Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ახალში - ღვინო და ადამიანი

ლევან სეფისკვერაძის ბლოგი

„მოძრავი მოძრავში“ - შეუძლებელია ეს სიტყვები დაავიწყდეს, ვისაც ბავშვობაში ჟიულ ვერნის საოცარ სამყაროში უმოგზაურია და კაპიტან ნემოსთან „უმეგობრია“. სწორედ „80 000 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ გახდა მიზეზი ამ წერილისთვის დამერქმია „ახალი ახალში“, რაც უკავშირდება საქართველოში ღვინის ყველაზე დიდი ღონისძიების -  „ახალი ღვინის ფესტივალის“ ისტორიას და მომავალს უცნაურ, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ახალ და გემ „ნაუტილუსის“ გარშემო გაშლილი ოკეანესავით საინტერესო სამყაროში.

ეს ფესტივალი რამდენიმე ენთუზიაზისტმა სრულიად შიშველი ხელებით და ჯიუტი ინტერესით დაგეგმა და განახორციელა 2010 წელს. ეს იმ დროს იყო სრულიად უცნაური და ბევრისთვის დაუჯერებელი ნაბიჯი „ღვინის სამშობლოდ“ სახელდებულ ქვეყანაში, სადაც ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურა საერთოდ გამქრალიყო, შაქარ-წყლით ღვინის გაბევრება და ფალსიფიკაცია კი იმდენად იყო გამჯდარი რიგითი მოქალაქის ქცევაში, რომ იმ ძველი დროიდან ექოდ შემორჩენილად დღესაც კი შეხვდებით თანამოქალაქეებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „გაკეთებული ღვინო ნატურალურს ურჩევნიათ“ და „ღვინის ხარისხი მასზე შაქრის დაყრა-დაუყრელობით არც უნდა იზომებოდეს“.

წარმოდგინეთ, 2010 წელია. არათუ ღვინის მცირე საოჯახო მარნებისთვის, ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენლისთვისაც კი რთული ასახსნელი იყო რატომ უნდა მიეღოთ მონაწილეობა თბილისის ღვინის ფესტივალში, როდესაც მაგალითად იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქართველოში ღვინოს საერთოდ არ ყიდდნენ და ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებული. მაშინ ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის მფლობელთაგანმა ისიც კი მითხრა, რომ არ სურდა ღვინო უფასოდ დაელევინებინა ადამიანებისათვის, რომლებისგან „ხეირი არ იქნებოდა“.

პირველი „ახალი ღვინის ფესტივალი“ მრავალი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა. მართალია მისი მასშტაბი დღევანდელისგან განსხვავებით ბევრად მოკრძალებული იყო და ხატოვნად რომ ვთქვათ, „სრულ სიბნელეში ხელის ცეცებით დავდიოდით“ ფესტივალის ორგანიზატორებიც, მეღვინეებიც და ღონისძიების პირველი სტუმრებიც, რომელთა დიდმა ნაწილმა პირველად „აღმოაჩინა“, რომ თბილისში შესაძლებელია მოეწყოს ღინისძიება, სადაც მრავალი უცხო ადამიანი შეიკრიბება, ბევრ ღვინოს დალევენ და არ მოხდება არც ერთი ჩხუბი, დაპირისპირება, გაუგებრობა, შელაპარაკება, კამათი.

აქედან მოყოლებული დღემდე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იყო აღმოჩენების მთელი თაიგული. ჩვენ ყველამ ერთად აღმოვაჩინეთ, რომ შეგვიძლია წმინდა ევროპული კულტურის მატარებელი ღვინის ღონისძიება მაღალ დონეზე დავგეგმოთ და განვახორციელოთ, ერთად და ერთ დღეს შევკრიბოთ დიდი და მცირე მარნები, იდეურ-პოლიტიკურად მკვეთრად დაპირისპირებული ადამიანები, ვსინჯოთ ახალ-ახალი ღვინოებიც, მაგრამ მოვიქცეთ ღირსეულად და ქართულად (რაც თავისთავად ევროპულს ნიშნავს). ასევე მნიშვნელოვანია შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ღვინო და ამ გზით გავაძლიეროთ ღვინის სექტორი, რომელსაც შიდა გაყიდვები განსაკუთრებით აკლია და სჭირდება. პირველ ყოვლისა სწორედ ხსენებულმა ევროპელებმა უწყიან,  რომ მხოლოდ უცხოეთში გაყიდვის იმედად მეღვინეობა ვერც ერთ ქვეყანაში განვითარდება. საკუთარი ღვინო ჯერ შენ უნდა შეიმეცნო, შეიყვარო, სვა და მხოლოდ შემდეგ შესთავაზო მსოფლიოს.

ისევ აღმოჩენებს რომ მივუბრუნდეთ... პირადად მე აღმოვაჩინე, რომ შვიდი საათის მანძილზე (სწორედ ამდენი ხანი გრძელდება ეს ფესტივალი) მრავალი ღვინის ჭაშნიკი ყველას შეუძლია თუ ამ საქმეს სერიოზულად მიუდგება, დალევს ცოტ-ცოტას, ექნება პაუზები ნიმუშებს შორის, გასინჯვას დაიწყებს მსუბუქიდან-მაღალგრადუსიანებისკენ (და არა პირიქით)  და ღვინოს ხემსსაც დროულად მიუმარჯვებს.

ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს არაერთმა ჩემმა ნაცნობმა თუ უცნობმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ღვინის სმა შეჯიბრი არაა. ამ საოცარი სასმელით სიამოვნების მიღებას კი ცოდნა და დაკვირვება სჭირდება. ფესტივალზე მინახავს ადამიანები, რომლებიც ფურცლებზე თუ ტელეფონში კითხულობდნენ წინასწარ ჩამოწერილ კონკრეტული მარნის თუ ღვინეობის სახელებს და სახელდობრ მათ ეძებდნენ. ეს და კიდევ ბევრი სხვა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი ადამიანი „ახალი ღვინის ფესტივალისთვის“ წინასწარ ემზადება და  ეს სამზადისი შეიძლება მთელი წელიც კი გრძელდებოდეს.

რატომ „ახალი ახალში?“. “ახალი ღვინის ფესტივალი“ მისი დაარსებიდან დღემდე უპირატესად ახალი, ანუ გასული წლის შემოდგომაზე დაწურული ღვინის, საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება. აპრილ-მაისი ჭაშნიკის ჟამია. გახსოვთ იაკობისეულ „დედა ენაში“ გაბნეული ძველი  ანდაზები? „სახარე მოზვერს კოჭებში ეტყობაო“ - ერთი ასეთი ანდაზაცაა იქ. ღვინოც ასეა. გაზაფხულზე ეტყობა ღვინოს რა იქნება ის შემდეგში და როგორ შეიძლება განვითარდეს ვენახიდან დაწყებული მისი ისტორია.

„ახალი ღვინის ფესტივალზე“ გასინჯული ახალი ღვინო შემდეგში კიდევ ბევრჯერ უნდა გაისინჯოს ახალ საქართველოში - ახალ ქვეყანაში, სადაც დაფასებული იქნება მევენახე-მეღვინის გარჯაც, ღვინის მოყვარულის ვნებაც და რაც მთავარია, დაფასებული იქნება ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება. ღვინოც, ფესტივალიც, სახელმწიფოც და მთელი სამყაროც ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ. უფლებებით აღჭურვილ, ძლიერ, პატრიოტ, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებს. ადამიანი უპირველესია!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული