Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2014 - წინსვლა და მრავალფეროვნება

ლევან სეფისკვერაძე

წინსვლა და მრავალფეროვნება – ასე შეიძლება შეაფასონ განვლილი ხუთი წელიწადი მათ, ვინც ახალი ღვინის ფესტივალს გემო გაუგეს და ფესტივალის მუდმივ სტუმრებად და გულშემატკივრებად ჩამოყალიბდნენ.  

ბევრი ღვინის მოყვარული თანხმდება იმაზე, რომ ბოლო დროს საქართველოში მომრავლებული ღვინოსთან (რაც ძალზედ სასიხარულოა) დაკავშირებული ღონისძიებებიდან განსაკუთრებულად პოპულარული ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ახალი ღვინის ფესტივალია. ამ ღონისძიებას საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა და თბილისში, კუს ტბის გზაზე მდებარე “თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში“, წელს უკვე მეხუთედ გაიმართა.

24 მაისს გამართული ახალი ღვინის ფესტივალის ათასობით სტუმარმა ტრადიციულად უფასოდ დააგემოვნა ძალიან ბევრი დასახელების როგორც დიდი კომპანიების, ასევე ოჯახური მარნების მიერ წარმოებული ღვინო და მრავალი ღონისძიების მომსწრე ეთნოგრაფიული მოზეუმის ეზო კიდევ ერთხელ გაივსო მომღიმარი და ღვინით გალაღებული ადამიანებით.

წელს ფესტივალის სტუმრებისათვის, ღონისძიების ორგანიზატორს – ღვინის კლუბს, არაერთი საინტერესო სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული. გაიმართა სხვადასხვა სახის სახალისო გათამაშება და გასართობი ღონისძიება. იღბლიანებს ღვინის კლუბელებმა საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები გადასცეს საჩუქრად, თუმცა გულნატკენი არც სხვები დარჩენილან, რადგან ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები გულისტკენისა და გულდაწყვეტის მიზეზს უბრალოდ არავის აძლევდა. 

ახალი ღვინის ფესტივალი 2014-ის მხარდამჭერები იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქპატენტი. ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის თვეში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.

ჯონი ოქრუაშვილი, მეღვინე: ”ამ ფესტივალის მთავარი ღირსება ისაა, რომ აქცენტი ნატურალურ ღვინოზე კეთდება. ფესტივალზე უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდის და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ხუთივე ფესტივალში მივიღე მონაწილეობა და მიხარია ყველაფერი წინ რომ მიდის. განსაკუთრებით კი ღვინის ხარისხი იზრდება!”.

მუზეუმის ღია სივრცეში 50–მდე ოჯახური ღვინო იყო წარმოდგენილი. ამას გარდა, სპეციალურად გამოყოფილ კარვებში განთავსებულნი იყვნენ ღვინის დიდი კომპანიები, რომლებიც გლეხებთან ერთად, თავიანთ ნაწარმს სადეგუსტაციოდ უფასოდ სთავაზობდნენ საზოგადოებას. სულ (როგორც გლეხებმა, ასევე მცირე მარნებმა და დიდმა კომპანიებმა) ”ახალი ღვინის ფესტივალზე” მიწვეულ სტუმრებს წელს 400-მდე ღვინის ნიმუში შეთავაზეს, რაც ნამდვილად უპრეცედენტო რაოდენობაა.

წელს ქვევრის მოხდის საზეიმო რიტუალში მონაწილეობა წილად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ხვდა. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე ეთნოგრაფიუკლი მუზეუმის ეზოში ჩარგულ ქვევრში ქართლელი მეღვინის, გოგი დვალიშვილის ქვევრის ჩინური და გორული მწვანე ესხა და ამ ღვინომ პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, ფესტივალის სხვა სტუმრებიც მოხიბლა.

გოგი დვალიშვილი, ქართლელი მეღვინე: ”გახარებული როგორ არ ვიქნები, როცა ვხედავ, ჩემს ღვინოს ამდენი ხალხი რომ სინჯავს და თან მოსწონთ კიდეც. უნდა ნახოთ, როგორ ველოდები ხოლმე ფესტივალის დღის მოახლოვებას, რადგან ვიცი, რომ სწორედ ამ დღეს შეიძლება შევხვდე ღვინის ნამდვილ მცოდნეებსა და ნამდვილ მოყვარულებს. ჩემი ღვინო პარლამენტის თავმჯდომარეს რომ მოეწონა, ესეც ძალიან მიხარია, მაგრამ არც სხვა ღვინოები იყო ჩემს ღვინოზე ნაკლები. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არიან გლეხები თავიანთი ღვინით ჩამოსულები და აღარც კი ვიცი რომელი გავსინჯო  - იმდენი კარგი ღვინოა”.

ნუკრი ყველაშვილი, ფესტივალის მუდმივი სტუმარი: ”საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა და იუნესკომაც ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ალბათ ღვინის სამშობლოდაც გვაღიარებენ. ასეთი მდიდარი კულტურის ქვეყანაში ღვინის ფესტივალი და თუნდაც მუზეუმი რომ არ გვქონდეს, ჩვენს უთავმოყვარეობაზე იმეტყველებს. ფესტივალი მეხუთედ ჩატარდა და წლიდან-წლამდე მიხარია, რომ მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება და პოპულარული ხდება საზოგადოებაში. ამისთვის დიდი მადლობა დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს. მიხარია, რომ წელს ქვევრის და ოჯახური ღვინოების ფართო ასორტიმენტი იყო წარმოდგენილი. პირადად ჩემთვის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული ფესტივალი გარკვეულწილად არის შეხვედრა საქართველოს წარსულისა ქვეყნის აწმყოსთან.

ამ ხუთი წლის მანძილზე მე ჯერ არ მინახავს, რომ ვინმე გადამთვრალიყოს. სწორედ ეთნოგრაფიულში, ახალი ღვინის ფესტივალზე ტრიალებს ის ქართული სული, რითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ. ბოლოს კი ვიტყვი, რომ კარგი იქნება თუ შემდეგში მერია გამოყოფს ყვითელ ავტობუსებს და მხოლოდ ისინი შეძლებენ ასვლას. სანამ ამოვიდოდი დიდი საცობები იყო და ვხედავდი როგორ აბრუნებდნენ უკან მძღოლები მანქანებს. კიდევ მრავალ ფესტივალებს შევხვედროდეთ! გაიხარეთ”.

იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე, “ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორი: ”მთავარი მაინც ისაა, რომ ღვინით დაინტერესება ჩვენს ქვეყნაში განუხრელად იზრდება და მსგავსი ღონისძიებები ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ნამდვილად პარადოქსული იყო ის, რომ საქართველოში (ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაში) აქამდე ფესტივალები საერთოდ არ იმართებოდა მაშინ, როცა ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებშიც კი (ახალი ზელანდია, ავტრალია, ჩილე და სხვა...) ღვინის ფესტივალებს ხშირად რამდენიმე ათეულწლიანი ტრადიცია აქვს. ამის მიზეზი რასაკვირველია ის იყო, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო, საბჭოთა კავშირში კი ასეთი აქტივობები არავის აინტერესებდა.

რა თქმა უნდა, მარტო ფესტივალებზე არაა დამოკიდებული ქართული მეღვინეობის განვითარება, მაგრამ მთლიანობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ამ დარგისთვის. ჩვენმა ფესტივალმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ღვინისადმი მართლაც დიდი ინტერესი არსებობს. ამაზე მასშტაბური ღვინის ღონისძიება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი კომპანიები და მცირე მარნები, ასევე ოჯახური მარნები და ისეთი ადამიანებიც კი, რომლებმაც ღვინო ქალაქის პირობებში, საკუთარ ავტოფარეხებში გააკეთეს. მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ერთია! ღვინო ხარისხიანი უნდა იყოს! იმედია, რომ ყველა ასეთი ღონისძიება პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში“.

ახალი ღვინის ფესტივალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძეც ესწრებოდა. მან სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნა და მწარმოებლებს გაესაუბრა.

მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ხარისხიანი ღვინის წარმოების სტიმულირებას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოხდება ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშების გამოყვანა-აღდგენა და მოსახლეობას ხარისხიანი ვაზის ნერგების შეძენის საშუალება მიეცემა.

ფესტივალზე ტრადიციულად ბევრი უცხოელი სტუმარი იყო, მათ შორის საქართველოში აკრედიტირებული უცხოური დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებიც. ფესტივალის სტუმარი ახალგაზრდები სიცილით იხსენებდნენ ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც მთვრალმა გერმანელმა სტუმარმა ფესტივალის დაცვას მიაკითხა - გარეთ გამიყვანეთ, ძალიან დავთვერი და გასასვლელს ვეღარ ვპოულობო.

უკანასკნელმა ფესტივალმა აჩვენა, რომ ახალი ღვინის ფესტივალისადმი დაინტერესება უკვე ძალიან არის გაზრდილი და მომდევნო წლებში შესაძლებელია ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცე საკმარისი აღარ იყოს და სხვა, უფრო დიდი ადგილის გამონახვა გახდეს საჭირო.

ფოტო ნინო ალავიძის

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.