Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი ღვინოები „მილდიანისგან“

რაც დრო გადის, მეღვინეები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ღვინის კოლექციას, სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინოებს, მათი დაძველების პოტენციალს. კომპანიებს, რომლებმაც ჯერ კიდევ 90–იანებში დაიწყეს ღვინის დაყენება, ყველაზე დიდი მარაგი დაუგროვდათ, ეს კი საშუალებას იძლევა წლების შეფასებასთან ერთად, ჯიშის და ამათუიმ სტილის შესაძლებლობებიც შეფასდეს. ერთ–ერთი ასეთი კომპანიაა „მილდიანი“, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვეწვიეთ ღვინის საცავში, ძველი ღვინოების გასასინჯად.

სულ 15–მდე ღვინო გავსინჯეთ და უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმაში იყო, თუმცა იყო გადაძველებული ნიმუშებიც, რაც, რა თქმაუნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა 15–20 წლის ღვინოებისთვის.

ძირითადად გოგი დაქიშვილის, მიხეილ მესხისა და გოგა ხატიაშვილის მიერ სხვადასხვა დროს დაყენებული ღვინოები გავსინჯეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა თეთრებით დავიწყეთ და პირველივე ნიმუშმა, 2002 წლის ლეჩხუმურმა ცოლიკოურმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს 14 წლის ღვინო ელვარე ოქროსფერი იყო, ლიმნისფერით, დაძველებული სოტერნივით გამოიყურებოდა. ჰქონდა თეთრი ბლის მურაბის, თხილისა და ნიგვზის ტონები, გემოზე კი რბილი და გაწონასწორებული იყო, თაფლის, მწიფე მსხლის ნიუანსებით. მჟავიანობა – ჯერ კიდევ კარგად შენარჩუნებული. დაბოლოება – ხანგრძლივი.

შემდეგ 2000 წლის წინანდლის ჯერი დადგა, რომელიც 16 წლის მანძილზე მკრთალი ჩალისფერიდან ელვარე ქარვისფრად იქცა. სურნელები – ლეღვის მურაბა, მოხალული თხილი, ხმელი მცენარეები, ქონდარი, ბენზინის მკვეთრი ტონები (რაც მაგ. ზოგიერთი დავარგებული თეთრი ღვინოების, მაგ. რისლინგის ერთ–ერთ მთავარ სურნელად ითვლება).

ტვიში, 2004 – ეს ელვარე ოქროსფერი ღვინო საუკეთესო ფორმაში იყო, თეთრი ბლის მურაბის, თაფლის, გემოზე მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალური შერწყმით.

ბარაკონი, 2004 – ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან დაყენებული ეს ნახევრადმშრალი ღვინო იდეალურად იყო შენახული. საკმაოდ გამჭვირვალე ძოწისფერი ღვინო ძახველისა და წითელი კენკრის არომატებით გამოირჩეოდა, ასევე აღმოაჩენდით მზეზე დამწვარი ალუბლის კერკის, ჟოლოს მურაბის,  ქლიავის ჩირის, ტყავის ტონებს. დაძველებულ პინო ნუარს ჰგავდა, სასიამოვნო, რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

საფერავი 2001–ს მკრთალი ძოწისფერი ჰქონდა, მუხა მკვეთრად იგძნობოდა და ვერ ეწეოდა დავარგებისა და ჯიშური არომატები. ძირითადად ტყის, ნეშომპალის ტონები ჰქონდა.

მუკუზანი 2000 – 16 წლის მანძილზე, რა თქმა უნდა ეს საფერავიც გამკრთალდა. ამ ძოწისფერ ღვინოშიც მუხის და ტყის ტონები იყო წამყვანი, ასევე კენკრა, ქლიავის ხილფაფა, ტკბილი ტყლაპი.

დავარგებულ საფერავებს შორის საუკეთესო იყო მუკუზანი 1999, ეკზოტიკური არომატებით, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ყვავილოვანი ტონებით, მაღალი მჟავიანობითა და ზომიერი, დარბილებული ტანინებით.

მას არ ჩამოუვარდებოდა ნაფარეული 2000, ელვარე ძოწისფერი ღვინო, გახსნილი და გულახდილი, ძლიერი არომატებით – მზესუმზირა, ტყავი, მუხა, გახუხული პური, ხილფაფები, მაყვლის მურაბა. ამ ძლიერი ტანინების მქონე ღვინოში ჯერ კიდევ იგრძნობოდა სიხალასე.

თელიანი 1998–ც ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუში გამოდგა, როგორც სხვა წითლები, ესეც ცოტათი მოგუდული იყო თავიდან, თუმცა შემდეგ კარგად გამოჩნდა კაბერნეს ნაცნობი ჯიშური სურნელები, რომელსაც კვამლის, ყავის ტონები დაემატა. ახალი ღვინის შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს 18 წლის ვეტერანი – ტანინებით, მჟავიანობით, სიხალასით. კარგი, ხანგრძლივი დაბოლოება ჰქონდა.

ხვანჭკარამ (რომლის წელიც ვერ დავადგინეთ) ძალიან გაგვაკვირვა. ამ მკრთალმა ღვინომ მოტკბო პირველი არომატები გამოაჩინა (კომშის მურაბა), გემოზე კი კარგად იყო შერწყმული სიტკბო და მჟავიანობა, ასევე მკვეთრი ჯიშური არომატებიც იგრძნობოდა. და რაც მთავარია, ღვინო ძალიან კარგად იყო შენახული.

ასეთი კოლექციები სხვა კომპანიებშიცაა, გასულ წელს, მარტში ღვინის კლუბში ძველი ღვინოების დეგუსტაციაც გავმართეთ, სადაც GWS–ის, ვინოტერას, თელავის მარნის, თბილღვინოს, აკვანის, კორპორაცია ქინძმარაულის, ძველი კახური მარნის და თელიანი ველის 15 სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ღვინის კლუბი წელსაც გეგმავს ძველი ღვინოების ჭაშნიკის გამართვას და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე ზემოთნახსენები ღვინოც გასინჯონ.

იხ. ვიდეო შარშანდელი დეგუსტაციიდან.

ირაკლი ანდღულაძის ფოტოები

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მაქვს ფრანგული ღვინო 14 წლის დაძველებით მსურველმა მომწეროს პირადში


გამარჯობათ თუ ისევ გაქვთ ფრანგული ღვინო 14 წლის დაძველებით შემეხმიანეთ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული