Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Winexpo Georgia 2015 - ძირითადი აქცენტები

ქეთო ნინიძე

თბილისის საგამოფენო ცენტრ „Expo Georgia“-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენა დაიხურა. წელს გამოფენაში 100-მდე კომპანია მონაწილეობდა შვიდი ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, გერმანია, პორტუგალია, იტალია). ღონისძიებაზე ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გარდა წარმოდგენილი იყო  ღვინის წარმოებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებები, აქსესუარები, შესაფუთი მასალები, მანქანა-დანადგარები, მინის ტარა, საცობები და სხვ. 

გამოფენა 5 ივნისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მინისტრმა დანელიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა გამოფენის მნიშვნელობას მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები - კახური ტრადიციული მეღვინეობა, ასკანელი ძმები, მეღვინეობა ხარება, თბილღვინო და სხვები. კომპანიები ვიზიტორებს სთავაზობდნენ როგორც ევროპული წესით, ასევე, ტრადიციული ქართული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებზე დაჯილდოებულ დასახელებებს. მათ გვერდით ღონისძიებაში თავიანთ პროდუქციას წარმოადგენდნენ მცირე და საოჯახო მარნები - საწნახელი, მანაველი, სტორი, ბესიკ ფირცხელანის მარანი, ჭური, ნაოტრები, ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევარი მწარმოებლები - ხოხბის ცრემლები, გაიოზ სოფრომაძის მარანი, ვეფხვაძის მარანი, ბაბანეურის მარანი, Nika Wine (ნიკა ბახიას მარანი) და სხვ. მეღვინეობები, ქვევრის ღვინის ძირითადი აქცენტით. Winexpo Georgia 2015-ის დებიუტანტი მარნების უმეტესობა მომხმარებლის წინაშე პირველად, ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ზე წარდგა (გიუაანი, საწნახელი, სტორი, მანაველი). 

ყველის ნაირსახეობას სტუმრებს, ტრადიციულად, ფოკის დედათა მონასტრის წარმოება სთავაზობდა. მათი პროდუქციის მრავალფეროვნება ღვინისა და ყველის შეხამების მართლაც საინტერესო და დიდ შესაძლებლობებს იძლეოდა.

განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გამოფენაზე უცხოელი ვიზიტორების სიმრავლე, რომელთა შორის იყვნენ საერთაშორისო იმპორტიორები და შემსყიდველები აშშ-დან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოფენები, როგორც წესი, მიმართულია მეღვინეობის ბიზნესის განვითარებაზე და ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის დარგის წარმომადგენელთა შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებისთვის. 

Winexpo Georgia 2015-ის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი - 7th International Wine Award -  სადაც წელს ქართული ღვინოების გვერდით პირველად მონაწილეობდა უცხოური დასახელებები. კონკურსს განსაკუთრებული პრესტიჟი შესძინა იმ ფაქტმა, რომ წელს ის ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფიციალური პატრონაჟით ჩატარდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ საკონკურსო მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები ადაპტირებული იყო OIV-ის სტანდარტებთან. ჟიური დაკომპლექტებული იყო ღვინის საერთაშორისო ექსპერტებით - ენოლოგებით, სომელიეებით, ღვინის კრიტიკოსებითა და მწერლებით. კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ შეაფასა 100-ზე მეტი ღვინო, რომელთაგან 35 სხვადასხვა ნომინაციაში ვერცხლისა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.  

დაჯილდოების ცერემონიალი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და Winexpo Georgia 2015-ის საპატიო სტუმარმა, OIV-ის გენერალურმა დირექტორმა, ჟან მარი ორანმა. ორანმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ხედვებზე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე, მათს პარტნიორობაზე სახელმწიფო უწყებებთან საქართველოში. 

7th International Wine Award-ზე ნომინაციებში - თეთრი მშრალი ღვინო, თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო, წითელი მშრალი ღვინო, წითელი მშრალი ქვევრის ღვინო, წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - ჯილდოების სიმრავლით თავი გამოიჩინა კომპანიებმა: მეღვინეობა ხარება, Wine Man, კახური ტრადიციული მეღვინეობა, თბილღვინო, გრავისი, ვაზი +, ქიმერიონი. მცირე მარნებიდან დაჯილდოვდნენ მანაველი, საწნახელი, თემი, საოჯახო მარნებიდან - მხოლოდ ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი. ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა შალაურის მარანმა ღვინისათვის, მწვანე.  

ჟიურის თავმჯდომარე, ტიმ ატკინი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ასე აფასებს 7th International Wine Award-ს: „ვფიქრობ, ქვევრის ღვინო არის ის, რაც ქმნის ქართული ღვინის უნიკალურობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლისთვის ის საკმაოდ რთულად აღსაქმელია. ამიტომ მგონია, რომ საქართველო საკუთარ წარმატებას ვერ დაამყარებს მხოლოდ ქვევრის ღვინოზე, რაც მომხმარებლის მხოლოდ მცირე ნაწილს იზიდავს. მათ  ქართული ჯიშებისგან უნდა აწარმოონ ევროპული სტილის ღვინოებიც. კონკურსი კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, გამესინჯა ბევრი ქართული ღვინო, რომელიც ადრე ინგლისში მქონდა დაგემოვნებული... მე მართლაც ვცდილობ, გავერკვე აქაურ ჯიშურ მრავალფეროვნებაში და ქვევრის ღვინოში, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“ იმავე პათოსით საუბრობს ქვევრის ღვინის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ღვინის მაგისტრი, ჯონ სალვი. მისი აზრით, ღვინის მცოდნეები ჯერ კიდევ კარგად უნდა გაერკვნენ ქვევრის ღვინის სპეციფიკაში, მისი წარმოების მეთოდში, რაც მართლაც დიდი ინტერესითა და დაფასებით უნდა სარგებლობდეს. შეიძლება ითქვას, ატკინისა და სალვის შეფასებები კონკურსის შედეგების კარგი რეპრეზენტაციაა. გამარჯვებულთა შორის, მათ შორის, ქვევრის ნომინაციაში ლიდერობდნენ დიდი და საშუალო მეღვინეობები.

Winexpo Georgia ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, გააცნონ საკუთარი პროდუქცია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს, სავაჭრო სფეროს - სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიების, სავაჭრო ქსელებისა და მარკეტების - აგენტებს, აგრეთვე ღვინის პროფესიონალებსა და მედიის წარმომადგენლებს, რაც, ცხადია, ქართული ღვინის, როგორც ბრენდის, პოპულარიზაციის გლობალურ მიზნებს ემსახურება. მეორე მხრივ, ამგვარ აქტივობებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზრებზე მიმდინარე კრიზისის პირობებში,  როცა ღვინის ექსპორტის სტრატეგია მიმართულია ახალი ბაზრების განვითარებასა და ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციაზე.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული