქტი. საოჯახო მარნები სულ უფრო მასიურად ერთვებიან ამ საქმეში. ვიმედოვნებ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

ვინც ღვინის წარმოების დაწყებას აპირებს ან ჩვენსავით ახალი დაწყებული აქვს მათ ვურჩევდი პირველ რიგში რომ, წინასწარვე ჩამყალიბდნენ რა არის ამ საქმის წამოწყების მიზანი? შეხედონ პრაქტიკულად: სად და როგორ გაყიდიან? როგორ აწარმოებენ მარკეტინგს? რადგან დღევანდელი კონკურენციის პირობებში მხოლოდ კარგი ღვინის დაყენება არ კმარა, საჭიროა საქმის კარგი მენეჯმენტი. ყველა კარგ ახალ წამოწყებას ვუსურვებთ წარმატებას. 

მარნის მისამართი:კახეთი, ახმეტა.

ტელეფონი: 568580812, 568868788

ელფოსტა: satrfowine@gmial.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: სატრფო satrfo wine

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული