გამოქვეყნებულია: 19 აპრილი, 2025 - 19:09

აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეფის კარის სააღდგომო სამზადისზე ვახუშტი ბაგრატიონი: "ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ - გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი."
ჩვეულებრივი მოკვდავნი აღდგომას შედარებით მოკრძალებულად აღნიშნავდნენ. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და რასაკვირველია, წითელი ღვინო.
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელს სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.
ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მარია მაგდალინელმა ქრისტეს აღდგომის შესახებ რომ შეიტყო, სასწრაფოდ რომში გაემგზავრა და ამ ახალი და მეტად სასიხარულო ამბის შესატყობინებლად იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა. მაშინდელი ტრადიციის თანახმად, იმპერატორთან ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა და ღარიბ-ღატაკ მარია მაგდალინელს სხვა რაღა დარჩენოდა, ტიბერიუსს ძღვენად ერთადერთი ქათმის კვერცხი მიართვა. ქალმა იმპერატორს კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა!“ ქრისტეს სასწაულებრივად აღდგომის ამბავი რომ მოისმინა, სკეპტიკოსმა ტიბერიუსმა რასაკვირველია არ დაიჯერა და წამოიძახა: „ადამიანი მკვდრეთით ისევე ვერ აღსდგება, როგორც ეს თეთრი კვერცხი ვერ გაწითლდებაო“ და ამ სიტყვებზე მარია მაგდალინელს თეთრი კვერცხი ხელშივე გაუწითლდა.
ქრისტე აღსდგა! იმისი მადლი შეგეწიო, ძმებოჯან! იცით ქრისტე რა, ან ვინ იყო? ვა, ვა, სული იყო რაღა თურმე, ბიჭო, სული! სხვებსავით-კი ნამარდი არ იყო. ისეთი სამოთხის ნუგბარი რამ იყო თურმე, რომ ძმაბიჭისთვის სიყმე რა არის, სიყმე, სიყმეს არ დაიშურებდა. ერთხელ თურმე ჩვენისთანა ბიჭს ქორწილი ჰქონდა. შუა ლხინში რომ არიან და ჯიხვები, ხელადები, ყანწები, კულები და აზარფეშები ართურმასა და მიჭკამალაყს გადადიან, ამ დროს, ბიჭებოჯან, თურმე ერთი "ნესჩასტია" არ მოუვიდათ... ღვინის კოლოტი დაცარიელდა. მაშინვე ყველანი თამადას მიეხვივნენ: ჰა, თამადავ, სუფრის მამა ხარ, შენ უნდა გვიშველო რამეო! მაგრამ თამადა რას უშველიდა. ყველანი აქეთ-იქით ეცნენ, არ იციან უღვინოდ რა ჰქნან. ამ დროს შებრძანდა თურმე იესო ქრისტე ლოცვითა და კურთხევით, გადასწერა პირჯვარი ყველას, შეიტყო იმათი დარდი. მერე, ძმებოჯან, მოატანინა ექვსი რუმბი და მტკვრის წყლით გაავსებინა; ჯერ ეშმაკი დასწყევლა და შეაჩვენა, მერე სამჯერ პირჯვარი გადასწერა თურმე რუმბებს, ვენაცვალე ქრისტეში, და მტკვრის წყალი წითელ კახურ ღვინოდ გარდააქცია... მაშა, კახურ ღვინოდ, იესო ქრისტეს გეფიცებით!
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი